Home ახალი ამბები საქართველო წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონი

წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონი

272

ცბიერი იულიანე განდგომილი ერიდებოდა ქრისტიანის სასტიკად წამებას და მათ ფარულად დევნიდა, რადგან ეშინოდა, ქრისტიანების მოთმინების მაგალითზე ბევრი წარმართი ქრისტეს სჯულზე არ მოქცეულიყო.

ერთხელ უსჯულო მეფემ განიზრახა, ფარულად შეებილწა ქრისტიანები: მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმიდად ინახავენ და ცოდვებს ინანიებენ. იხმო ქალაქის თავი და უბრძანა, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველების სისხლით.

მაგრამ ყოვლისმხედველმა უფალმა კონსტანტინოპოლის მთვარეპისკოპოს ევდოქსის მიუვლინა თავისი მოწამე თეოდორე, არა სიზმარში, არამედ ცხადად, რომელმაც აუწყა ყოველივე.

გაოცებულმა მთავარეპისკოპოსმა ჰკითხა, რა ქნას ღარიბმა ხალხმა, რომელსაც სახლში მარაგი არ გააჩნიაო. წმიდანმა მიუგო:

_ მიეცი მათ კოლიო და იხსენი ამ გაჭირვებისაგან!

მაგრამ ევდოქსიმ არ იცოდა, რა იყო კოლიო და გაკვირვებული შეჰყურებდა წმიდანს.

მაშინ წმიდა თეოდორემ უთხრა:

_ კოლიო არის თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი.

ასეც მოიქცა ევდოქსი და მტრის მზაკვრობისაგან იხსნა თავისი სამწყსო. როდესაც უსჯულო მეფე მიხვდა, რომ მისმა ხერხმა არ გაჭრა, შერცხვა და ხელი აიღო მსგავს ქმედებაზე. ქრისტიანებმა კი მადლობა შესწირეს უფალს და ქება შეასხეს ქრისტეს დიდმოწამე წმიდა თეოდორეს.

მას შემდეგ ეკლესია დიდმარხვის პირველ შაბათს აკურთხებს კოლიოს და ადიდებს წმიდა თეოდორეს.

წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი პონტოს ამასიაში მდგარ პოლკში მსახურობდა. იგი ჯერ ისევ ახალწვეული მხედარი იყო (“ტირონი” ლათინურად ახალწვეულს ნიშნავს), როცა უსჯულო მეფეებმა _ მაქსიმიანემ (305-311) და მაქსიმინემ (305-313) გამოსცეს ბრძანება, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანი, რომელიც უარს განაცხადებდა კერპთაყვანისცემაზე, სამსჯავროს უნდა გადასცემოდა. თეოდორესაც მოსთხოვეს ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა და საჯაროდ აღიარა ქრისტე.

ქრისტეს ჭეშმარიტმა მხედარმა, სულიწმიდით აღვსებულმა, ყველას გასაგონად წარმოთქვა:

_ მე ქრისტიანი ვარ და არ შემფერის საძაგელი წარმართული ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, რამეთუ თაყვანს ვცემ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთსა და ზეციურ მეფეს.

პრეპოზიტმა ბრინკამ სცადა, დაერწმუნებინა წმიდანი:

_ დაიჯერე, თეოდორე, იარაღი აისხი და, როგორც მხედარს შეჰფერის, მსხვერპლი შესწირე ღმერთებს.

წმიდა თეოდორემ უპასუხა:

_ მე ჩემი მეუფის _ ქრისტეს მხედარი ვარ და არ ძალმიძს სხვა მეფის მხედარი ვიყო!

ამაზე ბრინკამ უთხრა:

_ ყველა ეს მხედარი ქრისტიანია, მაგრამ ისინი თან რომის იპტერატორის ჯარისკაცებიც არიან.

_ ყველამ თვითონ იცის, ვის ემსახუროს, _ მიუგო წმინდანმა _ მე კი ჩემს ზეციურ უფალსა და მეუფეს _ ღმერთს და მის მხოლოდშობილ ძეს, იესო ქრისტეს ვემსახურები.

ასისთავმა პოსიდონიოსმა, რომელიც შორიახლოდ იდგა, ჰკითხა:

_ განა შენს ღმერთს, თეოდორე, ძეც ჰყავს?

_ მას ჭეშმარიტად ჰყავს ძე, სიტყვა ჭეშმარიტებისა, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა ყოველივე შექმნა.

პრეპოზიტმა ჰკითხა:

_ და ჩვენც შეგვიძლია მისი შეცნობა?

წმიდანმა მიუგო:

_ გულით და სულით ვისურვებდი, რომ ღმერთმა თქვენც მოგანიჭოთ მისი შეცნობის უნარი.

პოსიდონიოსმა ჰკითხა:

_ თუკი ჩვენ შენს ღმერთს შევიცნობთ, შეგვეძლება თუ არა ჩვენი მეფეეების მიტოვება და მისდამი შევრდომა?

წმიდანმა მიუგო:

_ არაფერი გაბრკოლებთ, რომ მიატოვოთ სიბნელე და წარმავალი მიწიერი მეფეები, შეუდგეთ ცხოველ ღმერთს _ მარადიულ უფალსა და მეუფეს და ჩემსავით მისი მხედრები გახდეთ.

პოლკის სარდალმა, ბრინკამ წმიდანს რამდენიმე დღე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ მას არაფერი ჰქონდა გადასაწყვეტი. მხურვალე ლოცვებით განმტკიცებულმა წმიდანმა “ღმერთების დედის” _ სიბილას ტაძარი გადაწვა, რაც უკვე აშკარა გამოწვევა იყო.

ჰეგემონმა სამსჯავრო მოიწვია, ნეტარ თეოდორეს უხმო და ჰკითხა:

_ რად ჰქენი, რომ მსხვერპლისა და საკმევლის შეწირვის ნაცვლად ქალღმერთს ცეცხლი წაუკიდე?

წმიდა თეოდორემ მიუგო:

_ არ დაგიმალავ, გეტყვი, რატომაც ჩავიდინე ეს საქმე. შეშას ცეცხლი შევუნთე, რათა ალი ქვას მოსდებოდა. ნუთუ თქვენი ქალღმერთი იმდენად უძლურია, რომ ცეცხლს შეუძლია მას შეეხოს და დაწვას კიდეც?

 გამხეცებულმა მსაჯულმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ თეოდორე და შიმშილითა და წყურვილით მოეკლათ.

_ შესწირე მსხვერპლი ღმერთებს, _ უთხრა მსაჯულმა, _ და მომავალ ტანჯვას გადაურჩები, თუ არა და საშინელი სიკვდილი გელის.

წმიდა თეოდორემ მტკიცედ უპასუხა:

_ მე არ მაშინებს შენი სატანჯველი, რამეთუ ჩემ წინაშეა უფალი და მეუფე ჩემი იესო ქრისტე: იგი დამიხსნის შენს ხელთაგან…

მსაჯულის ბრძანებით იგი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილით უნდა მოეკლათ. მაგრამ სულიწმიდა თავისი მადლით შეეწეოდა წმიდანს. ერთხელ, ღამით, მას თვით უფალი იესო ქრისტე ეჩვენა და უთხრა:

_ გამხნევდი, თეოდორე, მე შენთანა ვარ, ნუ მიიღებ მიწიერ საზრდელს და სასმელს, რამეთუ შენთვის გამზადებულია საუკუნო ცხოვრება ცათა შინა.

კოლიოს გაკეთების ტრადიცია უკავშურდება დიდმოწამე თეოდორე ტირონის სასწაულს. მას შემდეგ ეკლესია დიდმარხვის პირველ შაბათს აკურთხებს კოლიოს და ადიდებს წმიდა თეოდორეს

ამის შემდეგ უფალი თვალს მიეფარა. ჩვენებით ნუგეშინისცემულმა ნეტარმა თეოდორემ სულით განიხარა და ფსალმუნების გალობა დაიწყო, მას ყურს უგდებდა წმიდა ანგელოზთა დიდი დასი. დილეგის მცველნი ამ ტკბილი გალობის გაგონებაზე საკნის კართან მივიდნენ. როდესაც დარწმუნდნენ, კარი დაკეტილია და ბეჭედი ხელუხლებელიო, ფანჯრიდან შეიხედეს და დაინახეს, რომ თეთრ სამოსელში გამოწყობილ კაცთა სიმრავლე წმიდა თეოდორესთან ერთად გალობდა. შეშინებულმა მცველებმა ყოველივე ჰეგემონ პუბლიუსს აუწყეს, მან კი მაშინვე დილეგს მიაშურა. როდესაც ნახა, რომ ბოქლომი და ბეჭედი მთელი იყო, შიგნიდან კი მგალობლების ხმა ისმოდა, ჯარისკაცებს უბრძანა, ყოველი მხრიდან ალყა შემოერტყათ დილეგისათვის, რადგან ფიქრობდა _ ეტყობა, შიგნით თეოდორესთან ერთად სხვა ქრისტიანებიც არიანო. მაგრამ საკანში რომ შევიდა, იქ არავინ დახვდა წმიდა თეოდორეს გარდა, რომელსაც ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო ჰეგემონიც და ყველა იქ მყოფიც. როდესაც გარეთ გამოვიდნენ, კარს ისევ ბოქლომი დაადეს. მსაჯულმა ბრძანა, წმიდა თეოდორესთვის ყოველდღე მიეცათ ცოტ-ცოტა პური და წყალი. მაგრამ, როგორც საღმრთო წერილი ამბობს: მართალი სარწმუნოებით ცხოვნდეს (ამბაკ. 2, 4; რომ. 16, 27). და წმიდა თეოდორემაც არ ინდომა საზრდელის მიღება, არამედ თქვა: მე მასაზრდოებს უფალი და მეუფე ჩემი _ იესო ქრისტე”.

დილით მსაჯულმა ბრძანა, წმიდანი სამსჯავროზე გაეყვანათ და უთხრა:

_ შეისმინე ჩემი რჩევა და ნუ მაიძულებ, ვბრძანო გტანჯონ და გაწამონ; შესწირე მსხვერპლი დიდ ღმერთებს. მაშინ მე მივწერ ჩემს მეფეებს _ მსოფლიოს მბრძანებლებს, და ისინი მთავარ ქურუმად დაგადგენენ. ამგვარად, ჩვენი თანასწორი პატივის ღირსი გახდები.

წმიდა თეოდორემ თვალები ზეცად აღაპყრო და პირჯვარი გამოისახა, მერე კი მიუგო მტარვალს:

_ გინდა სხეული ცეცხლით დამიშანთო, ათასგვარ წამებას მიმცე, ხმლით ასო-ასო ამქნა, მხეცებს მიუგდო ჩემი თავი შესაჭმელად, ქრისტეს მაინც არ განვეშორები უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!

ამის შემდეგ თეოდორე ხეზე მიაბეს და რკინის სამთითებით უჯიჯგნიდნენ სხეულს. ასე აწამეს წმიდანი მანამ, სანამ ძვლები არ გაუშიშვლდა. ამ დროს ნეტარი თეოდორე მტარვალს არაფერს ეუბნებოდა და მხოლოდ გალობდა: “ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაი მისი პირსა ჩემსა” (ფსალ. 33, 1).

მტარვალმა, წმ. თეოდორეს ამგვარი მოთმინებით გაოცემულმა, ჰკითხა:

_ ნუთუ შენ, კაცთა შორის უსაძაგლესო, არ გეთაკილება, მთელი შენი სასოება დაამყარო ადამიანზე, რომელსაც ქრისტე ეწოდა და თვითონ დაისაჯა სამარცხვინო სიკვდილით? ნუთუ ამ ადამიანის გულისთვის იტანჯები ასე განუსჯელად?

ქრისტეს მოწამემ მიუგო:

_ ნეტავი მეც და ყველასაც, ვინც იესო ქრისტეს სახელს აღიარებს, ისეთივე სირცხვილი გვერგოს წილად, როგორიც მას!

ამ სიტყვებზე ხალხმა ყვირილი მორთო: მოითხოვნენ, დაეჩქარებინათ წმიდანის დასჯა. მსაჯულმა შიკრიკის პირით ერთხელ კიდევ ჰკითხა თეოდორეს:

_ შესწირავ თუ არა მსხვერპლს უკვდავ ღმერთებს, თუ კიდევ უფრო მეტი წამების დათმენა განგიზრახავს?

ქრისტეს მოწამემ მტკიცედ მიუგო:

_ უსჯულოო, ყოველი ბიწით და ზაკვით აღსავსევ, ეშმაკის მსახურო, შენ თვითონ არ გეშინია ღმერთის, რომელმაც ასეთი ძალა და ხელისუფლება მოგანიჭა? ხომ ამბობს უფალი: “ჩემ მიერ მეფენი მეფობენ… და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა” (იგავ. 8, 15-16). ან როგორ უნდა მაიძულო ცხოველი ღმერთის დატევება და უსულო ქვის თაყვანისცემა?

მსაჯული დაფიქრდა და ბოლოს ჰკითხა თეოდორეს:

_ რას ირჩევ: ჩვენთან ერთად იქნები თუ შენს ქრისტესთან?

წმიდანმა სიხარულით მიუგო:

_ მე ჩემს უფალ იესო ქრისტესთან ვიყავი, ვარ და ვიქნები, შენ კი ისა ჰქმენ, რაც გენებოს!

როდესაც მსაჯულმა დაინახა, თეოდორეს სიმტკიცეს ვერ გატეხავდა, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

მტარვალის ეს ბრძანება სწრაფად შესრულდა: მსახურებმა მახლობელი სახლებიდან და აბანოებიდან ბევრი შეშა მოზიდეს, კოცონი გააჩაღეს და წმიდა თეოდორე ამ კოცონთან მიიყვანეს. ყოველი მხრიდან გაღვივებული ცეცხლი უმალვე აბრიალდა. ცეცხლში შესულმა წმიდა თეოდორემ პირჯვარი გამოისახა. უეცრად სულიწმიდა გარდამოხდა და შუა ცეცხლში ჩამდგარ წმიდანს სიგრილე მიჰფინა, ის კი სიხარულით აქებდა და უგალობდა უფალს და მასვე მშვიდობით შეჰვედრა სული.

წმიდა დიდმოწამე თეოდორე ეწამა 306 წელს, იმპერატორ მაქსიმიანეს მეფობის დროს.

მომზადდა წიგნიდანწმინდანთა ცხოვრება”, ტომი I, თბილისი,

2001 წელი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here