Home რუბრიკები პოლიტიკა #1 მტრის სტატუსი აქვს ქვეყანას, რომელზეც ქართული ეკონომიკა სრულად არის მიბმული

#1 მტრის სტატუსი აქვს ქვეყანას, რომელზეც ქართული ეკონომიკა სრულად არის მიბმული

მეგობრისა და სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი აქვს ევროპა-ამერიკას, რომლის წილი ქართულ ეკონომიკაში იმდენად მცირეა, სათვალავში ჩასაგდებადაც არ ღირს

137

ადრეც დავწერეთ, რომ ერთადერთი რამ, რასაც საქართველო იმდენს აწარმოებს, რომ ჩვენც გვყოფნის და ექსპორტზეც გაგვაქვს, წყალია. პრინციპში, სირცხვილიც იქნებოდა, წყლის ასეთი მარაგის ფონზე ამას მაინც რომ ვერ ვახერხებდეთ და, როგორც მტკნარი, ისე მინერალური წყალი მართლაც რომ დიდი ოდენობით იწარმოება. 2020 წელი პანდემიის გამო ურთულესი აღმოჩნდა და ამიტომ ექსპორტზე გატანაც პრობლემა გახდა, მაგრამ 2021 წელს 141,8 მილიონი დოლარის წყალი გავყიდეთ. ერთი შეხედვით, ეს ცოტა არ არის, მაგრამ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, წყლით მიღებული შემოსავალი მილიარდამდე გაზარდოს. და რა არის ამისთვის საჭირო? ევროპის წამყვანი ქვეყნების ბაზრის ათვისება.

სათქმელად ძალიან მარტივია _ ევროპა ხომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია, ევროპელი ელჩები ჭკუას გვარიგებენ და ხელისუფლების უმაღლეს პირებთან კარზე დაუკაკუნებლად შედიან. მოდი, ჯერ ის ვნახოთ, იმ 40 ქვეყნიდან, სადაც მტკნარი და მინერალური წყლები გაგვაქვს, ყველაზე მეტს რომელი ქვეყანა ყიდულობს. ათეული ასე გამოიყურება:

1. რუსეთი _ 60,9 მლნ დოლარი, 107 429 ტონა;

2. უკრაინა _ 26,2 მლნ დოლარი, 60 036 ტონა;

3. ლიეტუვა _ 18,6 მლნ დოლარი, 29 093 ტონა;

4. ყაზახეთი _ 12,6 მლნ დოლარი, 21 268 ტონა;

5. ბელარუსი _ 8,1 მლნ დოლარი, 16.3 ტონა;

6. უზბეკეთი _ 3,9 მლნ დოლარი, 5 861 ტონა;

7. აშშ _ 2,4 მლნ დოლარი, 2 593 ტონა;

8. აზერბაიჯანი _ 1,5 მლნ დოლარი, 6 722 ტონა;

9. ისრაელი _ 1,4 მლნ დოლარი, 2 117 ტონა;

10. მოლდოვა _ 1,3 მლნ დოლარი, 1 713 ტონა.

შესაძლოა, ეს მაჩვენებლები ვინმესთვის პარადოქსული იყოს, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ქართული პროდუქციის გასაღების მთავარი ბაზარი რუსეთია, უცნაური არაფერია. გამოდის, რომ, როგორც სხვა შემთხვევაში, ქართული პროდუქციის მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია, მეგობარ ამერიკას კი 25-ჯერ ნაკლები წყალი მიაქვს, ვიდრე მტერ რუსეთს და, თუ პოსტსაბჭოთა სივრცის ლიეტუვას არ ჩავთვლით, ათეულში ევროპის არც ერთი ქვეყანა არ არის. რატომ? ახლავე გეტყვით:

მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პირველ წლებში ლამის მთელი ევროპა შემოიარა ოფიციალური ვიზიტებით და ქართული პროდუქციის გატანის ახალ არხებსაც ეძებდა, აქაოდა, რუსეთი მტერია და არ გვინდა, მათზე ვიყოთ დამოკიდებულიო. მან ქართული წყლები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ევროპის წამყვან ქვეყნებს შეტენა, მათაც უარი ვერ თქვეს, რადგან პროექტი “რიგითი სააკაშვილის გადასარჩენად” არ უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ, როგორც კი ქართული პროდუქცია ევროპის დახლებზე გაჩნდა, საქმეში მაშინვე ის ქვეყნები ჩაერივნენ, რომლებიც ევროპისთვის წყლის მთავარი მიმწოდებლები არიან _ საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრიაჰოდა, სააკაშვილს გასაგებად აუხსნეს, რომ ქართული წყალი ევროპაში არავის სჭირდებოდა, რომ აქაურს არ გააწევინებდნენ კონკურენციას იქაურისთვის და ეს მაშინ, როცა რეალურად დიდ კომპანიებს ცოტა შემოსავალი დააკლდებოდათ, მაგრამ საქართველოსთვის იმ ცოტას დაკლებაც არავინ ისურვა. საუბარი აღარ გვაქვს იმაზე, როგორ გამოაძევეს ქართული ღვინო, ხილის წვენი… და ამის ფონზე, მთავარ ბაზრად მაინც რუსეთი რჩება. თუ წყლის შემთხვევაში მთლიანი ნაწარმოები პროდუქტის მხოლოდ 43% გადის რუსეთში (რაც გვეცოტავება), ღვინისა და ხილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 75-80%- სცილდება. პარალელურად, რუსეთი მთავარი მომწოდებელია საქართველოსთვის ისეთი პროდუქტების, როგორიცაა პურის ფქვილი, ხორბალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი. ჰო, ბუნებრივი აირი, რომელზეც უარი ვთქვით, აზერბაიჯანი მოგვაწვდის 98%-, დანარჩენ 2%- რუსეთიდან შემოვიტანთ, მაგრამ მერე ისე გამოვიდა, რომ აზერბაიჯანმა მოწოდება ვეღარ შეძლო და კვლავ რუსეთს მივუბრუნდით. შეეძლო თუ არა რუსეთს, უარი ეთქვა და თან მარტივად დაესაბუთებინა, არ გსურდათ და კარგად იყავითო?! შეეძლო, მაგრამ არ გააკეთა და, ამის მიუხედავად, ნომერი პირველი მტრის სტატუსი აქვს ქვეყანას, რომელზეც ქართული ეკონომიკა სრულად არის მიბმული, ხოლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი აქვს ევროპაამერიკას, რომლის წილი ქართულ ეკონომიკაში იმდენად მცირეა, სათვალავში ჩაგდებაც არ ღირს.

ისევ წყალს დავუბრუნდეთ. ათეულში რვა სახელმწიფო საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკაა, ანუ ქვეყნები, რომლებშიც ქართულ პროდუქციას სწორედ საბჭოთა კავშირის დამსახურებით იცნობდნენ. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ საბჭოთა კავშირი უნდა აღდგეს, მაგრამ იმის გაკეთება ნამდვილად შეიძლება, რომ სწორედ ყოფილ მოძმე რესპუბლიკებს მივეძალოთ და ქართული პროდუქციის ბაზრად სწორედ ეს სახელმწიფოები ვაქციოთ. საქართველოს გარდა, ყველა რესპუბლიკა ამ მეთოდით მოქმედებს და კმაყოფილიც არიან. მხოლოდ კმაყოფილებაზე არაა საქმე, საქართველო საბჭოთა კავშირში ყველაზე მდიდარ რესპუბლიკად ითვლებოდა, .. მიწისქვეშა მილიონერების ოდენობითაც პირველ ადგილზე ვიყავით და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე ნაკლებად უჭირდათ. ახლა კიდაგვისახელეთ საბჭოთა რესპუბლიკებიდან ერთი მაინც, რომელსაც ცხოვრების დონით ვაჯობეთ. რეგიონის ქვეყნებს ვერ ვჯობნით, რუსეთი, ბელარუსი, უკრაინაზე საუბარია არაა, გამორიცხეთ ბალტიისპირეთის ქვეყნები და რაღა დარჩა _ აზიური რესპუბლიკები, რომლებმაც იოლად გაგვისწრეს. თითქოს საუბარი მარტივია და მოქმედება რთული, მაგრამ სწორედ პირიქითაა _ საუბარია ძნელი, თორემ ეკონომიკური ურთიერთობის დალაგება ვიზიტებით, ერთ მაგიდასთან დასხდომითა და ხელშეკრულებების გაფორმებით მარტივია. მარტივია იმის გარკვევაც, ვის რა სჭირდება და რამდენს იყიდის საქართველოსგან. სწორედ ამის შემდეგ შედგება რეალური გეგმა, რა უნდა მოვიყვანოთ, აქცენტი რომელ მიმართულებაზე გავაკეთოთ, თორემ ბაყაყებისა და ლოკოკინების წარმოებით ქართული ეკონომიკის წამოწევა აბსურდი რომ არის, ყველაზე კარგად ხელისუფლებაში უნდა იცოდნენ.

ელემენტარულად, გასული წელი ავიღოთ, როცა შიდა ქართლსა და კახეთში გლეხები ვაშლატამას ჩაბარებას 30-40 თეთრად იხვეწებოდნენ, შემდეგ მოულოდნელად რუსეთიდან წამოვიდა ინტერესი და ერთ დღეში, 24 საათში, ამ ხილის ფასმა 4 ლარამდე აიწია. ჰო, ათჯერ მოიმატა, ათჯერ გაძვირდა და გლეხებმა არნახულად იხეირეს. რაც მთავარია, რუსეთში წავიდა მთელი მოსავალი და, ათი იმდენი რომ გვქონოდა, იმასაც წაიღებდნენ. ისიც გემახსოვრებათ, როგორ მოიქცნენ იმხანად ტელევიზიები _ ამ ყველაფერში პოზიტივის დანახვის ნაცვლად, რამდენიმე გლეხთან ინტერვიუ ჩაწერეს და ათქმევინეს, წელს კი ვიხეირეთ, მაგრამ გაისად წაიღებენ თუ არა, არავინ იცისო. ჰოდა, სწორედ ამას ვამბობთ, გლეხიც რომ მშვიდად იყოს და ტელევიზიებსაც არ ჰქონდეთ სათქმელი, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ ხელისუფლების უმაღლესი პირები თუ არა, ეკონომიკის მინისტრები მაინც, და ხელი მოაწერონ გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებას. გვერწმუნეთ, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება და, რაც მთავარია, ასეთი ხელშეკრულება არამხოლოდ გლეხს, არამედ სახელმწიფოსაც მისცემს იმის შესაძლებლობას, ესა თუ ის დარგი განავითაროს და სოფლის მეურნეობაში ჩადებული ორი მილიარდი წყალს კი არ გაატანოს, ისეთი მიმართულება მისცეს, შედეგს მოსახლეობისთვისაც რომ მოიტანს და სახელმწიფოსთვისაც.

სიმართლე გითხრათ, ხანდახან ეჭვი გვეპარება, რომ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მტერ-მოყვრის განმარტება იციან. ვერ ვიხსენებთ ვერც ერთი სახელმწიფოს ლიდერს, რომელსაც ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმა შეეძლო და ეს არ გააკეთა. ერთადერთი, ალბათ, საქართველოს მთავრობაა (წინა თუ მოქმედი), რომელიც დარწმუნებულია, რუსეთთან თუნდაც ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება, საუბარი და შეხვედრები ქვეყანას წაადგება და ამას არ აკეთებს. მერე ის ნანატრი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჯერ მხოლოდ ფურცელზეა და რეალურ შედეგებს მოსახლეობა საკუთარ თავზე ვერ გრძნობს, მართლა ორნიშნა გახდება და ეროვნული ვალუტის მერყეობაზეც აღარ მოგვიწევს ყოველდღიურად ნერვიულობა. ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც ამ ყველაფრისგან თავს ვიკავებთ, დასავლეთის წნეხია. სწორედ წნეხი, თორემ მეგობრულ რჩევას ამას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მეგობრები არ გირჩევენ ისეთ რამეს, რაც სასარგებლო არ არის და ამიტომაც ვამბობთ, მტერ-მოყვრის განმარტება კარგად არ გვესმის-მეთქი. სანამ იქამდე მივალთ, რომ საუბარი ყოველთვის შეიძლება და დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი, წლის ბოლოს სტატისტიკა შევამოწმოთ ხოლმე და ვითვალოთ, ვინ როგორი ეკონომიკური სარგებელი მოგვიტანა და, როცა დავინახავთ, რომ ყველა სფეროში პირველ ადგილზე რუსეთია, არ შევიმჩნიოთ, ხმამაღლა არ ვთქვათ. მერე რა, რომ თუნდაც წყლის შემთხვევაში რუსეთმა 60,9 მილიონი დოლარით გვახეირა, ამერიკამ _ 2,4-ით. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, 58.5 მილიონ დოლარს სალაპარაკოდ რომ არ გავხდით?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here