ქართული ურაპატრიოტიზმი და  მატრაკვეცობა

    თვითონ უკრაინელი ხალხი მოითხოვს ომის დასრულებას ნებისმიერი პირობით, ამ დროს საქართველოში არაერთი ადამიანი ისევ მატრაკვეცობს და ცდილობს, უკრაინელებზე მეტი პატრიოტი გამოჩნდეს. სწორედ მათი გამოხდომები აძლევს დასავლეთს იმის საფუძველს, რომ კვლავ იფიქროს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე... საქართველო პროცენტულად ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთით დაეხმარა უკრაინას, მაგრამ ეს არავინ დაგვიფასა, მადლობაც კი არ გვითხრეს

    178

    გახსოვთ, ალბათ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დაწყებული სამხედრო დაპირისპირების შემდეგ უკრაინაშიც კი არ იყო გამოფენილი ლურჯ-ყვითელი ფერის იმდენი დროშა, რამდენიც საქართველოში.  კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ურაპატრიოტიზმში ბადალი არ გვყავს… უზარმაზარი ჰუმანიტარული დახმარების  მიუხედავად, უკრაინელები მთავარ მტრად მაინც ჩვენ  გვაცხადებენ და თანაც  ამ ხნის განმავლობაში არა მხოლოდ ჭკუას გვარიგებენ, არამედ ქართველ ერს მოუწოდებენ, რევოლუცია მოაწყვეთ და მოქმედი ხელისუფლება შინ გაუშვითო. ჰო, სწორედ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი პირები აკეთებენ ამ განცხადებას და სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ…

    უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში არ მოუხდია იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა, რომ ამტკიცებდა, ცუდად არის მიშა, გამოუშვით, მე მივხედავ, მე გამოვაჯანმრთელებო. მერე კი, როცა სააკაშვილის რეალური სახე გამოჩნდა და გაირკვა, ორმ ეს ყველაფერი ბლეფი იყო, ზელენსკიმ ბოდიშისთვის ვერ მოიცალა. ისე, ვოლოდიმირი მასხარაა და ეგებ მისგან ბოდიშს არც უნდა დავლოდებოდით, მაგრამ ანალოგიურად იქცეოდნენ ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები, ევროპარლამენტარები. ისინი სახეს იხოკავდნენ და თმებს იპუტავდნენ, ბოდიში კი, არავინ მოიხადა…

    სამხედრო დაპირისპირება გვარიანად გაჭიანურდა და უკრაინელები მათ მთავარ პარტნიორებსაც კი აღარ ახსოვთ. ომში დახოცილი ადამიანები ზუსტად ისე იქცნენ სტატისტიკურ მონაცემებად, როგორც ეს კორონას პერიოდში მოხდა –  აღარავის ახსოვს, რამდენი მოკვდა, როგორ დაფერფლეს თუნდაც იტალიაში ათასობით ადამიანი და ამ ამბავსაც თითქოს ყველა შეეგუა – სიკვდილი, უბრალოდ, სტატისტიკურ მონაცემად იქცა. ამის მიუხედავად, საქართველოში კვლავ შეხვდებით ამა თუ იმ კვების ობიექტისა თუ მაღაზიის შესასვლელში ან შენობების აივნებზე  გამოფენილ უკრაინულ დროშებს და მატრაკვეცობას, ზუსტად  მატრაკვეცობას, რადგან…

    ერთმა მეგობარმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და, აგერ უკვე მეხუთე წელია, საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ბათუმში ბინის ყიდვა გადაწყვიტა და კონკრეტულ კომპანიას მიადგა,  აუხსნა, როგორი ბინა უნდოდა, სად უნდოდა და დაახლოებით რა ფასად. ჰოდა, კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მისთვის მომსახურება რომ გაეწიათ,  ბინაში გადახდილი თანხის 1% უნდა გადაერიცხა უკრაინის დახმარების ფონდში და ხელი  მოეწერა ე.წ. მანიფესტზე, რომელიც ამავე კომპანიის შემუშავებული იყო და რომელშიც ეწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ რუსეთის პრეზიდენტი საერთაშორისო დონის დამნაშავეა. მეგობარმა დამირეკა, ვერ იჯერებდა, რომ ამ ყველაფერს მართლა ეუბნებოდნენ. კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ ერთადერთი კითხვა დავსვი: „თუ ფიქრობთ, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია, თუ ახდევინებთ თანხის 1%-ს,  ხომ არ აჯობებდა, ეს თანხა საქართველოს დახმარების ფონდში გადაერიცხა და არა უკრაინაში?!“ პაუზის შემდეგ მითხრეს, რომ კარგი იდეა მივაწოდე, მაგრამ გაუკვირდათ, რატომ ვუწოდე ამის შემდეგ იდიოტები და რატომ ვუთხარი, რომ ისინი არც საქართველოს პატრიოტები არიან, არც უკრაინის და, საეროდ, არავინ არიან.  მეგობარს კი ბათუმელი ახლობლის ნომერი მივეცი და ორ საათში  სასურველი ბინა უპრობლემოდ შეიძინა. საუბედუროდ, ეს არ არის ერთი შემთხვევა და დღესაც კი ვიღაცები კონკრეტულ ადამიანებს სთავაზობენ უკრაინის დახმარების ფონდში რაღაც თანხის გადარიცხვას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველომ პროცენტულად ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაუშვა უკრაინაში, მაგრამ ეს არავინ დაგვიფასა,  მადლობაც კი არ გვითხრეს.

    საერთოდ, ქართველი ბიზნეს-ოპერატორები ნელ-ნელა წუწუნს უმატებენ: აქაოდა, რუსები ყველაფერს გვართმევენ, აქ ბიზნესები წამოიწყეს და ჩვენ გვავიწროვებენო. მეტიც, ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ კონკრეტულად რუსთის მოქალაქეებს ბინზესის წარმოებაზე შეზღუდვები დაუწესდეთ ან გადასახადები მოემატოთ.  ახლავე გეტყვით, შეშფოთების რეალური მიზეზი რა არის: ქართული კომპანიები მიჩვეულები იყვნენ კონკურენციის გარეშე მუშაობას, ანუ კონკურენცია არ იყო საშინაო ბაზარზე, ახლა კი უდიდესი კონკურენცია შეიქმნა და ეს აღარ მოსწონთ. მარტივ მაგალითებს გეტყვით:  სასტუმრო, ფრენა, ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე და ა.შ.  ერთი ადამიანისთვის  500 დოლარი ღირს, ანუ 4-სულიანმა ოჯახმა 2 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს. ამ დროს საქართველოში მოქმედი ტურისტული კომპანია რუსეთიდან ოჯახებს ეპატიჟება… 4 ან 5 ათას დოლარად და იმაზე მეტს იტოვებს, ვიდრე  სასტუმროს მფლობელი. ანალოგიური რამ  ხდება შემოყვანილ ავტომობილებზეც, ამერიკაში 4 ათასად ნაყიდ მანქანებს აქ 12-13 ათასად ყიდიან და, როცა  რუსები (ყაზახებიც, უკრაინელებიც) მიხვდნენ, რომ მათ უბრალოდ ატყავებდნენ, თვითონ დააფუძნეს კომპანიები და  გაცილებით დაბალ ფასში დაიწყეს ტურისტებისა თუ მანქანების ჩამოყვანა. ეს კი ქართულ კომპანიებს  აღარ მოეწონათ. რეალურად ავტომობილების გაყიდვის ბიზნესში, ძირითადად, ყაზახები არიან, მაგრამ, ყაზახები ხელს გვიშლიანო, არავინ ყვირის და აქაც  რუსების  მიმართ აქვთ პრეტენზია. იგივე ხდება უძრავი ქონების ბაზარზე – როცა უცხოელს ბინის ყიდვა სურს, ისეთ საკომისიოს ახდევინებენ, ბინას თუ არა, მანქანას ნამდვილად იყიდი და რუსებმა ეს ფასებიც შეამცირეს. ჰოდა, თანამემამულეთა გარდა, მათ ქართველებმაც მიაკითხეს. ადგილობრივ ბიზნესმენებს ყველაზე მეტად სწორედ ეს აღიზიანებთ, აქაოდა, არაპატრიოტულიაო. ანუ, ის ყოფილა პატრიოტული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, უსინდისოდ რომ გვყვლეფენ და თან კონკურენციაც არ მოსწონთ. იცით ყვლეფაში რას ვგულისხმობთ? ადგილობრივები, მხოლოდ ბინებსა და ავტომობილებში  კი არა, უფრო წვრილმან საკითხშიც  არ გვინდობენ.   ორი კაცი რუსულ რესტორანში ქოთანში მოხარშულ ორ ულუფა პელმენს რომ შეჭამ და 40 ლარს გადაიხდი, ქართულ რესტორანში კი ქოთნის პელმენი 67 ლარი ჯდება, ყვლეფაა. არ გეგონოთ, რომ ეს ვინმემ არ იცის და ვერ ხვდება, რომ არარეალურ ფასებს ადებენ, უბრალოდ, წლიდან წლამდე მიეჩვივნენ,   კონკურენტი რომ არ ჰყავდათ და ახლა კონკურენცია არ მოსწონთ.

    ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს, რომ მთავრობამ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს, უკრაინელ მოქალაქეებზე პრივილეგიები გაუქმდეს, რადგან  ამას ადგილობრივების გადასახადების ხარჯზე აკეთებენ. მეტიც, თვითონ უკრაინელი ხალხი მოითხოვს, რომ ომი დასრულდეს და დასრულდეს ნებისმიერი პირობით. ამ დროს საქართველოში არა ერთი და ორი  ადამიანი ისევ მატრაკვეცობს და ცდილობს, უკრაინელებზე მეტი პატრიოტი გამოჩნდეს. სწორედ მათი გამოხდომები აძლევს დასავლეთს იმის საფუძველს, რომ კვლავ იფიქროს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე და ამას არც არავინ მალავს. მეტიც, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის მისაღებმა ძალამ გაიმარჯვოს და მერე არც მეორე ფრონტის გახსნის პერსპექტივა იქნება შორს. ეს მწარე რეალობაა,  კონკრეტული ადამიანები კი ამას შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელს უწყობენ და მართლა ურაპატრიოტიზმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. სოციალურ ქსელებში მოწონებებისა და ნახვების მოსამატებლად  ბევრი რამ „მოსულა“, მაგრამ სამშობლოს ღალატი არა, მაგრამ, რეალურად რასაც ახლა არც თუ ცოტა აკეთებს, პირდაპირი ღალატია, სამშობლოს დახურდავებაა და დაუჯერებელია, უმრავლესობა ვერ ხვდებოდეს, სინამდვილეში რას აკეთებს და როგორ იქცევა.

    რაც შეეხება იმას, რომ თურმე არა მხოლოდ კონკრეტულმა კომპანიებმა უნდა მოაწერინონ რუსებს ხელი ე.წ. მანიფესტზე და იმაზე, რომ თურმე რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მოუწოდებენ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო დონეზე უნდა ავიყვანოთ და სტუმრად ჩამოსულ რუსებს ასეთ დოკუმენტზე ხელი აეროპორტშივე მოვაწერინოთ. რეალურად არ აქვს მნიშვნელობა, რუსი ხარ, კონგოელი, ბურკინა-ფასოელი თუ ავსტრალიელი – არ შეიძლება ადამიანს მოსთხოვო ხელის მოწერა იმაზე, რომ მისი ქვეყანა ტერორისტული სახელმწიფოა. ამ დოკუმენტზე ხელის მოწერით მათ ერთადერთ რამეს სთხოვთ – სამშობლოს ღალატს. ჰო, სწორედ ღალატს და არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას რუსეთის მოქმედი ხელისუფლება მოსწონს თუ არა, დოკუმენტში სახელმწიფოა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული. საქართველოში ასიათასობით ადამიანი იყო და არის, რომლებსაც სააკაშვილი არ მოსწონდათ, მაგრამ არავინ მოაწერდა ხელს იმაზე, რომ სააკაშვილისდროინდელი სახელმწიფო ტერორისტული იყო, რადგან სახელმწიფო ერთი ადამიანით არც იწყება და არც მთავრდება, ეს უნდა გავაცნობიეროთ და კიდევ ის, რომ ბიზნესის კეთება დაკანონებულ ყაჩაღობასთან არ უნდა გაიგივდეს, თორემ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც თქვენს „ყაჩაღობაზე“ ფულს პატიოსნად გააკეთებს.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here