ევროკავშირის გაფართოება და ნატოს გაფართოება დასავლური ნარატივებია. არსებობს კიდევ ერთი გაფართოება, რომელსაც გლობალიზაციას უწოდებენ. გლობალიზაცია მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის შედეგია და იგი ცივილიზაციათა და კულტურათა ურთიერთშეღწევის უფრო მაღალ დონეს ნიშნავს, ვიდრე აქამდე იყო შესაძლებელი. ამ ბუნებრივ პროცესში სიფრთხილის გამოჩენა და ზომიერების დაცვა აუცილებელია, თვით მოვლენა კი გასაგები და მისაღებია.
ჯვარი, ვარძია, „ჩაკრულო“ თუ „ვეფხისტყაოსანი“ ქართული სულისა და მისი ისტორიის კუთვნილებაა, მაგრამ ეს ყველაფერი, ამასთანავე, ზოგადსაკაცობრიო საგანძურიცაა, ისევე როგორც ბიბლია, ეგვიპტის პირამიდები ან ძველი ბერძნული ფილოსოფია. საზღვრების შესუსტება ან საერთოდ მოხსნა და თითოეული ადამიანისთვის იმ განცდის გაჩენა, რომ იგი არა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს, არამედ მთელი პლანეტის მოქალაქეა, რომლისთვისაც დედამიწაზე ყველაფერი ხელმისაწვდომია, დიდებული საქმეა, მაგრამ ეს მსოფლიოს არც ამერიკანიზაციაა და არც ევროპიზაცია. გლობალიზაცია პოლიტიკური პროექტი არ არის, ცივილიზაციური და პროგრესისტული პროცესია, თავისთავადი და დამოუკიდებელი მოვლენაა, მაგრამ დასავლეთმა არამხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ გლობალიზაციის ბუნებრივი პროცესიც კი საკუთარი გაფართოებისა და ჰეგემონიის განმტკიცების ინსტრუმენტად გამოაცხადა. ამერიკელებისთვის ყოველგვარი გაფართოება (გლობალიზაცია) თავიანთი გავლენისა და ჰეგემონიის გაფართოებას ნიშნავს.
ნატოს გაუთავებელი გაფართოების სურვილმა შექმნა დაუძლეველი კრიზისი რუსეთსა და აშშ-ს შორის, რომელმაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის სახე და ხასიათი მიიღო. ნატოს გაფართოება არა მხოლოდ მისი ჰეგემონიის ზრდასა და განმტკიცებას, არამედ რუსეთის გავლენის შემცირებას და, რაც მთავარია, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხის დაყენებას ნიშნავდა, რამაც რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობის კრიზისი წარმოშვა. ეს კი ავტომატურად უკვე მსოფლიო კრიზისი იყო. მიუხედავად ამისა, დასავლეთი ნაცად გზაზე უარს არ ამბობს და დღემდე ანტირუსულ გადაწყვეტილებებს იღებს. უკრაინის მოვლენების პარალელურად ნატოს ან ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი ნამდვილად უხერხულია, მაგრამ დასავლეთში, დიდი ხანია, უხერხულობის განცდა არავის უჩნდება. არ არსებობს არაფერი, რასაც ისინი უხერხულად ჩათვლიან ან არ იკადრებენ, თუკი ამაში საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებას დაინახავენ.
დაპირისპირება ყოველგვარ საზღვარს გასცდა, მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალი ჩანს, ისინი კი უკრაინის შეიარაღებაზე უარს არ ამბობენ და დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირების იმ მასშტაბამდე მიდიან, რომლიდანაც უკან დახევის რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. აშშ-ის სწრაფვა მსოფლიო ჰეგემონობისკენ არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ მსოფლიო მოწყობის მრავალპოლუსიან მოდელთან დაპირისპირებაცაა. ამის გათვალისწინებითაც დღეს ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არა მხოლოდ უგუნურება, არამედ დიდი უზნეობაცაა. რაც მთავარია, ეს სასწორზე დებს მსოფლიო უსაფრთხოების ბედს. მიუხედავად ამგვარი რეალობისა, დასავლეთს ამ ე.წ. გაფართოებაზე უარი არ უთქვამს. კიდევ ერთი უზნეობა, რომელსაც დასავლეთი ხელს აწერს, არის ის, რომ რუსეთის ჯიბრზე ევროკავშირის უკიდეგანო (გასკდომამდე) გაფართოების ვითარებაშიც კი საქართველოსთვის ეგ „ბედნიერება” არამც და არამც არ ემეტებათ. „გაფართოების ანგარიში, რომლის ფარგლებშიც ევროკომისია ამ გზაზე კანდიდატი ქვეყნების პროგრესს უნდა აფასებდეს, საქართველოს რეგრესზე საუბარს დაეთმო. გაფართოების საკითხებში ევროკომისარს რთულად თუ ახსენდება შემთხვევა, როდესაც კანდიდატმა ქვეყანამ დემოკრატიული და ევროპული რელსებიდან ამ სიჩქარით გადაუხვია”, – ვკითხულობთ ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში. „წლიური შეფასება უპრეცედენტოდ კრიტიკულია, რომელიც თითქმის ყველა სფეროში უკუსვლაზე ლაპარაკობს. კრიტიკა მეტწილად ადამიანის უფლებებს, სასამართლოებში არსებულ მდგომარეობასა და მმართველობის ფორმებს ეხება: “ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ საქართველოს რეალურ გზას ევროკავშირისკენ, თუ პირობები მკვეთრად არ შეიცვლება. საქართველო ახლა მხოლოდ სიტყვიერად არის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ვცდილობდით სანქციების დაწესებას მთავრობის იმ წევრებზე, რომლებიც ძალადობას მიმართავდნენ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ საქართველში. ამ დროისთვის საკითხზე ყველა წევრის თანხმობა არ გვაქვს, მაგრამ განვაგრძობთ მუშაობას სხვა გზების საპოვნელად”, – განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
უფრო მკაცრი იყო გაფართოების საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის, მარტა კოსის, პოზიცია: „საქართველოში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლით. აქამდე უკუსვლაზე ამდენი საუბარი, შესაძლოა, გაფართოების არც ერთ ანგარიშში არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ სამართლის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების მკვეთრი შეზღუდვა. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი. საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ ევროპულ მომავალს და მათ ჩვენი მხარდაჭერა აქვთ. კომისიისთვის საქართველოს კანდიდატის სტატუსი სადღეისოდ მხოლოდ ფურცელზე არსებობს. ზოგადად კონკრეტული მექანიზმები წევრი ქვეყნების ხელშია, თუმცა ნოემბერში, იმედია, ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ახალ მექანიზმს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ. მთავრობა მათ ეუბნება, რომ ისინი ევროკავშირში შეჰყავთ. ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ არ მიგყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირისკენ, თქვენ ისინი მიგყავთ ევროკავშირისგან შორს. თუ ევროკავშირზე სერიოზულად საუბრობთ, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს, შეწყვიტეთ ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების, ასევე განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაკავება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ“.
გაცილებით მეტი, ვიდრე ევროკომისრებმა ილაპარაკეს, ითქვა 90-გვერდიან დოკუმენტში, რომელშიც ავტორები ხაზგასმით ლაპარაკობენ ოპონენტების დაკავებაზე, არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევაზე, ინსტიტუციების პარტიული ინტერესებისთვის დაქვემდებარებაზე, პოლარიზაციის გაღრმავებაზე, ეუთო/ოდირისა თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უგულებელყოფაზე და, მათი აზრით, სხვა ანტიდემოკრატიულ მოვლენაზე, რომლის გამოც ევროპული ბლოკი ქვეყანას უარყოფითად აფასებს. „2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ გატარდებოდა რეფორმები, რომლებიც 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებით იყო გათვალისწინებული. ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კი, 2024 წლის ივნისსა და ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს მთავრობის კურსი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას და პრაქტიკულად იწვევს პროცესის დეფაქტო შეჩერებას. 2024 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ წუხილი გამოთქვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრების პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებდა. ევროკავშირის 2024 წლის გაფართოების პოლიტიკის თანახმად, კომისია ასკვნის, რომ, თუ საქართველო არ დაუბრუნდება ევროკავშირის გზას და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას, გაატაროს საკვანძო რეფორმები, კომისია საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს”, – ვკითხულობთ დასკვნაში.
ამ დასკვნაში ბევრი სხვა რამეც წერია – შეთითხნილი, თითიდან გამოწოვილი და დასავლეთის აქაური აგენტურის ნარატივით გაჯერებული. მაგალითად: „საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ გაეგრძელებინა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის პროცესი, ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა გადახვევა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისგან და საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ვალდებულებისგან — უზრუნველყონ ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში. საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა შემდგომი რეპრესიული ქმედებები, რომლებიც ფუნდამენტურად შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიას, სამართლის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებთან”.
აი, კიდევ ერთი ჩანაწერი: „ევროკომისიას შეუმჩნეველი არ დარჩენია საქართველოს ხელისუფლების აქტიურობა ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული ნარატივებისა და მტრული რიტორიკის გავრცელებაში. მანიპულაცია, კონსპირაცია, რუსული ტიპის დეზინფორმაცია” – ასე აფასებს ანგარიში “ქართული ოცნების” პოზიციას და მოღვაწეობას.
კიდევ ერთი მაგალითი: „საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას, თუმცა თანმიმდევრულად ეწევა მტრულ ანტიევროპულ რიტორიკას, განაგრძობს მანიპულაციებსა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას, რომლებიც ხშირად რუსული ტიპის დეზინფორმაციას ჰგავს”.
აჰა, კიდევ ერთი, ბოლო ამონარიდი: „საქართველოს ხელისუფლებამ მოქმედების კურსი, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც ევროკავშირის პრინციპებსა და ღირებულებებს, ასევე საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, უნდა შეცვალოს!“
ეს ყველაფერი საქართველოში მიმდინარე პროცესების სინქრონულია და ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ერთი მედლის ორ მხარესთან. საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევის გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დასავლეთიდან არის დაფინანსებულიც, მხარდაჭერილიც და ორგანიზებულიც. ისე ნუ გამიგებთ, ამ სათქმელს აღმოჩენის ინტონაციით გაწვდიდეთ. პირიქით, ეს ისეთი ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ გამეორება მერიდება, მაგრამ იგი თავისთავად გვახსენებს თავს და თავისთავად დგება დღის წესრიგში, ვინაიდან პროცესი არ დამთავრებულა, იგი ჯერ კიდევ დუღილისა და შინაგანი აქტიურობის ფაზაშია.
საერთაშორისო ფონი კიდევ უფრო დამაფიქრებელია. დააკვირდით, რა ვითარებაა: რუსეთის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან ერთად განიხილა პასუხი ამერიკულ ბირთვულ წვრთნებზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა პრეზიდენტს მოახსენა, „ამერიკელებმა 2025 წლის ოქტომბერში ჩაატარეს წვრთნები, რომლებზეც დაამუშავეს რუსეთზე სარაკეტო-ბირთვული პრევენციული დარტყმები. გარდა ამისა, ვაშინგტონი აპირებს ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რაკეტების განლაგებას, რომელთა ფრენის დრო, მაგალითად, გერმანიის ტერიტორიიდან რუსეთის ცენტრალურ რაიონებამდე 6-7 წუთს შეადგენს”. პუტინმა სერიოზული საკითხი უწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ბირთვული იარაღის გამოცდის დაშვებაზე. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მოსკოვი იძულებული იქნება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება”.
მოკლედ, შინ და გარეთ უმძიმესი ვითარებაა. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპა ამ ვითარებას კიდევ უფრო ძაბავს და ცეცხლზე ნავთს ასხამს. მიზანი ერთია – დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების (სპეცოპერაციის) ბოლომდე მიყვანა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და აგენტოკრატიის აღდგენა. ეს ყველაფერი ისე ნათელია, რომ, როგორც ზემოთ ვთქვი, ბანალური ჭეშმარიტების კატეგორიას განეკუთვნება. გაუგებარი მხოლოდ ის არის, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით ჩვენ ისევ ევროპის მიმართულებით ვივლით, ოღონდ მას შემდეგ, რაც ევროპა შემობრუნდება. „ჩვენ გვინდა გავხდეთ შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთის, როგორსაც დღეს ხედავთ!”
ოცდათხუთმეტი წელიწადი ევროპის მიმართულებით თუ ვიარეთ, ახლა, როგორც ჩანს, შემობრუნებული ევროპის მიმართულებით მოგვიწევს სიარული, მაგრამ არავინ იცის, შემობრუნდება თუ არა ევროპა, არც ის, შემობრუნების შემთხვევაში რამდენ ხანს მოგვიწევს მისკენ კუს ნაბიჯებით სიარული.
ვალერი კვარაცხელია







