სოციალურ ქსელებსა თუ საინფორმაციო გამოშვებებში არაერთხელ ნახავდით და მოისმენდით ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა აქვს და მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია. აბა, როგორ არ უნდა გაგიხარდეს ქვეყნის წარმატება და თანაც, როცა ამას შეიტყობ, უფრო მეტად გაღვივდება ხოლმე იმედის ის ნაპერწკალი, რომლითაც გინდა, რომ ეს ეკონომიკური წინსვლა თითოეულ მოქალაქეზე დადებითად აისახოს.
ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან გვესმოდა, რომ ქვეყანა წინ მიდის. შემდეგ მიხეილ სააკაშვლმა დაგვაჯერა, რომ მსოფლიო ჩვენ შემოგვნატროდა. ახლა კი, 13 წელია, ეკონომიკური ზრდა გვაქვს. გვაქვს და… არც არაფერი. იმასაც არავინ გვეუბნება, უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს ზრდა თუ არის რაღაც ზღვარი, რომელთანაც მივალთ და გაგვიხარდება, ანუ გვეტყვიან, რომ კმარა, ეს არის ის, რისთვისაც ვიბრძოდით თუ ვიღვწოდით და გვეშველა. ჰოდა, ამ ზრდის მიუხედავად, სახალხო დამცველის ანგარიშს ჩავხედეთ და აი რა ამოვიკითხეთ:
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 10 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 369 924-ს შეადგენს. 2024 წელს ამ ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ბაზაში მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება – 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, გასულ წელს მათმა რაოდენობამ 22 629-ით (ანუ 6,12%-ით) მოიმატა, ხოლო 2019 წელთან შედარებით – 219 711-ით“.
საქართველოში დაახლოებით 630 ათასი მოსწავლე და 150 ათასი სკოლამდელი ბავშვია. გამოდის, რომ ლამის ნახევარი სოციალურად დაუცველია. ლოგიკას რომ მივყვეთ, ამ ბავშვების ოჯახის წევრებიც ხომ სოციალურად დაუცველები არიან და ადამიანების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. ჰოდა, ძალიან გვიხარია ეკონომიკური ზრდა, მაგრამ… ფიცი გვწამს და სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გვაკვირვებს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში რამდენიმე სოციალური პროგრამა მოქმედებს და რაოდენ სამწუხარო თუ ამაზრზენი უნდა იყოს, ამ პროგრამაში ჩართვას ბევრი ისეთი ოჯახი ცდილობს, რომელსაც ამის საჭიროება, უბრალოდ, არ აქვს. ჰო, ოჯახი უზრუნველყოფილია ყველაფრით, არ უჭირს, მაგრამ ცდილობს, სახელმწიფოს რაღაც წაგლიჯოს, მის ხარჯზე იცხოვროს. ასეთი ოჯახები რომ გამოიხშიროს, სოციალურად დაუცველთა რაოდენობაც შემცირდებოდა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა სხვა რამისკენ მიიმართებოდა, თუმცა თანხების გამოყოფაზეც ცალკე პრეტენზია არსებობს და ახლავე გეტყვით რატომ:
თანხის გადახდით ადამიანებს ვაზარმაცებთ. კაცმა, რომელიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს, იცის, რომ თვის ბოლოს ფული დაერიცხება და არ ცდილობს, მდგომარეობა გაიუმჯობესოს. ის მიეჩვია ასე ცხოვრებას და თავს არ იწუხებს. მომსწრე ვარ, როცა ერთ კაცს სამსახური შესთავაზეს, გაიცინა: სახელმწიფოსგან რასაც ვიღებ, იმაზე 200 ლარით მეტს მთავაზობთ და 200 ლარის გამო ყოველდღე შინიდან გარეთ რატომ უნდა გავიდეო?! ჰო, ეს ისე თქვა, თითქოს ასეც უნდა იყოს, თითქოს სახელმწიფო ვალდებულია, ის უქნარა არჩინოს. წლებია, ადამიანებს ვაძლევთ თევზს და არ ვასწავლით ანკესის ხელში დაკავებას და მის გამოყენებას. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ხომ იცით, რომ ყველაზე კარგად კოტრიალი გვეხერხება, ოღონდ ამ კოტრიალში ფული უნდა გადაგვიხადონ.
როცა ამ თემას ვეხებით ხოლმე ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ამბობს, გამოსავალიც გვითხარითო. გამოსავალი მარტივია – სოციალურად დაუცველ პირს უნდა შესთავაზო სამსახური და, თუ უარს იტყვის, უნდა დაასაბუთოს. თუ დასაბუთება მისაღებია, უნდა შესთავაზო სხვა, მერე კიდევ სხვა და, თუ ყველაფერზე უარს იტყვის, უბრალოდ, მოუხსნა სოციალური დახმარება და მერე კეთილს ინებებს და სამსახურის დაწყებას მოითხოვს. ამ პროგრამამ იმუშავა არაერთ ქვეყანაში და პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ცდილობს, სოციალურად დაუცველებს დახმარება კი არ გაუზარდოს და კმაყოფილი კი არ ჰყავდეს, არამედ ეს უზარმაზარი ფიზიკური ძალა როგორმე გამოიყენოს და თავის სამსახურში ჩააყენოს. რაც უფრო ცოტა სოციალურად დაუცველი ეყოლება ქვეყანას, მით მეტი იქნება შრომისუნარიანი ადამიანი და მით მეტი დოვლათი შეიქმნება.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სამსახური არ არის, რომ 700 და 800 ლარზე მუშაობა არ უღირს. ეს გასაგებია, მაგრამ, ვთქვათ, 5-შვილიან ოჯახს, სახელმწიფოსგან 500 ლარს რომ იღებს თვეში და ცდილობს, არ იმუშაოს, ბარათზე თანხის მოძრაობა არ აღერიცხოს, ამ 500 ლარად ხომ გააქვს თავი თვიდან თვემდე? ჰოდა, ხუთიდან ოჯახის ორმა წევრმა რომ იმუშაოს 700-ლარიან სამსახურში, სამჯერ მეტი ხელფასი ხომ გამოუვა? ერთ მაგალითს გეტყვით: ძალიან გაჭირვებულ ოჯახში, რომელიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებდა, დედა, მამა და 6 შვილი ცხოვრობს. 6 შვილიდან 3 სრულწლოვანია. მამამ გადაწყვიტა, ემუშავათ მასაც და შვილებსაც და დღეში თითოს ოჯახში, სულ ცოტა, 20 ლარი შეეტანა (იმ 700-ლარიან სამსახურზეა ლაპარაკი, ბევრი რომ იწუნებს). ამ ფულს კაცი ინახავდა, ანუ დღეში 80 ლარს დებდა და წლის ბოლოს 30 ათასი მოუგროვდა. მეორე წლის ბოლოს უკვე 60 ათასი ჰქონდა და ამ თანხით პირდაპირ სახლის წინ პატარა მაღაზია ჩადგა, იქ ცოლი დაასაქმა, თვითონ კი შვილებთან ერთად მუშაობა განაგრძო და სულ რაღაც 5 წლის შემდეგ… იმ კაცს მაღაზიაც აქვს, საქონელიც ჰყავს, ორი ავტომობილიც და სახელმწიფო დახმარებას აღარ იღებს. აღარც ახსოვს, ალბათ, რამდენს იღებდა სახელმწიფოსგან და ახლა პირიქით – გადასახადები შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის მარტივი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ამოხვიდე სიღარიბიდან და უშველო საკუთარ თავს.
კიდევ ერთი მაგალითი: ძალიან ბევრი აუთვისებელი სახელმწიფო მიწაა და ამ მიწაზე (საუბარია დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრზე) შეიძლება კოტეჯის აშენება. იქვე 800-1000 კვადრატულ მეტრზე – სასათბურე მეურნეობის მოწყობა და ეს ყველაფერი 50 ათას დოლარზე მეტი არ დაჯდება. სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებისთვის შექმნას ასეთი სოფლები. 5 მილიონად 100-კომლიან სოფელს ააშენებს და პირობა ჩადოს – ვისაც არ ექნება შედეგი, ის სოფელსაც დატოვებს და სოციალურ დახმარებასაც ვერ მიიღებს; ვისაც შედეგი ექნება, ის საკუთრებაში მიიღებს სახლსაც და სათბურსაც. გვერწმუნეთ, შესაბამისი მოვლისა და ყურადღების შემთხვევაში, 1000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული სათბური წელიწადში, სულ ცოტა, 80 ათასლარიან მოგებას დატოვებს. მაგალითად, მარწყვის სათბური რომ გაკეთდეს, 1 კვადრატულ მეტრზე 80 ლარის მარწყვის მოყვანა იქნება საჭირო, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მარწყვის თაროების გამოყენებით პრობლემა არ არის. ასეთი სოციალური სოფელი რამდენიმე სახელმწიფოში უკვე არსებობს და, რაც მთავარია, ისე გაამართლა, სოციალური სოფელი კი არა, იქ ცხოვრება პრესტიჟული გახდა, რადგან ხალხმა ფული იშოვა და უზარმაზარი სახლები წამოჭიმა, გვერდით მიწები შეისყიდა, მეურნეობა გაიფართოვა. ამ ყველაფერს სურვილი და ხელის განძრევა სჭირდება, რომელიც ძალიან გვეზარება ან არ გვინდა. არც სახელმწიფოს აქვს გრძელვადიანი გათვლები და ურჩევნია, კვარტალში ერთხელ გვაუწყოს, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს და წინ მივდივართ, რეალურად კი ეს „ზრდა“ რიგით ადამიანებზე არ აისახება.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მომავალი კვარტლის ბოლოსაც გვეტყვიან, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა აქვს და ახალ ციფრებსაც დაგვიწერენ. ქაღალდზე ყველაფერი სწორად და კარგად იქნება, პრაქტიკაში კი კვლავ გვეყოლება სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანები და ვერაფრით ვიამაყებთ. კიდევ გავიმეორებთ: სანამ მოსახლეობას თევზს მივცემთ და არა ანკესს, ასე გაგრძელდება დაუსრულებლად და ერთ წრეზე მოგვიწევს ტრიალი.
ბესო ბარბაქაძე