ფუყე პოზიცია

    პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორ მიხაილ კალუგინის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომრუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული, ოღონდ იმ პირობით, რომ იგი რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ თამაშებშიხურდაარ გახდება“.

    პარლამენტის თავმჯდომარემ ამ შეკითხვას შემდეგი პასუხი გასცა:

    „ჩვენ ვთქვით, რა არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა. ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თუ იქნება აღიარებული. რუსეთის ფედერაციამ და რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იციან, რა არის ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობა. ჩვენ ნორმალიზების მომხრე ვართ და ამის წინაპირობაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება“.

    ამ ნათქვამს ბატონმა პაპუაშვილმა განმარტებაც მოაყოლა: ჩვენი ეროვნული ინტერესია ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და კეთილდღეობა. ქვეყნის მთლიანობაში იგულისხმება სუვერენიტეტი. ვინც პატივს არ სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, შესაბამისი დამოკიდებულებაც გვექნება. არ სცემს პატივს რუსეთი ჩვენს სუვერენიტეტსმკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ნათქვამი გვაქვს, თუ რა არის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის პატივისცემა. არ სცემს პატივს ჩვენს სუვერენიტეტს ბრიუსელი, მათაც ამისკენ მივუთითებთ. როგორც კი პატივს სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, ჩვენი ურთიერთობები მაშინვე სხვანაირად დალაგდება.

    აი, ეს ბრძანა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვასიტყვით. ამოვიღოთ ამ ნათქვამიდან მთავარი და ერთხელ კიდევ ჩავუღრმავდეთ, რა შინაარსის შემცველია იგი: არ სცემს პატივს რუსეთი ჩვენს სუვერენიტეტსმკაფიო პოზიცია გვაქვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ნათქვამი გვაქვს, თუ რა არის ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის პატივისცემა”.

    მიხვდით ხომ, რაშიც არის საქმე? მარტივად გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ ბატონ პაპუაშვილის ეს ნათქვამი, იგი შემდეგს ნიშნავს: რუსებო, ჩვენთან ურთიერთობა თუ გინდათ, წაღებული ტერიტორიები დააბრუნეთ. ამის გარეშე არ დაგელაპარაკებით! დაეწუნება ამ ნათქვამს რამე? ზოგადად, არაფერი! რატომ უნდა ელაპარაკო ვინმეს, თუკი მას შენი ვალი აქვს და არ გიბრუნებს; თანაც იცი, რომ მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია შენთან დიალოგი,  ვიდრე შენთვის იმ ვალის დაბრუნება, რომელსაც მისგან მოითხოვ. ასეთ შემთხვევაში, თუკი  ეტყვი, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაელაპარაკები, რაც ვალს დააბრუნებს, იგი, ალბათ, ძალიან მოინდომებს, რომ დაგიბრუნოს ვალი, რათა  დაელაპარაკო. მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტს მორიგეობით რომ წერდნენ წერილებს ჩვენი პრემიერმინისტრი და პრეზიდენტი, ერთი ჩვენკენაც მოიხედე, ერთი ჩვენც დაგველაპარაკეო, – ისე ძალიან უნდოდათ (უნდათ) ტრამპთან დალაპარაკება, ამათ თურქეთის ტერიტორიები რომ ჰქონდეთ მიტაცებული და ტრამპს ეთქვა, ჯერ თურქეთს დაუბრუნეთ თქვენ მიერ მიტაცებული ტერიტორიები და მერე დაგელაპარაკებითო, – ლოგიკური იქნებოდა, რადგან აშშ-თან ლაპარაკი შეიძლება უფრო მეტად ფასობდეს, ვიდრე თურქეთის ერთი ან ორი ვილაიეთი. ალბათ, მიმიხვდით, რის თქმაც მსურს. აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის წარმომადგენელი თუ ხარ, შეიძლება  შენთან საუბრის შესაძლებლობა უფრო მაღლა დააყენონ, ვიდრე თუნდაც ტერიტორიების ნაწილი, მაგრამ საქართველოს წარმომადგენელი რომ ხარ და რუსეთს ეუბნები,  წაღებულ ტეიტორიებს თუ არ დამიბრუნებ, არ დაგელაპარაკებიო, საინტერესოა, ამ განცხადების უკან რა დგას.   არ დამელაპარაკები და ნუ დამელაპარაკებიო, რომ გიპასუხოს (ძალიან მაღალი ალბათობით, ასე გიპასუხებს), ამის შემდეგ რას აპირებთ, შემდეგი სვლა მოფიქრებული გაქვთ? ან იმაზე თუ გიფიქრიათ, პაპუაშვილის ეს განცხადება ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს თუ რუსეთის? იქნებ რუსეთს სწორედ ის უნდა, რომ არ დაელაპარაკოთ, რათა ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, იმიტომ, რომ ამ განცხადებას გაგრძელება (თეორიულიც კი) არ აქვს?!  შენ რომ არ დაელაპარაკები, ეს რუსეთს ისე დააზიანებს, რომ ფეხებში ჩაგივარდება და შეგეხვეწება, ოღონდ დამელაპარაკე და ტერიტორიებს ახლავე გიბრუნებო?  აი, ეს მომენტი როგორ აქვთ წარმოდგენილი,  მაინტერესებს.

    პაპუაშვილის ამ განცხადებას იმიტომ ვატრიალებ ყველა მხრიდან, რომ რამე არ გამომრჩეს, იქნებ ჩავწვდე იმ „ღრმა ჩანაფიქრს”, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს ეს ფუყე სიტყვები წარმოათქმევინა. რამდენიც უნდა ვატრიალოთ ეს განცხადება წაღმა-უკუღმა, იგი ყველა მხრიდან ფუყეა, ანუ თითის მსუბუქად მიჭერაზეც იჩუტება. თანაც ხომ ვიცით, რომ ეს განცხადება,  პაპუაშვილის პირადი აზრი და ახირება კი არ არის, ხელისუფლების პოზიციაა.

    მართალი გითხრათ, დავიბენი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილიც დაბნეულია. ხელისუფლების პოზიციაში ბევრი რამ ისე გაუაზრებელი, არათანმიმდევრული და  ურთიერთგამომრიცხავია, რომ დაჯერება გიჭირს. პირველ რიგში, ეს საგარეო ვექტორსა და გეოპოლიტიკური ორიენტაციის საკითხს ეხება. მსოფლიოში უზარმაზარი გეოპოლიტიკური ძვრები მიმდინარეობს. ერთპოლუსიანი მსოფლიო დასრულდა და მის ადგილზე მრავალპოლუსიანი, უფრო ზუსტად კი სამპოლუსიანი (რუსეთი, ჩინეთი, აშშ) ჩამოყალიბდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირი ჩაიძირა. უკრაინის კრიზისი, ასე თუ ისე, გადაჭრის მიმართულებით მიდის, ტრამპი (ევროკავშირისგან განსხვავებით) რეალისტურ პოზიციაზეა   და აცხადებს, რომ ნატოს გაფართოვება დასრულდა, უკრაინამ ტერიტორიული დანაკარგი უნდა აღიაროს და ამ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებიც უნდა ჩატარდეს, რათა წერტილი   დაესვას ზელენსკის დამანგრეველ ეპოქას, რომელმაც  უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად  მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ტრამპი საბოლოოდ გაემიჯნა კოლექტიური დასავლეთის იმ პოლიტიკას, რომელმაც მსოფლიო კინაღამ გადაჩეხა ბირთვულ ჯოჯოხეთში? რა თქმა უნდა, ნიშნავს. ტრამპმა, ფაქტობრივად, აღიარა მრავალპოლუსიანი მსოფლიო და საბოლოოდ გაემიჯნა პოლიტიკას, რომელიც რეიგანის მმართველობიდან იღებდა სათავეს და უკომპრომისო კონფრონტაციისკენ იყო მიმართული. ამ პოლიტიკაზე ხელის აღების პირველი გამოძახილი ევროკავშირისა და ნატოს მზის ჩასვენებაა, რაც  დღესავით ნათელია, რომ გარდაუვალია. მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების სამი ვეშაპი (ბირთვული ბალანსი, მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი), პრაქტიკულად, მოშლილი იყო. ტრამპი, ეტყობა, მიხვდა, რომ რეგიონული (ძირითადად, ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა) კრიზისები გლობალურ კრიზისში გადადიოდა და მსოფლიოს კატასტროფით ემუქრებოდა,  ამიტომ მან, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე კრიზისების გადასაჭრელად მსოფლიოს  მთავარ მოთამაშეებთან კომპრომისების გზას ალტერნატივა არ გააჩნია. ტრამპის საქციელისა და გადაწყვეტილებების პროგნოზირება  თითქმის შეუძლებელია, მაგრამ, მიუხედავად წინააღმდეგობრივი ბუნებისა, მისი აზროვნების გენერალური მიმართულება ასე თუ ისე ჩანს. შეიძლება ითქვას, რომ იგი დღევანდელი მსოფლიო კრიზისის არსს,  მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ჩასწვდა. მან გააცნობიერა მსოფლიოზე ამერიკული ჰეგემონიის გზით სიარულის უპერსპექტივობა, უფრო ზუსტად,  ამ მიმართულებით რესურსის უმწვავესი დეფიციტი, ამიტომაც უკრაინის კრიზისის მოგვარებას,  რუსეთის დამარცხებით კი არა, რეალური ვითარების გააზრებითა და გათვალისწინებით ცდილობს. ამ შემთხვევაში ტრამპი, ევროპელი კოლეგების  უმრავლესობისგან განსხვავებით, ადეკვატურად გამოიყურება, ევროპელები კი სრულ შეურაცხადობას ავლენენ. შეურაცხადობა და ადეკვატურობის დაკარგვა ერთი და იგივეა. რეალობას მოწყვეტილი მსჯელობა სიგიჟესთან არის წილნაყარი. ახლა რუსეთი ძალიან ახლოს არის სიტუაციის მის სასარგებლოდ საბოლოოდ გარდატეხასთან. ამ ფაქტს ამერიკელებიც კი (პრეზიდენტ ტრამპის ჩათვლით) აცნობიერებენ და აღიარებენ კიდეც, მიუხედავად ამისა, რუსეთი ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. განა ახლა საუკეთესო დრო არ არის იმისთვის, რომ მასთან დიალოგი გამართო? როდის სჯობს რუსეთთან მოლაპარაკება, როდესაც უჭირს თუ როდესაც ყველაფერს გაინაღდებს, მთელ დასავლეთს დააჩოქებს და პირობების წამოყენებას თვითონ დაიწყებს? არ არის ეს ძნელი მისახვედრი. შენ თუ იმას ეუბნები, რომ დიალოგს არ დავიწყებ, სანამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში სამხედრო ბაზებს არ დაშლი და კონტინგენტს არ გაიყვან, ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას უკან არ წაიღებ და ახლო წარსულში საკუთარი უკანონო ქმედებების გამო ბოდიშსაც არ მოიხდიო, რის გამო უნდა წავიდეს იგი ამ ნაბიჯზე? პირდაპირ ამ ნაბიჯით თუ დაიწყებს, იგი მდგომარეობას კი არ გაიუმჯობესებს, გაიუარესებს. საუბარმა (პოლიტიკურმა დიალოგმა) უნდა წარმოშვას ვითარება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება. სხვა შემთხვევაში სიტუაცია მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძვრება. თქვენ კი ეუბნებით, არა, დიალოგში ვერ შემოგყვებით, მაგრამ ადექით და ყველაფერი მოგვეცითო (ზელენსკის სინდრომი). ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ, ყოველგვარი დიალოგისა და კომპრომისის გარეშე, მაქსიმალურად უნდა მოიგოს, ხოლო რუსეთმა მაქსიმალურად წააგოს. ხომ არ გცხელათ ან ხომ არ გცივათ? არ ვიცი, რომელი გაწუხებთ, მაგრამ,  კარგად რომ ვერ ხართ, აშკარაა. ამ „წინადადების” შეთავაზების შემდეგ, რუსეთმა რომ „დაგაპაშოლოთ”, რას იზამთ? ჰო, ჯერ კიდევ საღ ჭკუაზე მყოფ ქართველებს გვაინტერესებს, რუსეთმა მაგ წინადადებასთან ერთად რომ „დაგაპაშოლოთ”, თქვენი მეორე სვლა რა იქნება? გეგმა „ბ” გექნებათ, ალბათ. ჰოდა, გვაინტერესებს, რაში მდგომარეობს ის სათადარიგო გეგმა.  ევროპა და მისი გამოქათმებული ლიდერების იმედად რომ ვერ იქნებით, თქვენც ხედავთ. სად მიდიხართ, ტრამპთან უჩივლებთ? რომ დაგასწროთ პუტინმა და თვითონ გიჩივლოთ ნობელის პრემიამონატრებულ პრეზიდენტთან? გიჩივლოთ, რა? შეუთანხმდეს, გაურიგდეს, საქართველოს თემა უკრაინის საკითხს „ხურდად” (როგორც რუსეთის წარმომადგენელმა თქვა) მიაყოლოს, გამორიცხავთ ამ ვარიანტს? თუ გამორიცხავთ, მწარედ ცდებით. ერთ მშვენიერ (თუ არამშვენიერ) დღეს ტრამპმა რომ გითხრათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არარეალურია და დღის წესრიგში აღარ დგასო (ზუსტად ისე, როგორც ზელენსკის უთხრა), რას იზამთ, ფილოსოფოს შათირიშვილს გამოიყვანთ „იმედზე” და ათქმევინებთ, ტრამპი ,,დიფ  სთეითის’’ წარმომადგენელიაო (ეს ხომ უკვე გააკეთეთ)? გეკითხებით, რის გაკეთებას აპირებთ ასეთ შემთხვევაში? მე,  შათირიშვილის გამოყვანის გარდა, სხვა თეორიულ ვარიანტსაც ვერ ვხედავ, მაგრამ შათირიშვილის ტექსტებზე „იმედის” ჟურნალისტებსაც კი ეცინებათ და ტრამპი რა დღეში აღმოჩნდება, წარმოდგენილი მაქვს. თქვენ პუტინი მაკრონი ხომ არ გგონიათ ან მერცი, ან სტარმერი? გამოფხიზლდით, ევროპას რომ შეუტიეთ და ჯერჯერობით გაგდით, ამან ხომ არ გაგაბრუათ და გაგათამამათ? ევროპელებთან იმიტომ გაგდით, რომ მართლები ხართ. გარდა ამისა, თვითონ არიან შავ დღეში –  ვირთხებივით წრიალებენ და, რომელ ხვრელში შეძვრნენ, არ იციან. ევროპული პოლიტიკის არნახული დეგრადაციის შედეგია ის, რომ თქვენ  წინაშეც კი იჩოქებენ, პატარა საქართველოს ხელისუფლებასთან მარცხდებიან. რუსეთს ევროპის საზომებით ნუ მიუდგებით. რუსეთი ის სახელმწიფოა, რომელიც სამი საუკუნე  ჯებირივით დგას მსოფლიოს უბოროტესი ძალების წინაშე, პუტინი კი ის ლიდერია, ამერიკული პოლიტიკის მიერ დანგრეული მსოფლიოს სამი ბურჯის (მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო სამართალი, ბირთვული ბალანსი) ახალი კონფიგურაციით აღსადგენად რომ იღვწის და აღწევს კიდეც ამ მიზანს. ძალიან გთხოვთ, ფეხებში არ გაებლანდოთ და რამე უბედურებას არ გადაგვყაროთ, თორემ ხომ არ გგონიათ, უკრაინასავით ოთხი წელიწადი დასჭირდეს თქვენს მოჭკვიანებას?  ოთხ დღეს ვერ გაძლებთ. სააკაშვილის რეკორდს მოხსნით გაქცევასა და მიწაზე ფორთხვაში,  ამიტომ ნუ გვევაჟკაცებით იქ, სადაც,  ძალის დემონსტრირება კი არა, ჭკუის დემონსტრირებაა საჭირო.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here