ყოველწლიურად მეტი შემოგვაქვს, ნაკლები გაგვაქვს და სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოება უკან-უკან მიდის

    სოფლის მეურნეობის პროდუქტები წელს 11,3%-ით გაძვირდა

    ჩვენი მთავარი სატკივარია  ის, რომ ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებ საკვებს თუ სასმელს ვაწარმოებთ და სულ უფრო მეტი შემოგვაქვს. შესაბამისად, სულ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული იმაზე, როგორი მოსავალი იქნება სხვა ქვეყნებში,  ბევრ პროდუქციას მოიყვანენ ისინი (და არა ჩვენ) თუ არა და  მისაღებ ფასად თუ მოგვყიდიან. „არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი“ – ამ პრინციპით, ყველა ქვეყანა ცდილობს სხვაზე იხეიროს და, სამწუხაროდ, ის „სხვა“ სულ უფრო ხშირად არის საქართველო…  საკვებისა და სასმელის იმპორტმა 1, 7 მლრდ ლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი რეკორდულია  2009  წლის შემდეგ, ანუ იმ პერიოდიდან, როცა ამ ყველაფრის ოფიციალური აღრიცხვა და შედარება დაიწყო.

     მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 1,721 მლრდ ლარის პროდუქტი შემოვიტანეთ.  2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 1,438 მლრდ ლარის, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 1,317 მლრდ იყო, 2022-ში – 1,195 მრდ, 2021 წელს – 852,333 მლნ, 2020-ში – 785,469 მლნ… რა გამოდის? სულ რაღაც, ხუთ წელიწადში შემოტანილი პროდუქტების რაოდენობა ისე გავზარდეთ, მილიარდით მეტს ვიხდით… ჰო, ერთი მილიარდით მეტს ხუთ წელიწადში. არადა, შეგვეძლო თუნდაც ის ტენდენცია შეგვენარჩნებინა, რომელიც 5 წლის წინათ გვქონდა და მილიარდი საქართველოში დარჩებოდა, არ წავიდოდა უცხოელების ჯიბეში, მაგრამ… სწორედ ამას ვგულისხმობთ ხოლმე, როცა ვამბობთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა უმძიმეს ვითარებაშია და წლიდან წლამდე ისე გადის დრო, გამოსწორების რეალური გზა არ ჩანს.

    რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიდანაც საკვებს ვეზიდებით, პირველ ადგილზე რუსეთია 395, 904 მლნ ლარით, შემდეგ მოდის თურქეთი – 190, 585 მლნ, უკრაინა – 104, 893 მლნ, ბრაზილია – 85, 179 მლნ, პოლონეთი – 71, 845 მლნ, ჩინეთი – 65, 257 მლნ, გერმანია – 60, 875 მლნ, საფრანგეთი – 60, 143 მლნ, აშშ – 55, 341 მლნ, ნიდერლანდები – 54, 774 მილიონი. ამასობაში  საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციას წლიური 11,3%-ანი მატება აქვს. როგორც წესი, „მარტივად“ გვიხსნიან, ეს სეზონური მატებაა და ნუ გეშინიათო, მაგრამ ტყუილია, ბატონებო. ჯერ ერთი, ეს არ არის სეზონური მატება, საქსტატი ამბობს, წლიური მატებააო, მეორეც – შარშანაც  გაძვირდა პროდუქტი, შარშანწინაც და მაშინაც სეზონს დააბრალეს, თუმცა მერე, როცა სეზონი დადგა, არაფერი გაიაფებულა… კომბოსტოს გარდა. ახლაც ასე იქნება, მატება ძალიან მარტივად შეგვრჩება და ასევე მარტივად მივიღებთ. ჰო, მოსახლეობა  შეეჩვია, რომ წლიდან წლამდე ყველაფერი ძვირდება და ამას  არავინ აპროტესტებს. გაგიგიათ, ოდესმე ქუჩაში ვინმე გამოსულიყოს და ფასები გაეპროტესტებინოს? არა, ჩვენ ამას არ ვკადრულობთ და ეს მაშინ, როცა თუნდაც იმავე ამერიკასა და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში ქუჩაში ხალხი, ძირითადად, სწორედ მომატებული ფასების გამო გამოდის. ჩვენთან კი მხოლოდ წელს 11,3%-ით გაძვირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტი და გამკითხავი არავინაა. მეტსაც გეტყვით, ახალი წელი ახლოვდება და ფასები აუცილებლად მოიმატებს. ეს განსაკუთრებით საქონლის ხორცს ეხება, რომლის ფასიც საახალწლოდ 35 ლარამდე  ავა. როგორც გვეუბნებიან, მომავალი წლის საწყისი ორი თვის განმავლობაში რუსეთიდან საქართველოში საქონლის შემოტანა გაჭირდება (ახალი საბუთებია საჭირო და ახალი რეგულაციებიც შემოდის). შედეგად, ახლა არსებული მარაგები, წესითა და რიგით, ახალ წელს უნდა ამოვწუროთ (ვიცით ქართველებმა ახალ წელს თავის მოქაჩლება) და მარაგი  აღარ იქნება. იგივე დაემართბა ღორის ხორცს, რომელიც… რასაც ახლა გეტყვით, შესაძლოა, არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს მწარე რეალობაა.

    მოგეხსენებათ, საქართველოში ღორის ხორცის წარმოება შემცირებულია. უფრო კონკრეტულად კი, ბაზარზე ადგილობრივი ღორის წილი 2%-იც კი არ არის. ღორების ძირითადი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, ცოცხალი თუ გაყინული. ჰოდა,  ძალიან კარგი ჯიშის ცოცხალი ღორები რომ შემოჰყავთ რუსეთიდან, ვალდებულება აქვთ, რომ ისინი აუცილებლად უნდა დაიკლას. ანუ, შემომტანს არ აქვს უფლება, ცოცხლად გაყიდოს. ხომ შეიძლება, ვიღაცას სურვილი ჰქონდეს, რომ რუსეთიდან შემოყვანილი კარგი ჯიშის ღორი იყიდოს, გაამრავლოს, თვითონაც ჰყავდეს… არა, ბატონებო, გამორიცხულია, შემომტანმა მოგყიდოთ, რადგან, ამას თუ გააკეთებს და გაუგებენ, 20-ათასლარიანი ჯარიმა არ ასცდება. კიდევ ერთი აუცილებელი პირობა არის ის, რომ არ შემოჰყავთ დაუკოდავი ღორი, ანუ კერატი, რადგან შემთხვევით  შემომყვანს სულმა რომ წასძლიოს, კერატი გადამალოს და  მის ნაცვლად სხვა ღორი  შეაჩეჩოს კონტროლიორებს, ვაითუ  ჯიშიანი ღორების გამრავლება  დაიწყოს. რას ნიშნავს ეს? გვაქვს თუ არა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდება და კონკრეტული ადამიანების ინტერესებს ემსახურება? ანუ, ვიღაცამ ადგილზე რომ არ გაამრავლოს ღორები და შემომტანებს ბიზნესი  არ ჩაუგდოს, მარტივი რეგულაცია მოფიქრეს – ცოცხალი ღორის გაყიდვის უფლება  არავის აქვს. არ გეგონოთ, საუბარი მხოლოდ ღორებზე იყოს. ანალოგიური რამ  ხდება ცოცხალ საქონელზეც. ცოცხალი საქონლის შემოყვანა რუსეთიდან შეიძლება, მაგრამ.. არ შეიძლება ცოცხლად გაყიდვა, უნდა დაკლა. აი, ცოცხლად გაყიდვა თუ გინდა, მაშინ ევროპიდან უნდა შემოიყვანო(?!). არადა, ევროპელებმაც კი აღიარეს: რუსეთი ჯიშიანი საქონლის (ანგუსი, შვიცი, ჰოლშტეინი, სიმენტალი) მოშენებით ისე წინ წავიდა, რომ თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას გაუსწრო, რაც მთავარია, სუფთა სისხლის საქონელს აწარმოებს და პრეტენზია მასთან არავის აქვს.

    საქართველოში კი რა ხდება? ვერ გავცდით ადგილობრივ ჯიშებს, ვერ გავზარდეთ ვერც რძის წარმოება, ვერც ხორცის და, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი შემოგვყავს თუ შემოგვაქვს,  არც იმის შესაძლებლობას აძლევენ დაინტერესებულ პირებს,  შემოყვანილი მაშინვე სასაკლაოზე არ გაუშვან. არადა, მოთხოვნა უზარმაზარია,  მხოლოდ  გიორგობას იმდენი ღორის ხორცი გაიყიდა, დიდ ქვეყნებსაც შეშურდებოდა, მაგრამ… ყველა აღიარებს, რომ საქართველოში გაზრდილ ღორის ხორცს სხვა გემო აქვს და შემოყვანილს – სხვა. ეს ლოგიკურიცაა, როცა დიდ მასშტაბებზე მუშაობენ ფერმები, ვერ დაიწყებენ გემოებზე ფიქრს, ისინი ზრდიან სწრაფად და ყიდიან დიდი რაოდენობით, ამიტომ ვამბობთ, შემომყვანს უნდა ჰქონდეს  გაყიდვის უფლება და, 3-4 თვის ბურვაკი 120 კილოს რომ იწონის, მომდევნო 3-4 თვეში, ნატურალური საკვებით ნაკვები, გასუფთავდება, ხორციც უფრო გემრიელი ექნება და ადგილობრივებიც იხეირებენ, მაგრამ… ადგილობრივებს ვინ ახეირებს, ერთმა და ორმა ადამიანმა უნდა იშოვოს დიდძალი ფული, დანარჩენებმა კი…

    ვერ გეტყვით, როდემდე იქნება ასე, მაგრამ იმას კი ვატყობ, რომ არც მომავლ წელს შეიცვლება დიდად რამე. მეტი სტატისტიკა რაღა უნდა ცალკე ხელისუფლებას და ცალკე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ყოველწლიურად მეტი შემოგვაქვს, ნაკლები გაგვაქვს და სოფლის მეურნეობის ადგილობრივი წარმოება უკან-უკან მიდის. გასაგებია, რომ ვიღაცის თუ რაღაცის ინტერესი დევს ამ ყველაფერში, რომ კონკრეტული მიმართულებები უკვე მონოპილიზებულია და არავის სურს დათმობა, მაგრამ ხომ შეიძლება, რამდენიმე მილიონს რომ აკეთებ, გაჩერდე, ჩათვალო, რომ საკმარისია და ადგილობრივ წარმოებასაც მისცე რაღაც შანსი, თავის გატანისა და გადარჩენის შანსი სამომავლოდ, თორემ ერთხელ თუ მოიშალა, მერე იმის ხელახლა აწყობა და ამუშავება ურთულესია.   საბჭოთა კავშირის პერიოდში ნაშენები ფაბრიკა-ქარხნები ხუთ წელიწადში გავასწორეთ მიწასთან და რომელი ავამუშავეთ დღემდე ან დავუბრუნეთ ძველებურ მასშტაბებს? საქართველოდან ტონობით  ჩაი რომ გადიოდა, სად არის ახლა ჩაის ბუჩქები? გავჩეხეთ და იმიტომ გავჩეხეთ, რომ ფაბრიკა-ქარხნებს მოვუღეთ მანამდე ბოლო და, რაც რკინა იყო, ჯართად გავზიდეთ, დანარჩენი კი აგურ-აგურ დავშალეთ.

    ჰოდა, თუ გვინდა, რომ გაისად ან  იმის შემდეგ ოდნავ მაინც შევაჩეროთ უკუსვლა და მერე წინსვლაზე ვიფიქროთ, სოფლის მეურნეობის აყვავება სახელმწიფოს  მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს; ზუსტად ისე, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა თურქეთმა, რუსეთმა, ბელარუსმა… მათ შედეგი ნამდვილად აქვთ!

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here