ყალბი…

    „ჩვენი ცხოვრების ყოველი მომენტი, სადაც ფიგურირებს სიყალბე, ამცირებს ჩვენს შანსს, რომ დავრჩეთ ადამიანად!” – ეს სიტყვები რუს პუბლიცისტსა და მოაზროვნეს, პეტრე კვიატკოვსკის,  ეკუთვნის. სიყალბე არამხოლოდ ადამიანს, ეპოქებს ანგრევს, ცხოვრების აზრსა და ადამიანის დანიშნულებას ანგრევს. სიცრუე ცხოვრების თანამგზავრია, მას ვერც სინამდვილიდან განდევნი და ვერც ხელოვნებიდან. ხელოვნება არათუ იტანს სიცრუეს, იგი ხელოვნების საფუძველთა საფუძვლად გვევლინება იმ გაგებით, რომ მისი მრავალი დარგი პირობითობაზე (სიცრუეზე) დგას, მაგრამ ეს დასაშვებია. სიყალბე სხვა რამეა. სიყალბე სიცრუის ყველაზე მაქსიმალისტური და ყველაზე საზიზღარი ფორმაა. სიყალბე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორმაგი სიცრუეა…

    სიყალბე სპობს ყველაფერს, სადაც იგი ჩნდება, დაწყებული ადამიანური ურთიერთობებით და დამთავრებული საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმებით –  ხელოვნებით, რელიგიით, მეცნიერებით… საკმარისია ყალბი ნოტი მუსიკაში, ყალბი პათოსი თეატრში, ყალბი შტრიხი მხატვრობაში, ყალბი „აღმოჩენა” მეცნიერებაში ან ყალბი განწყობა (ფარისევლობა) სარწმუნოებაში, რომ წყალმა წაიღოს ყველაფერი. იკარგება სული, ქრება განწყობა, ისადგურებს შეცბუნება და ჩნდება უნდობლობა. სამწუხაროდ, სიყალბე იგუა და შეისისხლხორცა საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმამ, რომელსაც პოლიტიკა ეწოდება და რომელმაც თითქმის გადაფარა ყველა დანარჩენი. დღეს საზოგადოების ყურადღება გაფაციცებულია  პოლიტიკის მიმართ. ეს იმ დროს, როდესაც თითქმის არავის აინტერესებს ფილოსოფია, მწერლობა, ხელოვნება…

    პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესები ისე ყალბია, რომ მის შიგნით სიმართლისთვის ადგილი არც რჩება. არჩევნები პოლიტიკის საფუძველთა საფუძველია. რა არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ არჩევნებისას  ვუყურებთ – ხალხის ნების გამოხატვა თუ ხალხის ნების დათრგუნვა? მხოლოდ საქართველო არ მყავს მხედველობაში, ე.წ. დემოკრატიულ არჩევნებს ვგულისხმობ საზოგადოდ. დემოკრატიულ სახელმწიფოთა კონსტიტუციებში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ანუ ხალხი ხმათა უმრავლესობით ირჩევს ხელისუფლებას.  შეესაბამება ეს ფუნდამენტური პოლიტიკური დებულება სინამდვილეს? ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. ბურჟუაზიულ სისტემებში არჩევნები თავიდან ბოლომდე ფარსია. არჩევნების ბედს წყვეტს არა ის, ვინც გამოცხადებულია ხელისუფლების წყაროდ ანუ ხალხი, არამედ ის, რაც თითქოს არ არის და არც უნდა იყოს დაკავშირებული არჩევნებთან – კაპიტალი. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ბურჟუაზიულ საზოგადოებაში ხელისუფლების წყარო ხალხი კი არ არის, ფულიანი ხალხია. დააკვირდით ამ ციფრებს:  2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც  ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი დაამარცხა, ორივე მხრიდან დაიხარჯა 5, 7 მილიარდი დოლარი (მონაცემები ეკუთვნის ორგანიზაციას  Open Sekrets, რომელსაც აღრიცხული აქვს ყველა შემოწირულობა). ვინ დადო ეს ასტრონომიული თანხა? რა თქმა უნდა, კაპიტალისტებმა, რომლებიც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებული არჩევნების ბედით. აშშ-ის მოსახლეობის რამდენ პროცენტს წარმოადგენენ ისინი, ვინც ამ უზარმაზარი კაპიტალის აკუმულირებას ახდენს? იქნებ ერთ პროცენტს, იქნებ ორს, გნებავთ, ხუთს და, თუ გნებავთ, ათს. დანარჩენი ოთხმოცდაათი პროცენტის მონაწილეობა არჩევნებში ფიქციაა და სიყალბე. საქმეში ხუთი და ექვსი მილიარდი დოლარი სადაც მონაწილეობს, იქ არჩევნების ბედს ხალხს გადააწყვეტინებენ?!  რა ბითური უნდა იყოს ადამიანი,  ეს რომ დაიჯეროს! თანაც ამ შემთხვევაში ლაპარაკია ოფიციალურად აღრიცხულ თანხებზე, მაგრამ სინამდვილეში ყველამ იცის, რომ ოფიციალური შემოწირულობების გვერდის ავლით დიდძალი თანხების მობილიზაცია წარმოებს, რომლებიც არსად აღირიცხება. სამართლის სპეციალისტი იორგ ხაბენშტრაიტი აცხადებს: „შემოწირულობები კონტროლდება ფედერალური კანონების მეშვეობით, მაგრამ ამ კანონებისთვის გვერდის ასავლელი ხვრელი ბევრია”. შვეიცარიის სანკტ გალენის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს დევისი აცხადებს: „ახლა საარჩევნო კამპანიებზე იხარჯება უპრეცედენტო თანხები”. ასეა ყველგან. მასშტაბები აშშ-თან შედარებით სხვაგან მოკრძალებულია, მაგრამ ტექნოლოგია ერთი და იგივეა. არჩევნების ბედს წყვეტს კაპიტალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების წყარო ხალხი ვერ იქნება. საპარლამენტო არჩევნებში თითოეული მანდატი რომ იყიდება, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? დაითვალეთ, რამდენი მილიონერი დეპუტატი გვყავს საქართველოს პარლამენტში და მიხვდებით, რამდენი მანდატია გაყიდული, ნაცვლად იმისა, რომ მათი მფლობელები ხალხის მიერ ყოფილიყვნენ არჩეული. ეს ხომ ის სიყალბეა, ორმაგ სიცრუეს რომ ნიშნავს?!

    ამის გამო მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ხალხის პოლიტიკური განწყობები და პარლამენტის შემადგენლობა ერთმანეთს არ ემთხვევა. არანაირი საბუთებისა და ციფრების მოტანა არ სჭირდება იმის მტკიცებას, რომ საქართველოში პროდასავლური ორიენტაცია და განწყობები თითქმის ჩაქრა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთმა წიხლი გვკრა და თანაც აშკარა ძალადობაზე გადავიდა. ამას იმიტომ აკეთებს, რომ აგენტოკრატიის აღდგენას უკვე დაუფარავად ცდილობს, რომლისთვისაც სახელმწიფო გადატრიალებაზეც მიდის. ეს   ისე  ნათელია, რომ  მტკიცებაც არ სჭირდება. ამ ფონზე, ბუნებრივია, საგრძნობლად გაძლიერდა პრორუსული განწყობები. ესეც ისე ნათელია, რომ არც მას სჭირდება სოციოლოგიური გამოკვლევებით დადასტურება. ჩნდება შეკითხვა –  ამ განწყობების წარმომადგენელი ძალა სად არის, რატომ არ ჩანს იგი საქართველოს პარლამენტში? ამ მსოფლმხედველობის მქონე ელექტორატი ხომ ამავე მსოფლმხედველობის მქონე დეპუტატებს აირჩევს? აირჩევს, არჩევანის საშუალება თუ მიეცემა, მაგრამ როგორ აირჩიოს, როდესაც ამ განწყობის შესაბამისი პარტია არ არსებობს? რატომ არ არსებობს? შექმნას ხალხის იმ ნაწილმა, რომელზეც არის საუბარი, შემდეგ მისცეს ხმა მის მიერვე შექმნილ პარტიას და საკუთარი პარტიაც ეყოლება და დეპუტაციაც.  ასე მარტივია ეს საქმე თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად ძნელია, მეტიც –  შეუძლებელი, რადგან პოლიტიკაზე როგორც კი დაიწყება საუბარი, იმავე წამს ფულის საკითხი დგება. პარტიის შენახვა და მისი რეკლამის კეთება კოლოსალურ თანხებს    უკავშირდება. ხალხის რომელი ნაწილი შეძლებს ამას, თუკი დიდი კაპიტალის მქონე პირი ან პირთა ჯგუფი არ უდგას მას მხარში? ფულიანი კაცები კი დასავლეთიდან იმართებიან და არავითარ შემთხვევაში არ მოინდომებენ ანტიდასავლური განწყობების ბაზაზე აღმოცენებული პარტიის დაფინანსებას. ეს საქმე წინასწარ განწირულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხში არსებული ეს პოლიტიკური განწყობა პარლამენტში ვერ აისახება. აი, ასე ვიღებთ კიდევ ერთ ფიქციასა და სიყალბეს, რომელსაც მთლიანად საქართველოს პარლამენტი ჰქვია.

    ახლა ე.წ. ოპოზიციის საკითხი ვნახოთ. ოპოზიცია მმართველი პარტიისა და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის კურსის საწინააღმდეგო პოზიციაზე მდგარ ადამიანთა პოლიტიკური ერთობაა, რომლის არსებობაც დემოკრატიულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში აუცილებელია, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ასეთი რამ ძნელი მისაღწევია, თითქმის შეუძლებელიც. ამ სიძნელისა და შეუძლებლობის უკან არის ვითარება, რომელსაც შესანიშნავად მიესადაგება რუსული ანდაზა: „წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება!” ამ სიცარიელეს თვითონ ხელისუფლება ავსებს. იგი ან ფარულ გარიგებაში შედის, ან მოისყიდის უკვე არსებულ ოპოზიციას ან, როგორც უკვე ვთქვით, თავად ქმნის მართულ, როგორც მას ენამოსწრებულად უწოდებენ, ჯიბის ოპოზიციას. საზოგადოების სერიოზულ ნაწილში არსებობს პოლიტიკური განწყობა, მაგრამ იგი ვერ ქმნის შესაბამისი განწყობის მქონე პოლიტიკურ ორგანიზაციას ფინანსების დეფიციტის გამო. ადგება ხელისუფლება და თავად შექმნის ასეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ფორმალურად ავსებს ამ ვაკუუმს, მაგრამ სინამდვილეში, ოპოზიციას კი არა, მმართველი პარტიის დანამატს, მის მიერ ხელოვნურად შექმნილ ფრაქციას (ფიქციას) წარმოადგენს და მის მიერვე იმართება. მაგალითი გნებავთ? ინებეთ: საქართველოს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ” შექმნა ე.წ. ხალხის ძალა, რომელსაც სააშკარაოზე გამოჰქონდა ის ინფორმაციები, რომელთა გამოტანა მმართველ პარტიას თითქოს არ სურდა; სინამდვილეში სურდა, მაგრამ არ უნდოდა, ეს მისი ხელით გაკეთებულიყო და მისი პირით გახმაურებულიყო. მიუგდებდა ამ ინფორმაციას „ხალხის ძალას”, რომელიც მისი გამხმოვანებელი იყო. მორჩა, ინფორმაცია ისე გავიდა ხალხში, რომ მმართველმა პარტიამ „უმანკოება” შეინარჩუნა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში.

    ახლა მმართველ პარტიას სჭირდება ნეიტრალიტეტის იდეის გამხმოვანებელი პოლიტიკური ძალა, რადგან რუსეთი ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეში,  პრორუსულად განწყობილი თუ არა, ნეიტრალური ქვეყნები მაინც ჰყავდეს, ვინაიდან მისთვის მთავარია, მეზობლად ნატოს წევრი სახელმწიფოები არ მოუმრავლდეს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში დიდი ხნის წინათ გაჩნდა ნეიტრალიტეტის განწყობა. ამ მიმართულების პირველი პარტია „ნეიტრალური საქართველო” მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ჯერ კიდევ 2007 წელს დავაფუძნეთ. შემდეგ ეს იდეა ხან ნინო ბურჯანაძემ და ხან დავით თარხან-მოურავმა  ატრიალეს. დღეს მას მიმდევრებიც ჰყავს და პოპულარობაც არ აკლია, მაგრამ ხელისუფლებამ  ამაზე თვალი დახუჭა და გადაწყვიტა,  ახალი „ნეიტრალური საქართველო” დაეფუძნებინა, ოღონდ საკუთარი ხალხით დაკომპლექტებული, ანუ ის, რასაც ჯიბის ოპოზიცია ჰქვია. რა არის ეს? ეს სწორედ ის არის, რასაც ფიქცია და სიცრუე ჰქვია. ეს არის დიდი სიყალბე, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – როგორც რუსეთის, ასევე საკუთარი ხალხის მოტყუება. ამ ყალბ ძალას „ნეიტრალური საქართველო” ვერ დაარქვეს, ვინაიდან ამ დასახელების პარტია, როგორც გითხარით, თვრამეტი წლის წინათ არის რეგისტრირებული, ამიტომ დასახელებას წინ სიტყვა „ერთიანი” დაუმატეს, თუმცა, ცხადია, არაფერი გაუერთიანებიათ, უბრალოდ, კიდევ ერთი მატყუარა პარტია შექმნეს. ამ ორგანიზაციის ლიდერებიც ისევე არიან რუსოფობიით გაჟღენთილნი, როგორც მმართველი პარტიისა, რომლებსაც რუსეთისა და საქართველოს ინტერესთა შეჯერება-ჰარმონიზებაზე არასოდეს უფიქრიათ, პირიქით…

    აი, რამდენიმე ცოცხალი და ხელშესახები მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს სიყალბე პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეთი მაგალითი უამრავია, მაგრამ პრობლემა ერთია – დიდი, ვერაგი, გამოუსწორებელი ზიანის მომტანი, დაუძლეველი და დამანგრეველი პრობლემა. სტატიას სათაურად შევურჩიე სიტყვა ყალბი, ბოლოში სამი წერტილით. ეს წერტილები თავად შეგიძლიათ შეავსოთ იმ სიტყვით, რომელიც თქვენი აზრით უფრო მიესადაგება სიტუაციას. ეს შეიძლება იყოს – ადამიანები, პოლიტიკა, ეპოქა, რეალობა და ა.შ.

    არჩევანი თქვენზეა!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here