1 ლიტრი რძე, რომელსაც  ვყიდულობთ, სულ ცოტა, 30% წყალს შეიცავს

    ამ კვირიდან  მუშაობას განაგრძობს ფასების შემსწავლელი კომისია.  ეჭვი გვაქვს, კომისიის წევრებს არავინ ეტყვის, რომ მწარმოებლები რძის პროდუქტების გაძვირებას აპირებენ და ამას ირანში მიმდინარე პროცესებს აბრალებენ.

    ერთი შეხედვით უცნაურია, სად ირანის ომი და სად საქართველოში წარმოებული რძის პროდუქტები, მაგრამ ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული. ახლა გაგაცნობთ იმ პროდუქტების ტოპ-ათეულს, რომლებიც  ირანიდან იანვარ-თებერვალში,  ანუ ომის დაწყებამდე შემოვიტანეთ:

    * ციტრუსები ახალი ან გამხმარი – 1,234 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;

    * ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები – 1,119 მლნ  დოლარის ღირებულების;

    * კიტრი და კორნიშონი – 737,9 ათასი დოლარის ღირებულების;

    * რძე და ნაღები – 391,5 ათასი  დოლარის ღირებულების;

    * მარილი – 297,9 ათასი  დოლარის ღირებულების;

    * სალათა და ვარდკაჭაჭა – 281,7 ათასი დოლარის ღირებულების;

    * ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი – 263,5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;

    * პომიდორი ახალი ან გაყინული – 214,5 ათასი დოლარის ღირებულების;

    * საფუარი, მზა საცხობი ფხვნილები – 176,7 ათასი  დოლარის ღირებულების;

    * ყველი და ხაჭო – 118,1 ათასი დოლარის ღირებულების.

    საოცარია, მაგრამ ათეულში  რძის სამი პროდუქტია. ეს არის  მწარე რეალობა, რომელზეც არაერთხელ დაგვიწერია. საქმე ის არის, რომ საქართველოს ირანიდან რძის ფხვნილის მთავარი არტერია გადაეკეტა, ყველაზე იაფი რძის ფხვნილის და ახლა, სანამ სხვა გზას  გამოძებნიან, ამბობენ, რომ რძის პროდუქტი უნდა გავაძვიროთ. ყველაზე საინტერესო, იცით, რა არის? რძის პროდუქტების მწარმოებლები ფერმერებს ანუ იმ ადამიანებს, რომლებიც ნედლ რძეს აწარმოებენ, ეუბნებიან, რომ რძის ფასი უნდა შეამცირონ, რადგან თურმე გაზაფხული დადგა, ბალახი ამოვიდა და, შესაბამისად, ძროხის კვება უფრო იაფი ჯდება. არადა, მათ კარგად იციან, რომ ფერმერებს  არაფერი უიაფდებათ, რადგან საქონელი ბაგაზე ჰყავთ დაბმული და ისე  კვებავენ. პარადოქსია ხომ? რძის პროდუქტების მწარმოებლები პროდუქტის გაძვირებას აპირებენ და თან ფერმერებს უტევენ, რძე გააიაფეთო. აი, ახლაა საჭირო, გნებავთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართვა და, გნებავთ, იმ კომისიის მიერ, რომელიც ფასების შემცირებაზე   მუშაობს,  მეტი სიმკაცრის გამოჩენა და კონტროლის რამე მექანიზმის მოფიქრება. როგორი საქმეა, დახლზე  გასაყიდად 6 ლარად რომ დევს რძის მსგავსი სითხე,  ფერმერს კი ნედლ რძეში 1,50 ლარს სთავაზობენ?!

    რაც შეეხება რძის ხარისხს,  არის ასეთი ხელსაწყო – ლაქტოსკანი, რომლითაც რძის ხარისხის, ცხიმიანობის, წყლის შემცველობის, პროტეინისა და ა.შ. შემოწმება შეიძლება. ჰოდა, ამ ლაქტოსკანზე ამოწმებენ ფერმერებისგან ნაყიდ რძეს და საკმარისია, 0,001% წყალი აჩვენოს, მაშინვე ფასს აკლებენ. არადა, დახლზე დადებული რძე რომ შევამოწმოთ, ანუ ის, რომელსაც ვყიდულობთ, მასში წყლის შემცველობა, საუკეთესო შემთხვევაში, 30% იქნება, ანუ 1-ლიტრ რძეში, რომელსაც  ვყიდულობთ, 300 გრამი წყალია. ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს? სწორია – არავინ და არც არავის სთხოვენ პასუხს.

    რაც შეეხება ირანულ რძის ფხვნილს, ის ყველაზე იაფია და აქ მხოლოდ რძის ფხვნილზე არ არის საუბარი. ნაღების კარაქი, ყველი და ხაჭო რომ შემოაქვთ, როგორ გგონიათ, რისგან არის დამზადებული? დიახ, რძის ფხვნილისგან და შემოაქვთ ბითუმად, შემდეგ აქ აფასოებენ, უკეთებენ წარწერას და… თუ დააკვირდებით, წვრილად, ძალიან წვრილად აწერია ხოლმე ეტიკეტზე – „შეფუთულია საქართველოში“, ანუ დამზადებული კი არა, შეფუთული. არც ამას აქცევს ყურადღებას არავინ და არც ამას აკონტროლებს. სამაგიეროდ ვიცით, რომ ოფიციალური მონაცემებით, ის, რაც საქართველოში იყიდება, მისი 87% რძის ფხვნილისგან არის დამზადებული და ეს რძის ფხვნილი (უდიდესი ნაწილი) ირანიდან შემოდიოდა.

    ჩვენი ინფორმაციით, მწარმოებლები ახლა აპირებენ, ახალი „კანალი“ გაჭრან და რძის ფხვნილის შემოტანა აზერბაიჯანიდან დაიწყონ. ავად თუ კარგად, აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრით მაინც ახერხებს ირანიდან გარკვეული პროდუქციის შეტანას და ქართული მხარე სწორედ ამის იმედად არის. სანამ ეს გზა დალაგდება, მანამდე მათ ნამდვილ რძეზე მუშაობა არ სურთ, პროდუქტს აძვირებენ და თანაც არა ფერმერების ხარჯზე, არამედ ისე, უბრალოდ.  ფერმერებს მაინც არ უხდიან საკმარის თანხას და  ფასის შემცირებაზე  ყოველდღიურად ედავებიან. ვაი, რომ ყველა მწარმოებელს პრაქტიკულად ერთი პირობა აქვს, ზუსტად ისე, როგორც ქსელურ მარკეტებს აქვთ პირი შეკრული და ადგილობრივ მწარმოებლებს ყველანაირად უშლიან ხელს, რათა ჩაძირონ, გაანადგურონ, მოსპონ.

    ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება ეს პროცესი, მაგრამ, ფასების შემცირებაზე მომუშავე კომისიის წევრებმა ამ მიმართულებითაც თუ არ იმუშავეს, არაფერი გამოვა.  მათ აქცენტი, მხოლოდ ფასებზე კი არა, ხარისხზეც უნდა გააკეთონ და მოითხოვონ, რომ მწარმოებლებმა მოსახლეობას ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდონ და არა წყლით გაჯერებული რძის ფხვნილი, რომელიც არავინ იცის, რომელი ქიმიური მინარევებით არის დამზადებული და ნატურალური ცხიმის ნაცვლად პალმის ზეთით არის გაჟღენთილი. ადრეც გითხარით და ახლაც გავიმეორებთ – პალმის ზეთის აკრძალვა ბევრ პრობლემას მოაგვარებდა, მაგრამ ვაი, რომ მისი აკრძალვა ყველაფერს გააძვირებს, რადგან ელემენტარულად, პურიც კი, რომელსაც ყოველდღიურად ვყიდულობთ, პალმის ზეთს შეიცავს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ – ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობა გვირჩევნია თუ იაფი პროდუქტის მიღება. გასაგებია, სოციალური ფონი არ არის სახარბიელო და, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ არც სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობაა სახარბიელო და არჩევანიც სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთოთ.

    მანამდე კი იქნებ ის შევირგოთ, რაც გვაქვს, და როგორმე იმ ადამიანების თავნებობა აღვკვეთოთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობის გასაღლეტად. მილიონებს გამოიმუშავებენ ყოველდღიურად ადამიანებზე და ამას ისე აკეთებენ საზოგადოების წინაშე საუბრისაც კი არ რცხვენიათ. თითქოს ასეც უნდა იყოს, თითქოს მათთვის არის ყველაფერი შექმნილი და…

    კომისია დასკვნას რომ გამოაქვეყნებს, ვიღაცის ან ვიღაცების პასუხისმგებლობის საკითხიც  უნდა დააყენოს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here