რუსი პროპაგანდისტისა და სამხედრო ჟურნალისტ სემიონ პეგოვის სტატიის გამო სოხუმში ვნებათაღელვა არ ცხრება. პეგოვი წერს რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში შეცვლილ მოდელზე და აღწერს ფაქტებს, როდესაც რუსული რეგიონების მიერ დაფინანსებულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფხაზური დე ფაქტო სტრუქტურები და ადგილობრივი კლანები იმ მიზეზით ეწინააღმდეგებიან, რომ თავად ვერ იღებენ კორუფციულ სარგებელს. “ფული მოგვეცით და ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, რა ავაშენოთ”, – ასე აღწერს პეგოვი სოხუმის პოზიციას. სტატიაში მოყვანილი ფაქტების გამო თავის მართლება მოუწია დე ფაქტო განათლების სამინისტროს, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ხოლო ოპოზიცია უკმაყოფილოა: ნაწილი დე ფაქტო ხელისუფლებისგან კორუფციულ ბრალდებებზე განმარტებებს ითხოვს, ნაწილი კი მოსკოვის “შიდა საქმეებში ჩარევასა” და “აფხაზი ხალხის შეურაცხყოფაზე” საუბრობს.
კრემლთან დაახლოებულმა რუსმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა სემიონ პეგოვმა, რომელიც სოხუმში ხშირად ჩადის და აფხაზურ პოლიტიკას კარგად იცნობს, რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ვრცელი სტატია 15 იანვარს გამოაქვეყნა. მიმოხილვა იწყება იმით, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთის “დამოუკიდებლობა” პოლიტიკური გათვლებით აღიარა – მსოფლიო წესრიგის გადაწყობის სურვილით. აფხაზური “სახელმწიფოებრიობა” იქცა რუსეთის საგარეო კურსის ერთგვარ სიმბოლურ საწყისად, “სავიზიტო ბარათად”, რომელიც მოგვიანებით გაგრძელდა ყირიმითა და უკრაინაში ომის დაწყებით. სწორედ ამიტომ, ავტორის თქმით, აფხაზური “სახელმწიფოებრიობის” დემონტაჟი რუსეთის “იმპერიულ გეგმებში” არ შედიოდა – ეს ავტომატურად ნიშნავდა რუსეთის საგარეო კურსის სისწორისა და ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებას.
როგორც ბლოგერი წერს, დემონტაჟის საფრთხე შეიქმნა 2024 წლის შემოდგომაზე, როდესაც ასლან ბჟანია იძულებული გახდა გადამდგარიყო – შიდაპოლიტიკურმა კრიზისმა “არა მხოლოდ არსებული ხელისუფლება დაამხო, არამედ რუსეთთან ურთიერთობებიც გაამწვავა” და აფხაზეთი “ხანძარს” ვლადიმირ პუტინმა გადაარჩინა – შეცვალა სოხუმთან ურთიერთობის “ვექტორი” და “აფხაზეთის ფრონტი” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს გადააბარა, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მსგავსი შიდაგადატრიალებები აფხაზეთში მუდმივად ხდებოდა. ამ პროცესის პარალელურად აფხაზებმა ჩამოაყალიბეს რუსეთთან ურთიერთობის ერთგვარი შანტაჟის მოდელი იმ წარმოდგენით, რომ “რუსეთს სჭირდება სტაბილურობა და სიჩუმე საზღვართან, ამიტომ ის ჩვენს შიდა კონფლიქტებს მოითმენს” და ამ ლოგიკით ჩამოყალიბდა პრაქტიკა, როდესაც თითქმის ყველა “ხელისუფლება” გადატრიალების გზით იცვლებოდა. შიდაარეულობა და კრიზისები მოსკოვთან მოლაპარაკების ბერკეტად იქცა, რუსეთი კი, ავტორის სიტყვებით, “თვალს ხუჭავდა” სოხუმში მიმდინარე პროცესებზე, ოღონდ პრობლემები მის საზღვრებს არ გასცდენოდა. ტექსტში ნათქვამია, რომ ეს მოდელი დასრულდა მაშინ, როცა რუსეთი ომის პირობებში აღმოჩნდა და რაც ადრე “ბავშვურ კინკლაობად” აღიქმებოდა, დღეს ჩაითვალა როგორც ზურგში დანის ჩარტყმა და უსაფრთხოების პირდაპირი საფრთხე, რის გამოც მოსკოვმა რადიკალურად შეცვალა აფხაზეთთან ურთიერთობის მოდელი: დაასანქცირა ყველა აქტიური ანტირუსი და დაიწყო დაფინანსების მკაცრი გაკონტროლება. ფული აღარ გადაეცემა უშუალოდ აფხაზურ სტრუქტურებს, პროექტებს ადგილზე რუსული რეგიონები და რუსული კომპანიები ახორციელებენ ისე, რომ სქემის არც ერთ რგოლში აფხაზური მხარე არ მონაწილეობს.
“იმის წყალობით, რომ რუსეთმა აფხაზეთთან მიდგომა შეცვალა, შარშან იმაზე მეტი პროექტი განხორციელდა, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში”, – ამტკიცებს პეგოვი და კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს. “საქმე ის არის, რომ რუსეთის მხარდაჭერილი პროექტები ხორციელდება ისეთი კონტროლით, როგორიც უკიდურესად უჩვეულოა აფხაზი პოლიტიკოსებისთვის. რეგიონები და მსხვილი კომპანიები უბრალოდ ფულს კი არ აძლევენ, როგორც ჰუმანიტარულ დახმარებას, არამედ ნაწილობრივ თავად მუშაობენ ადგილზე და აქ იწყება კურიოზები. აფხაზი ჩინოვნიკები ცდილობენ ძველებურ ურთიერთობას დაუბრუნდნენ. მაგალითად, მოსკოვის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ვორობიოვის წინადადებაზე, აფხაზეთში 4 მილიარდ რუბლად რუსული სკოლა აეშენებინა, შესაბამისმა აფხაზურმა უწყებამ ასე უპასუხა: “მოგვეცით ეგ მილიონები და თვითონ გადავწყვეტთ, რა გავაკეთოთო… ერთ-ერთი კონტრაქტორი, რომელიც სოხუმის სანაპიროს რეკონსტრუქციაზე მუშაობდა, აფხაზებმა ტყეში წაიყვანეს და პირობები წაუყენეს – ან სამშენებლო მასალების მიწოდებაზე კონტრაქტს ჩვენთან გააფორმებთ, ან პრობლემები შეგექმნებათო”, – წერს პეგოვი.
რეაქციები აფხაზეთში

სტატიას სოხუმში დიდი გამოხმაურებები მოჰყვა. გამოძიების დაწყებაზე განცხადება გაავრცელა დე ფაქტო შს სამინისტრომ. თავდაპირველად უწყება აცხადებდა, რომ ვერ დაუკავშირდა ჟურნალისტ პეგოვს, რათა დანაშაულის დეტალები დაეზუსტებინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ სანაპიროს რეკონსტრუქციაზე მომუშავე ყველა კომპანიის წარმომადგენლები დაჰკითხეს და გამოძიების შედეგად პეგოვის სტატიაში აღწერილი ფაქტები არ დადასტურდა.
პეგოვს დაუკავშირდა აფხაზი ჟურნალისტი მარიანა კოტოვა და როგორც პეგოვმა უთხრა, წყაროს ვერ გაამხელს და თემაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს მას შემდეგ, რაც ფრონტის ხაზს დატოვებს.
განცხადება გააკეთა დე ფაქტო განათლების მინისტრმაც. ჰანა გუნბამ უარყო პეგოვის ბრალდებები სკოლის მშენებლობაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსკოვის ოლქის გუბერნატორს შეხვედა, თუმცა სკოლის მშენებლობის ღირებულება არასდროს განხილულა.
პეგოვის სტატიას გამოეხმაურნენ აფხაზი ოპოზიციონერებიც: “აფხაზ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, ვინ ბლოკავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს და ვის ინტერესებშია ეს”.
აფხაზეთის გმირმა ასლან კობახიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “მინდა ვურჩიო აფხაზეთის ყველა პოლიტიკურ ძალას, შეწყვიტონ რუტინული განცხადებების გაკეთება, რომლებიც ხშირად გარე გავლენით არის გამოწვეული. ნუ ღელავთ, აფხაზეთში რუსული სკოლა უფრო მეტია, ვიდრე აფხაზური. შეხედეთ, ქალაქის სკოლებში რამდენი მოსწავლე არ საუბრობს სახელმწიფო ენაზე – ეს შოკი იქნება”.
აფხაზმა საზოგადო მოღვაწე ახრა ბჟანიამ ვრცელი გამოხმაურება გამოაქვეყნა: “პეგოვის სტატია იყო “დამახინჯებული ფაქტები” და შოვინიზმი ყოველ მესამე აბზაცში. სწორედ ასეთი განცხადებების გამო უარესდება რუსეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობები”. ბჟანიას თქმით, “აღიარების სანაცვლოდ აფხაზეთისგან ფეოდალური დამორჩილების მოთხოვნა უსამართლო და უშედეგოა” და დასძენს: “იმის გათვალისწინებით, რომ სემიონ პეგოვი, სავარაუდოდ, ამ ტექსტის მხოლოდ თანაავტორია, ამიტომ პასუხი ასეთია: ძვირფასო მოსკოველო ჩინოვნიკო, ჩვენ დახმარება არ გვითხოვია. თუ თვლით, რომ ეს მხარდაჭერა მძიმე ტვირთია და არ კომპენსირდება, შეწყვიტეთ სუბსიდიები. ჩვენ არ გვეშინია საქართველოს წინააღმდეგ მარტო დარჩენის… მაგრამ თუ შეიარაღებული კონფლიქტი განახლდება, თქვენ დაკარგავთ თქვენს სამხედრო ბაზებს შედეგების მიუხედავად. და ბოლოს, თავისუფლება ჩვენთვის ცარიელი ფრაზა არ არის. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით, უზარმაზარი დანაკარგები განვიცადეთ და ახლა ვაპირებთ მის დაცვას ბოლომდე, თუნდაც ჩვენ გარშემო სამყარო დაინგრეს”.
“ეფ-ეს-ბე აფხაზეთს “შავ ხვრელს” უწოდებს – ტერიტორიას, რომელიც არაფერს იძლევა”
მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური სახლის ხელმძღვანელი: – სემიონ პეგოვი ახმოვანებს რუსი მაღალჩინოსნების პოზიციას: აფხაზეთი რუსეთის ხარჯზე ცხოვრობს და ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. ეს არის გაფრთხილება – თუ ჭკუით არ იქნებით, ისევ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როგორშიც 2024 წლის ზამთარში იყავით: უშუქოდ და ფინანსური ნაკადების გარეშეო. მოსკოვი პირდაპირ ეუბნება აფხაზ ელიტას, რომ მისთვის ცნობილია, როგორ ნაწილდებოდა ფული და როგორ მუშაობდა კორუფციული სქემები. მოსკოვი ხაზგასმით ამბობს, რომ აფხაზეთი არ არის შემდგარი სახელმწიფო და სერგეი კირიენკოს კურატორად დანიშვნის შემდეგ ახალი მიდგომების დემონსტრირება დაიწყო – კორუფცია ვეღარ იქნება, რუსი ჩინოვნიკები უშუალოდ ჩაერთვებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში და აფხაზები ამ სქემებში წილში ვეღარ ჩასხდებიან. როგორც ჩანს, ზეწოლა აფხაზ ელიტაზე უფრო გაძლიერდება. რუსეთს სჭირდება დამჯერი ხალხი, ისეთი, როგორიც დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰყავს.
მინდა ყურადღება გავამახილო ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე – სანქციებისა და ენერგომატარებლების გაყიდვების შემცირების ფონზე რუსეთში ფინანსური რესურსები დეფიციტურია და პუტინის დავალებაა, რომ “კაპიკებსაც გაუფრთხილდნენ”. ეკონომიკურ ბლოკში ჩართული ჩინოვნიკების ნაწილი და ეფ-ეს-ბე აფხაზეთს “შავ ხვრელს” უწოდებენ – ტერიტორიას, რომელიც არაფერს იძლევა, გარდა მუდმივი კრიტიკისა, მაშინ როცა მასზე უზარმაზარი თანხები იხარჯება. მათ კირიენკოს გუნდის წარმომადგენლები უპირისპირდებიან. ეს სტატიაც სწორედ კრემლის კულუარებში აფხაზეთის თემაზე მიმდინარე პოლემიკის გამოხმაურებაცაა.
– რამდენად დიდი იყო აფხაზეთში კორუფციული სქემებით რუსული ტრანშებიდან ფულის გადანაწილება?
– თუ ისტორიულ წარსულს გადავხედავთ, მაგალითად, როდესაც ზამთარში აფხაზეთი ნახევრად ჩაბნელებული იყო ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელობა მაინც ახერხებდა რუსეთიდან წამოსული დენის ნაწილი თურქეთში გაეყიდა ქართული გადამცემების მეშვეობით. რაც შეეხება ტრანშებს: თუკი ტრანში, ვთქვათ, 10 მილიონი რუბლი იყო, მისი ნაწილი მოსკოვშივე ილექებოდა, ნაწილი – როსტოვში, სადაც განლაგებულია სპეცსამსახურების ბაზა, რომელიც აფხაზეთს კურირებს. ნაწილი ჩამოდიოდა სოხუმში, სადაც უკვე ნახევარს აფხაზი ჩინოვნიკები ინაწილებდნენ და დარჩენილი, მიზერული თანხები ხმარდებოდა იმ საქმეს, რისთვისაც ეს ფული ფორმალურად იგზავნებოდა. კორუფცია აფხაზეთში ყველა დონეზეა ფესვგადგმული. ამას ყველაზე დაბალ დონეზეც ხედავ, მაგალითად, ავტოინსპექციაში, რომლის მთავარი ფუნქცია გზებზე ფულის შეგროვებაა. ის, რაც დაბალ დონეზე ხდება, ზუსტად იმავე ლოგიკით მუშაობს მაღალ დონეზეც. აფხაზეთში ფართოდ არის გავრცელებული ფიქციური დასაქმება: სიპპ-ების დონეზე უამრავი ფიქციური თანამშრომელია გაფორმებული. მუშაობს კლანური პრინციპი – თუ კლანის წარმომადგენელი დაინიშნა თანამდებობაზე, მან უნდა უზრუნველყოს საკუთარი კლანის წევრების დასაქმება, რეალურად თუ ფორმალურად. იყო შემთხვევები, როდესაც გადმორიცხული ტრანშების 70% რუსი და აფხაზი ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექებოდა. ახლა ეს პრაქტიკა შეიცვალა – რუსებმა აფხაზები ამ სქემებს ჩამოაშორეს და ახლა ეს არის აფხაზების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი.
აფხაზებს რუსები არ უყვართ, აფხაზები თავს ბევრად მაღლა თვლიან, ვიდრე სხვა დანარჩენი ერები, თუ არ ჩავთვლით ჩერქეზული წარმომავლობის ტომებს. ასევე აფხაზების ნაწილს პიეტეტი (მორიდება, პატივისცემა) აქვს თურქების მიმართ. დანარჩენები, რუსებიც და ქართველებიც, მათთვის მეორეხარისხოვანი ხალხია. აფხაზეთში ჩასული დამსვენებლებიც აღნიშნავენ აფხაზების აგდებულ დამოკიდებულებას. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსების ნაწილმა იმდენი ქნა, რომ დაიმსახურეს ასეთი ტიპის მიდგომა. თუმცა თვითონ რუსეთთან, სახელმწიფოსთან, სხვანაირი ტიპის მიდგომაა – რუსეთი სჭირდებათ როგორც დამცველი, როგორც დამფინანსებელი და ამიტომ კრიტიკაც მოზომილია. ამოჩემებული აქვთ ფრაზა, რუსეთი ვალდებულია გვარჩინოს, რადგან ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ნატოს საწინააღმდეგო ფორპოსტი შევუქმენითო. ობიექტურად, აფხაზების საქებრად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა გაუძლეს იმ წნეხებს, რასაც ჰქვია ჩაბნელებული აფხაზეთი, სიცივე, ფინანსური დეფიციტი და ეკონომიკური ბლოკადა. რუსეთი ყოველთვის ახდენდა დემონსტრირებას, მადლობა თქვან აფხაზებმა, რომ ჩვენ ვინახავთო. ეს ფსიქოლოგიური ჭიდილი აფხაზებსა და რუსებს შორის ყოველთვის იყო და გაგრძელდება. თუმცა დიდი უკმაყოფილების გამოხატვას ვერ ბედავენ, თანაც ახლა, როდესაც რიგ პოლიტიკოსებს მოქალაქეობა გაუუქმდათ და ვიღაცების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნაც გამოაცხადეს, ოპოზიციის წარმომადგენლები ფრთხილობენ.
ეკატერინე ბასილაია







