ხელისუფლება  კი გვპირდება პროდუქტების გაიაფებას, მაგრამ გაერო ამბობს, რომ  გაძვირება გარდაუვალია

    ლამის 10 მილიარდამდე თანხა რომ ჩავაქვესკნელეთ სადღაც და შედეგი არ გვაქვს, ვინმეს საყვედური მაინც ხომ უნდა უთხრან?!

    ირანის მიერ ორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ ვარაუდობენ, რომ ნავთობი აუცილებლად გაძვირდება და ეს ჯაჭვური რეაქციით ყველა სხვა პროდუქტს გააძვირებს, თუმცა, ორმუზის სრუტე რომ გაიხსნას და  ძველებურად აღდგეს ნავთობის მიწოდება, ექსპერტთა  აზრით, საკვებ პროდუქტებზე ფასები მაინც მოიმატებს. მეტიც, საკვები  ყოველწლიურად გაძვირდება, რადგან დედამიწას უჭირს მოსახლეობის გამოკვება.  ამის ნათელი მაგალითი  აფრიკის არაერთი ქვეყანაა, განსაკუთრებით სუდანი, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ბავშვი შიმშილით კვდება, ამიტომ მსოფლიოს დიდი თუ პატარა სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ  ადგილობრივი წარმოების  გასაძლიერებლად; ცდილობენ,  მეტი საკვები პროდუქტი  აწარმოონ და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი სხვებზე.

    გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგნოზით, 2026 წელს სურსათის ფასები ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვნად მოიმატებს. ვარაუდობენ, რომ საკვები პროდუქტები წელს  ყველაზე მეტად ირანში გაძვირდება, რადგან მიმდინარე პროცესების გამო  ირანის ინფრასტრუქტურა სერიოზულად დაზიანდა და ეს სოფლის მეურნეობასაც   შეეხო. როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია წერს, ირანში წელს საკვები პროდუქტების ფასები დაახლოებით 55-56%-ით გაიზრდება, ეს ძალიან  დიდი მაჩვენებელია. ზოგადად,  წელს მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე ფასები 3,2%-ით მოიმატებს, რომელიც ცოტა არ არის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ 160 ქვეყანაზე გამოაქვეყნა მონაცემები. სანამ საქართველოზე გეტყვით, იმ ქვეყნების ათეულს გაგაცნობთ, რომლებშიც, ექსპერტთა ვარაუდით, ფასები ყველაზე მეტად მოიმატებს. პირველ ადგილზე, როგორც გითხარით, არის ირანი, მის შემდეგ კი მოდიან:  არგენტინა – 33,2%, თურქეთი – 25,1%, ჰაიტი – 24,1%, მალავი – 21,2%, ნიგერია – 17,1%, ლიბანი – 14,9%, ანგოლა – 14,8%, ყაზახეთი – 12,7%, ზამბია – 10,8%.

    ამ ჩამონათვალში ჩვენთვის ყველაზე ცუდი თურქეთისა და ყაზახეთის ყოფნაა, რადგან თურქეთიცა და ყაზახეთიც საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან და იქ ფასების მატება საქართველოზეც აისახება, თუმცა, პირდაპირ ვთქვათ, სახარბიელო ვითარებაში  არც ჩვენი ქვეყანაა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ზემოაღნიშნულ კვლევაში  საქართველოს 8,2%-ით 21-ე ადგილი უკავია. ეს, დაგვეთანხმებით, 160 ქვეყანას შორის საკმაოდ კარგი პოზიციაა. უფრო დეტალურად კი, რეგიონში  თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზე ვართ პროდუქტებზე ფასების ზრდის პროგნოზით. აზერბაიჯანში  ეს   მაჩვენებელი 6,8%-ია, რუსეთში – 4,6%, ხოლო სომხეთში – 3,1%. არადა, ლამის მთელი მსოფლიო ცდილობდა, პროდუქტები   სწორედ რუსეთში გაძვირებულიყო, მაგრამ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა დროულად გათვალა, დათვალა და აქცენტი სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაზე გააკეთა. რუსეთში ფასების ზრდის მაჩვენებელი დაბალი იმიტომ არის, რომ ამ ქვეყანაში საკმარის პროდუქტს აწარმოებენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ საზღვარგარეთ გასატანადაც.  რაც მთავარია, რუსები კვლავ რჩებიან ხორბლის უმთავრეს მიმწოდებლად მსოფლიო ბაზარზე და დღეს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად ვერ დააზიანეს.

    რაც შეეხება საქართველოს,  ფასების მარეგულირებელი სპეციალური კომისია მუშაობს და სულ უფრო ნაკლები დრო რჩება დასკვნის გამოქვეყნებამდე. გასაგებია, რომ ხელისუფლება გვპირდება პროდუქტების გაიაფებას, მაგრამ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ამბობს, რომ პროდუქტების გაძვირება გარდაუვალია.  ამ პირობებში  ხელისუფლებას დაპირების შესრულება ძალიან გაუჭირდება. ის ადამიანები კი, რომლებიც  წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ყვლეფენ, მიხვდებიან, რომ სასწორი მათ მხარეს გადაიხარა და სწორედ სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე პროდუქტს კიდევ უფრო გააძვირებენ. ანუ ფასები კი არ შემცირდება, არამედ მოიმატებს და ეს კომისიისა და, შესაბამისად, ხელისუფლების კრახს გამოიწვევს. თანაც სწორედ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სადისტრიბუციო კომპანიების უმრავლესობა ოპოზიციის, კონკრეტულად  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ან მათი მხარდამჭერების ხელშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, ხელისუფლება სასაცილო მდგომარეობაში რომ აღმოჩნდეს.  თუ მოვლენები ამგვარად განვითარდება, ასეც მოხდება.

    სად არის გამოსავალი? იმის მიუხედავად, რომ ცოტა დაგვიანებულია, წელსაც კი შეიძლება სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ოღონდ ისე კი არა, როგორც აქამდე იყო – მილიარდობით დახარჯული  ლარი და გაუგებარი პერსპექტივა, არამედ  საკითხს საქმიანად უნდა მივუდგეთ  და საწყის ეტაპზე კონკრეტული (ერთი ან ორი) მიმართულება განვავითაროთ. პირველ რიგში, უნდა დაიწყოს დაუმუშავებელი მიწების დამუშავება და მარცვლეული კულტურების იმ რაოდენობით  მოყვანა, რამდენიც, საქართველოსთვის საკმარისი თუ არ იქნება, იმპორტს 20-25%-ით მაინც შეამცირებს. ეს არ არის უტოპია, ეს საკითხი შეიძლება ერთ წელიწადში  მოგვარდეს. ამის შემდეგ ქართველი მეწარმეც გააცნობიერებს, რომ აქ რაღაცის კეთება შეიძლება და ფერმერებიც ქართულ პროდუქტებზე გააკეთებენ აქცენტს, რადგან შედარებით იაფი ეღირება და   ხარისხიც არ იქნება ურიგო. აი, მერე შეიძლება ფიქრი ჩვენთვის საკმარისი პომიდვრის, კიტრის, მწვანილის, ხახვისა და კარტოფილის მოყვანაზე (ესეც ერთ წელიწადში შეიძლება მოხერხდეს) და აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი თურქეთსა თუ ირანზე; მით უმეტეს, რომ ირანს ახლა თავისი  გასჭირვებია და იძულებული იქნება,  ყველა პროდუქტი გააძვიროს. თურქეთი კი, ინფლაციის ფონზე, ყველაფერს აკეთებს, რათა სწორედ საკვები პროდუქტები გაყიდოს სარფიანად,   გასაღების ერთ-ერთი ბაზარი კი თურქებისთვის სწორედ საქართველოა. თანაც, ირანული კრიზისის ფონზე, თურქეთი აუცილებლად შეეცდება, საქართველოში ირანული პროდუქცია სრულად ჩაანაცვლოს და მთლიანად მასზე დამოკიდებულ ქვეყნად გვაქციოს, რაც ჩვენი უმოქმედობის პირობებში იოლად გამოუვა. ეს არის მწარე სიმართლე, რომლის შეცვლაც შეგვიძლია და თანაც წელსვე, მაგრამ, კიდევ გავიმეორებთ,  ამას რიგითი ადამიანების მონდომება არ ეყოფა, სახელმწიფო, კონკრეტული სამინისტრო უნდა ჩაერიოს  მთელ თავისი რესურსით და გვერწმუნეთ, შედეგიც არ დააყოვნებს. სწორედ ასე დაიწყო თურქეთმა, შეიმუშავა რეალური გეგმა და ხუთ წელიწადში, მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ამ პროექტში მონაწილე 3 ადამიანი სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო სიკვდილით დასაჯეს და სხვებს სურვილი აღარ გასჩენიათ, იგივე გაეკეთებინათ, ამიტომ ბოლოში მარტივად გავიდნენ. იმას კი არ ვამბობთ, ჩვენთანაც სიკვდილით დასჯა შემოვიღოთ, მაგრამ, ლამის 10 მილიარდამდე თანხა რომ ჩავაქვესკნელეთ სადღაც და შედეგი არ გვაქვს, ვინმეს საყვედური მაინც ხომ უნდა უთხრან?!

    ასე თუ განვაგრძობთ, 4-5 წელიწადში საქართველო სრულად იქნება დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე, რომლებიც აუცილებლად მოისურვებენ,  თავიანთ ჭკუაზე გვატარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკვებს ან ისე გაგვიძვირებენ, რომ ყიდვას ვერ მოვახერხებთ, ან უბრალოდ აღარ მოგვაწვდიან, სანამ მათ ინტერესს არ გავატარებთ. ახლა თუ ვინმე იმას იტყვის, რომ თურქეთს საქართველოში არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, მათი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, მიერ თქმულ ლექსს მოუსმინოს (ადვილად იძებნება ინტერნეტში) და მიხვდება, რომ თურქები შესაფერის დროს ელოდებიან.  დღესვე უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრიც და მოქმედებაც, რადგან ხვალ  შეიძლება დაგვიანებულიც იყოს.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here