Home ახალი ამბები მსოფლიო ყველაზე სუვერენული

ყველაზე სუვერენული

გთავაზობთ  რუსი პუბლიცისტის,  ზახარ პრილეპინის, სტატიას  სათაურით   „ყველაზე სუვერენული”.  მასში საუბარია იმის შესახებ,  თუ როგორი აღმოჩნდა სინამდვილეში ჩრდილოეთი კორეა. ეს  სტატია ავტორმა გამოაქვეყნა  ტელეგრამ-არხ „Захар Прилепин“-ზე, შემდეგ კი ვებგვერდმა russian.rt.com-მა გადაბეჭდა.

„სამუშაო კვირა გავატარე ჩრდილოეთ კორეაში. ის ადამიანიც კი, რომელიც ღრმა სიმპათიით არის გამსჭვალული  ამ ქვეყნის მიმართ (როგორც მე),  აუცილებლად მოხვდება ლიბერალურ-ბურჟუაზიული დეზინფორმაციის განსაცვიფრებელ მასივში, რომელიც ეხება კსდრ-ს (კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკას).  თითქოს თქვენ კითხულობთ წიგნებს კსდრ-ის ისტორიის შესახებ და თვალყურს ადევნებთ  ამბებს, რომლებსაც ავრცელებენ   იქ მყოფი  ჩემი ამხანაგები, მაგრამ მაინც გეშინიათ: უცებ გამოხვალთ  თვითმფრინავიდან  და იქ დაგხვდებათ ორმოები, ბარაკები, რომელთა თავზეც გაკრულია ბელადების პორტრეტები  და ყველაფერი გარშემორტყმულია მავთულხლართებით.

ამ ჩამონათვალიდან, პირდაპირ ვიტყვი, ადგილზე ვნახე მხოლოდ  ბელადების პორტრეტები, ისიც მხოლოდ სახელმწიფო შენობებზე. სხვა მხრივ, ფხენიანი  მოვლილი ქალაქია (აბსოლუტური სისუფთავე ყველგან და ყველაფერში – ვერც შეადარებთ პარიზისა და რომის ნაგავსაყრელებს) ახალი აეროპორტით, სრულიად ახალი სასტუმროებით, ლამაზი გამზირებითა და ცათამბჯენებით.  ამბობენ, რომ ის  არ არის ერთადერთი ასეთი  ქალაქი კსდრ-ში.

რა თქმა უნდა, ავტომობილი უფრო ცოტაა, ვიდრე მოსკოვში (სამაგიეროდ საცობები ან უბედური შემთხვევები საერთოდ არ არის), მაგრამ ყველა ავტოტრანსპორტი  ახალია, დადის ყველანაირი ჯიპი და პიკაპი, მწკრივებად მოძრაობენ შესანიშნავი ტაქსები. მგზავრობა ქალაქიდან აეროპორტამდე ათი დოლარი ღირს. ეს ნიშნავს, რომ ხალხს (ბევრს) აქვს ფული ასეთი მგზავრობისთვის.  კსდრ-ში საავტომობილო ტრანსპორტი  არის როგორც კერძო (უმცირესობა), აგრეთვე,  სახელმწიფოს მიერ გაცემული.

მანქანები და ბინები უსასყიდლოდ გადაეცემათ, პირველ რიგში, მეცნიერებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, პროლეტარებსა და გლეხებს, რომლებიც წარმატებით მუშაობდნენ ერთ ადგილზე. ერთხელ  მანქანით ჩავუარეთ რამდენიმე მშვენიერ სახლს ორსართულიანი ბინებით. ვიკითხე: „ვინ ცხოვრობს აქ?”  ჩემი ადგილობრივი ამხანაგები მეუბნებიან: „საპატიო მეეზოვეები, ელექტრიკოსები, სხვა პროფესიის ადამიანები.

აქ რესტორნები მსოფლიო დონისაა (ვყოფილვარ ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქის   საუკეთესო რესტორნებში, აგრეთვე, ოკეანის გაღმა  და ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ). პერსონალი თავაზიანობის განსახიერებაა, მათი ინგლისური არ არის ისეთი, როგორიც, მაგალითად, ინდოელი კოლეგების, მაგრამ საკმაოდ მკაფიო და გასაგებია.                                                                                             ახალმა ლუდის ბარმა (გახსნა თვითონ  კიმ ჩენ ინმა) გამაოცა  ლუდის დახვეწილი სახეობებით.  აქვთ თავიანთი ლუდი (ქერისა და ბრინჯის) და არაყი (25 -გრადუსიანი, ბრინჯის). ალკოჰოლური სასმელების  დალევას დიდი ხნის წინათ დავანებე თავი: ჩვენს ეპოქაში სამი სირჩა არყის შემდეგ ნაბახუსევი  გემართება,  მაგრამ აქ ინტერესმა გაიმარჯვა. მოკლედ, გარანტიას გაძლევთ: აქ შეიძლება ბევრი ადგილობრივი არყის დალევა ლუდთან ერთად (რუსების მსგავსად უყვართ მისი შერევა).  დილით კი გაიღვიძებთ სუფთა და  ნათელ გონებაზე.  რესტორანში ადგილობრივმა „გოგონათა” ჯგუფმა გამაოგნებელი კონცერტი გამართა ისეთი დონის ოსტატობით, რომ პირველი 15 წუთის განმავლობაში  ეჭვი შემეპარა, ხომ არ მატყუებენ-მეთქი, რადგან  ასე დაკვრა შეუძლებელია. ბოლოს დავჯექი გიტარისტი, საქსოფონისტი და ბაიანისტი  გოგონების  პირდაპირ და  გამოვუტყდი  საკუთარ თავს: მე მესმის მსოფლიოში ყველაზე გულწრფელი ცოცხალი ბგერები. 

ისინი მონაცვლეობით მღეროდნენ ამერიკულ ქავერებსა ( ამა თუ იმ სიმღერის ახლებური ჩანაწერი სხვა მომღერლის ან ანსამბლის მიერ  – გ.გ.) და საბჭოთა სიმღერებს. შემდეგ შეასრულეს  ჩიჩერინასა და ბობუნეის  „წინა ხაზზე”! თანაც ისე, რომ  ცრემლი (სრულიად ფხიზელ) წამსკდა.

აქაური გოგონები (ბევრი მათგანი) საოცრად ლამაზი არიან, კაცები – მკაცრი და კონცენტრირებული. სმარტფონების უმეტესობა ახალი მოდელია. მათ აქვთ საკუთარი ინტერნეტი, თავიანთი მტრების განცხადებებსა და ნაწარმოებებს  არ კითხულობენ.  არასდროს მინახავს დაუდევრად ჩაცმული ადამიანი, არც ერთი მათხოვარი, მთვრალი ან თუნდაც ფრიკი  (ადამიანი, რომლის ქცევა, გარეგნობა და ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად განსხვავდება უმრავლესობისგან – გ.გ). კსდრ-ში მძიმე  დანაშაულს, პრაქტიკულად, არავინ სჩადის. როდესაც ელაპარაკები   ნარკომანიის ან პედოფილიის შესახებ, თუნდაც ყველაზე კონფიდენციალურ საუბრებშიც კი  ადგილობრივები არაერთხელ გეკითხებიან: „რა არის ეს?”და,  როდესაც გააცნობიერებენ,  კვლავ  სვამენ შეკითხვას: „რატომ უნდა ხდებოდეს ეს?“

აქ   25-29 წლისა  ქორწინდებიან. განქორწინებები 2-3%-ს შეადგენს. განქორწინების შემთხვევაში ბავშვები უფრო ხშირად მამებთან რჩებიან.

აქ რუსულ ენას ბევრი ადამიანი სწავლობს.  ვიყავი ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებელში და შევიხედე რუსული ენის ლექციაზე. უზარმაზარი აუდიტორია გადაჭედილი  იყო. ისინი თავისუფლად საუბრობენ რუსულად, პრაქტიკულად, აქცენტის გარეშე. რუსეთს ხაზგასმული პატივისცემით ეპყრობიან.

პირველი, რაც ჩასვლისთანავე ჩემს ამხანაგებთან (სამნი ვიყავით: ვეტერანი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ოფიცერი; პრორექტორი, შეთავსებით დონბასელი მოხალისე და მე).  ერთად  გავაკეთე, იყო  სალოცავად წასვლა. ჩრდილოეთი კორეა, ისევე როგორც ჩინეთი, არ არის ძალიან რელიგიური ქვეყანა –  სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის თავისებურად რელიგიურია. ასეა თუ ისე, არსებობს წინაპრების მძლავრი კულტი და  ტრადიციული რწმენის რთული სისტემა, რომელმაც კორეელ ერში გაიდგა ფესვები.

რაც შეეხება  რელიგიას, ჩრდილოეთკორეელი ლიდერები, რომლებიც განაგრძობენ სოციალიზმის მშენებლობას, არ ებრძვიან მას, მაგრამ არც ხელს უწყობენ. ჩრდილოეთ კორეაში ბუდისტური ტაძრებია. რაც მთავარია, ფხენიანის ცენტრში არის… მშვენიერი მართლმადიდებლური სამების ტაძარი.  გავიცანი ადგილობრივი მღვდელი – ძალიან კეთილი და მეგობრული კაცი. ტაძრის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოფენილია ვლადიმერ პუტინის მიერ ნაჩუქარი  ხატი. მსახურება ყოველ კვირას ტარდება. მოგვიანებით ქუჩაში მდგომებს ვკითხე:

– მღვდელი პარტიის წევრია?

– რა თქმა უნდა, – მშვიდად მიპასუხეს.

ეს  ნორმალურია. ამაში განსაკუთრებული არაფერია.

გვიანი სტალინური სსრკ-ის გავლენა ამ ქვეყანაზე, მის სტილზე (ფართო გაგებით) უზარმაზარია. თითქოს ეს  სტალინის 1953 წლის მონუმენტური საბჭოთა კავშირია, რომელიც დროში შეჩერდა, მაგრამ შეჩერდა მხოლოდ სტილის თვალსაზრისით: დილაობით  რეპროდუქტორებიდან ისმის საბჭოთა სიმღერების  კორეული ვერსიები. პიონერთა სასახლეები აქ ნამდვილი სასახლეებია,  საზოგადოების მილიტარიზაცია უკიდურესად მაღალია (გოგონები, რა თქმა უნდა, უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ, მაგრამ შეიძლება არც  იმსახუროთ, თუ ამის მიზეზი გაქვთ).

ყველა თვალსაზრისით, კსდრ არის უახლესი ტექნოლოგიების ქვეყანა, რომელიც სწრაფად ვითარდება. მას მართლაც ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი  ძლიერი არმია (1,5 მლნ სამხედრო 25-მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანაში), მეცნიერების განსაკუთრებული დონე ( ჩვენ მათ, დიდი ხანია, არანაირად არ ვეხმარებით), რაც, სხვა საკითხებთან ერთად, კორეელებს საშუალებას აძლევს, მიიტანონ  ბირთვული მუხტი აშშ-ის ან იაპონიის ნებისმიერ წერტილში.

ეს იციან ამერიკელებმაც და იაპონელებმაც.

ამ ქვეყანას ვერავინ შეეხება.

ვერავინ გაბედავს მისთვის თავისი პირობების კარნახს.

ჩრდილოეთ კორეის ჩინეთზე დამოკიდებულებაც, როგორც ირკვევა, მითია.  ეს ქვეყნები თანამშრომლობენ და მეგობრობენ, მაგრამ  კიმი პერიოდულად იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩინეთს კატეგორიულად არ მოსწონს, თუმცა ამ მხრიდანაც მათ არავინ არაფერს ეტყვის. კსდრ  ერთ-ერთი სუვერენული და თვითკმარი ქვეყანაა პლანეტაზე – აი რას ხვდები გულწრფელი გაკვირვებით და უდიდესი პატივისცემით, რაც სრულად გამოვლინდა ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს.

მოამზადა  გიორგი გაჩეჩილაძემ

https://russian.rt.com/opinion/1462939-prilepin-severnaya-koreya-rossiya

                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here