ხორბალი და პური, დიდი  ალბათობით,  გაგვიძვირდება

    როგორც წესი, სწორედ ახლა, ივლის-აგვისტოში ირკვევა ხოლმე, როგორი იქნება მარცვლეულის ფასი მომავალ ამ დრომდე. ახლა ხორბალს აბინავებენ დიდი ქვეყნები, რომლებიც ბაზარზე მთავარი მოთამაშეები არიან და, წესისამებრ, სწორედ ახლაა სიმინდი ყველაზე ძვირი, სანამ ახალი მოსავალი იქნება. ჰოდა, ატყდა ყიჟინა (სამწუხაროდ, არაერთი ქართველი ჩინოსანი შეუერთდა, ოპოზიციაზე რომ არაფერი ვთქვათ), რუსეთში ხორბლის მოსავლის დიდი ნაწილი წვიმამ გააფუჭა და, შესაბამისად, რუსეთი ბაზარზე მთავარი მოთამაშე, ალბათ, აღარ იქნებაო.

    რატომ გვიხარია  ის, რომ რუსეთში, ძირითადად, საფურაჟე ხორბალი იქნება, ვერ გეტყვით, რადგან ეს პურისთვის საჭირო ხორბლის ფასს გააძვირებს,  ჩვენ კი მთლიანად რუსეთზე რომ ვართ დამოკიდებულნი, ახალი ამბავი არ არის. ჰოდა, ძალიან დიდია  ალბათობა, რომ ხორბალი და, შესაბამისად, პური გაგვიძვირდეს, რაც კონკრეტულად საქართველოსთვის ძალიან ცუდი ამბავი იქნება, მაგრამ…

    ქართულმა ოფიციოზმა ტაში შემოჰკრა, აქაოდა, ახალი ბაზარი ვიპოვეთ და ახლა მზესუმზირის ზეთის მთავარი მომწოდებელი მხოლოდ რუსეთი აღარ არისო. რაც მთავარია, ეს ახალი მომწოდებელი არაბთა გაერთიანებული საამიროებია. იქიდან იმდენი ზეთი შემოვიტანეთ, რომ ეს ქვეყანა წამყვან სამეულში მოხვდა. მოდით, გადავხედოთ, საიდან შემოგვაქვს მზესუმზირის ზეთი და რა პროპორციებია რუსეთთან შედარებით. ციფრები წლევანდელია, ანუ  1 იანვრიდან 1 ივლისამდე შემოტანილი ზეთის ოდენობა ასე გამოიყურება:

    * რუსეთი – 14  937 ტონა (20,092 მლნ აშშ დოლარი);

    * უკრაინა – 2 189 ტონა (3,336 მლნ დოლარი)

    * გაერთიანებული არაბული საამიროები – 1 293 ტონა (1,332 მლნ აშშ დოლარი);

    * აზერბაიჯანი – 707.3 ტონა (1,017 მლნ აშშ დოლარი);

    * უნგრეთი – 193.1 ტონა (0,412 მლნ აშშ დოლარი).

    გამოდის, რომ მოწინავე ხუთეულის სახელმწიფოებიდან ოთხი იმის მესამედსაც ვერ გვაწვდის, რამდენსაც რუსეთი. ეს კი 76%-ია და ადვილი მისახვედრია, ვისზე ვართ  დამოკიდებულნი. 1,332 მილიონი დოლარით არაბთა გაერთიანებული საამიროები რომ მესამე ადგილზეა, ეს ცალკე საუბრის თემაა, რადგან… ვინც გეოგრაფიაში ერკვევა, იცის, რომ საამიროების ტერიტორია, ძირითადად, უდაბნოა და იქ რამეს მოყვანა, მით უმეტეს, ისეთი მასშტაბით, რომ თუნდაც მზესუმზირის ზეთი ექსპორტზე გაიტანონ, წარმოუდგენელია. ჰოდა, ახლა ის არის საინტერესო, საიდან მიღებული ზეთი შემოგვაქვს გაერთიანებული არაბული  საამიროებიდან, ანუ  იქ ვის შეაქვს ზეთი და მერე ჩვენ ვის ზეთს ვყიდულობთ. ახლა არ მითხრათ, არაბებმა უდაბნო გააქრეს  და მზესუმზირა  მოჰყავთო. არ არის ეს სიმართლე და ის ოფიციოზი, ახალ ბაზარს  ტაშს რომ უკრავს, ეგებ ამაზე დაფიქრდეს და ლოგიკური კითხვა, პირველ რიგში, საკუთარ თავს დაუსვას. ისე, კითხვები მხოლოდ საამიროებთან არ გვაქვს, უკრაინული ზეთის ხარისხიც კითხვის ნიშნებს იწვევდა და რამდენიმეჯერ ამის გამო  ევროპული ქვეყნები აყვირდნენ, აქაოდა, ის მზერსუმზირა, რომლითაც ზეთი დაამზადეს, ჩერნობილთან ახლოს იყო დათესილიო.  სკანდალი ატყდა უკრაინულ ხორბალზეც, მაგრამ მერე ყველაფერი მიწყნარდა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც დემოკრატიის შუქურის ტიტული მიხეილ სააკაშვილის შემდეგ  ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეცა;  იმ ზელენსკის, რომელმაც ორი თვის წინათ სიდედრს 5 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა აჩუქა და ეს არავის გაუპროტესტებია, ომშია კაცი ჩართული და სად სცალია ახლა იმის ასახსნელად, საიდან მოიტანა სიდედრისთვის 5 მილიონი?!

    ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ გვიხარია  (ოპოზიცია გასაგებია), როცა  რუსეთს რამე გაუჭირდება, ან რატომ გვიხარია ის, როცა ახალ შემომტანს ვიპოვით.  გაერთიანებული არაბული საამიროები საკუთარი წარმოების ზეთს რომ ვერ გვაწვდის და ვერც მომავალში მოგვაწვდის, გასაგებია;  უკრაინის ზეთზეც გითხარით და რამდენჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ პროდუქტების შემოტანა ყველაზე იაფი და  ყველაზე მომგებიანი სწორედ რუსეთიდანაა. რაც მთავარია, რუსული პროდუქცია ხარისხით ევროპულს ეტოლება.  თუნდაც ის, რომ რუსული ღორის ხორცმა საქართველოს ბაზრიდან ბრაზილიური განდევნა (ხარისხის და ფასის გამო), ბევრ რამეზე მეტყველებს. ისე, „დალაგებული და გაიასნებული“ ხაზის გაუქმება არ გამოვიდა, თორემ რუსული ქათმის ხორცი ბრაზილიურ ბარკლებს მარტივად მოახრჩობდა, თუმცა რუსეთიდან ლარსის გავლით წამოსული გაყინული ქათამი რამდენიმე კვირა (და არა დღე) გააჩერეს საზღვარზე და ამით იმპორტიორს მიანიშნეს, რომ რუსეთიდან ქათმის ხორცის შემოტანა „მომგებიანი არაა“. ეს წლების წინათ მოხდა და ახლა, ხელახლა  რომ სცადოს ვინმემ, ეგებ გამოვიდეს კიდეც რამე, რადგან ამჟამინდელი პრემიერი და მისი გუნდი სწორედ იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ კორუფციას ებრძვიან და ბოლომდე უნდა ამოძირკვონ. კორუფციის სრულად ამოძირკვა არც ერთ ქვეყანაში არასდროს არავის გამოსვლია, არც მათ გამოუვათ, მაგრამ, თუ გვარიანად შეასუსტებენ, ეგეც დიდი საქმე იქნება.

    ბოლო 5 წლის მონაცემებს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად არის მომატებული. ახლა ვიღაც გვეტყვის, მთელ მსოფლიოში ეგრეაო, მაგრამ ნურას უკაცრავად! თუნდაც ჩვენი რეგიონის ქვეყნებსა და სამეზობლოში პროდუქტებზე ფასების მატებით ყველას ვუსწრებთ, აბსოლუტურად ყველას და მოსკოვიდან ჩამოსულ ტურისტებს აქაური ფასები რომ გაუკვირდებათ, – ძვირიაო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ათეული წლებია, მოსკოვი მსოფლიოს უძვირესი ქალაქების ათეულში შედის. სამწუხაროდ, ვერ და არ მივედით იქამდე, რომ პროდუქტის ფასები აკონტროლოს ვინმემ და ერთადერთი, რაც ხელისუფლებას მართლა უჭირავს, პურის ფასია, რომელიც, ასე თუ ისე, მისაღებია, რადგან იმავე ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ პური მთავარი საკვები პროდუქტია. ჰოდა, არ შეიძლება, ზუსტად ასე გაკონტროლდეს ბურღულეული (ფასები არარეალურია), თევზეული (გაბერილია), რძის პროდუქტების ხარისხზე აიღოს სახელმწიფომ კონტროლის მექანიზმი და მივალთ იქამდე, რომ მაღაზიაში შესული ადამიანები უკან ტირილით არ გამოვლენ, ხურდას არ დაითვლიან და არ იტყვიან: ნეტავ ხვალისთვის თუ მეყოფა საჭმელზეო. წინასაარჩევნოდ ამ კონტროლის დაწყება სერიოზული ეფექტის მქონე იქნება, ფასები მყისვე დაიწევს და ხელისუფლებასაც მოსახლეობისთვის სათქმელი ექნება: აგერ, კონტროლი დავიწყეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, მხოლოდ არჩევნებისთვის არ გვიქნია ეს ამბავიო. მაგრამ ამის გაკეთებას იმ „ტიპების“ გვერდზე ჩაწევაც სჭირდება, რომლებიც ხალხის ხარჯზე ყოველდღიურად ასიათასობით ლარს შოულობენ და ზუსტად იციან, რომ სადამსჯელო მექანიზმი მათ წინააღმდეგ არ იმუშავებს.

    რაც შეეხება იმას, რომ ხორბლის ცუდი მოსავლის გამო  რუსეთი ბაზარზე მთავარი მოთამაშე აღარ იქნება, პირველ რიგში, ისაა სათქმელი, რომ ხორბლის მოსავლით ვერც სხვა დიდი ქვეყნები დაიკვეხნიან და კიდევ ის, რომ ომის გამო რუსეთი მარცვლეულს ძალიან უფრთხილდება, ანუ მას აქვს მარაგი, რათა საკუთარი თავი, სულ ცოტა, ორი წელიწადი გამოკვებოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი, ამ ცუდი მოსავლის პირობებში, მარაგს თუ გამოიტანს გასაყიდად, ორმაგ ან  სამმაგ  ფასს დაადებს. ეს კი ჩვენ  არ უნდა გვიხაროდეს. პირიქით, ახლა უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ, 1 წლის თუ არა, ნახევარი წლის სამყოფი მარაგი მაინც, რათა  შემდეგ, როცა ფასი მოიმატებს (და აუცილებლად მოიმატებს), გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც ლავირება შევძლოთ და პურზე ფასი შევინარჩუნოთ. ეს კი მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი.  საინტერესოა, როდის იტყვის ხელისუფლება ხმამაღლა, რომ რუსეთთან პირისპირ საუბარი არ „ტეხავს“, არ არის სირცხვილი და აუცილებელიც კია. ჩვენ კი არა, მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინელებიც კი დასხდნენ და რაღაცებზე თანხმდებიან, რაღაცებზე – ვერა.  არ ვამბობთ, რომ პირველივე შეხვედრის შემდეგ ყველაფერი  ისე დალაგდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ პირველს მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე და აუცილებლად მივალთ  კონსესუსამდე, რომელიც ხელს გვაძლევს. პირდაპირი დიალოგის გარეშე რომ არაფერი გამოდის და არც გამოვა, წლებია, ვხედავთ. აღარ არის საჭირო სირაქლემის პოზაში ყოფნა და იმაზე ფიქრი, რომ პრობლემებს  ვიღაც სხვა მოგვიგვარებს; პირიქით – პრობლემები უფრო ღრმავდება!

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here