Home ახალი ამბები საქართველო ხალხმა  მშვიდობა აირჩია!

ხალხმა  მშვიდობა აირჩია!

ყველაზე უკეთ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და დამკვირვებლებმა იციან, რომ ეს იყო სუფთა გამარჯვება და ოპოზიციას განაჩენი ქართველმა ხალხმა გამოუტანა.

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა; დასრულდა ისე, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს და როგორც მოსალოდნელი იყო. ოპოზიცია მარცხს ვერ შეეგუა; უფრო სწორად, ჯერჯერობით არ ეგუება;  ვეჭვობ, მოუწევს და ქართველი ხალხის ნებას ვერ გადავა. ქართველი ხალხის ნებას ვერ უნდა გადავიდეს ვერც დასავლეთი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი მარწუხებიდან გაქცეული ქვეყანა კვლავ დაებრუნებინა და დაემონებინა, მაგრამ არ გამოვიდა, ვერ გამოვიდა…

ყველაზე მეტს ნიკა გვარამია ყვირის, აქაოდა, მე სქემა გავშიფრე, როგორ გაგვიყალბა „ოცნებამ“ არჩევნებიო და საუბრობს იმაზე, რომ თურმე პირადობის მოწმომების მონაცემები ჩატვირთეს ხმის დამთვლელ ელექტრონულ აპარატებში წინასწარ, რომ თურმე ერთმა ამომრჩეველმა ოთხ და ხუთ უბანზე მისცა ხმა და ა.შ. ეს ის გვარამიაა, რომელიც წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას, აქაოდა, ემიგრანტების ხმები ჩვენია, აგერ, ჩინეთი და ავსტრალია უკვე მოვიგეო და „ავიწყდებოდა“ იმის დამატება, რომ ჩინეთში 15 ხმა აიღო, ავსტრალიაში – 10 და ამას გამარჯვებას ეძახდა. გვარამია ქმნიდა ფონს, რომ მოსახლეობას დაეჯერებინა, თითქოს ოპოზიცია მართლა მთელ რიგ ქვეყნებს იგებდა, მაგრამ უკვე გამოქვეყნებულია მონაცემები და საზღვარგარეთ ოპოზიციამ ბევრ უბანზე  წააგო.

საინტერესო, იცით, რა არის? გვარმიას არ გაუჩნდა კითხვა, რატომ აიღო კახეთის რეგიონში ათი ათას ხმაზე მეტი, როცა კახელებს „ღვინოში ჩაუფსა“; რატომ აიღო ლამის 1200 ხმა ბორჯომში, როცა ბორჯომელებსაც იგივე გაუკეთა. მან არ ჰკითხა საკუთარ თავს, ასე  რომ შეურაცხგყავით, მხარი მაინც რატომ დამიჭირეთო, რადგან ხელისუფლებაში ის ამას იყო მიჩვეული, მიჩვეული იყო, რომ პროკურორობისას ასე ელაპარაკებოდა ბიზნესმენებს და ფულს ახევდა; განათლების მინისტრობისას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, „აჩმორებდა“ ყველა სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს, ურჩებს ხსნიდა და იჭერდა კიდეც. ჰოდა, თუ ჯენ-ზი თობას არ ახსოვს ეს ყველაფერი (რომლის იმედიც ჰქონდა ოპოზიციას), იმ ადამიანებს არაფერი დავიწყბიათ და ეს კარგად გამოჩნდა. არ დავიწყებიათ პროკურორ გვარამიას მიერ „გაპრავებული“ მკვლელობები თუ გაკულაკებები. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ  ჯერ კიდევ „ჟურნალისტმა“ გვარამიამ თქვა: როცა ხელისუფლება შეიცვლება, ერთადერთ თანამდებობას მოვითხოვ – გენერალური პროკურორობა მინდაო. როგორ გგონიათ, რატომ და რისთვის ესიზმრება პოსტი, რომლის ხელში ჩაგდების შემდეგ ყველაზე კარგად იძიებს შურს? გვარამიას არც ის გაჰკვირვებია, „პატომსტვენნი“ (ამ სიტყვას იმიტომ ვწერთ, რომ კარგად გაიგებენ) მოღალატე ელენე ხოშტარიას რატომდაუჭერდა მხარს ვინმე ან რატომ იყო დარწმუნებული, რომ შარვალჩახდილ, მშობლებისა და პატრიარქის შეურაცხმყოფელ, საკუთარ თავში ორალური სექსის მიმსალმებელ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე გადაირეოდა ერი, ან ნანაცარ თუ ნაკაცარ მელიას გაჰყვებოდა უმრავლესობა? რატომ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ მათი წარსული, მათი ნათქვამი დავიწყებას მიეცემა და, ხალხს სულში თუ ჩააფურთხებენ, ტრადიციებს თუ შეუგინებენ, პატრიარქს თუ შეურაცხყოფენ, მაინც კარგი ტიპები იქნებიან?!  ისე, მეორე ადგილზე ამ „სასტავის“ გასვლა  ნიშანი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის,  როგორ  არ უყვარს ხალხს ნაცები, რომ მათ ყოფილი ნაცები ამჯობინა, მაგრამ ყოფილი ნაცები რომ არ არსებობენ, აქამდეც ვიცოდით და ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ გვარამია ოპოზიციის ლიდერი გახდება, რადგან ყველაზე მეტი ხმა აიღო და სწორედ ის იტყვის ხოლმე ოპოზიციის სათქმელს. უკანა პლანზე გადასწევენ პრეზიდენტს, რომელიც ოპოზიციას აღარაფერში სჭირდება, და, თუ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს  ჰგონია, რომ გვარამიამ მასზე აზრი შეიცვალა, ძალიან ცდება. ისიც გემახსოვრებათ, რომ პარტიის შექმნამდე ციხიდან გამოსულმა ნიკამ მოიარა მთელი ევროპა, შეხვდა არაერთ ევროპარლამენტარს და მათგან, დაპირებების გარდა, კონკრეტული გარანტიებიც მიიღო. სწორედ ამ გარანტიების იმედით დაიწყო თამამი მოქმედება. ეგებ ოპოზიციის სხვა ლიდერებმა ახლა მაინც თქვან, რომ გვარამია მათ პირდაპირ ეუბნებოდა: პრემიერი მე უნდა ვიყო და მე უნდა დავაკომპლექტო მთავრობაო.

ახლა ოპოზიციის მთავარი გზავნილი არის ის, რომ თურმე არჩევნები გაყალბდა. მეტიც, როცა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის, პრემიერმა მოგვილოცა გამარჯვება, მაშინვე თავს დაესხნენ. ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა, კი განაცხადა:  „ეს ძველი, საბჭოური ტრადიციაა, როგორც 1940 წლიდან ვიცით,  მილოცვები მოურიდებლად ან თუნდაც უსირცხვილოდ მოდის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე“-ო. არადა, იგივე ილვესი მიესალმა ოპოზიციის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების შედეგებს, ტაში დაუკრა და, თუ შედეგების გამოცხადებამდე მილოცვა არ შეიძლებოდა, თავად რატომ შეიწუხა თავი?

„ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“,  არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო! გილოცავთ!“- ეს განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს ეკუთვნის და ოპოზიციამ უკვე თქვა, რომ უნგრეთი პუტინის დაკრულზე ცეკვავს. ჰო, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა თუ პუტინის დაკრულზე ცეკვავს, ბარაქალა ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს, კაციც ეგ ყოფილა და ქუდიც მაგას ჰხურებია.

ისე, ოპოზიციონერები, არჩევნების გაყალბებაზე რომ საუბრობენ, სად იყვნენ არჩევნების დღეს, წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, როცა უცხოელი დამკვირვებლების მთელი არმია დადიოდა სოფელ-სოფელ და მდგომარეობას ადგილზე სწავლობდა?! იქ იყვნენ ფრანგები, იტალიელები, ინგლისელები, პოლონელები, მოკლედ, მთელი ევროპა და, თუ ასეთი გაყალბება და დარღვევები ხდებოდა, რატომ ვერ აღრიცხეს ვერც მათ და არ უთხრეს ოპოზოციური პარტიების წარმომადგენლებმა? მიზეზი ძალიან მარტივია  – არჩევნებზე მართლაც ქუდზე კაცი გამოვიდა და მაშინ, როცა ოპოზიციონერებს ეგონათ, რომ ისინი მათ მხარდასაჭერად იყვნენ გამოსული, პირიქით მოხდა – ხალხმა  მშვიდობა აირჩია!

აი, არჩევნების დასრულების შემდეგ იმ უცხოელმა დამკვირვებლებმა საარჩევნო ოლქებში დაიწყეს სიარული დ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაეწერათ, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ რომ დამდგარიყო.  ოლქებში ოპოზიციის წარმომადგენლები ხელებს შლიდნენ, რის საფუძველზე დავწეროთ, მოსულ ოქმებში ყველა ჩვენს წარმომადგენელს ხელი აქვს მოწერილი, ანუ ისინი ეთანხმებიან, რომ არჩევნები სამართილანად ჩატარდა და უმნიშვნელო დარღვევების გარდა არაფერი ყოფილაო. უმნიშვნელო დარღვევებზე კი არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება არ და ვერ გამოდის, არ შეიძლება იმის გამო გააუქმო უბანი, რომ ამომრჩეველმა კომისიის წევრი გადაკოცნა (ამაზე საჩივარი  დაწერეს). ჰოდა, ასეთი აბსურდული საჩივრებით ცდილობს დასავლეთი, ახლა სრულად მინავლებული საპროტესტო მუხტი ისევ გააღვივოს. მუხტი კი იმიტომ არის მინავლებული,რომ ყველაზე უკეთ სწორედ ოპოზიციის დამკვირვებლებმა და წარმომადგენლებმა იციან, რომ ეს იყო სუფთა გამარჯვება და მათ, ანუ ოპოზიციას განაჩენი მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა გამოუტანა. ახლა საუბარი იმაზეც მიდის, რომ პრეზიდენტი პირველ საპარლამენტო სხდომას არ ჩანიშნავს, მაგრამ ამით მხოლოდ თავს „გაიბანძებს“ (რაც ბოლო დროს წარმატებით არაერთხელ მოახერხა), თუმცა, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტს პრეზიდენტის გარეშეც შეუძლია შეკრება და საქმის კეთება. ახლა თუ იქ ოპოზიციონერი ქალების გინებასა და წიოკს არ გავიგონებთ, ბევრი არაფერი დაგვაკლდება.

და ერთიც – მესტიის მუნიციპალიტეტში არის სოფელი იფარი, იქ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნული ხმა აიღო – ხმა საერთოდ არავინ მისცა. სოფელმა თქვა, რომ მკვლელები და მოძალადეები ხმის ღირსნი არ იყვნენ და მათი წარმომადგენლები, კომისიის წევრები, რომლებიც სპეცსიაში იყვნენ, მიხვდნენ, რომ ნაცებს ხმა არ ეკუთვნოდათ და შემაჯამებელ ოქმში მიუჩინეს ის, რაც ეკუთვნოდათ – ზერო!

დასასრულ – არჩევნების დღეს „ელ კლასიკო“ იყო, მატჩი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. „ბარსელონა“ მადრიდში „რეალს“ სტუმრობდა და ფავორიტად „სამეფო გუნდი“ ითვლებოდა, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ: ის ფავორიტი ფურცელზე იყო, იმ ფურცელზე, რომელიც ხელში კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ეჭირა,  ბოლოს კი დაახლოებით ისე გამოვიდა, როგორც ქართულ არჩევნებზე – პერესი (ანუ დასავლეთი) ბოლომდე გაწბილებული დარჩა და ბედის ირონიით, „რეალს“ ერთი რომ შეეგდო, ანგარიში „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი იქნებოდა, ოღონდ შებრუნებული, ისეთივე შებრუნებული, როგორც დღეს არის ხალხი – ზურგით ოპოზიციისკენ.

ლევან გაბაშვილი

P.S. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს და წინასწარი შდეგები გვამცნეს. მათ არაფერი დაუკონკრეტებიათ, მაგრამ თქვეს, რომ სადღაც იყო დაშინება, სადღაც – მოსყიდვა და ეს „სადღაც“ რამდენიმე თვეში (?!) იქნება  ცნობილი, როცა  საბოლოო ანგარიშს გამოაქვეყნებენ, თუმცა  აღინიშნა, რომ არჩევნები მაღალორგანიზებულად ჩატარდა, ამასთანავე, „ქართულ ოცნებას“ ახლადარჩეული ხელისუფლება უწოდეს.

ლ.გ.

                                                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here