Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: რად გვინდა უუფლებო პრეზიდენტი, რომელიც ვერაფერს გააკეთებს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი: რად გვინდა უუფლებო პრეზიდენტი, რომელიც ვერაფერს გააკეთებს?!

1336
ჰამლეტ ჭიპაშვილი

23 მარტს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია მიიღო. ქვეყნის უმთავრეს კანონში შესატან სადავო ცვლილებებზე საყოველთაო მსჯელობა შარშან რეგიონებსა და დედაქალაქში პროტესტის ფონზე რამდენიმე თვეს მიმდინარეობდა. საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანას სრულყოფილი კონსტიტუცია აქვს.

კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მიხედვით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე დაიწევს. ერთჯერადად შენარჩუნდება საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა:

* საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, “სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე”;

* ცვლილებები შედის კონსტიტუციის მე-16 მუხლში, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების საკითხებს არეგულირებს;

* ჩანაწერი საუნივერსიტეტო ავტონომიის შესახებ ემატება 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, შესაბამისად, უზრუნველყოფილია აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია;

* პრინციპული ცვლილება ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. კერძოდ, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში აღარ იქნება ე.წ. ბონუსის სისტემა და “პარლამენტის წევრთა მანდატები შესაბამისად განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის შეფასებით, საქართველოში იდეალურად დაწერილი კონსტიტუციაც კი ვერ იმუშავებს, რადგან არ არსებობს ნება ხელისუფლების მხრიდან, რომ ქვეყანაში კანონი კანონობდეს:

_ ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც კანონს აქცევს ყურადღებას. ეს სახელისუფლო თანამდებობებზე მოკალათებული პირების ბრალია, სწორედ ისინი არ ასრულებენ კანონებისა და კონსტიტუციის მოთხოვნებს. ამ ქვეყანაში კონსტიტუცია, რაც უნდა იდეალურად იყოს დაწერილი, ვერ იუმუშავებს, რადგან საზოგადოებაში და, უწინარესად, ხელისუფლებაში, არ არის სურვილი, რომ კონსტიტუციამ ან ნებისმიერმა კანონმა იმუშაოს. როდესაც ქვეყანაში კანონი აუცილებლად შესასრულებელია მხოლოდ რიგითებისთვის, ხოლო ზემდგომებისთვის მხოლოდ სათამაშოა, ცხადია, ასეთ ქვეყანაში ვერც კონსტიტუციაზე ვილაპარაკებთ და ვერც კანონზე”, _ განაცხადა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას და .. ხმოსნების ინსტიტუტის შემოღებას, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მსგავსი ექსპერიმენტი კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს.

_ პრეზიდენტი არ უნდა იყოს ისეთი უუფლებო, განსაკუთრებით _ პოლიტიკურად ახალგაზრდა ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. საქართველოს მსგავს ქვეყნებს სჭირდებათ ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა და არა საპარლამენტო. საპარლამენტო მმართველობა არის ევროპის ქვეყნებში და უკვე გაჩნდა ბზარები ამ მმართველობაში. საპრეზიდენტო მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს პატიოსნებას, იმ ადამიანის პატიოსან მუშაობას, რომელსაც პრეზიდენტად აირჩევენ, მაგრამ საქართველომ სხვა გზა აირჩია. უფრო სწორად, ეს აირჩია სააკაშვილმა და დანარჩენებმაც განაგრძეს მისი შემოქმედება. სააკაშვილმა საპარლამენტო მმართველობა იმიტომ აირჩია, რომ მესამე ვადით ვეღარ იქნებოდა პრეზიდენტი, ამიტომ გადაწყვიტა პრემიერმინისტრობა, თანაც, თავისი პარტიის მუდამ გამარჯვების შემთხვევაში, მუდმივ პრემიერად ყოფნა. რომ არა “ცოცხების” გამოყენების შემზარავი ფაქტები ციხეში, სააკაშვილი დღესაც იქნებოდა ქვეყნის მმართველი; პრეზიდენტი კი იქნებოდა დასაჭურისებული, უუფლებო, როგორიც დღეს არის”, _ აღნიშნავს პოლიტოლოგი, რომელიც ემხრობა მოსაზრებას, რომ პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ პირდაპირი გზით, ხმოსნების გარეშე

_ როდესაც ხდება პრეზიდენტის არჩევნების პროფანაცია, ჩნდება კითხვა: რად გვინდა ისეთი პრეზიდენტი, თუ არაფრის გამკეთებელი არ იქნება და უფლება არაფრის ექნება? მხოლოდ კანონებზე ხელმომწერად და პროტოკოლური ცერემონიების შესასრულებლად გვინდა და მას ბიუჯეტის თანხით შევინახავთ? თუ გვინდა, გვყავდეს პრეზიდენტი, ის ხალხმა უნდა აირჩიოს და ჰქონდეს უფლებები, მართოს სახელმწიფო”, _ აღნიშნა ჭიპაშვილმა.

მოამზადა

სოფიო კაკაჩიამ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here