Home რუბრიკები საზოგადოება “ჩვენ ერთმანეთს დავეტაკეთ და ურემი კი შინ მისატანი დაგვრჩა, შუა გზაში გახიდული”...

“ჩვენ ერთმანეთს დავეტაკეთ და ურემი კი შინ მისატანი დაგვრჩა, შუა გზაში გახიდული” _ ასე იყო ოდითგან და ასეა ახლაც

236
“ჩვენ ერთმანეთს დავეტაკეთ და ურემი კი შინ მისატანი დაგვრჩა, შუა გზაში გახიდული” _ ასე იყო ოდითგან და ასეა ახლაც

XIX საუკუნის 60-იან წლები, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების გამოღვიძების წლებად ითვლება, ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ფართოდ განვითარდების პერიოდად. დიდი ილია სწორედ ამ ეპოქაზე ამბობდა, რომზემოხსენებულთ წელთ შემდეგმა დრომმოიტანა თან სხვა ნიავი, გასწმინდა ცოტათ თუ ბევრათ (ქვეყნის დამაბნელებელი) ბურუსი, გადაჰყარა ღრუბლები და ჩვენი (ეროვნული) ცნობიერება გამოაფხიზლა. დიახ, დღეს ბევრსაც ერთიანად გვწამს ჩვენც ჩვენი ქვეყნის მომავალი”.

 მაგრამ ილია მაინც მოკლეს _ მამულიშვილი, რომელიც საქართველოში დაბრუნდა იმ სურვილით, რომ ის თითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება ყოველ კაცში არა ჟოლავდეს, ერთად შეეგროვებინა თავისი ქვეყნის გაციებული გულის გასათბობად.

ნუთუ მართლა გამოკეთების ძალნი თვითვე არა აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც ჰბადავს, ჰზრდის და წამოაყენებს ხოლმე მტკიცე ხასიათების კაცებს, გმირებს?!”… _ სვამს კითხვას და იხსენებს რა უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ ისტორიულ გმირთა სახელებს, დაასკვნის: “ამისთანა კაცების აღმზრდელი და სულისჩამდგმელი ძალი დიდი ძალია და ამ ძალის მექონს საზოგადოებას ვერ ეთქმის, რომ ფესვი ცხოვრებისა შეუსუსტებია”.

ჩვენც ამ იმედით ვსულდგმულობთ, რომ ქართველ ერს ფესვი ცხოვრებისა კვლავაც ძლიერი აქვს; რომ ისტორია სანაგვეზე მოისვრის ყველა მედროვე ვაიპატრიოტს და ივერია კვლავაც გაბრწყინდება.

“…მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე. მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე. მეც მოყვარესავით გექცევი, _ სარკე მოგიტანე, ამაზედ როგორ უნდა გამიწყრე?! რა ვუყოთ, თუ ეს სარკე გაბზარული გამოდგება და შიგადაშიგ ლაქებიანიცა? რაცა მქონდა, ის მოგართვი, როგორც შემეძლო, ისე დაგეხმარე. თუ მაინცადამაინც წყრომას არ დაიშლი, შენი ნებაა. მე შენის წყრომისა არ მეშინიან!..” (“კაციაადამიანი?!”) _ ასე მიმართავს ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ ლუარსაბის სახის შექმნით განაწყენებულ მკითხველს, არამედ იმდროინდელ საზოგადოებას, თუმცაგაუწყრნენ”, ბევრი რამის გამოგაუწყრნენდა ტყვიისთვის გაიმეტეს ერის მამა, რითაც საქართველოს ისტორიას კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი მიუმატეს; ამბავი ერისკაცის, ვინ იცის, მერამდენედ ღალატისა, გაყიდვისა და დასამარებისა. სწორედ ამის გამო აღმოხდა აკაკი წერეთელს: “ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველოო”; ვაჟაფშაველამ კი დაწერა: “ყვავყორნებს ისეთი მოწყობილობა აქვთ ტვინისა და თავის ქალისა, რომ ჭავჭავაძე ჯერ დიდხანს იქნება იმათთვის ამოცანად”, ამიტომ ილიას სიკვდილის შემდეგაც მისი აჩრდილის გარშემო ყვავყორნები კვლავაც ჩხავიან, არ ჩუმდებიანო.

ვაჟაფშაველა

ყვავყორნები ილიას აჩრდილის გარშემო

მე როდი მიკვირს ილიას აჩრდილის გარშემო ყვავყორნები რომ ჩხავიან, არა ჩუმდებიან. ასე უნდა იყოს სწორედ: მსგავსი მოვლენა ხვედრია დიდებულ ადამიანთა, ხოლო ბრალდება ილიასი, რომელიც მხოლოდ ერთის მხრიდან გაისმის, ნიშანია იმისა, რომ ბრალმდებელთ მის მკვლელობაში, ალბათ, ფეხი უდგათ და ამიტომ ყოველ ღონისძიებას, ათასგვარ საშუალებას ხმარობენ, ილია დამნაშავედ გამოიყვანონ, მაშასადამე, მოკვლის ღირსად, რათა თავი იმართლონ საზოგადოების წინაშე.

მოპირდაპირეებს მარტო ის არ უკლავს გულსა, ილია გლეხებს ვითომ სასტიკად ეპყრობოდა, არამედ ვერ მოუნელებიათ ის გარემოება, რომ ილიამ ეროვნული საკითხი მკვიდრ ნიადაგზე დააყენა, იგია წარმოდგენილი მთელი საქართველოს ერისა, მისი იდეოლოგი. მოწინააღმდეგენი უხერხულ მდგომარეობაში არიან ჩაცვივნილები, ამიტომ აბარტყუნებენ ხელებს და ფეხებს, უნდათ, ბარდიდან გამოძვრენ. როღაც დაჰრჩომიათ გამოსარკვევი, ჰსურთ, გამოარკვიონ: ყვავყორნებს ისეთი მოწყობილობა აქვთ ტვინისა და თავის ქალისა, რომ ჭავჭავაძე ჯერ დიდხანს იქნება იმათთვის ამოცანად.

ამბობენ, ილია ჭავჭავაძემ თავის პირვანდელ მიმართულებას უღალატაო. მე ეს არა მჯერა, პირიქით უნდა დარწმუნებულნი ვიყვნეთ, ილია სამარემდის მთლიან ადამიანად დარჩა, როგორც ზოდი ოქროსი. ილიას უყვარდა საქართველო იმ თავით ამ თავამდე და მის საკეთილდღეოდ იღვწოდა. ბატონყმობა სწამდა მავნებელ მოვლენად და კიდევაც აღუდგა მას წინ; ბატონყმობა საქართველოს დაჰღუპავსო ქადაგებდა, (“რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან”, “გლახის ნაამბობი”, “კაცია-ადამიანი?!”) გადავარდა ბატონყმობა. ილია ჩვენის ცხოვრების მაჯისცემას ფხიზლად თვალყურს ადევნებდა, კარგად იცნობდა, როგორც გლეხკაცობას, ისე თავადაზნაურობას.

ბატონყმობის გადავარდნამ იმედი არ გაუმართლა, სოფლის გლეხკაცობა კულტურულ ცხოვრების გარეშე დარჩა, დღესაც იგი ჩვენი კულტურისათვის უსარგებლოა, არავითარი წვლილი არ შეაქვს. გამონაკლისს შეადგენს ქალაქში მცხოვრებელი მუშები, რომელნიც სწავლასაც ეტანებიან, შვილებსა ზრდიან, თეატრში დაიარებიან, ჟურნალ-გაზეთებს იწერენ, წიგნებს ყიდულობენ და კითხულობენ. ჩვენთვის, დიაღ, ეს კულტურული განვითარება იყო და არის დღესაც საჭირო. თავადაზნაურობა კი თუმც მართალია მამულ-დედულს ჰფლანგავდა, მაგრამ ცოტად თუ ბევრად, ამ ჩვენს კულტურულ დაწესებულებებს ეხმარებოდა, როგორიც არის სათავადაზნაურო სკოლა, თეატრი და სხვ. თავადაზნაურობა ჩვენს ბურჟუაზიას შეადგენს და, თუ ილია, როგორც კულტურული ადამიანი, თავადაზნაურობისაკენ გადაიხარა, ეს სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზების ბრალია. ჰხედავდა აგრეთვე ილია, რომ, როგორც კულტურული ცხოვრების წარმომადგენელი, დღეს საქართველოში თავადაზნაურობა ღარიბდებოდა და ეს მოვლენა სწყინდა. ყველასაც ვისაც ჭკვა აქვს, თუნდა გლეხი იყოს, ქართველ ადამიანს უნდა სწყინდეს შეძლებული ხალხის შემცირება ჩვენში და ყველას უნდა გვიხაროდეს, მდიდარი ხალხის გამრავლება, რადგან მრავალი მდიდარი, როგორც უნდა იყოს, ჩვენს ცხოვრებას სიმდიდრეს შეჰმატებენ, სანუგეშონი არიან. თუ ეხლა ერთიორი კაცი გვყავს მდიდარი და იმათ იმედი გვაქვს, რატომ ასი და ათასი მდიდრის ყოლა არა სჯობია ორი და სამი კაცის ყოლას? სოფლის გლეხკაცობა ძალიან ჩამორჩენილია ჩვენს კულტურულ ცხოვრებას. დიდი დროა საჭირო, ვიდრე ისინი ჩაებმიან იმ საერთო ფერხულში, რომელშიაც არიან ჩაბმულნი: წვრილი ქალაქის ბურჟუაზია, სამღვდელოება და თავადაზნაურობა.

გაღარიბება გლეხკაცობის გულისათვის ამ ჩვენი ერის კულტურული ნაწილისა მავნებლად უნდა მივიჩნიოთ დღეს დღეობით. რასაკვირველია ან რაღა გაღარიბებაღა უნდა ისედაც გაღარიბებულსა და გაძვალტყავებულ თავადაზნაურობას?.. ვისთვისღაა საშიში ეს წოდება?

აგრარული საკითხის შეტანა ჩვენი პარტიების პროგრამებში დამარღვეველი იყო ჩვენის მთლიანობისა . . ქართველების ძლიერებისა, ძმასძმაზე ასისინებს და იმ დროს, როცა ერთობა და სოლიდარობა ქართველების სხვადასხვა წოდებათა შორის იყო დიდად და დიდად საჭირო, მით უმეტეს რადგან საქართველოს ტერიტორიას უქადიდა კუთვნილებისამებრ განაწილებას კი არა, უცხო ხალხის ხელში გადასვლას, ხელიდან ჩავარდნილი ლუკმა ჩვენს ჯამში კი არა ვარდებოდა, სხვის ჯამს ემატებოდა. რომელ ჭკვათამყოფელ ადამიანს არ ეწყინება ამგვარი მოვლენა?

ქართველი ხალხი მოძრაობას რომ მომზადებული შეჰხვედროდა, მიწის მობილიზაციის საქმეს სამერმისოდ გადასდებდა და სრულიად სხვა ტაკტიკას დაადგებოდა მოქმედებისას.

ჩვენ ერთმანეთს დავეტაკეთ და ურემი კი შინ მისატანი დაგვრჩა შუა გზაში გახიდული. ასე მოხდა და კიდევაც ასე მოხდება თუ ადამიანს წინადვე არა აქვს პლანი შედგენილი მოქმედებისა, თუ ადრევე არა აქვს გათვალისწინებული ყველა დამაბრკოლებელი მიზეზები.

ჭავჭავაძეს ამოქმედებდა არა პირადი ინტერესი, პირადი სარგებლობა, არამედ საქვეყნო საქმე, ქვეყნის სიყვარული და მოკვდა მუხთალის ხელით არა როგორც თავადი, არამედ როგორც რწმენისა და აზრის კაცი… მის მოწინააღმდეგეთ, ვგონებ, თანდათან თვალებიდან ლიბრი ეცლებათ, ჰგრძნობენ დიდს შეცდომა-შეცოდებასა და იმიტომ მოუსვენრად არიან.…

დღეს, ვინც ავს ამბობს ჭავჭავაძეზე, მე იმას ილიას მკვლელს ვეძახი. არ არის ასე? ინტელიგენტს, ავის მთქმელს ამ დიდებულ ადამიანზე, არაფრით ვარჩევ იმ რეგვენისაგან, რომელმაც ილიას ხელი შეახო და მის ფიზიკურად მოსაკლავად მახვილი მოიმარჯვა. გაირჩევა კი რითმე? არაფრით. ვის ვებრძვით? რას ვებრძვით? რატომ არ დავფიქრდებით?!

ილიას საფლავი მთაწმინდაზე
ილიას საფლავი მთაწმინდაზე

საქართველოს მაშ დღეს თავადაზნაურობა ჰღუპავს, არა? თავადაზნაურული დაწესებულებანი _ ბანკი, სათავადაზნაურო სკოლა? საწყალი თავადაზნაურობა! მგელს მგლობა დაერქვა, ტურამა ქვეყანა ამოაგდოვო! საკვირველ არიან, უფალო საქმენი შენი! კაცს ეგონება, XIX საუკუნის დასაწყისში ვცხოვრობდეთ და იმ დროინდელ თავადაზნაურებთანა გვქონდეს საქმე.

შეფასება რომ მოხდეს ილიას რწმენისა, მის გრძნობა-აზროვნებისა, აქაც არაფერსა ვპოებთ მის დამამცირებელს ისეთს, რომ ილია მართლა დასაგმობი იყოს. ნუთუ ავია, მოსაკლავია ის მშობელი, ის მამა, რომელიც არ აბედენებს და ერთიანად უცქერის, ერთნაირად ეპყრობა ჯანსაღს და მახინჯს თავის შვილებს?!

ვინ დაჰგმო განა მამა უძღები შვილისა შებრალება-შეწყნარებისათვის?

დავგმოთ ჩვენც ჭავჭავაძე იმისათვის თუ მას ებრალებოდა თავადაზნაურობა, არა როგორც წოდება, არამედ როგორც ადამიანები? განა შეიძლება? დიაღ, მას ებრალებოდა თავადაზნაურობა, როგორც დასუსტებული ნაწილი, სისუსტის, მცირერიცხოვან თავის ერისა. რა არის აქ დასაძრახისი, რა არის აქ არა ადამიანური?!

ნუთუ არა გჯერათ, რომ მოვა დრო, როცა თავადაზნაურთა წრიდან გამოსულნი სახელოვანი მოქალაქენი, მოღვაწენი და მოაზრენი იქნებიან და ამ მხრივ თუ წინ არ გაუსწრებენ, უკან არ ჩამორჩებიან გლეხის შვილებს?!.

მაშ გავსწყვიტოთ ისინი?

ილიაც სწორედ მაგას ამბობდა, ნუ ჰხოცთ თავადებს და აზნაურებს, რადგან ძმები ხართ და თუ დღეს არა შემდეგში მაინც დაუფასებელ ძმობას გაგიწევთო. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, გულადობა-ვაჟკაცობაში თავადაზნაურობას ვერავინ შაეჭიდება, ეს ხომ ყველამ ვიცით. ნუთუ იმ ღირსებასაც ზიზღით შევხედოთ?

ილია რომ ბატონყმობის მომხრე ყოფილიყო, “ოთარაანთ ქვრივს” როდი დასწერდა. დიდებული, ბრწყინვალე თავადიშვილის ქალს, ნაზსა და ნარნარს კესოს ვიღაც ოთარაანთ ქვრივის სასძლოდ არ დაჰსახავდა და არ გვეტყოდა: დაუახლოვდით ერთმანეთს თავადნო და გლეხნო რითაც, როგორც კი შაიძლებოდესო. ხოლო უებარ წამლად და საშუალებად ამ ერთობისა მოყვრობა დასახა. ილიამ გლეხისა და თავადის სისხლი ერთნაირი თვისებებისადა სცნო და მათ ერთმანეთში შერევას თავის მადლიანის მარჯვენით ხელიც მოუმართა, რათა გაემთელებინა “ჩატეხილი ხიდი”. ამ ჩატეხილი ხიდის გამრთელება მისი ოცნება იყო. რად გახდა ეს ჩატეხილი ხიდი ილიას ოცნებად? რის გამო? ნუთუ იმიტომ, რომ ის მტერი იყო თავის ერისა, ილია მოღალატე იყო ხალხისა? ავი უნდოდა გლეხობისათვის?!.

აღარ ვიცი რა თქვას და რა ქმნას კაცმა, რა თქვას ისეთი, რომ დაბრმავებულთ აახილონ თვალები და დაინახონ მისი ნათელი, შარავანდედით შემოსილი სახე, _ გამოიღონ ყურებიდან ბამბა და გაიგონონ, შეისმინონ მისი ხმა ძმობის, ერთობის და სიყვარულისა. შეიგნონ წესი ქვეყნის სამსახურისა. ილაპარაკეთ, ბევრი ილაპარაკეთ, ბევრი წერეთ, ბატონებო, ილიაზე, რაც შეიძლება ბევრი! მე ვერ გეტყვით გაჩუმდითო, ვერ გეტყვით: დროა ბოლო, ბოლო მოეღოს მითქმა-მოთქმასაო, რადგან მნემოსინა (გონებისა და მეხსიერების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში _ დ.ა.) ჩვენის ქვეყნისა არ დაგადუმებსთ, ბევრს დაგაგდებსთ ქადაგად. დაბოლოს ამას ვიტყვი: ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა _ კაცუნაო; ზოგს დედაკაცს _ დედაკაცი, ზოგსა _ დედაკაცუნაო.

1908-1909 წ.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here