მოგმართავთ დიდი პატივისცემითა და მორიდებით. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ თქვენ ბრძანდებით ის პიროვნება, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს, რაშიც ჩვენც ღრმად ვართ დარწმუნებული.
უწმინდესო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი აზრი 2018 წლის არჩევნებზე.
ვფიქრობთ, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც აღიარებს ჩვენი “ერის გადარჩენის პროგრამის” ორ ძირითად პუნქტს და დაგვეხმარება მის გადაწყვეტაში:
1.საქართველო თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით წარმოადგენს ერის საკუთრებას;
არავის ჰქონდა და არავის აქვს მისი გასხვისების უფლება!
ამიტომ ის ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ ერის წიაღისეულით, უნდა დაიბეგრონ მოგების გადასახადის 50%-ით მაინც, ნაცვლად არსებული 20%-ისა, რაც შესაძლებელია საგადასახადო სისტემის შეცვლით. ამით არც საკუთრების კანონს დავარღვევთ, არც რევოლუცია დაგვჭირდება და სამართლიანობაც მეტ-ნაკლებად აღდგება.
ეს პუნქტი, ჩვენი აზრით, უნდა შესრულდეს არჩევნებამდე.
2.ჩაიწეროს კონსტიტუციაში: ყველა პრეზიდენტმა და მთავრობამ კანონით აგოს პასუხი ხალხის მოტყუებისთვის, საარჩევნო დაპირებების არ ან ვერ შესრულებისთვის. უნდა დასრულდეს პრეზიდენტის ფიცის დადებით ერის მოტყუება.
უწმინდესო, თუ ჩვენი მოძრაობა არ მიდის სწორი მიმართულებით, მე მზად ვარ, მოვისმინო ეს პირადად თქვენგან და შევწყვიტო ჩემი აქტიური საქმიანობა ეროვნულ მოძრაობაში.
მაგრამ, თუ ჩათვლით, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ, როცა თქვენ ინებებთ, გვიხმეთ სამების ტაძარში, რათა თქვენი ლოცვა-კურთხევითა და დალოცვით გავაგრძელოთ სამშობლოს კეთილდღეობისათვის ბრძოლა.
პატივისცემით,
ელგუჯა ქოჩიაშვილი,
“სრულიად საქართველოს ეროვნული მოძრაობა 2017”-ის თავმჯდომარე







