Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წევრობაზე როცა ვსაუბრობთ, ამაში ხომ უსაფრთხოებაც იგულისხმება? ბრიუსელს...

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის წევრობაზე როცა ვსაუბრობთ, ამაში ხომ უსაფრთხოებაც იგულისხმება? ბრიუსელს თუ არავინ არაფერს ეკითხება, რა უსაფრთხოების გარანტიებზე შეიძლება გვქონდეს საუბარი?

ევროკავშირის წევრი საფრანგეთი არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის ყოფილი წევრია და ევროპის საერთო პოლიტიკაში მოაზრებული დიდი ბრიტანეთი გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახლავთ. ხუთი წევრიდან ორი ევროპული ქვეყანაა და რას ჰქვია, რა შუაშია? მაშინ ევროკავშირს რა უნდოდა მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ჩვენც ვიყავით ევროკავშირის მისიებში? – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: „რა შუაშია ევროკავშირი ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციასთან?“

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი, როგორც გლობალური ძალა, დღეს აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, ვერც ვეღარასდროს გახდება.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელის ბიუროკრატების თავქარიანმა ქმედებებმა განაპირობა ის დაღმასვლა, რაც ჩანს ევროკავშირთან დაკავშირებით.

„რამდენიმე წლის წინ ევროკავშირი იყო მეორე ეკონომიკა მსოფლიოში, მე მგონი, პირველიც კი, და დღეს ვხედავთ, ეკონომიკურად სად არის დასული საკუთარი არასწორი პოლიტიკის შედეგად. ნულის გარშემო ტრიალებს მისი ეკონომიკური ზრდა, არის ეკონომიკური სტაგნაცია. რამდენჯერმე, დიდი შუალედით გადაუსწრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელთანაც თანაბარი ეკონომიკა ჰქონდა სულ რამდენიმე წლის წინ. ეს არის მათი გაუაზრებელი, თავქარიანი პოლიტიკის შედეგი. აქ არიან ისინი ეკონომიკურად. და სადაც არიან პოლიტიკურად, ამასაც ვხედავთ. მაგიდასთანაც კი არ ეპატიჟებიან. ერთი მხრივ, საუბრობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არის ევროკავშირის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, გადამწყვეტი ომი და ამ მოლაპარაკებებზე მოლაპარაკების მაგიდასთანაც კი არ სვამენ.

უპირველეს ყოვლისა, ბრიუსელი თავქარიანმა პოლიტიკამ, მისი არარჩეული ბიუროკრატების გაუაზრებელმა, ანტიევროპულმა პოლიტიკამ მიიყვანა აქამდე, დღეს რომ სახვეწრად აქვთ საქმე, იქნებ რაღაცაში ჩართონ, იქნებ სადმე მოლაპარაკებებში იყვნენ. გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ მაკრონმა განაცხადა, რომ ის მზად არის რუსეთთან, პუტინთან შესახვედრად, და რა ხდება? რა ვიცი, რატომ ვერ ხვდებიან აქამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, ევროკავშირი მოიაზრება ორგანიზაციად, რომლის საერთო მოსახლეობაც 500 მილიონზე მეტია და რომლის ეკონომიკაც დღემდე მნიშვნელოვანი რჩება და არის ცივილიზაციური ცენტრი. დასავლეთის ცივილიზაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ვის ვგულისხმობთ, ევროპას ხომ? და ევროპას არაფერი სიტყვა რომ არ ეთქმის გლობალურ პროცესებში, ეს არის ზუსტად იმის ბრალი, როგორი თავქარიანი პოლიტიკაც აქვს დღეს ბრიუსელის არარჩეულ ბიუროკრატიას.

როგორც კონგრესს არ ჰკითხა არაფერი ტრამპმა – თქვა მიზეზი, რატომაც არ ჰკითხა, რომ მეთქვა, გაჟონავდა ეს ინფორმაციაო – ისე არ ეკითხება არაფერს ევროკავშირს. ასევე არ ეკითხებიან გლობალური ძლიერი ძალები არაფერს ბრიუსელს. ეს დამართა ბრიუსელმა თავის თავს. მაშინ თქვან, რომ ევროკავშირი არის ეკონომიკური კავშირი და მორჩა. როცა საუბარია, რომ არის პოლიტიკური ცენტრი და პოლიტიკური ძალა – შეგახსენებთ, არათუ დასავლეთ ნახევარსფეროში, აფრიკაში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მისი წევრების მონაწილეობით სირიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ვენესუელასთან სულ რაღაც ერთი თუ ორი ქვეყნის გამოტოვებით საფრანგეთის ტერიტორია არის.

საქმე იმაშია, ევროკავშირის და ევროპელი ლიდერები – ბრიტანეთის, საფრანგეთის და სხვები – დაბნეულები საუბრობენ, არაფერი იციან, უნდა გავერკვეთ ფაქტებშიო. ეკითხებიან შეფასებას, ხმას ვერ იღებენ, როგორ შეაფასონ, არ იციან, რადგან ევროკავშირი, როგორც გლობალური ძალა, აღარ არსებობს. დაასრულა არარჩეულმა ბიუროკრატიამ ევროკავშირი, როგორც გლობალური ძალა. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენს სურვილზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ამაში ხომ უსაფრთხოებაც იგულისხმება? ევროკავშირს და ბრიუსელს თუ არავინ არაფერს ეკითხება, რა უსაფრთხოების გარანტიებზე შეიძლება გვქონდეს საუბარი, როდესაც არაფერს არ ეკითხებიან იმ ორგანიზაციას, რომელიც გლობალურ მოთამაშეს ეძახის თავს? ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების თავქარიანმა, გაუაზრებელმა, ანტიევროპულმა, ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა განაპირობა ის დაღმასვლა, რასაც ვაკვირდებით ევროკავშირის მიმართ. როგორც გლობალური ძალა, ევროკავშირი დღეს აღარ არსებობს და, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ის ვეღარასდროს გახდება გლობალური ძალა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ევროპული კავშირი დღეს მხოლოდ სახელით არის ევროპული და სულ უფრო ნაკლებად რჩება მასში ევროპული ცივილიზაციის მომენტები.

„არ გვინდა ჩვენ ასეთი ევროკავშირის წევრობა, რასაც ვუყურებთ ბრიუსელს. ჩვენ გვინდა, შეიცვალოს ბრიუსელი, იყოს დემოკრატიული, სუვერენიტეტის, ევროპული ღირებულებების პატივისმცემელი. იმ ევროპული ღირებულებების, რასაც დღეს აღვნიშნავთ – ქრისტიანობაზე არის დამყარებული ევროპული ღირებულებები. სხვა რამე კი არ არის ევროპული ცივილიზაცია. ქრისტიანული ცივილიზაციაა მის საფუძველში და როდესაც აყალბებ ამ იდეოლოგიას, როდესაც ქმნი ყალბ ალტერნატიულ იდეოლოგიას, დევნი ნამდვილ ცივილიზაციურ იდეებს, რა თქმა უნდა, ის ევროკავშირი უკვე ევროპა აღარ არის. სამწუხაროდ, ევროპული კავშირი დღეს მხოლოდ სახელით არის ევროპული და, ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების წყალობით, სულ უფრო ნაკლებად რჩება მასში ევროპული ცივილიზაციის მომენტები “, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here