Home რუბრიკები ეკონომიკა 1 ივლისიდან პური გაგვიძვირდება

1 ივლისიდან პური გაგვიძვირდება

მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არა მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობაა საფრთხეში, არამედ ჯანმრთელობაც

122
1 ივლისიდან პური გაგვიძვირდება

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოში, ვაზისა და ღვინის სამშობლოში, ზამთარში 35 მლნ დოლარის ყურძენი შემოგვაქვს, რადგან ჩვენთან სამაცივრე მეურნეობა განვითარებული არ არის და შენახვას ვერ ვახერხებთ. არადა, ეს 35 მლნ დოლარი შეიძლება ქართველ გლეხს დარჩეს, 100 მილიონ ლარზე მეტი სწორედ მათ ჯიბეში წავიდეს.

ახლა საზამთროს და ნესვის სეზონი მოდის. ცოდვა გამხელილი სჯობს და ადრე კახურ საზამთროს რომ გაჭრიდი შინ, ყველგან მისი სუნი იდგა _ საოცარი არომატი. სამწუხაროდ, ასეთი რამ დღეს თითქმის წარმოუდგენელია, რადგან საზამთროს როგორც ჩვენთან, ისე სხვაგან, საკმარისზე მეტი შხამქიმიკატებით ზრდიან, თუმცა უდავოა, რომ ქართული ნაწარმი ეკოლოგიურად მაინც უკეთესია. ასეთ პირობებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამაყად რომ აცხადებს, საზამთროსა და ნესვის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში შარშანდელთან შედარებით 209%-ით არის გაზრდილიო, უბრალოდ, კატასტროფაა.

საზამთრო და ნესვი საქართველოში, ძირითადად, თურქეთიდან და ირანიდან შემოაქვთ, ნაწილი _ აზერბაიჯანიდანაც, მაგრამ მთავარი მაინც პირველი ორი ქვეყანაა. წარმოიდგინეთ, ირანში დაკრეფილი საზამთრო, შემდეგ გზის ხარჯი, შემდეგ განბაჟება, შემდეგ აქ გაყიდვა და… შემოტანილი საზამთრო ადგილობრივზე იაფი ღირს. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი არარეალურია. როგორ შეიძლება, ასეთი ხარჯის შემდეგ საზამთრო და ნესვი ადგილობრივზე იაფი ღირდეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ იქ მოსავალი ორ კვირაში იკრიფება, როცა საქართველოში თვეები სჭირდება. შხამქიმიკატები თავის საქმეს აკეთებს და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მაგალითად, იმავე ირანში, თურქეთსა და აზერბაიჯანში მცენარეული ცხიმის შეტანა ისჯება (გამოყენებაზე საუბარიც არ არის). ახლა აიღეთ ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც თუნდაც თურქეთიდან შემოდის, და ნახავთ, რომ შემადგენლობაში მცენარეული ცხიმია. გამოდის, მათ კარგად იციან, რომ ეს მავნეა, მაგრამ საქართველო ყიდულობს, იაფი ჯდება და რატომაც არა?! ასევეა ხილის შემთხვევაში _ იციან მავნეა, მაგრამ საქართველო ყიდულობს. რატომაც არა?!

კახელმა ფერმერებმა გასულ კვირას აქცია გამართეს _ საზამთროსა და ნესვის შემოტანაზე აკრძალვის დაწესებას ითხოვდნენ, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა: თავისუფალ ბაზარში ვერ ჩავერევით, გლეხებს ვურჩიეთ კოოპერატივების ჩამოყლიბება და არ დაგვიჯერესო. ბატონო გიორგი, ჯერ ერთი, კოოპერატივის ჩამოყალიბებას, იცით, რა სჭირდება? გლეხებს მიწა გვერდიგვერდ უნდა ჰქონდეთ, ყველას ერთ პროდუქტზე უნდა ჰქონდეს გათვლა; უნდა უღირდეთ, ხარჯი ერთნაირად გადაინაწილონ, შემდეგ ყველა უნდა დათანხმდეს მოსავლის დაზღვევას და გვერწმუნეთ, ეს ხშირად შეუძლებელია. მცირე ოდენობით მოჰყავთ გლეხებს პროდუქცია და ირანულ თუ თურქულ სახელმწიფო მანქანებს ვერ ერევიან. იმასაც შეგახსენებთ, ბატონო გიორგი, რომ, როცა გასულ კვირას 400-სულიანი ფერმის დირექტორმა საწარმოს ლიკვიდაცია გამოაცხადა, მშვიდად თქვით, ვიღაც იხურება, ვიღაც იხსნება, რამდენიმე დღის წინათ გავხსენი ახალი ფერმაო, მაგრამ ის არ გითქვამთ, რამდენიმე დღის წინათ გახსნილ ფერმაში 20 სული ძროხა რომ ჰყავდათ, დასახურად განწირულში _ 400 სული, თანაც 8 მილიონი ლარის ინვესტიციით. მიზეზი ისევ ირანი და იქიდან შემოტანილი რძის ფხვნილია, რომლითაც გაკეთებულ ყველს თქვენმა სამინისტრომ დაუწერა, რომ პროდუქტში ყველის შემადგენლობა 3%-ია. და ამას ჩვენ ვჭამთ, ის ადამიანები, რომელთა მიერ გადახდილი გადასახადებიდან თქვენ თვეში 5 ათას ლარს გიხდიან, დეკლარაციის მიხედვით კი, 630 000 დოლარის დანაზოგი ქეშად გაქვთ შენახული.

თქვენი აზრით, თურმე გლეხების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი არის ის, რომ შარშან პანდემიის პირობებში პროდუქტი ძვირი ღირდა, ახლა გაიაფდა და ფერმერებს ეს არ მოსწონთ. ირანულ საზამთროს თვითონ მიირთმევთ? ჩამოტანილი პროდუქტი 20 თეთრად რომ იყიდება საბითუმო ფასად, კითხვა არ გიჩნდებათ, რატომ?

სოფლის მეურნეობის სამინისტრო თვალს კიდევ ერთ, ჩვენი აზრით, მთავარ საკითხზე ხუჭავს. 1 ივლისიდან ხელისუფლება პურის ფქვილის სუბსიდირებას წყვეტს. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 ივლისიდან პური გაგვიძვირდება, მაგრამ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული. რუსეთში განხორციელებული რეგულაციების მიუხედავად, ისე მოხერხდა, რომ რუსული ფქვილი, ყოველგვარი განბაჟების გავლის შემდეგ, საქართველოში 40 ლარზე ოდნავ მეტი ღირს. .., ერთი ტომარა _ 40 ლარი და პურის მწარმოებლები ითხოვენ, პურზე ფასი რომ შევინარჩუნოთ, 50 ლარად მოგვყიდეთო, მაგრამ შემომტანები კატეგორიულ უარზე არიან და ერთ ტომარას 65 ლარამდე აფასებენ _ თვითღირებულებას 50%-ზე მეტს უმატებენ. თქვენი აზრით, როგორია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიცია?

სწორია, სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, თავისუფალ ბაზარში ვერ ჩავერევითო, და სულ არ აინტერესებთ, პური მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მთავარი საკვები პროდუქტი რომ არის. პურის ფქვილის გაძვირებას ავტომატურად მოჰყვება პურ-ფუნთუშეულის გაძვირება. მკარონი, ვერმიშელი რომ გაძვირდება, ეს ცალკე თავისტკივილია. თანაც, კომერციულ ობიექტებს ხელისუფლებამ ბუნებრივი აირი გაუძვირა, რაც თვითღირებულებას კიდევ უფრო ზრდის.

“სამწუხაროდ, ვერც ერთი ხელისუფლების პერიოდში საქართველოში ვერ მოიშალა მონოპოლია. ხომ ყველამ იცის, ვინ დგას პურის ფქვილის ბიზნესის უკან, ვინ ატერორებს წვრილ შემომტანებს, რომლებიც მისაღებ მარჟაზე მუშაობენ, მაგრამ ხმას არავინ იღებს. შევარდნაძის, სააკაშვილისა და მარგველაშვილის პერიოდში პურის ფქვილის მონოპოლიზებას თუ არ უშლიდნენ, გონივრულ მარჟაზე ამუშავებდნენ და იმის იქით მონოპოლისტები ვერ წავიდოდნენ. რაც ახლა ხდება, კატასტროფაა.

“ვვარაუდობდით, რომ სუბსიდიის მოხსნის შემდეგ პურს დიდი-დიდი 10 თეთრით გავაძვირებდით, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, 40-50 თეთრიც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. რაც მთავარია, ეს ძალიან კარგად იციან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, თუმცა რაიმე ზომების მიღებას არავინ დაგვპირებია”, _ გვითხრა ერთ-ერთი დიდი საცხობის მეპატრონემ.

ისე გამოდის, რომ ყველაფერი ძვირდება და ეს უმძიმეს ტვირთად მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დააწვება. აბა, 5 ათასი ლარი რომ აქვს კაცს ხელფასი და ნახევარ მლნ დოლარზე მეტი გადადებული, იმისთვის სულერთია, ერთი პური ლარი ეღირება თუ ლარნახევარი; შესაძლოა, პურს არც ყიდულობს. ჰო, არის ასეთი კატეგორიაც, პურს არ ჭამენ, მოსახლეობის 80%-ზე მეტისთვის კვება გადარჩენისთვის არის აუცილებელი და გაეროს ის ციფრებიც არსად გამქრალა, რომელთა მიხედვით საქართველოში 50 ათას ბავშვზე მეტი ოფიციალურად შიმშილობს.

არადა, გამოსავლის პოვნა სავსებით რეალურია და, რაც მთავარია, მარტივიც. ხილით დავიწყოთ _ დავაწესოთ შემოტანაზე ისეთი გადასახადი, რომელიც შემოტანას აზრს დაუკარგავს. რეალურად, ეს ფული ხომ არც საქართველოს ბიუჯეტში მიდის და არც ქართველი ხალხის ჯიბეში?! ადგილობრივ პროდუქციას ფასი დაედება და აქ მოწეული და გაყიდული მოსავალიც აქვე, ქართველი ფერმერების ჯიბეში დარჩება. პურის ფქვილზე კი კონკრეტული ფასი უნდა დაწესდეს, მოგების კონკრეტული მარჟა, რომლის ზემოთაც ვერავინ გაბედავს ფასის მომატებას. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ ყველაფრის უკან დგანან, გვარიან ზარალს ნახავენ და ათი მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 3-4 მილიონს იშოვნიან. ეს კი მათ ხელს არ არ აძლევთ, მით უმეტეს მაშინ, როცა ათასჯერ გაპარსულ ხალხს ათასმეერთედ უსვამენ სამართებელს და უკანასკნელი ლუკმის წილში უსხდებიან.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ მალე მოვა შემოდგომა, ქართული უნიკალური ყურძენი კვლავ ჩალის ფასი ეღირება (გაფუჭებული ჩალის, თორემ ჩალას ისეთი ფასი ადევს, მევენახეებს არც დაესიზმრებათ), ზამთარში კი კვლავ შემოვიტანთ ყურძენს სომხეთიდან და იმ პროდუქტში, რომელიც ჩვენთან შემოდგომაზე 80 თეთრი ეღირება, ზამთარში 8 ლარს გადავიხდით. რაც ყველაზე სამწუხაროა, ამას ხმამაღლა არავინ გააპროტესტებს და მხოლოდ კახელი მევენახეების გინებას თუ შეირგებს ხელისუფლება. არადა, სწორედ რომ საგინებელია, რადგან ერთეულების გამდიდრების ხარჯზე, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არა მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობაა საფრთხეში, არამედ ჯანმრთელობაც. უფულობის გამო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იაფ პროდუქტს ყიდულობს, იაფი კი სწორედ შემოტანილია, იაფი და ზედმეტად მავნეც. საკუთარი შვილები რომ გიყვართ, ბატონებო, არაფერს რომ არ აკლებთ, სხვის შვილებსაც ზუსტად ისევე სჭირდებათ ჯანსაღი საკვები, როგორც თქვენსას და მათაც სწორედ ისევე აქვთ უფლებები, როგორც თქვენსას, რომელთა შორის უპირველესი სიცოცხლის უფლებაა!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here