Home რუბრიკები საზოგადოება შეგეშინდათ, ბატონო მინისტრო?

შეგეშინდათ, ბატონო მინისტრო?

159

გაზეთმასაქართველო და მსოფლიომდიდი პატივი დამდო და მე, სამეცნიერო ხარისხის მქონე ისტორიკოსპოლიტოლოგს, 92 წლის ბერიკაცს, 20 ოქტომბრის ნომერში გამომიქვეყნა წერილი, რომლითაც ბატონ დავით ზალკანიანს დებატებში ვიწვევდი მხოლოდ ერთ საკითხზე _ მას უნდა დაესაბუთებინა, მის სათაყვანებელ ნატოში გაერთიანება საქართველოს რა სარგებლობას მოუტანდა, ხოლო მე დავუმტკიცებდი, ნატოში გაერთიანება უბედურებათა სერიალებს რომ მოგვიტანდა.

თვე-ნახევარზე მეტი გავიდა, მაგრამ ბატონმა მინისტრმა ჩემ გამოწვევას პასუხი არ გასცა. იქნებ გაზეთებს არ კითხულობს და ინფორმაციაც არავინ მიაწოდა ან გამოწვევა ყურადღების ღირსად არ ჩათვალა? იქნებ შეშინდა კიდეც და გამბედაობა არ ეყო, ზრდილობის ნიშნად ჩემ შეთავაზებაზე უარი მაინც ეთქვა?

გადავწყვიტე, კვლავ ვთხოვო “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციას, გამომიქვეყნოს მასალა, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის შემთხვევაში რა შედეგს მივიღებთ, რა უბედურება დაგვატყდება თავს.

ბატონო დავით, ნატოში გაერთიანება საქართველოს გეოგრაფიული სივრცისათვის, რომელსაც 700-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან, კატეგორიულად გამორიცხულია. მე კი არა, თვით ქართული მიწა გაიძახის: მომაშორეთ ეგ ნატო, რატომ მღუპავთო! ქართული მიწა უტყვია; მისი ძახილი მე შევიცანი და როგორც ხედავთ, თქვენ გაახლეთ.

საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში, წინა აზიის რეგიონში რომ მდებარეობს, ეს ობიექტური კანონზომიერებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ბატონო დავით, იწამეთ ეს ჭეშმარიტება! ამიტომაა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ნატოს არ ეტრფიან, რუსეთის ფაქტორს ანგარიშს უწევენ. თქვენ კი, გზააბნეულს, საქართველო ევროპაში, ბისკაის ყურეში გგონიათ; გეოპოლიტიკური სიბრმავეა ეს, რომლითაც თქვენ და ბევრი სხვა ქართველი ძია სემმა დაგასნეულათ.

თუ თქვენ ნატოს მოთაყვანეთა ერთობლივი ძალისხმევით საკმაოდ შემსუბუქებულ, ტერიტორიებჩამოცილებულ ქართულ მიწას ამოჭრით, წაიღებთ და თუნდაც ადრიატიკის სანაპიროზე ჩადებთ, იქ, ბატონო დავით, რუსეთის ფაქტორი აღარ შეგაწუხებთ და ნატოშიც ზარ-ზეიმით შეგრიალდებით.

ვხედავ, იგინებით _ შეუძლებელს მთავაზობს ეგ ბებერიო. დიახ, ახლა ხომ მიხვდით, რას ნიშნავს ქართული მიწა-წყლის ობიექტური გეოპოლიტიკური კანონზომიერება? ბატონო დავით, ვთქვათ, თქვენი ოცნება აღსრულდა _ ნატოში მიგვიღეს, როგორ შედეგებს მივიღებთ?

პირველი _ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საბოლოოდ დავკარგავთ;

მეორე _ ცხინვალის რეგიონს მყისვე შეუერთებენ ჩრდილოეთ ოსეთს და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში აღმოჩნდება; მინიშნებები ამის შესახებ წლების განმავლობაში არაერთხელ გაკეთებულა;

მესამე _ ახალქალაქელი სომხების თავკაც აღასი არაბიანს წლების წინათ ქართველი ჟურნალისტისთვის ნათქვამი აქვს: “თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას ჯავახეთის საქართველოდან გამოსაყოფად”. წაიკითხეთ, ბატონო დავით, გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” #13, 2012 წ. გვ. 11;

მეოთხე _ ცხადია, არც მარნეულელი აზერბაიჯანელები მოისურვებენ ნატოურ საქართველოში ცხოვრებას;

მეხუთე _ ყველაზე მთავარი: მაშინ ნახეთ რუსეთის აბობოქრება, მავთულხლართები თუ ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და სხვა უბედურება.

ნატო მხოლოდ თავდაცვითი ორგანიზაციაა”, _ ყოვლად უსირცხვილოდ ტყუიან ამ ორგანიზაციის მესვეურები და თქვენც თუთიყუშივით იმეორებთ, ბატონო დავით. მაშინ გეკითხებით: ვისი ავიაცია ბომბავდა უმოწყალოდ ბელგრადს 1999 წლის აპრილში, ზედ აღდგომის დღეს ბომბებს რომ აყრიდა ცინიკური წარწერითგილოცავთ აღდგომას”?! ან კიდევ: ნატოს ავიაციამ ხომ არ გაასწორა მიწასთან აყვავებული ლიბია და მოკლა მისი ლიდერი _ მოამაღ კადაფი? სწორედ ნატოს ავიაცია ბომბავდა ერაყს და მოკლა მისი ლიდერი! ახსენით რატომ? რისთვის? რა დანაშაული მიუძღოდათ ამ ქვეყნებს? ხმა ამოიღეთ, ბატონო დავით, და, თუ შეძლებთ ნატოელთა ვერაგობის გამართლებას, “საქართველო და მსოფლიოსმეშვეობით ამცნეთ მკითხველს.

თქვენი ნატო, ბატონო დავით, გახლავთ ძალმომრეობითი სამხედრო აგრესიული ბლოკი, აშშ-ის ინტერესთა აღსრულების იარაღი. გირჩევთ, გაეცნოთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ისტორიული მემკვიდრეობის” მიერ გამოცემულ სქელტანიან წიგნს _ “ნატო მაკიაჟის გარეშე”, რომელშიც დაწვრილებითაა გაშუქებული ნატოს ორგანიზაციის ვერაგული “საქმენი საგმირონი”.

თქვენ, ბატონო დავით, ესწრებით მინისტერიალებს, სამიტებს, თათბირებს თუ კონფერენციებს; ხან აქ ხართ, ხან _ იქ. ფიგაროსაც კი შეშურდებოდა თქვენი ამდენი იქ-აქ; საქართველოში ქვეყნისათვის საზიანო რეცეპტებით ჩამოდიხართ. ქვეყანას ნუ ღუპავთ, გამოფხიზლდით, ამას თქვენთან ერთად ყველა ხელისუფალს მივმართავ: შეეშვით წყეულ ნატოს!

ბატონო დავით, კონსტიტუციაში ნატოში გაერთიანების სურვილის დაკანონება დანაშაულია, რადგან ეს გეოპოლიტიკური სიბრმავის დაკანონებაა, ეწინააღმდეგება საქართველოს გეოგრაფიული სივრცის ობიექტურ კანონზომიერებას, ამიტომაა, რომ ისტორია სასტიკად გვსჯის. რომ არ დავისაჯოთ, ნატოს ხსენება კონსტიტუციიდან უნდა ამოვძირკვოთ. ნატოს კბილები მაშინ გაუსინჯეს, როცა 5 წლის იყო, 1954 წლის 31 მარტს, როცა საბჭოთა კავშირმა ნოტით მიმართა იმხანად ნატოს 12 წევრ ქვეყანას, მიეღოთ მეცამეტე წევრად. ამ ნოტამ ნატოს მესვეურები ააფორიაქა, კედელთან მიიმწყვდია. ბოლოს მაინც უარი უთხრეს.ბატონო დავით, პირველად მაშინ ჩამოეხსნა თავდაცვითი ორგანიზაციის ყალბი ნიღაბი თქვენს ნატოს; გაშიშვლდა და, როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ძალა, წარმოგვიდგა. იწამეთ ეს აქსიომური ჭეშმარიტება.

საქართველო უკვე არის ნატოს წევრი, ბატონო დავით, ოღონდ დე ფაქტო და არა დე იურე. დე ფაქტო წევრია იმიტომ, რომ:

პირველი _ ნატოს ქვეყნებთან ერთად მონაწილეობს საქართველოში გამართულ სამხედრო წვრთნებში;

მეორე _ საქართველო მონაწილეობს ნატოს ქვეყნების მინისტერიალებში, თათბირებსა და სხვა ღონისძიებებში;

მესამე _ ნატოს ეგიდით საქართველოს საჯარისო ნაწილები სამშვიდობოების სახით ჩაყენებულია აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში, ადრე _ ავღანეთშიც;

მეოთხე _ აშშ დეფაქტო ნატოს წევრ საქართველოს თავისი ინტერესებისათვის უფრო ეფექტიანად იყენებს ვიდრე ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას, ამიტომ იცოდეთ, ბატონო დავით, სხვა ხელისუფალნო, ნატოს მოთაყვანე ოპოზიციურო ძალებო, რომ საქართველოს ნატოს დე იურე წევრად არასოდეს მიიღებენ.

დასასრულ, ბატონო დავით, წერილის გამოქვეყნების შემდეგ ფოსტით სამინისტროში გაახლებთ “საქართველო და მსოფლიოს” რამდენიმე ეგზემპლარს; აგაღებინებთ ხელში ამ დიდებულ გაზეთს თავისი შესანიშნავი, სიბრძნე-სიმართლით გაჟღენთილი პუბლიკაციებით, რომლებსაც ჩემ წერილთან ერთად გაეცნობით; იმედია, გონებას მოუხმობთ და ნატოსაგან _ აშშ-ის ამ პოლიტიკური კორონავირუსისგან _ გათავისუფლდებით.

მაშ, ჯანმრთელობას, გონიერებას, საღ აზროვნებას, ნატოსგან თავის დახსნას გისურვებთ, ბატონო დავით!

გივი გურეშიძე,

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here