Home რუბრიკები საზოგადოება ჯერჯერობით “ეს ქვეყანა მკის იმას, რასაცა სთესავს”

ჯერჯერობით “ეს ქვეყანა მკის იმას, რასაცა სთესავს”

“ჩვენი ქვეყანა დღეს წარმოადგენს თაფლს, რომელსაც ბუზი ბაღდადიდამ მოჰყავს”

357
ჯერჯერობით “ეს ქვეყანა მკის იმას, რასაცა სთესავს”

დასრულდა საპარლამენტო არჩევნები და მისი შედეგებით უკმაყოფილოთა პირველი თავყრილობაც შედგა. თუმცა ხმის მიცემის დასრულებამდე, მთელი დღის განმავლობაშინაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები და მათი განაყოფები ტელეეთერიდან გაბრწყინებული სახეებით ირწმუნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე მოიშორეს თავიდან და მათი გამარჯვება ცხადზე უცხადესი იყო(?!), ეგზიტპოლებისა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პროცენტების შემდეგ, რომლებიც, რა თქმა უნდა, მათი მოსაწონი არ შეიქნა, ტრადიციულად, ქუჩას მიაშურეს და, სანამ ხმა არ ჩაუწყდებათ, არ გაჩერდებიან.

ხალხი ვერ აიყოლიეს, მაგრამ დასანანია, რომ სისხლიანი რეჟიმის მაღალჩინოსნებს მაინც გამოუჩნდნენკუდის ამწევები”. რას იზამ, ალბათ, ამის მიზეზი ისევ საკუთარ შეცდომებში უნდა ვეძებოთ, უპირველესად კი _ განათლების ნაკლებობაში, რომელიც არის სწორედ თავი და თავი იმისა, სხვა თუ არაფერი, ავსა და კარგს რომ ვერ არჩევს ერთმანეთისგან ადამიანი. აბა, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე მეოცნებე კაცმა, რატომ უნდა მისცეს ხმა მოძალადეებს?! სულხანსაბა ორბელიანს თუ დაუჯერებთ, ვირი ტალახში რომ გაატარო, შემდეგ იმავე ადგილას ტალახი რომც გაშრეს, მაინც არ გაივლისო. ვირი თუ ხვდება ამდენს, შენ, ადამიანო, რაღა დაგემართა?! ნუთუ გეცოტავა ის ტალახი, რომელშიც ნაციონალების ზეობისას დააბიჯებდი და გულის გასამაგრებლად, საკუთარი თავის გასამხნევებლად ლოზუნგიც კი გამოიგონე _ “არ მეშინია!”…

საცა უვიცობაა, როგორც ჩვენში, იქ ამისთანა ვაჭრის (ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკოსების _ . .) ბაღდადია. ეგ იმიტომ კი არა, რომ თვითონ ვაჭარი არის სწავლული და მცოდინარი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენა ვართ უსწავლელნი და უცოდინარნიო”, _ წერდა დიდი ილია და განა მართლა ასე არ არის?! ხალხის (გარკვეული ნაწილის, რა თქმა უნდა) უვიცობა და სიბრმავე რომ არა, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნებოდა ამისთანა პოლიტიკოსების ბაღდადი. თორემ ის, რაც ხელის გულზე გვიდევს და წყალი არ გაუვა, განა საკმარისი არ იყო იმისთვის, ძველი თუ სახელგამოცვლილი ნაცები პოლიტიკურ მოუსავლეთში რომ გაგვეგზავნა?

ისევ ილიას დავესესხები და ვიტყვი: ამიტომაცაა, რომჩვენი უღონობა სხვისა ღონედ შექმნილა, ჩვენი უსაქმურობა სხვას საქმიანობად გაუხდია. ჩვენი უცოდინარობა სხვისა ცოდნად ქცეულა და ამაების წყალობით ჩვენი ქვეყანა დღეს წარმოადგენს თაფლს, რომელსაც ბუზი ბაღდადიდამ მოჰყავს”. ჰოდა, იმბაღდადიდანმოსულიბუზებისკარნახით სანამ ვიცხოვრებთ, ჩვენი საშველი არ იქნება. და რომ თავი დავაღწიოთ ამ მდგომარეობას, უმთავრესი იარაღი განათლებაა _ ჩვენი ახალგაზრდობის საფუძვლიანი განათლება, რაზეც ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე გამუდმებით ამახვილებდა ყურადღებას, დღეს კი მით უფრო მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, რადგანის მცირეოდენი, რაცა გვაქვს და რაც ხელიდამ გამოგვივა, ტყუილუბრალოდ არა ვფლანგოთ, სიფრთხილით და დიდის წინდახედვით გამოვიყენოთ იქ, საცა უფრო საჭიროა ფეხის მაგრად დადგომისათვის და წელში გამართვისათვის”.

ჯერჯერობით კი ეს ქვეყანამკის იმას, რასაცა სთესავს”.

საინტერესოა და ამავე დროს მნიშვნელოვანიც, რამდენად განსხვავებული იქნება მეათე მოწვევის პარლამენტი წინამორბედებისგან, რადგან ხალხიც დაიღალა და ქვეყანაც დაიქცა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებით.

ჯერჯერობით “ეს ქვეყანა მკის იმას, რასაცა სთესავს”

სატექნიკო და სახელოსნო სასწავლებელთა შესახებ

1870 წელსა, როცა გერმანიამ თავს-ზარი დასცა მინამდე თითქმის უძლეველს საფრანგეთსა და საცა შეხვდა, ბრე გაადინა, სთქვეს, რომ გერმანიის სკოლის მასწავლებელმა სძლია საფრანგეთსა და დაამარცხაო. ამითი იმის თქმა უნდოდათ, რომ უხვად მოფენილმა და კარგად მოწყობილმა სკოლებმა და სწავლაგანათლებამ გერმანიისამ მისცა ერს ის სულიერი და ხორციელი ძალღონე, რომელმაც შეჰმუსრა საფრანგეთიო. მას აქეთ გერმანიამ ახლა სხვა გზაზე იჩინა თავი თავისი ძლევამოსილობა და წინსვლა იმავე ღონისძიებით. აქაც, როგორც ეტყობა, მიზეზი ძლევამოსილობისა იგივ სკოლის მასწავლებელია, იგივ სწავლა და განათლებაა.

ამ ოცს უკანასკნელ წელიწადში ხელოსნობა და ერთობ ვაჭრობა-მრეწველობა ისე წინ წამოდგა გერმანიაში, რომ ყველასათვის საოცებელი გახდა. წინად ამ მხრით სუსტი და უღონო გერმანია ბევრად ჩამოუვარდებოდა იმისთანა სამრეწველო ქვეყანას, როგორიც საფრანგეთია და შორიახლოსაც სასწორზე ვერ დაუდგებოდა ინგლისს, რომელიც მრეწველობა-ვაჭრობით ყველა ქვეყნებზე წინ იყო. ეხლა გერმანია ამ ოცს თუ მეტ-ნაკლებ წელიწადში მრეწველობა-ვაჭრობაში საფრანგეთს თითქმის წინ უსწრობს და ლამის ინგლისს გაესწორპიროს და მსოფლიო ბაზარში ცილობა გაუწიოს. ასეთმა სისწრაფემ გერმანიის წარმატებისამ განცვიფრებული ყურადღება მიიქცია იმისთანა მრეწველ-მოვაჭრე ქვეყნებისა, როგორიც ინგლისია, ბელგიაა, და ჩრდილო ამერიკის შტატებმაცკი ყურები აცქვიტეს გაოცებისაგან და იმის გამოსარკვევად, თუ რა ძალი და ღონე იხმარა გერმანიამ, რომ მისი ვაჭრობა-მრეწველობა ასე გაძლიერდა და გადიდდა, კომისიები დანიშნეს. აი ეს კომისიები რას ამბობენ: იგი უპირატესობა გერმანიისა, რომელიც წლიდამ წლამდე უფრო და უფრო თავს იჩენს, საქონლის სიკეთითა და ბაზრების განდიდებითა, სამართლიანი ჯილდოა იმ ზედმიწევნით ასრულებულ პროგრამისა, რომელიც სამის სიტყვით გამოითქმის: საერო განათლების წარმატება. ეს ქვეყანა მკის იმას, რასაცა სთესავს. თუ სხვა ქვეყნებს ჰსურთ მის ვაჭრობას და მრეწველობას გაუმკლავდნენ, ისე უნდა მოიქცნენ, როგორც იგი, და იმავე მხნეობითაო”. მარტო ერთი პრუსია, და ამ მხრით იგი სხვა ყველა გერმანიის ქვეყნებზე დაბლა სდგას, სატექნიკო სწავლა-ცოდნის გავრცელებისათვის წელიწადში ჰხარჯავს მილიონ ნახევარ მანეთსა იმისდა გარეითად, რასაც ამ საგნისათვის სწირავენ ქალაქების გამგეობანი, სახელმწიფო დაწესებულებანი და ცალკე კაცნი. თვით მეფაბრიკენი და მექარხნენი, ჰხედავენრა, რა სარგებლობაა, როცა სწავლული და მცოდნე ხელოსნები და მუშები ჰყავთ, ინახავენ სკოლებს თავისის საკუთარის ხარჯით და ზოგჯერ მთავრობაც ჰშველის ფულით ამ საქმეში ცოტად თუ ბევრად. ამ სახით გამართული 248 სკოლაა და შიგ მოსწავლენი არიან 11.000 ყმაწვილი. “ყოველის ცალკე ხელობისათვის ცალკე სკოლებია. ხელოსნებისათვის, რომელნიც შენობებს გარედამ და შიგნით ჰხატვენ და ალამაზებენ, პრუსიაში 32 ცალკე სკოლაა, ხარაზებისათვის _ 9, დერციკებისათვის _ 16, ხაბაზებისათვის _ 20, ყასბებისათვის _ 6, მჭედლებისათვის _ 26 და სხვანი. “ბადენის დიდ საჰერცოგოს სულ ნახევარ მილიონზე ნაკლები მკვიდრი ჰყავს და სატექნიკო სკოლებზე-კი წელიწადში ჰხარჯავს 180.000 მანეთსა. ჰესენის დიდ საჰერცოგოში, რომელსაც სულ ერთი მილიონი მკვიდრი ჰყავს, ცხრა სახელოსნო სკოლაა, 43 სამრეწველო და 82 სამხატვრო. ყველაზე წინ არის საქსონია, რომელიც თუმცა დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ას თერთმეტი სატექნიკო სკოლა აქვს, საცა ასწავლიან ყოველგვარ ხელობას და ხელოვნებას. ამასთან საქსონიაში 10 სკოლაა საკუთრივ მიწათმოქმედებისა და 40 სავაჭრო სასწავლებელი”.

ჯერჯერობით “ეს ქვეყანა მკის იმას, რასაცა სთესავს”

ინგლისის კომისია ამბობს: “ყოველგვარ სამრეწველოში მუშის გასამრჯელო მატულობს გერმანიაში, ხანი სამუშაო დღისა განუწყვეტლივ კლებულობს და პატარა ყმაწვილების მუშაობა თითქმის მოისპო. ინგლისის მეფაბრიკეთ ტყუილადა ჰგონიათ, ვითომც წარმატებას მრეწველობისას გერმანიაში სხვა რამ მიზეზი ჰქონდეს და არა მარტო უპირატესობა და აღმატებულება საყოველთაო საერო განათლებისა და სასპეციალო-სატექნიკო სწავლა-ცოდნისა”. ვისაც ჩვენში გული ერჩის ჩვენის ქვეყნის სიკეთისათვის და ვინც იცის, რა ძალღონეს შეადგენს ერისას ვაჭრობა და მრეწველობა, იმისათვის გულში დასაჭდევია ყოველი ზემოხსენებული ამბავი.

იგი დასკვნა, რომელიც გამოურკვევიათ ხსენებულ კომისიებს, ალალ-ბედად ნათქვამი არ არის: იგი შედეგია მცოდნე კაცების გამონაძიებისა და გამონაკვლევისა და, მაშასადამე, სახელმძღვანელოდ მისაღებია ყველგან და ჩვენთვის უფრო. რა თქმა უნდა, ჩვენ იმოდენა ღონე არა გვაქვს, რომ ამ სიდიდე საქმეს შევეჭიდნეთ და სწორედ ეს უღონობა ვალად გვდებს, ის მცირეოდენი, რაცა გვაქვს და რაც ხელიდამ გამოგვივა, ტყუილუბრალოდ არა ვფლანგოთ, სიფრთხილით და დიდის წინდახედვით გამოვიყენოთ იქ, საცა უფრო საჭიროა ფეხის მაგრად დადგომისათვის და წელში გამართვისათვის. ნურავინ იტყვის, რომ ამა თუ იმ ერსა ვაჭრობისა და მრეწველობის ნიჭი და ბუნება არა აქვსო. ამ ოცისა და ოც-და-ათის წლის წინედ გერმანიის ვაჭრობა და მრეწველობა თითქმის სახსენებელიც არ იყო. გავიდა ეს ხანი და დღეს გერმანიამ, ვხედავთ, მსოფლიო ბაზარში იმოდენა ადგილი დაიჭირა, რომ ინგლისსაც კი საფიქრებლად გაუხდა. ინგლისსაც, რომელსაც მსოფლიო ბაზარი თითქმის მთლად ხელთ ეპყრა უცილობლად.

რამ მოახდინა ეს სასწაული? სასპეციალო და სატექნიკო სწავლაცოდნის მოფენამ და წარმატებამ. სჩანს, აქ ნიჭი ბევრს არაფერს შუაშია, საქმე სწავლაცოდნა ყოფილა. ან ვაჭრობა და მრეწველობა რა იმისთანა საქმეა, რომ განსაკუთრებული ნიჭი რამ უნდოდეს? ყოველ ორთა-შუა კაცს საკმაო ჭკუა და გონება აქვს, რომ ვაჭრობისა და მრეწველობის საქმეს მისწვდეს, თუ, რასაკვირველია, ამაების სწავლა-ცოდნაც ხელთ ექმნება. ხოლო გვეტყვიან: თუ ეგრეა და განსაკუთრებული ნიჭი არ სდომებია, ბევრნი უცოდინარნი და უსწავლელნი წინ რას მიჰყავს ვაჭრობასა და მრეწველობაში, თუ არ ნიჭსა? მართალია, ამის აშკარა მაგალითებს ბევრსა ვხედავთ, ნამეტნავად ჩვენს დალოცვილს ქვეყანაში, და ამას არა ერთი და ორი იხვევს ხელზე იმის საბუთად, ვითომც აქ ერთი რაღაც განსაკუთრებული ნიჭიერება მოქმედებდეს იმ მოდგმისა, რომელსაც ჩვენში უფროს-ერთი ვაჭრები ეკუთვნიან.

ამ სამოცისა თუ მეტის წლის წინად გერმანიის ებრაელნიც სწორედ ამასვე ამბობდნენ თავიანთ თავზე და აფოლებდნენ გერმანიას. დრომ და ჟამმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის და გერმანელმა, ცოტა არ იყოს, ფრთა შეაკვეცა ამ ტყუილად გაბერილს თავმოწონებას. ცხადია, ესეთი მაგალითები განსაკუთრებულ ნიჭს ვაჭრობისას და მრეწველობისას არ უნდა მიეწეროს. ეს იმ ერთ გვარ უნარის საქმეა, რომელიც თვისის საკუთარის ღონით კი არა გულოვნობს, არამედ სხვისა უღონობით, თავისის სიკეთით კი არა, სხვის ნაკლებულობით, თვისის გამჭრიახობით კი არა, სხვისი გაურჯელობით, თვისის საქმიანობით კი არა, სხვისა უსაქმურობით. საცა უვიცობაა, როგორც ჩვენში, იქ ამისთანა ვაჭრის ბაღდადია. ეგ იმიტომ კი არა, რომ თვითონ ვაჭარი არის სწავლული და მცოდინარი, არამედ იმიტომ რომ ჩვენა ვართ უსწავლელნი და უცოდინარნი. ამ სახით, ჩვენი უღონობა სხვისა ღონედ შექმნილა, ჩვენი უსაქმურობა სხვას საქმიანობად გაუხდია. ჩვენი უცოდინარობა სხვისა ცოდნად ქცეულა და ამაების წყალობით ჩვენი ქვეყანა დღეს წარმოადგენს თაფლს, რომელსაც ბუზი ბაღდადიდამ მოჰყავს. რასაკვირველია, ერთის უნარი, სულდგმული მეორის უხეირობისაგან, ბევრს თავ მოსაწონებელს და სასიქადულოს არაფერს მოასწავებს, მაგრამ ეს ჩვენთვის რა ნუგეშია? მართალია, ამისთანა უნარს მალე ჩააყრევინებს კბილებს იგი სწავლაცოდნა, რომელსაც, როგორც ზევით ვნახეთ, ფეხზე წამოუყენებია გერმანია, საცა ვიდრე ამ სწავლაცოდნის გზას დაადგებოდნენ, თითქმის ებრაელთა ხელში იყო სულშეხუთული და დღეს კი ამ მხრით ყოვლად შემძლებელს ინგლისსაც კი თითქმის ომს უსწორებს მსოფლიო ბაზარში და წარმატება გერმანიელისა აოცებს სხვებსა.

ჯერჯერობით “ეს ქვეყანა მკის იმას, რასაცა სთესავს”

კიდევ ვიტყვით: ამისთანა უნარი, რომლის ღონე მარტო სხვის უღონობაა, დიდი ბურჯი არ არის, რომ ამაზე დაებჯინოს იმედი რომელისამე ერის მერმისისა. ამით დაე თავი მოიწონონ და ქადილით ყური გამოგვიყრუონ იმათ, ვისაც ამისი ხალისი აქვს და ვისაც ამისთანა ფუყი უნარი დიდი განძი ჰგონია. ხოლო ჩვენში კი ჩვენი უღონობა უნდა გავითვალისწინოთ და სახსარს ჩვენის გაღონიერებისას ხელი მოვკიდოთ. ტკივილი ჩვენი აშკარაა და წამალიც ნაპოვნი, ჩვენ მარტო ის-ღა დაგვრჩენია, იგივე წამალი ვიხმაროთ თავის მოსარჩენად. რა თქმა უნდა, ჩვენ იმოდენა სახსარი სად გვაბადია, რომ ჩვენს ტკივილს მთლად გავუძღვეთ, მაგრამ უარარაობას ცალუღელი ხარი სჯობია. თუ ბევრს ვერ გავწვდებით, ცოტას მაინც მივაშველოთ ჩვენი ორივე ხელი. საქმე ის არის, ის აზრი გამოინასკვოს ჩვენში, რომ სახელოსნო და სასპეციალოსატექნიკო სკოლები აუცილებელი საჭიროებაა და ცხოველმყოფელი სახსარია ჩვენის წასულის საქმის ხელახლად გამობრუნებისათვის და ჩვენის ღონემილეულ ქვეყნის გაღონიერებისათვის. დროა ამაზე ვიფიქროთ, დროა ამ საქმეს ჩავკიდოთ ხელი და ვინ იცის, იქნება იგი თითოოროლა გროში, რომელსაც ცალკე კაცნი, სოფლები და ქალაქები თუ ჩვენი საზოგადო დაწესებულებანი იმეტებენ, ცოტად თუ ბევრად ამ საქმესაც მივაწოდოთ და მოვახმაროთ. მაინც და მაინც ამ აზრის და მეცადინეობის ფეხის ადგმამ ჩვენში იქნება იმოდენად გაგვამხნეოს, რომ იგი შეგვაძლებინოს, რასაც დღეს ჩვენის უთაურობისაგან კარი დახშული აქვს. აზრი და სურვილი ჰშობს საქმესა, რადგანაც აზრი მამაა საქმისა და სურვილი დედა.

ტფილისი, 25 ნოემბერი, 1898 წელი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here