ჰამლეტ ჭიპაშვილი: რუსეთის იმპერია რომ არა, საქართველო ვერასდროს დაიბრუნებდა თურქეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს, მეტიც _ დასავლეთ საქართველო თურქეთის იქნებოდა

    „საქართველოს გადარჩენის გზა არის ის, რაც იყო საუკუნეების განმავლობაში, და არა ის, რაც გვაქვს ე.წ. დამოუკიდებლობის პერიოდში"

    2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მოსახლეობამ სიმშვიდე დაკარგა. სამ თვეზე მეტია, ქუჩაში დგას მოქალაქეების მცირე ნაწილი, რომელიც ახერხებს, დისკომფორტი შეუქმნას დანარჩენ საქართველოს. კარგად გარკვეული არ არის, რას მოითხოვენ პროტესტანტები: ზოგი სააკაშვილის  განთავისუფლებას ითხოვს, ზოგი _ ახალ არჩევნებს, მაგრამ ერთი მოთხოვნა, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არის, უპირობოა.

    ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარებაა, როდესაც უკრაინაში ომი დამთავრების ნაცვლად უფრო მძვინვარებს, მიდის დიდი დავაკამათი, ვინ იქნება საქართველოს მფარველი, თუკი რეგიონში ვითარება აირევა.

    ისტორიას თუ გადავხედავთ, დიდი ფიქრი არ სჭირდება იმის დადგენას, ვინ შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მფარველად. აღნიშნულ თემაზე გთავაზობთ პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის თვალსაზრისს:

    _ მოსაზრება, რომ ქართველები ყველას ვჯობნით, ისეა ჩაბუდებული ჩვენს გონებაში, ამოშლა შეუძლებელია. ასე იყო კომუნისტური სისტემის პერიოდში, ასეა დღესაც, ოღონდ მოჭარბებულად, საფრთხის გამომწვევად.

    კომუნისტურ წარსულში სხვაზე ჩვენს პრიორიტეტულობას საფრთხე ვერ მოჰყვებოდა ინტერნაციონალური აღზრდის გამო. ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ანბანს ბავშვს პირველი კლასიდან ასწავლიდნენ, მანამდე _ საბავშვო ბაღში, ხოლო შინ _ ინტერნაციონალიზმის ფილოსოფიაზე აღზრდილი მშობლები.

    დამოუკიდებლობამ, თავისუფლებამ, სუვერენიტეტმა, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ ტვინის კუნჭულში  ჩაბუდებული ნაციონალური გრძნობები გააღვიძა და უბრძანა: ახლა შენი დროა, იმოქმედეო.

    და ისიც ამოქმედდა _ მანამდე სპორტული პაექრობისას ამოფრქვეული „ეროვნული პატრიოტიზმი“ ამჯერად პოლიტიკაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიტანა უმძიმესი შედეგებით.

     სასაზღვრო ხელშეკრულება საქართველოს არც ერთ მეზობელთან არ აქვს გაფორმებული, გარდა თურქეთისა, და ისიც ბოლშევიკების წყალობით.

    რუსეთის იმპერიამ მიიღო ტერიტორიები, შემდგომ აჭარის ავტონომიად წოდებული, საქართველოს შემადგენლობაში. რუსეთის იმპერია რომ არ ყოფილიყო, საქართველოში აჭარა არ იქნებოდა. საქართველო ვერასდროს დაიბრუნებდა თურქეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს. უფრო მეტიც: დასავლეთ საქართველო თურქეთის იქნებოდა, ანუ განმტკიცდებოდა 1555 წელს სპარსეთსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საქართველოს აღმოსავლეთი  სპარსეთისა იყო, დასავლეთი _ თურქეთის.

    დამოუკიდებელმა მენშევიკურმა საქართველომ თავისი სუვერენიტეტის აღიარებისთვის თურქეთს „საზარელი“ რუსეთის იმპერიის სისხლით მოპოვებული ტერიტორიული საგანძური _ აჭარა დაუბრუნა.

    გასაბჭოებულ საქართველოს, უფრო ზუსტად, ბოლშევიკურ რუსეთს უდიდესი შრომა დასჭირდა მენშევიკთა მჩატე პოლიტიკისა და ხელგაშლილობის აღმოსაფხვრელად _ ბათუმისა და მისი ოლქის უკან დასაბრუნებლად.

    დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა საქართველო აჭარის გარეშე.

    თუმცა, როგორც ჩანს, თანამედროვე ქართველობას ნაკლებად ადარდებდა შავი ზღვის ამ ზოლის მისთვის არარსებობა აჭარის სახელით, ისე, როგორც არ ადარდებს აფხაზეთის დაკარგვა.

    ბევრჯერ აღვნიშნე აფხაზეთის (ისე, როგორც დანარჩენი საქართველოს სამთავროების) ცენტრიდან დაშორებაზე, სხვა ცენტრისკენ სვლაზე, მათთან საერთო ენის გამონახვაზე. აფხაზეთმა მოძებნა ასეთი ცენტრი, უფრო ზუსტად, ცენტრები რუსეთისა და თურქეთის სახით და ასე იცხოვრა ბოლშევიკურ რევოლუციამდე. გასაბჭოების შემდეგ აფხაზეთი 10 წლის განმავლობაში საქართველოს სსრ-ის მსგავსი სტატუსის მქონე იყო და, ალბათ, ასეთად დარჩებოდა, რომ არა ბოლშევიკური რუსეთის, სტალინისა და ბერიას, გადაწყვეტილება აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შემოყვანის შესახებ. ისევ რუსეთი?

    დიახ! ისევ რუსეთი. და რომ არა ის, აფხაზეთი საქართველოსთვის ისეთივე ტერიტორია იქნებოდა, როგორიც  სარფის იქითა ტერიტორიაა, რომელიც ამჟამად თურქეთს ეკუთვნის.

    გასული საუკუნის მძიმე 90-იანი წლების დასაწყისში თბილისსა და სოხუმს შორის გაჩენილმა დაპირისპირებამ, ომში გადაზრდილმა, ისეთი რამ იცის, როგორიც არის მოსკოვის წაყრუება.

    რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა შეგნებულად დახუჭა თვალი და საქართველოს მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს, აფხაზეთში შეჭრის საშუალება მისცა. საქართველოს ლაშქარი კიტოვანისა და იოსელიანის მეთაურობით ვითომ რკინიგზის დაცვის მიზნით აფხაზეთში შევარდა და რუსეთის საზღვრამდე მივიდა. თბილისმა, ისევე, როგორც დანარჩენმა საქართველომ, იხილა ისეთი ვიდეოკადრები, როგორიც იყო გენერალ ყარყარაშვილის მიერ მდინარე ფსოუს წყლის დალევა.

    ყარყარაშვილმა წყალი კი დალია, მაგრამ ქართულმა ლაშქარმა ძალაუფლება ვერ შეინარჩუნა, ვინაიდან მაროდიორობას, ძარცვა-გლეჯას, აფხაზთა დამცირებასა და შეურაცხყოფას მიჰყო ხელი, რამაც დამფრთხალი, შეშინებული აფხაზები გამოაფხიზლა და საპასუხო ნაბიჯები გადაადგმევინა. რით დასრულდა ეს, ყველამ ვიცით, მაგრამ არ ვიცით რუსეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ _ აფხაზეთში შესვლამდე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქიდან მძიმე შეიარაღების სამხედრო ტექნიკა გადმოგვცეს და დაგვპირდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში, სანამ იქ ფეხს არ მოვიკიდებდით, არ ჩაერეოდნენ,

    ვერ მოვიკიდეთ. რუსეთი, მიუხედავად ყოფილ საბჭოთა კავშირში (განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში) შექმნილი ვითარებისა, ჩვენი მისამართით გამოვლენილი უკმაყოფილებისა, ნეიტრალური პოზიციის დაკავებას ცდილობდა.  აფხაზეთის ომში რუსეთის არმია არ  ჩარეულა. ცხადია, იყვნენ მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან, იყვნენ უკრაინელებიც, მაგრამ ჩვენ ჩვენივე უნიათობით გამოწვეული  მარცხის გამო  თავის მართლების მიზნით ხმამაღლა გავყვირით: აფხაზეთში რუსებთან დავმარცხდით და არა აფხაზებთან, რომ არა რუსეთი, აფხაზებს ომს მოვუგებდითო.

    დამარცხებულმა სახელმწიფოს მეთაურმა შევარდნაძემ თბილისში დააფუძნა აფხაზეთის ხელისუფლება. ამასთანავე, შექმნა სამინისტრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ორივე გადაწყვეტილება იყო და არის ანტისახელმწიფოებრივი, სახელმწიფო თანხების გამფლანგველი.

    საქართველოს პარლამენტის წევრები იყვნენ აფხაზეთის დეპუტატები, სანამ სააკაშვილმა არ ჩამოართვა მათ საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი, რაც უდავოდ სწორი გადაწყვეტილება იყო. მათ აფხაზეთთან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდათ; უფრო მეტიც, მათ იქ აღარ ჩაესვლებოდათ. სააკაშვილმა ვერ გაბედა სხვა ნაბიჯის გადადგმა _ თბილისში აფხაზეთის ხელისუფლების ლიკვიდაცია.

    ეს ხელისუფლება დღესაც არსებობს,  საკანონმდებლო და აღმასრულებლის სტატუსით,  დეპუტატებით, მინისტრებით, აპარატებით, მაგრამ არა ტერიტორიით. გვყავს აფხაზეთის ხელისუფლება თბილისში და ჟენევაში ვმართავთ მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან. წესით, მოლაპარაკება თბილისში უნდა გავმართოთ, აფხაზეთის ხელისუფლება ხომ აქ გყვავს?!

    თავს ვიტყუებთ და ვითომ სხვასაც ვატყუებთ. სხვათა შორის, ნამდვილ აფხაზებს, რომლებთან არაერთი წლის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები ავსტრიასა და გერმანიაში, არაერთხელ უთქვამთ: აფხაზეთის ხელისუფლება თბილისში გყავთ და მათ დაელაპარაკეთო.

    „ოცნების“ პოლიტიკამ აქაც დაუშვა შეცდომა და არ გააუქმა შევარდნაძის უსაფუძვლო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არ დაელაპარაკა რუსეთს; დაუჯერა დასავლეთს, რომ საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა მოეგვარებინა.

    ევროატლანტიკურ სივრცეს საქართველოსნაირი სუსტი და ბრიყვი ქვეყნებისთვის აქვს დაპირება, დროში გაწელილი დაპირება, ზერელე მოლაპარაკებების წარმოება, რომელთა მიზანი დროს გაყვანაა.

    ცხინვალის ომის შემდეგ იმდენი წელი გავიდა, რომ აღარც გვახსოვს იმჟამინდელ-ამჟამინდელებს, შუა საუკუნეები გვგონია. ამჟამინდელებს, რომლებიც იმ „პატრიოტიზმს“ არ შესწრებიან, ვინაიდან ჩანასახშიც არ იყვნენ ან ისეთი პატარები იყვნენ, ომობანას კომპიუტერში თამაშობდნენ, სულაც არ აინტერესებთ შედეგები, რომლებიც 2008 წლის ომს მოჰყვა _ საქართველოში შემავალი ავტონომიების ფორმალური სტატუსის რეალობაში გადასვლა.

    ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველისთვის ცნობილია, როგორ „იღვწოდნენ~ ევროატლანტიკელი პარტნიორები ჩვენი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.  „იღვწოდნენ“ და დღესაც „იღვწიან“, მაგრამ შექმნილი პოლიტიკური ვითარება არ აძლევთ ხელს, ჩვენ სასარგებლოდ შემოაბრუნონ ბედის ბორბალი. ხელში შეგვრჩა ბუბა კიკაბიძის სიმღერა „ტრიალებს, ტრიალებს, ბედის ბორბალი ტრიალებს“ …

    იმჟამინდელები მიწიერი ცხოვრებიდან მარადისობაში გადავალთ, ამჟამინდელებიც, მაგრამ ბედის ბორბალი საქართველოს სასარგებლოდ არ დატრიალდება, მით უმეტეს ევროატლანტიკურ სივრცეში მოღვაწე პოლიტიკოსების ხელით.

    ვისი ხელითაც შეიძლებოდა იმ ბორბლის ჩვენ სასარგებლოდ დატრიალება, ვლანძღეთ, ვაგინეთ, ვაფურთხეთ და ისე შევაქციეთ ზურგი, როგორც ტრამპმა უკრაინას. ჩვენ უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობა უფრო მტკიცედ და ბუნებრივად ჩავთვალეთ, ვიდრე საქართველოსა და რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ძმობა.

    ვერ გამიგია, რატომ არის საქართველოსთვის უკრაინა უფრო საყვარელი, ვიდრე რუსეთი?! ალბათ, იმიტომ, რომ ისიც ევროპელობას იჩემებს, როგორც ჩვენ? ისიც, ისე ლანძღავს რუსეთს, როგორც ჩვენ?

    უკრაინას ჩვენთან შედარებით ხიბლი და უპირატესობა აქვს. მისი ლიდერი, თანამედროვე ჩერჩილად წოდებული, ფორტეპიანოზე ასოთი უკრავს. ჩვენმა ლიდერებმა კი თავიანთი პროფესიონალიზმი ზელენსკის დონემდე ჯერჯერობით ვერ აიყვანეს.

    ტაკიმასხარის პრეზიდენტობა ისე ხიბლავს დასავლეთს, რომ მისთვის ჩერჩილის სახელიც არ დაიშურეს. ოღონდ რუსეთს ეომოს, რუსები ხოცოს და, ჩერჩილს კი არა, ქრისტეს შეარქმევენ. ერთმა ინგლისელმა ენამოსწრებულმა ჟურნალისტმა თქვა, ჩერჩილსა და ზელენსკის შორის არის პატარა განსხვავება _ ჩერჩილს არასდროს დაუკრავს ფორტეპიანოზე ისე, როგორც ზელენსკისო.

    პოლიტიკოსს რომ ეტყვი, ჩერჩილი ხარო, იშვიათად იფიქრებს საწინააღმდეგოზე, მაგრამ გაპრეზიდენტებული ტაკიმასხარა ჩერჩილადაც ჩათვლის თავს და ნაპოლეონადაც.

    რუსეთის სიძულვილით შეპყრობილი ზელენსკი ძვირი უჯდება დასავლეთს, მაგრამ  იხტიბარს არ იტეხს და თავს ირწმუნებს, რომ უკრაინა გამონახავს ძალებს, კონტრშეტევაზე გადავა და რუსეთს კუდით ქვას ასროლინებს.

    ამ ზღაპრის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ მმართველს სჯერა, დანარჩენები სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

    უკრაინის გამარჯვების იმედი აღარც აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას აქვს — უკრაინის ომის გამჩაღებელს, რომ აღარაფერი ვთქვათ რესპუბლიკელებზე, პრეზიდენტ ტრამპზე, რომელიც საჯაროდ წინასწარმეტყველებს უკრაინის ბნელ მომავალს და ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს.

    სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე ზელენსკის თანხმობის მიღება იყო თეთრ სახლში მოლაპარაკების გამართვის მთავარი საკითხი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა აშშ-უკრაინის ხელშეკრულების გაფორმება წიაღისეულის ექსპლუატაციის შესახებ. ხელმოწერის შემდეგ დაგეგმილი იყო სტუმრის პატივსაცემი ლანჩი, მაგრამ არც ლანჩი გაიმართა და არც ხელმოწერა მოხერხდა, ვინაიდან ჟურნალისტების თანდასწრებით პროტოკოლური საუბარი ისეთ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, არც ერთ მაღალი დონის მოლაპარაკებას რომ არ ახსოვს.

    მასპინძელი თავიდანვე გააღიზიანა ოფიციალური ღონისძიებისთვის ზელენსკის მიუღებელმა ჩაცმულობამ.

    მახსოვს, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი საბერძნეთის პრემიერმინისტრ ციპრასს მასპინძლობდა, ხელის ჩამორთმევისას ერდოღანმა თავი ვერ შეიკავა და სტუმარს ჰკითხა, _ უჰალსტუხოდ რატომ ხარო. ციპრასმა, _ მერე გავიკეთებო. ერდოღანმა სტუმრის უჰალსტუხობა თურქეთისადმი უპატივცემულობად მიიჩნია. არადა, ციპრასი ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც ჰალსტუხს არ იკეთებდა _ გაღელილი პერანგის საყელოთი დადიოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე.

    ზელენსკის ჩაცმულობა თეთრი სახლის პროტოკოლით უნდა მოგვარებულიყო იქ მისვლამდე.

    ქართველებს გვაქვს გამოთქმა, რომელიც მიესადაგება ზელენსკის: „ღორის ტილს  ფეხზე რომ დაისვამ, თავზე აგაღოღდებაო“. ზელენსკის უზრდელობამ მისი უკრაინელი თანმხლებნიც კი  გამოიყვანა მოთმინებიდან და ცრემლი აღვრევინა ადმინისტრაციის უფროს ერმაკსა და აშშ-ში უკრაინის ელჩ მარკაროვას. ორივე ისე ტიროდა, თითქოს გარდაცვლილი ზელენსკის ცხედართან იყვნენ. ცოცხალი ზელენსკი კი ყბედობდა, ტრამპი  ხშირად აწყვეტინებდა სიტყვას, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო, როგორც პოლიტიკოსი. ზელენსკიმ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი.

    ზელენსკიმ ვერ მოზომა. მას თავი ავადმყოფ ბაიდენთან ეგონა ან ევროპელ ლიდერებთან, რომლებთანაც ისეა შეთამამებული, თითქოს ის  საფრანგეთის, გერმანიის ან  დიდი ბრიტანეთის ლიდერია და არა გაძვალტყავებული უკრაინის, რომელსაც მიწა გაუყიდეს, ახლა კი წიაღისეულს ართმევენ. ლაპარაკიც ზედმეტია ნამუსსა და სუვერენიტეტზე, რომლებიც უკრაინამ კლოუნი პრეზიდენტისა და მისი ამერიკელ-ევროპელი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორების ეგოისტური მოქმედებით კარგა ხნის წინათ დაკარგა. თუ მიწა უკრაინელის აღარ არის, თუ წიაღისეულიც აღარ იქნება, რისთვის უნდა მოიკლას თავი უკრაინელმა ჯარისკაცმა?!

    ასე იცის სხვაზე ჩამოკიდებამ, სხვისმა გაღმერთებამ, საკუთარი თავის დარწმუნებამ, რომ უკრაინისა და უკრაინელისთვის დასავლეთი თავს გაწირავს.

    არ გაწირავს! და ეს ვერ შეიგნო უკრაინამ, სანამ კატასტროფის წინაშე არ დადგა. ვერც ჩვენ შევიგნეთ 2008 წელს და, დასავლეთის მოიმედემ, ომი დავუწყეთ რუსეთს. საქართველო მაგალითი უნდა ყოფილიყო უკრაინისთვის, მაგრამ არა! უკრაინამ ჩათვალა, რომ ის, რაც საქართველოს აგემა 2008 წელს დასავლეთმა, უკრაინას არ აგემებდა. პირიქით, გულში ჩაიკრავდა, ნატოსა და ევროკავშირში შეიყვანდა და უკრაინა, „ცე ევროპა“ კი არა, ნამდვილი ევროპა იქნებოდა, ევროპაზე მეტი.

    რა? განა უკრაინას არ ეკუთვნის ევროპელობაზე მეტი სტატუსი? ეკუთვნის! უბადრუკი ტაკიმასხარა ზელენსკი დაარწმუნეს უკრაინის სიდიადეში. კოკაინშესუნთქულს, ისეთი მოჩვენებები აქვს, ღმერთს უტოლდება  ზეცაში ფრიალში. ამ ზღაპრული ფრენიდან ტრამპმა გამოიყვანა, პრაგმატულმა პოლიტიკოსმა, რომელსაც ზეცაში არაფერი ესაქმება. მისი ადგილი მიწაზეა, ამერიკაშია, საკუთარ ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, რაშიც მას ხელს უშლის უკრაინაში მიმდინარე ომში მილიარდობით დოლარის გადაყრა.

    პრაქტიკოს პრეზიდენტს, ფულის ყადრის მცოდნეს, მომჭირნეს არათუ უკრაინისთვის არ სურს ფულის ხარჯვა, არამედ ევროპისთვისაც. ამერიკა სულაც არ არის ვალდებული, დიდძალი ფული ხარჯოს თქვენი უსაფრთხოებისთვისო, _ ეუბნება ის დაბნეულ ევროპას.

    არის ასეთი რუსული გამოთქმა: „პომატროსილი ი ბროსილი“. ეს იმ მეზღვაურებზეა ნათქვამი, მრავალთვიანი ნაოსნობის შემდეგ ნაპირს რომ შეესევიან სქესობრივი შიმშილის დასაკმაყოფილებლად და იმედით აღვსილ ქალებს პირში ჩალაგამოვლებულებს ტოვებენ.

    ამერიკა იმ მეზღვაურის ამპლუაშია, უკრაინა რომ გააუპატიურა და მიატოვა. მართალია, ჯერ ბოლომდე არ მიუტოვებია, მაგრამ აღარაფერი აკლია.

    უკრაინაზე რომ ვწერ, თვალწინ მიდგას საქართველო და მისი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ომიც დააწყებინეს და სხვა სიბინძურეებიც აკეთებინეს, ახლა კი არავინ იხსენებს; არავინ ყვირის ამერიკაში, თავისუფლება სააკაშვილსო. ბრიყვმა სააკაშვილმა ჩათვალა, რომ აშშ-ის ჯილაა, დემოკრატიის შუქურა და თავი განსაცდელში ჩაიყენა, მან თავისი სიბრიყვითა და ამერიკელთა მიმართ მონური მორჩილებით, საქართველო ჩააგდო მძიმე დღეში.

    ყოველთვის აღვნიშნავ, რომ საქართველო ვერასდროს დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. ტყუილად ვფიქრობდით და ვფიქრობთ, რომ დასავლელი „პარტნიორები“ აგვისრულებდნენ ამ საწადელს. გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი _ მატყუარა, კორუფციაში ჩაფლული ქალბატონი, თავმჯდომარე ევროკავშირისა, ხელის ერთი აქნევით მოგვიგვარებდა ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას; ან მამალივით გაფხორილი საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი _ მატყუარა, ფლიდი პოლიტიკოსი,  მოგვიგვარებდა საკითხებს.  არ გამოვიდა და არც გამოვა, ვინაიდან მათ ამის სურვილი არ აქვთ. ვისაც სურვილი ჰქონდა, ზედაც არ შევხედეთ, მისი წინადადება აბუჩად ავიგდეთ და  ვლანძღავთ.

    ქართული პოლიტიკა ისეა გატაცებული ევროპელობით, რომ რეალობას ვეღარ ხედავს. რეალობა კი ისაა, რომ ევროპა ის ევროპა არ არის, ჩვენ რომ გვეგონა. დღევანდელ ევროპასთან _ ეკონომიკურ-მორალურად დეგრადირებულთან _ მჭიდრო კავშირი რომ გვქონდეს, თავის გადარჩენის გზებს უნდა ვეძებდეთ და არა განადგურების.

    შეხედეთ, რა დღეში ჩააგდეს უკრაინა, 30 წლის წინათ ძლიერი და დაპურებული.

    შეხედეთ, რა ჩაიდინეს რუმინეთში, როდესაც ოპოზიციონერ პრეზიდენტობის კანდიდატ ჯორჯესკუს კრემლის კაცობა დასწამეს და არჩევნები გაუუქმეს.

    შეხედეთ, რა დღეში ჰყავთ უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრები _ ორბანი და ფიცო, ვინაიდან ისინი სიმართლეს ამბობენ უკრაინაზე.

    ევროკავშირში არსებულ განუკითხაობასა და არადემოკრატიულობაზე რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე ბრძანა, არ არის დასაფიქრებელი ე.წ. ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისთვის?

    არის, მაგრამ თან არ არის, ვინაიდან, როგორც ამბობენ, „იმედი ბოლოს კვდება“. არადა, ევროპის მიმართ იმედი, რომელიც ჩვენ გვაქვს, დიდი ხანია, მკვდარია, მაგრამ ამის დანახვა არ გვინდა.

    აი, ამ უაზრო ევროპისკენ ვერბალურ ფარფატში გავლიეთ ბოლო 13 წელი, „ოცნების“ დაპირება რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“ (ივანიშვილის ტერმინი) შესახებ არ შევასრულეთ. არ გავიხედეთ რუსეთისკენ და მანაც ჩათვალა, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. რაც გვქონდა, ის გავყავით 2008 წელს და შედეგით კმაყოფილები ვართ.

    არ ვართო, _ იტყვით. დიახ! არ ვართ, მაგრამ ვინ უთხრა კრემლს ოფიციალურად ამის შესახებ? არც არავინ! იქ ბოლო 13 წლის განმავლობაში არავინ გამოჩენილა ხელისუფლებიდან, არავინ გამოჩენილა დასავლეთის შიშით, ისევე, როგორც ოპოზიციის.

    რა მივიღეთ?აფხაზეთის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, მასში გამარჯვებული ბადრა გუნბას ვიზიტი მოსკოვში და პრეზიდენტ პუტინთან დიალოგი, რომელსაც თან ახლდა მოსკოვის მიერ აფხაზეთში განსახორციელებელი ეკონომიკურ-სოციალური პროგრამების შეჯერება. ნაწილი ამ პროგრამებისა უკვე წარმოებაშია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი აფხაზეთს აღარ დაგვითმობს, როგორც უნდა ჩავეხუტოთ მას.

    დავაგვიანეთ! ევროპელთა დაპირებებმა დაგვაგვიანა.

    ახლა სხვაზე უნდა ვიფიქროთ, სხვა პრობლემებზე, სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენია, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობების არარსებობით სხვისი შეიძლება გახდეს.

    საქართველოს პოლიტიკოსები, ისევე, როგორც საზოგადოება, ვერ მიხვდნენ, რომ ჩვენი გადარჩენის გზა არის ის, რაც იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში, და არა ის, რაც გვაქვს ე.წ. დამოუკიდებლობის ჟამს.

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here