ხელისუფლება ვალდებულია, აგვიხსნას, ვის და რისთვის აძლევს  ქვეყნის 850 ჰექტარს და ვინ მოიხმარს  ამ  ყველაფერს!

    არაბები ქართლში პირველად VII  საუკუნის შუა წლებში შემოვიდნენ, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდეს.  ძალიან მალე არაბებმა დაიმორჩილეს ირანი და სომხეთი, შემდეგ კი, 654-655 წლებში, კვლავ საქართველოზე გამოილაშქრეს. ვინმე ჰაბიბ იბნ მასლამამ ქართლი დაიმორჩილა, მაგრამ ქართლის ერისმთავრები არაბულ მხარესთან მეტ-ნაკლებად მისაღებ პირობებსა და ხარკზე შეთანხმდნენ. ქართლის სამეფოსა  და არაბული სახალიფოს ურთიერთობას საფუძვლად დაედო  ე.წ. დაცვის სიგელი, რომელმაც  განსაზღვრა  მათი ურთიერთობის პირობები. „დაცვის სიგელში“ ეწერა, რომ არაბები არ ჩაერეოდნენ ქართლის რელიგიურ საქმეებში, თუმცა  იქვე აღნიშნული იყო, რომ,  ვინც ისლამს ნებაყოფლობით აღიარებდა, გადასახადებისგან გათავისუფლდებოდა. საქართველოს მოსახლეობა ვალდებული იყო, არაბთა ომებშიც მიეღო მონაწილეობა. ეს მდგომარეობა ქართლში ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ სახალიფოში აშლილობა დაიწყო, ამით ქართლმა ისარგებლა და დამპყრობელს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. საშინაო ომების გარდა, სახალიფოს ბიზანტიაც ებრძოდა, მაგრამ  მალე მათ შორის  ზავი დაიდო და იმპერიებმა ტერიტორიები დაინაწილეს.  ქართლის მოსახლეობა აჯანყდა და ერისმთავარ ნერსეს მეთაურობით  სასტიკად დაამარცხა  არაბთა სარდალი ბარაბა.  ქართლის სამეფოს არაბებიც უტევდნენ, ბიზანტიელებიც, ჩრდილოეთიდან კი ახალი დამპყრობლები გამოჩდნენ – ხაზარები.

    ქართლმა ვერ გაუძლო სამ ფრონტზე  შემოტევას და მეშვიდე საუკუნის ბოლოდან იქ არაბები გაბატონდნენ. ამ პერიოდს ემთხვევა დასავლეთ საქართველოში ეგრისის ერისმთავრის, სერგი ბარნუკის ძის,  აჯანყება ბიზანტიელთა წინააღმდეგ და, როცა მას გაუჭირდა, დახმარებისთვის… არაბებს მიმართა. არაბებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს, სამხედრო ძალები ეგრისის დედაქალაქ ციხეგოჯში განალაგეს, მაგრამ დასავლეთ საქართველო დიდად არ მოეწონათ, იქაურობა მალე დატოვეს და კვლავ აღმოსავლეთს მიაშურეს.

    ქართლისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა არაბთა სარდლის, მურვან იბნ მუჰამედ მარვანის,  ლაშქრობა. შემდგომ ქართველთა მიერ მურვან ყრუდ მონათლულმა არაბმა აოხრა ქართლი, გადავიდა დასავლეთ საქართველოში, დაანგრია ციხეგოჯი და მიწასთან გაასწორა აფხაზეთის დედაქალაქი ცხუმი. 736 წლიდან არაბებმა ქართლში თავიანთი პოლიტიკური ერთეული – საამირო ჩამოაყალიბეს და სამართავად  დასვეს ამირა, რომელსაც ხალიფა ნიშნავდა. საამირომ 1122 წლამდე იარსება, სანამ თბილისი არაბებისგან არ გაწმინდა დავით აღმაშენებელმა…

    ჰოდა, აგერ, ცხრაასი წლის შემდეგ საქართველოში ამირა ჩვენი ნებით ჩამოგვყავს. შესაძლოა, ვიღაცას ეს  გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ვაი რომ საფრთხე არსებობს და თანაც ძალიან სერიოზული. ცოტა შორიდან მოვუაროთ – როცა უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო, საქართველოში არაერთი რუსი თუ უკრაინელი ჩამოვიდა და ოპოზიციის თუ მათი მხარდამჭერების ნაწილმა გააპროტესტა, რუსეთი იარაღის გარეშე გვიპყრობსო. მეტიც, რუსეთის მოქალაქეებს ზოგიერთი აგრესიულად ესაუბრებოდა, ეჩხუბებოდა და იმავეს არ აკეთებდა უკრაინელების მიმართ. არადა, უკრაინელები დეზერტირები იყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჰო, რუსეთს თავისი  მოქალაქეებისთვის საქართველოში არც ქალაქი აუშენებია და არც დაუფინანსებია, – აბა, თქვენ იცით, საქართველოში ფეხი მყარად მოიკიდეთო. რუსეთის მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელიც საქართველოში დარჩა, ბიზნესით არის დაკავებული, ადამიანები დაასაქმა, გადასახადებს იხდის… უკრაინელებმა კი მაშინვე დაგვტოვეს, როგორც კი ხელისუფლებამ მათთვის დახმარების გაცემა შეწყვიტა.  ალალად გეტყვით, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვეხმარებოდით მათ, როცა აპარტამენტებში ცხოვრობდნენ, 50-ათასდოლარიანი ავტომობილებით მოძრაობდნენ და ყოველ საღამოს რესტორნებში ისხდნენ. უკრაინელებმა საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდეს და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას მიაშურეს, აქაოდა, იქ დახმარება მეტიაო, ბევრიც ამერიკაში წავიდა, მაგრამ მათ არც იქ მიესალმებიან, ევროკავშირის ქვეყნებში საპროტესტო გამოსვლები დღესაც არ არის იშვიათი, ადგილობრივები უკრაინელი დევნილების გაყრას მოითხოვენ…

    ამ ყველაფრის ფონზე  ვერ ვხვდებით, რატომ უხარია ასე ძალიან ხელისუფლებას საქართველოში არაბი ინვესტორების შემოყვანა. გაერთიანებული  არაბული საამიროების კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალი ალაბარი თვითონვე  ეწვია საქართველოს და განაცხადა, რომ მზად არის, ჩვენთან 6,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს – თბილისში 600 ჰექტარზე  „მწვანე ქალაქი“ გააშენოს, ხოლო ბათუმში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის 250 ჰექტარზე,  პრემიუმ კლასის ტურისტული კურორტი შექმნას. რა თქმა უნდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძალიან კარგია, ეკონომიკას წაადგება, ვალუტის სიმყარეს, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, მაგრამ…

    ამ პროექტის მიმართ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოპოზიციამ ატეხა ხმაური, არაბულ პრესაში იწერება, რომ საქართველოში ასაშენებელ ქალაქში არაბები დასახლდებიან და იქ ქალაქის მოსახლეობის 60%-ზე მეტი არაბები იქნებიან. როგორც ამბობენ, ეს ხელშეკრულებით არის გაწერილი და რას  ნიშნავს 600 ჰექტარზე გაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 60%-ზე მეტი არაბის შესახლება, თავად განსაჯეთ. შეიძლება ითქვას, რომ თბილისში ამირას დაგვისვამენ და ახალ ქალაქში 60 პროცენტზე გაცილებით მეტი არაბი დასახლდება, რადგან საეჭვოა, იქ ისეთი ფასები იყოს, რიგითი ქართველები რომ შესწვდნენ. შესაბამისად, დარჩენილ სახლებსაც არაბები შეიძენენ და, როგორც აღმაშენებლის გამზირია  დღეს არაქართული, ისე გვექნება დედაქალაქში არაქართული დასახლება… პრინციპში, რაღა დასახლება, ქალაქი –  ქალაქში, სადაც ყველაფერი იქნება, მაგრამ იქნება ძალიან ძვირი. ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ გასართობი სივრცეები თუ თანამედროვე აკვაპარკი  ქართველებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და გამოდის, რომ საქართველოში უცხოელები   ინვესტიციას საკუთარი თავისთვის ახორციელებენ, ანუ საქართველო სააგარაკედ ექნებათ, დაისვენებენ, ფულს დახარჯავენ… ოღონდ, ისე ჩანს, ფულს დახარჯავენ თავიანთ ქალაქში.

    „გაურკვეველია, რა კალკულაცია უდევს დივიდენდების დარიგების პროგნოზს საფძვლად, თუ ასეთი კალკულაცია საერთოდ არსებობს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ქართული მხარე მინორიტარული პარტნიორი იქნება და არაბულ მხარეს ეძლევა ერთობლივი კომპანიის ორი მესამედი და შესაბამისად –  ყველა ძირითადი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მათ შორის, კომპანიის კაპიტალის გაზრდისა და დივიდენდების დარიგების თაობაზე“, –  განაცხად ა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ

    იმედია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ხელისუფლების უმაღლესი პირები მიხვდებიან, რამდენი კითხვა არსებობს, როცა ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ვიშველიებთ… ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავი კითხვიდან, რომლებიც მოსახლეობას აქვს, ამ კითხვებზე პასუხს კი არავინ იძლევა. ვეთანხმებით ხელისუფლებას, რომ რუსთაველზე მდგომი აკაცუკები, მთელი საქართველო კი არა, საქართველოს მეასედიც არ არის, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ იმავე რუსთაველზე საქართველოს ნამდვილი პატრიოტების, გაბრაზებული პატრიოტების ნახვა არ გსურთ.

    პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პასუხს აგებს ნებისმიერ გარიგებაზე, რომელიც მისი მონაწილეობით დაიდება, თუკი მასში კორუფციული რისკები გამოიკვეთება.  არ ვამტკიცებთ, რომ გარიგება კორუფციულია, მაგრამ კითხვები სხვა მიმართულებით არსებობს –  რატომ აქვთ არაბებს ინვესტიციის ორი მესამედის განკარგვის უფლება (ეს უფლება იმასაც გვაფიქრებინებს, რომ არაბულ მედიაში ნახსენები 60% სიმართლესთან ახლოსაა) მაშინ, როცა ამის უფლება სხვა ინვესტორებს არ აქვთ?! გიფიქრიათ მაინც, ასეთი პირობებით რუსული კომპანია რომ შემოსულიყო, თუნდაც უფრო მეტი ინვესტიციით, რა მოხდებოდა?!  ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა კუდებს გამოაბამდნენ ცალკე ოპოზიციის ლიდერები და ცალკე დასავლელი პარტნიორები?! ახლა კი ოპოზიცია მხოლოდ ქულების დასაწერად ხმაურობს და დასავლეთი კიდევ  ყველაფერს  მშვიდად ადევნებს თვალს ყველაფერს. ჯერ ერთი, მათ არაბებთან არ სურთ ურთიერთობის გაფუჭება (მით უმეტეს, საქართველოს გამო) და მეორეც, რაც უფრო დიდი იქნება საქართველოში უკმაყოფილება (თემას არ აქვს მნიშვნელობა), მით უკეთესი მათთვის. აქამდე თითქოს გვესმოდა და ვხვდებოდით ყველაფერს, რასაც კი ხელისუფლება აპირებდა თუ აანონსებდა, მაგრამ ახლა ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მართლა ვერაფრით ვხსნით, არ გვესმის, რატომ მოიქცა ასე მმართველი გუნდი და, რაც მთავარია, არ გვესმის, რატომ არ ასაჯაროებენ იმ ხელშეკრულებას, რომელიც, წესითა და რიგით, საჯარო უნდა იყოს. ჰო, ეს არ არის სახელმწიფო საიდუმლო, ეს არ ეხება ქვეყნის ღალატს (ასე გვჯერა) ან სახელმწიფო დანაშაულის სხვა ნიშნებს არ შეიცავს და რატომ არის დახურული და არავისთვისაა ხელმისაწვდომი?  

    მოქალაქეებს  მარტივი კითხვები გვაქვს და მათზე პასუხს მოვითხოვთ, რადგან ხელისუფლება  ვალდებულია, ასეთი მასშტაბის პროექტი უფრო გამჭვირვალე იყოს. ვალდებულია, აგვიხსნას, ვის და რისთვის აძლევს  ქვეყნის 850 ჰექტარს (საერთო ჯამში) და ვინ მოიხმარს  ამ  ყველაფერს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს ერი და ბერი, გვჭირდება თუ არა არაბული ინვესტიცია საქართველოში.

     ბესო ბარბაქაძე                                                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here