Home რუბრიკები საზოგადოება წიგნი, რომელიც ქვეყანას სჭირდება

წიგნი, რომელიც ქვეყანას სჭირდება

223

ცნობილი მეცნიერის, აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ახალი წიგნი სათაურითგლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში”, ანუსაქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემებიგაოცებს მასშტაბურობით, გაბედული მეცნიერული აზროვნებითა და მოზომილი, რაფინირებული გულწრფელობით. წიგნი კლასიკური ფორმატისაა და წარმოდგენილია 360 გვერდზე. აქვე მადლობას ვუხდი ავტორს, ჩემთვის მოწოდებლი ეგზემპლარისთვის, იმ თბილი და არაორდინარული წარწერისთვის, რომელმაც სასიამოვნოდ ამაღელვა.

გადაფურცვლისას მივხვდი, რომ ეს ის წიგნია, რომელიც ბოლომდე უნდა წაიკითხო, სერიოზულად გააანალიზო და იამაყო, რომ ამ აწეწილ-დაწეწილ სინამდვილეში, რომელშიც ვცხოვრობთ, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც შეძლო, საზოგადოებისთვის ფუნდამენტური განვითარების პროგრამა მიეწოდებინა. გამაოცა წერის ორიგინალურმა მანერამ. წიგნის რედაქტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური პაპასქუა ორიგინალურად ჩაერთო ოპონირების პროცესში და გააზრებული კითხვებით ხელი შეუწყო ავტორს, თამამად წარმოეჩინა მრავალი წლის ნაფიქრალი და დინამიკურად (დროსა და სივრცეში) მიეწოდებინა მკითხველისთვის.

შეუძლებელია, არ დაეთანხმო წიგნის წინათქმაში გამოთქმულ მოსაზრებას: “30 წელია, ქვეყანა მრავლისმომცველი გარდაქმნების რთულ პროცესშია და მაინც ვერ დალაგდაეს, ყველაზე რთული პერიოდი, ბოლომდე შეცნობილიც არ არის. გაანალიზების მიღმა დარჩა გარდაქმნების უხილავი პრობლემები… და ა.შ. კიდევ ერთი ასეთი თეზა: “30 წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ მსოფლიო თანამეგობრობის დამოკიდებულება, მრავალმხრივი მხარდაჭერის ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა”, “ძლიერი სახელმწიფოს გარეშე ძლიერი ეკონომიკა არ არსებობს, მათ გარეშე კი პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატია ფიქციაა. დღეს საქართველოს თანაბრად სჭირდება როგორც ძლიერი და გამჭრიახი სახელმწიფო, ასევე ძლიერი და მოქნილი ეკონომიკა”. ასეთი დამაფიქრებელი პასაჟები ნაშრომში ბევრია და დაინტერესებულ მკითხველს საშუალებას აძლევს, კრიტიკულად შეაფასოს ის გარემო, რომელშიც ცხოვრობს. ავტორი მკითხველს თანამოაზრეობისკენ მოუწოდებს და რკინისებრი მეცნიერული ლოგიკით ამას აღწევს კიდეც. მართებულია კითხვა: “ვართ კი მზად ასეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად?” და თავადვე უპასუხებს: “30 წლის წინათ უფრო ვიყავით მზად!” …რა მწარე სიმართლეა და ამას ამბობს ადამიანი, რომლის კომპეტენციაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ის ხომ 30 წლის წინათ თავად იდგა საქართველოს ეკონომიკის ავანგარდში, როგორც სამთავრობო გუნდის ყველაზე მაღალი იერარქი.

არ მგონია, მოიძებნოს ისეთი მკითხველი, რომელიც არ დაეთანხმება ქვესათაურად გამოტანილ მოსაზრებას: “ერის უბედურება იწყება იქ, სადაც ნიჭის, ჭკუისა და ცოდნის მქონე მამულიშვილებს უნდობლობას უცხადებენ”. ამ მოსაზრებას მე მიკერძოებულად დავუმატებდი სიტყვას _ “შეგნებულად”. დიახ, შეგნებულად უცხადებენ უნდობლობას იმიტომ, რომ უგუნურებამ შთანთქა ქვეყნის ვერტიკალიც და ჰორიზონტალიც.

ხუთ გვერდზეა წარმოდგენილი ავტორის 10 თეზა, რომლებიც თავისი მნიშვნელობით, ალბათ, ცალკე განხილვის საგანი უნდა გახდეს. ამ სერიოზული ნააზრევის მასშტაბურობა რომ წარმოიდგინო, ერთ-ერთი თეზა ასეთია: თუ ძლიერი სახელმწიფო არ გვექნება, ვერ შევქმნით ძლიერ, სიცოცხლისუნარიან ეკონომიკას, ამის გარეშე კი პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატია ფიქციაა. უბრალოდ, თავის მოტყუებაა. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დღემდე ასეთ სინამდვილეში იმყოფება”. ქვეყანა რომ ვერ შედგა, ფაქტია! მაგრამ, რატომ ვერ შედგა, ეს ჯერ კიდევ სერიოზული კვლევის საგანია და, მე ვიტყოდი, საჩოთიროც. ბატონი ნოდარი ჩვეული პრინციპულობით მიუდგა ამ საკითხს. მომყავს მცირე ამონარიდი მისი წიგნიდან: ქვეყანა ბრმად მიენდო დემოკრატიულ ფასეულობებთან დაკავშირებულ მოწოდებებს და პოლიტიკური დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად აირჩია მემკვიდრეობით მიღებული სახელმწიფო მართვის სისტემების მყისიერი ლიკვიდაციის გზა (მართვის ახალ სისტემაზე, წარმოდგენაც არ ჰქონდათ). შედეგად, ქვეყანა სპონტანურად რევოლუციური გარდაქმნების მორევში აღმოჩნდა” (რაც დამღუპველია _ ნ.ქ.). ანუ, ქვეყანა დაადგა “შოკური თერაპიის” გზას. ეს თეორია იდიოლოგიზებულია და მას მხარს დასავლეთი, მაშასადამე, ევროკავშირი უჭერს. ქართული სახელმწიფოს მესვეურებმა განვითარების ამ გეგმას ბრმად დაუჭირეს მხარი და შედეგიც აშკარაა. კერძოდ, ქვეყანა აღმოჩნდა კრიმინალურმაფიოზური დაჯგუფებების ხელში და დაიწყო ეროვნული სიმდიდრეების დატაცების შეუქცევადი პროცესები, რომლებსაც ხელი შეუწყო ქვეყნის პარლამენტისა და სამთავრობო სტრუქტურების მიერ გაუაზებლად მიღებულმა გადაწყვეტილებებმაც (სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება). მხოლოდ ზიანი მოგვიტანა პომპეზურად და წარმატებად წარმოჩინებულმა რეფორმებმაც. კერძოდ: დროში დაუსაბუთებლად გაწელილმა სასამართლო, ყბადაღებულმა ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა ნაჩქარევად ჩატარებულმა რეფორმებმა და, როგორც ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, “ეკონომიკური ხასიათის რეფორმებმა, რომლებიც ერთმანეთისგან იზოლირებულად წარიმართა”. დაუკვირდით, როგორი ტევადია ავტორის ლაკონური დასკვნა: ჩამოყალიბდაახალი ღარიბებისსოციალური ჯგუფი, რომლის უნიკალურობა ისაა, რომახალი ღარიბებიგანათლებული და პროფესიული ჩვევების (გამოცდილების) ადამიანები არიან”. ბატონმა ნოდარმა გაბედა და თქვა ის სიმართლე, რომლის მიჩქმალვასაც დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა. ავტორი მწვავედ ეხმაურება “ახალი მდიდრების” ჩამოყალიბებას და სამართლიანად აღნიშნავს, რომ იგი შეიქმნა ეროვნული სიმდიდრეების უმოწყალო ძარცვისა და კრიმინალური აზროვნების სიმბიოზის შედეგად. აქედან გამომდინარე, მართებული და ლოგიკურია დასკვნა, რომ “ახალი მდიდრები” და “ახალი ღარიბები” არიან საზოგადოებრივი პროგრესის შეფერხების მთავარი ფაქტორები. და კიდევ: ხელისუფლებაში მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც მინიმალური ცხოვრებისეული გამოცდილებაც კი არ აქვს, რომელიც ჩამოყალიბდა მშობლიური ფესვებიდან მოწყვეტილ იდეებზე. დაირღვა საზოგადოებრივი წონასწორობის ფაქტორი: უფროსი, საშუალო და უმცროსი თაობები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად კი მივიღეთ პოლიტიკური პარტიების (და არა მხოლოდ მათი) ზღვარგადასული დაპირისპირება, მუდმივად აჯანყებასა და არეულობაზე ორიენტირებული, გაუნათლებელი ადამიანების პარლამენტარობა, ყველა რჯულის ავანტიურისტის გაპოლიტიკოსება, .. გარედან დაფინანსებული არასამთავრობოების დიქტატურა, ევროკავშირისა და სხვა უცხოელიპარტნიორებისდიქტატი და კიდევ ათასი უბედურება.

მართებულია ავტორის მოსაზრება: განვლილ 30-წლიან პერიოდში ყველა ხელისუფლებამ ცალცალკე, საკუთარიორიგინალურიხელწერითმართაქვეყანა, ეკონომიკის განვითარების პროცესი საკუთარი ინტერესების ჩარჩოებში მოაქცია, თანაც ისე, რომ არავინ თავის წილ პასუხისმგებლობას არ იღებს”.

ვინ არის პოლიტიკურ ელიტაში დღეს? _ ამ კითხვაზე ავტორის პასუხი ასეთია: “მისი ძირითადი ნაწილი მესაკუთრეა”. რატომ ვერ გაიმართა წელში ქვეყნის ეკონომიკა? _ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მყოფი მესაკუთრეებისთვის პრიორიტეტი მხოლოდ კერძო ინტერესებია! _ რკინისებური დასკვნაა.სამწუხაროდ, დღემდე ქართული სახელმწიფოს მმართველის შერჩევა .. პარტნიორი სახელმწიფოების სპეცსამსახურებში წყდება, ამიტომაა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, უცხო ქვეყანათა დიქტატისგან ვერ გამოდის, ამას კი რა შედეგიც მოაქვს, დღეს ყველა ვაცობიერებთ.

ავტორი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ “პოლიტიკა და ეკონომიკა შესაძლებლობების მეცნიერება და ხელოვნებაა”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებს. მხოლოდ ქვეყნის შესაძლებლობებზე ორიენტირებულ პოლიტიკას შეუძლია შექმნას ქვეყნის წარმატებული ეკონომიკა და პირიქით _ წარმატებული ეკონომიკა წარმატებული ქვეყნის საფუძველია.

ავტორის აზრით (რომელსაც ვეთანხმები), სახელმწიფომ უნდა შეასრულოს ხუთი ძირითადი ფუნქცია: 1. კანონიერების საფუძვლების განმტკიცება; 2. დაბალანსებული პოლიტიკის უზრუნველყოფა; 3. საბაზისო სოციალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის დაფინანსება; 4. მოსახლეობის დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა; 5. გარემოს დაცვა;

ავტორის ყველა მოსაზრება გამყარებულია მის მიერ სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგებით. იგი საპაექროდ იწვევს სხვებსაც, ვინაიდან კარგად იცის, რომ ჯანსაღ ოპონირებაში იბადება ჭეშმარიტება, რომელიც ყველა საშური საქმის საფუძველია. საყურადღებოა, რომ ავტორი ზოგჯერ თავად სვამს კითხვას და თავადვე უპასუხებს, მაგალითად, “რატომ უნდა იყოს ეკონომიკა სოციალურად ორიენტირებული? პასუხი: სოციალური ორიენტაცია გამომდინარეობს თვით ეკონომიკის უზენაესი მიზნიდან _ ემსახუროს ადამიანს და მის კეთილდღეობას (ანუ ადამიანების იმ მასას, რომელიც ქმნის მატერიალურ დოვლათს _ ნ.ქ)”.

შემდგომი კითხვები გამომდინარეობს წინა კითხვის პასუხისგან და ეს პროცესი ჯაჭვური ხასიათისაა, ამიტომაა, რომ ეკონომიკური მეცნიერება უსასრულოა, ისევე, როგორი ადამიანის მიერ დასმული კითხვები.

ქართული სახელმწიფოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისა და თანმდევი პოლიტიკური პრობლემების დეტალურად შესწავლის შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას, რომ სამყაროს ერთპოლუსიანი მართვის არსებული მოდელი შეიცვლება; რომ ეს მოდელი “მალე დაკარგავს მართვის ფუნქციებს” და ამის მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, ისიც გახდება, რომ ადამიანებს მობეზრდებათ ერთფეროვნება.

ავტორი ხშირად უბრუნდება მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში გლობალიზაციის როლს და აღნიშნავს, რომ “გლობალიზაცია კვლავ შეასრულებს განმსაზღვრელ როლს და ამ პროცესში ნაციონალური სახელმწიფოები ასპარეზიდან არ გავლენ და ახალ გარემოში ადეკვატურ ფუნქციას შეიძენენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციას წარმოადგენენ, საკუთარ ელფერს შესძენენ განვითარების გლობალურ პროცესს”. ავტორი მეთოდურად უახლოვდება ძირითად სათქმელს: “მომავალში, მსოფლიოში უნდა დადგეს პლანეტის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში არა მხოლოდ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის საფუძველზე ეკონომიკის განვითარების ამოცანა, არამედ ისეთი პოტენციალის ამოქმედების აუცილებლობაც, როგორიცაა შექმნილი დოვლათის უფრო ზომიერად განაწილება მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. შეზღუდული საგაზეთო ფორმატიდან გამომდინარე, შევძელი, მკითხველისთვის გამეცნო აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას წიგნის მხოლოდ ზოგიერთი ფრაგმენტი, მაგრამ ამ მცირე ამონარიდებიდანაც კარგად ჩანს ავტორის აკადემიურობა, ურთულესი საკითხების გასაგებად და საინტერესოდ გადმოცემის უნარი. ამასთანავე, ეს ყოველივე კეთდება იუველირული სიფრთხილით _ ისე, რომ არ მოდუნდეს და გაიფანტოს მკითხველის ყურადღება.

ნაპოლეონ ქარქაშაძე,

აკადემიკოსი

P.S. აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას წიგნისგლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოშიმთლიანი ტექსტის გაცნობა მკითხველს შეუძლია ინტერნეტით, საჯარო ბიბლიოთეკაში და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში, მისამართზე: ივ.ჯავახიშვილის . 51.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here