Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი – როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს...

შალვა პაპუაშვილი – როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულს რომ ხარჯავ, გვაჩვენე, რაში ხარჯავ, არა, თქვენ ეს არ გეხებათ, ვინ გეკითხებათ – ეს არის დამოკიდებულება

წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სულ რაღაც 80 წლის არის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, და ამ პერიოდშიც კი ისინი, ვინც ძლევამოსილები იყვნენ, ისე არღვევდნენ საერთაშორისო სამართალს, როგორც მათი პოლიტიკური დღის წესრიგი მოითხოვდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ ერთად განაცხადა.

აღნიშნულით პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას: „რატომ ამბობენ ევრობიუროკრატები, რომ საქართველოში მიღებული კანონები არათავსებადია ევროკავშირის სტანდარტებთან?“.

„გასდით და იმიტომ ამბობენ. ძალა მათ ხელში არის და გასდით. ანუ, სამართალი უნდათ სხვებისთვის, პატარებისთვის, სუსტებისთვის, ხოლო დიდები და ძლიერები ძალით ხნავენ აღმართს. აქ არაფერია ახალი. მზის შუქზე ჩნდება ასეთი რაღაცები ხოლმე, როდესაც ფაქტია, რომ არაფერი ისტორიულად არ იცვლება. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი სულ რაღაც 80 წლის არის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, და ამ პერიოდშიც კი ისინი, ვინც ძლევამოსილები იყვნენ, ისე არღვევდნენ საერთაშორისო სამართალს, როგორც მათი პოლიტიკური დღის წესრიგი მოითხოვდა. დღეს კი უფრო აშკარა გახდა, რომ სინამდვილეში ეს წესები მოფიქრებული აქვთ, რათა პატარები და, ასე ვთქვათ, სუსტები თავისანთ ჭკუაზე ატარონ, ხოლო თვითონ იქცევიან ისე, როგორც სურთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – „ამ შემთხვევაში საქართველოს თვლიან პატარად და სუსტად?“ – პაპუაშვილმა უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ევროკავშირთან შედარებით. მართალია, ჩვენ 3.7 მლნ ადამიანით ესტონეთს ვჯობნით, მაგრამ პოლიტიკური ძალით მაინც ვერ ვჯობნით ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელსაც, როგორც ჩანს, ბრიუსელზეც კი აქვს გავლენა. როგორც ჩანს, დელეგაციებსაც კი გვიმოწმებს ესტონეთი, ვინ გვყავს ბრიუსელში დელეგაციაში. ფარისევლობის ყველაზე კარგი მაგალითი რომ მოვიყვანო – ახლა ამ წესით, რომელიც მიიღო ევროკავშირმა, საქართველოს ხელისუფლებამ ბრიუსელში რომ დააფინანსოს ორგანიზაცია, რომელიც შეეცდება, ლობირება გაუწიოს მარტა კოსის არადემოკრატიულად არჩევის პრინციპის შეცვლას – დღეს ევროკომისრები, ფაქტობრივად, ინიშნებიან სახელმწიფოების მიერ და დემოკრატიული ბმა არჩევნებთან არ არსებობს. წესით, ევროპარლამენტი პირდაპირ უნდა ირჩევდეს ევროკომისრებს – წარმოიდგინეთ, საქართველომ რომ დავაფინანსოთ ორგანიზაცია, რომელიც ლობირებას გაუწევს ევროკომისრის არჩევის წესის დემოკრატიულ გარდაქმნას, რომ პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოება იყოს ჩართული და ისე ავირჩიოთ მარტა კოსი ან მისი მემკვიდრე. ამ შემთხვევაში, საქართველო, ის ორგანიზაცია უნდა დარეგისტრირდეს იმ რეესტრში, რომელიც თვითონ თქვეს. ახლა, პირიქით, მარტა კოსმა რომ დააფინანსოს საქართველოში ორგანიზაცია, რომელიც ლობირებას გაუწევს პარლამენტში, მაგალითად, მოსამართლეების არჩევის ახალ წესს ან „ვეტინგს“ და გადამოწმებას, ეს არ უნდა დარეგისტრირდეს, ეს რუსული კანონია. ხვდებით? აბსოლუტურად იდენტურ შემთხვევაში საქართველო თუ დააფინანსებს ბრიუსელში ევროკომისრის არჩევის წესის დემოკრატიულ გარდაქმნას, დემოკრატიული წესის ლობირებას, ეს უნდა დარეგისტრირდეს როგორც უცხოური გავლენა, ხოლო თუ ბრიუსელი დააფინანსებს საქართველოში მოსამართლის არჩევის წესის შეცვლას, ეს არ უნდა დარეგისტრირდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსმა განცხადებაზე, რომ სამოქალაქო სექტორის დასაფინანსებლად ალტერნატიულ გზებს ეძებენ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ მოძებნილი აქვთ გარკვეული ასეთი შემოვლითი გზები. აბა, სხვანაირად როგორ ფინანსდებიან? ეს არის ზუსტად ცრუ ნარატივი, რაც თავს მოახვიეს ქართულ საზოგადოებას. თვალებში გვიყურებდნენ ევროპელები და გვატყუებდნენ, თითქოს ეს არის მიუღებელი წესი, როგორ შეიძლება, როგორ გავბედეთ ქართველებმა და შევკადრეთ ევროკავშირს, რომ ჩვენს ქვეყანაში ფულს რომ ხარჯავ, გვაჩვენე, რაში ხარჯავ, გვითხარი, გაგვაგებინე, გვაკადრე რაიმენაირად, რომ ვიცოდეთ. არა, თქვენ ეს არ გეხებათ, თქვენ ხართ რაღაც მე-17 ხარისხოვანი საზოგადოება. ჩვენ ჩამოვალთ, ფულს დავხარჯავთ, ჩვენ ვიცით, თქვენთვის რა არის კარგი, თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ და რა გეკითხებათ. ეს არის დამოკიდებულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც,  ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ევროკავშირში მესამე ქვეყნების ლობირების გამჭვირვალობასა და შესაბამისი რეესტრის შექმნას ეხება.

„დღევანდელი ფაქტი არის მხილება, სხვათა შორის, ფეხს ითრევდნენ. ალბათ გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ იყო დაინიცირებული ამ წესის მიღება. მაშინ, დებატების დროს ითქვა, ახლა ამას თუ მივიღებთ, საქართველოს ხელისუფლებას რა პირით ვუთხრათ, თქვენ არ მიიღოთ ეს ყველაფერიო. გადადეს და ეგონათ, მიჩუმათდა ეს ყველაფერი, დამალავდნენ. ეს არის ზუსტად მაგალითი, რამდენად ცრუ ნარატივების შემქმნელები არიან ბრიუსელის ბიუროკრატები. ჩვენ რომ გავწიოთ ლობირება, ევროპული სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესის ცვლილება საქართველოს სახელმწიფომ რომ დააფინანსოს, ეს იქნება უცხოური გავლენა და უნდა დარეგისტრირდეს. ბრიუსელმა რომ დააფინანსოს საქართველოში ქართველი მოსამართლეების არჩევის წესის ლობირება – როგორ გეკადრებათ, როგორ შეიძლება, ამას უცხოური გავლენა დავარქვათო. ტყუილი მხილებულია და ძალიან კარგად გამოჩნდა, ორწლიანი ეპოპეის შემდეგ ვინ აღმოჩნდა მატყუარა მხარე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here