ყველაფერს პრემიქსიანს, ანუ ჯანმრთელობისთვის არც  ისე სასარგებლო პროდუქტს  მივირთმევთ და, სამწუხაროდ,  ამას უკვე შევეგუეთ 

    საქართველოში კვერცხის მწარმოებელი ფერმები 50 თეთრად ყიდიან იმ ქათმებს, რომლებსაც კვერცხის დება აღარ შეუძლიათ,  ანუ 70%-მდე აქვთ კვერცხის დება შემცირებული. ეს, რა თქმა უნდა,  ფერმებს ხელს არ აძლევთ და ამიტომაც ყიდიან,  მყიდველს კი აფრთხილებენ, რომ ამ ქათმის ჭამა არ შეიძლება, რადგან ისეთი საკვები აქვს მიღებული, მისი ხორცი, პრაქტიკულად, უვარგისია და ფრინველს მხოლოდ კვერცხის დასადებად თუ გამოიყენებენ. როგორ გგონიათ, რამდენი არ ჭამს იმ ქათმის ხორცს, რომელსაც 50 თეთრად ყიდულობს? რა თქმა უნდა,  უმრავლესობა მიირთმევს და, რაც მთავარია, არავინ კითხულობს, თუ ხორცის ჭამა საშიშია, რატომ არის უსაფრთხო ამ ქათმის მიერ დადებული კვერცხის მირთმევა.

    2015 წელს (იანვარი-ნოემბერი) საქართველომ 111 მილიონ დოლარზე მეტი ნედლი და გაყინული ქათმის ხორცი შეიძინა.   300 მლნ ლარი სხვა ქვეყნის ჯიბეში ჩაჩხრიალდა.  როგორ არ გავიხსენოთ თუნდაც სოფელ გამარჯვების მეფრინველეობის ფერმა, რომელიც თავისი პროდუქციით ლამის სრულიად  საქართველოს ამარაგებდა, ფერმა, რომელშიც მილიონობით ქათამს ზრდიდნენ.  იცით, რომ, რასაც ახლა ვყიდულობთ და ქათამს ვეძახით, სინამდვილეში 40-45 დღეში გაზრდილი ფრინველია? ვისაც წიწილასა  და ქათამთან შეხება ჰქონია,  იცის, რომ 45 დღეში ქათამს 2 კილოგრამამდე ვერ გაზრდის, მაგრამ ზრდიან და ზრდიან სწორედ იმ შხამ-ქიმიკატებით, რომლებიც… საქართველოში აკრძალულია. პარადოქსია ხომ? აკრძალულია აქ გამოყენება, მაგრამ ამ „საკვებით“ გაზრდილი ქათმის შემოყვანა და გაყიდვა – არა! ისიც ვთქვათ, რომ რამდენიმე დღის წინათ  სურსათის უვნებლობის სამსახურმა საზღვარზე შემოწმების შემდეგ 50 ტონაზე მეტი გაყინული ქათმის ხორცი დაიწუნა და ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნა. რაც შეეხება 5 მოწინავე ქვეყანას, რომლებიდანაც  ნედლ თუ გაყინულ ქათამს ვყიდულობთ, ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ჩინეთი – 22 489 ტონა (38, 074 მლნ აშშ დოლარი), აშშ – 11 050 ტონა (12,881 მლნ დოლარი) ბრაზილია – 10 245 ტონა (13,686 მლნ დოლარი), თურქეთი – 8 428 ტონა (12,550 მლნ დოლარი), უკრაინა – 8 318 ტონა (14 540 მლნ  დოლარი). ცოტა არ იყოს, გასაკვირია, რომ  4 წელია, უკრაინა ომობს და თან  ახერხებს,  საქართველოს ლამის 15 მილიონი დოლარის ქათამი მიჰყიდოს.

    ხომ საინტერესოა, რატომ არ ცდილობენ ადგილობრივი მწარმოებლები ქათმის ხორცის იმ რაოდენობით წარმოებას, რომ შემოსულის თუნდაც 10%  ჩაანაცვლონ და  დაახლოებით 11 მლნ დოლარის მოგება  მიიღონ?  როგორც გვითხრეს, ქართულ კომპანიებს, რომლებსაც აქ ფერმები აქვთ, ბითუმად შემოაქვთ ნედლი ქათმის ხორცი, შემდეგ ფუთავენ და ასაღებენ   ადგილობრივ ნაწარმად. ეს დაახლოებით იმ აფერას ჰგავს, სოფლებში დედაქალაქის ახლოს მოწყობილი კუსტარული საწარმოებიდან რძის ფხვნილით დამზადებული ყველის გაყიდვა რომ დაიწყეს, ვითომ იქაურია, ან კახეთის სოფლებში გუდის ყველად რომ ასაღებენ… რძის ფხვნილისგან დამზადებულ და  ესენციით გაზავებულ ნაწარმს, რომელსაც  ყველთან საერთო არაფერი აქვს…

    არ გეგონოთ, მხოლოდ ქათამი იყოს პრობლემა. ვესაუბრეთ ცოცხალი ღორის ერთ-ერთ  შემომყვანს, რომელმაც თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა. როგორც გაირკვა, კონკურენციას რომ გაუძლოს და ბაზარზე დარჩეს, იძულებულია, შემოყვანილი ღორები პრემიქსით კვებოს. მისი თქმით, გოჭებს თავიდანვე სპეცსაკვებს აჭმევენ, რის შემდეგაც 4-5 თვის ბურვაკი 100 კილოგრამზე მეტს იწონის, როცა ჩვეულებრივი კვების შემთხვევაში 35-40 კილო უნდა იყოს.

    სად არის გამოსავალი? ამ გადმოსახედიდან არსად, რადგან თუნდაც ცოცხალი ღირების შემომყვანები რომ შეთანხმდნენ და ყველამ ნატურალური საკვებით კვებოს ცხოველი, ჯერ ერთი, კილოგრამი ხორცის გაძვირება, სულ ცოტა, 5 ლარით მოუწევთ და ესეც არ იყოს, გაყინული ღორის შემომტანები, უბრალოდ, გაგუდავენ –  სამჯერ იაფად გაყიდიან. საბოლოოდ,  მივდივართ იქამდე, რომ ყველაფერს პრემიქსიანს, ანუ ჯანმრთელობისთვის არც  ისე სასარგებლოს მივირთმევთ და ამას  შევეგუეთ.  ამას წინათ  მეზობელი ყიდულობდა ცხვრის ხორცს და ხელები გაშალა, რა ვქნა, ცხვრის გარდა, ყველაფერი პრემიქსით არის გაზრდილი და გამოდის, რომ ნატურალური მხოლოდ ეს შეგვრჩაო. ცხვარს  კიდევ ვახსენებთ, მანამდე კი ისევ ქათამს დავუბრუნდეთ.

    არის ჯიშები, რომლებიც ნატურალური პროდუქტით გამოკვების პირობებშიც კი 4 თვეში წონას 1,5 კილომდე იმატებს, მაგრამ… ესეც წამგებიანია, რადგან ზრდა ორი თვით გიგრძელდება და,  შესაბამისად, ჯდება ძვირი. ეს,   საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან წამგებიანია. სოფლებში, სადაც, წესითა და რიგით, სპეცსაკვები არ უნდა სჭირდებოდეს ქათამს, კვერცხის დასადებ დანამატს მაინც აძლევენ, ანუ ფრინველი  მაინც იღებს არაჯანსაღ პროდუქტს, რომელიც ხორცის ხარისხზე აისახება და ბებიების მიერ დაკლული და მომზადებული სოფლის დედალიც აღარ არის ისეთი გემრიელი, ჩვენ რომ გვახსოვს.

    ერთი შეხედვით, გამოსავალი არ არსებობს, რადგან შექმნილი მწარე რეალობა  მიგვანიშნებს, რომ ნატურალურ პროდუქტზე გაზრდილი ცხოველის თუ ფრინველის ყოლა სისულელეა. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ამ საქმიდან მაინც არაფერი გამოვა, რადგან, სხვა თუ არაფერი, სიმინდი და ხორბალია ისე მოყვანილი,  შხამ-ქიმიკატები გვარიანად ურევია და  გამოდის, რომ მარცვლეულიც საკუთარი უნდა გქონდეს. არ გეგონოთ, ამის გაკეთება არავინ  სცადა  – ჩემმა  მეგობარმა სცადა, მაგრამ პროდუქტი ისე ძვირი დაუჯდა, რომ ვერ ყიდის. მეტიც, სოციალურ ქსელში ლამის ჯვარზე გააკრეს, ასეთი ფასები საიდან მოიტანეო. ჰო, როცა თეთრი სიმინდის ფქვილი, რომელსაც არაფერი ურევია, 10 ლარად გაქვს ნაყიდი, ბაზარზე კი „ნატურალური“ ფქვილი 4-5 ლარად ყრია, ქათმის გაყიდვა ძნელია.

    ხელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსკენ გავიშვერდით, მაგრამ არც ამას აქვს აზრი. ასეთი არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში ვერც სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოახერხებს  რამეს, ხელისუფლება კი „თავისუფალ ბაზარში“ რომ არ ერევა, არაერთხელ მოგვისმენია. წესით, გამოსავალი ის არის, რომ მიდგომა უნდა შეიცვალოს მსოფლიოში, რაც გამორიცხულია. ან მოსახლეობა უნდა იყოს ფინანსურად ისეთ მდგომარეობაში, როგორც მაგალითად, ნიდერლანდებშია, რომელიც ნატურალური პროდუქტების წარმოების მხრივ მსოფლიოში პირველია… ამ დროს ნიდერლანდებში 16 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და საქართველოზე ნაკლები მიწა აქვთ. ჰო, ეს კიდევ ერთი პარადოქსია, მაგრამ რა გაეწყობა, საქართველო, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში, პარადოქსების ქვეყნად იქცა.

    და ერთიც – შეიძლება ქათამთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ მიმდინარე წელს  სოფლის მურნეობის პროდუქტებიდან ყველაზე მეტად მატყლი გაძვირდა  – ერთი ტონა უკვე 1023 დოლარი ღირს, რაც 35,26%-იანი მატება ყოფილა. ჰოდა, საქართველოში მეცხვარეებს დიდი პრობლემა შეექმნათ, როცა ცხვრის გაკრეჭვა უწევთ –  გარემოს დამცველები დასდევენ, რომ არ გადაყარონ და  დამარხონ (თანაც სპეციალურ ადგილებზე, რადგან გვიან იხრწნება). ჰოდა, მეცხვარეები მზად არიან, მას, ვინც მატყლს წაიღებს, თითო მანქანაზე 2 ცხვარიც გაატანონ, ანუ, მატყლს ხომ უფასოდ  აძლევენ და…  კიდევ ცხვარს ამატებენ. არადა,  მსოფლიოში ყველაზე მეტად მატყლი გაძვირდა,  ჩვენ  კი  „ვჩალიჩობთ“, როგორმე გადავყაროთ.

    ლევან გაბაშვილი

    P.S.  ვინც ფიქრობს, რომ პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუ მატყლს დაწვავენ, ძალიან ცდება. მატყლი ნესტიანი და ნაკელიანია, არ იწვება მარტივად და რამდენიმე დღე კი არა, რამდენიმე კვირის განმავლობაში  ბოლავს. მატყლის გადამამუშავებელი ერთი ქარხნის აშენება ნეტავ ასეთი ძნელია?!

    ლ.გ.

                                                                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here