Home ახალი ამბები საქართველო ცნობილია, როდის დასრულდება ყველა კლასის სახელმძღვანელოს შემუშავება – რა გეგმა აქვს განათლების...

ცნობილია, როდის დასრულდება ყველა კლასის სახელმძღვანელოს შემუშავება – რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 11-წლიან სწავლებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ ეს გადაწყვეტილება თუ იქნა მიღებული, ამას რამდენიმე, სულ მცირე, ორწლიანი პერიოდი მაინც დასჭირდება.

ასეთივე ვადები აქვს განსაზღვრული სამინისტროს ყველა კლასისთვის ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების სრულად მომზადებაზეც.

„აქ არის პედაგოგების გადამზადება ახალი პროგრამის მიხედვით, სახელმძღვანელოების მომზადება შესაბამისი მეთოდოლოგიით და ასე შემდეგ. საკმაოდ გაჯერებული პროცესია, რომელიც დროს და საკმაოდ ბევრ ძალისხმევას მოითხოვს“, – ამბობს განათლების მინისტრი.

გივი მიქანაძე განმარტავს, რომ იგეგმება სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლა, სამინისტროს მიზანია, რამდენიმე კლასისთვის მომავალი სასწავლო წლიდან არსებობდეს პირველი სახელმძღვანელოები, ორწლიან ციკლში კი ყველა კლასის სახელმძღვანელოს შემუშავება დასრულდეს.

„ჩვენ ვაპირებთ პროგრამის და სასწავლო სახელმძღვანელოების არსებითად შეცვლას, გამომდინარე იქიდან, რომ შარშან სამინისტროსა და პარლამენტის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა დოკუმენტი. ეს არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ე.წ. სასკოლო კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და ამ დოკუმენტში ასახულია ის ძირითადი ღირებულებები, რომლებზეც უნდა იყოს ორიენტირებული როგორც სახელმძღვანელოები, ასევე სასწავლო მეთოდოლოგია და სასწავლო პროცესი. შესაბამისად, ამ ღირებულებებს თუ ჩავხედავთ, ის აბსოლუტურად განსხვავებულია იმ ღირებულებებისგან, რაც ეწერა მის წინამორბედ დოკუმენტში, რომელიც 2004 წელს იყო მიღებული და ძირითადად იყო ორიენტირებული ლიბერალურ ღირებულებებზე.

„რაც უფრო მალე დაასრულებენ ბავშვები და ახალგაზრდები ამ სიყალბეში „სწავლას“, მით უკეთესი მათთვის“

„ახლა ის დოკუმენტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ორიენტირებულია ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტის მიხედვით მოვამზადეთ ჰუმანიტარული მიმართულების საგნების ახალი სტანდარტის პროექტი, რომლის განხილვასაც უახლოეს კვირებში ვაპირებთ შესაბამისი დარგის პედაგოგებთან და ეს იქნება ფართო განხილვა. უნდა ვაჩვენოთ, პროგრამაში კლასების მიხედვით რა მასალებია გათვალისწინებული ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს ისტორიაში, გეოგრაფიაში. ჩვენ უნდა ვნახოთ, მათი პოზიცია რა იქნება და ამ შეჯერებული პოზიციით უნდა წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. ამიტომ, რაც დამტკიცდება, დაედება საფუძვლად იმას, რომ ჩვენ ახალი სახელმძღვანელოების მომზადება, შემუშავება დავიწყოთ. ჩვენი მიზანია, რამდენიმე კლასისთვის უკვე შემდეგი სასწავლო წლიდან გვქონდეს პირველი სახელმძღვანელოები საუკეთესო შემთხვევაში და ვართ ამაზე ორიენტირებული, რომ ორწლიან ციკლში მთლიანად დავამთავროთ ყველა კლასის სახელმძღვანელო“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

edu.aris.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here