Home რუბრიკები პოლიტიკა უნდობლობის სინდრომი და უძაღლო ქვეყანაში აყეფებული კატები

უნდობლობის სინდრომი და უძაღლო ქვეყანაში აყეფებული კატები

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

753
უნდობლობის სინდრომი და უძაღლო ქვეყანაში აყეფებული კატები

მერვე გამოშვება

საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების ყველაზე უტყუარი გზა ისაა, რომ იშვიათად სცადო ეს”.

ჯორჯ ვაშინგტონი

_ მე არ ავიცრები! _ კატეგორიული ხასიათის ამგვარი განცხადება ხშირად გვესმის ჩვენ ირგვლივ. მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, რომელიც საფრთხეს უქმნის თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას, ეს კატეგორიული მიუღებლობა აცრისა, რით უნდა აიხსნას? თუკი არსებობს ვაქცინა, რომელიც დაგვაზღვევს ამ საშინელი ვირუსისგან, რატომ აცხადებენ უარს ადამიანები აცრაზე? პირველი, რაც ამ შეკითხვის პასუხად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ადამიანებმა მთელ მსოფლიოში ნდობა დაკარგეს. ნდობა არა კონკრეტული ფაქტებისა და მოვლენების (ამ შემთხვევაში, ვაქცინის) მიმართ, არამედ _ ერთმანეთის მიმართ, მსოფლიოში არსებული წესების მიმართ, ინსტიტუტების მიმართ, პოლიტიკის მიმართ, კანონების მიმართ, სახელმწიფოს მიმართ, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართ და ..

ნდობა დადებითი წარმოდგენებისა და განწყობების ერთობლიობაა ვინმეს ან რამეს მიმართ. რაც უფრო დიდია ნდობის ფაქტორი ადამიანში, მით მაღალია მისი შინაგანი კომფორტი და სიმშვიდის განცდა. და პირიქით _ რაც უფრო ნაკლებია ადამიანში ნდობის ფაქტორი, ე.ი., რაც უფრო ნაკლებად ენდობა იგი ადამიანებს, გარე სამყაროს, მოქმედ სისტემებს, სახელმწიფოს, მით დაბალია მისი შინაგანი კომფორტი და მაღალია შფოთვისა და სულიერი განგაშის დონე. პრინციპულად განსხვავებულია ადამიანების მიმართ ნდობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ან მთლიანად სახელმწიფოს მიმართ ნდობის ჩამოყალიბების მექანიზმები და ფაქტორები, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში ორივე უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იაპონური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ფრენსის ფუკუიამა წიგნში “ნდობა: სოციალური კეთილისმყოფელები და გზა აყვავებისაკენ” განხილულია ნდობის განსხვავებული დონეები სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოდელების მქონე სახელმწიფოებში (რუსეთი, აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა და სხვ.). ავტორი განიხილავს ამ ქვეყნებში დანერგილ მართვის მოდელებს, ნდობის განსხვავებულ დონეებს, აღზრდის ოჯახურ ტრადიციებს, ღია რელიგიებისა და ჩაკეტილი სექტების როლს და მრავალ სხვა ფაქტორს, რომლებიც ნდობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით ციფრებსა და ლოგიკაზე დაფუძნებულ მთლიან სისტემად ერთიანდება. ამ სისტემების ანალიზს ავტორი მიჰყავს დასკვნამდე, რომ პოსტინდუსტრიულ ეპოქაში ნდობის ფაქტორი უაღრესად მნიშვნელოვანი ხდება.

ფრენსის ფუკუიამა
ფრენსის ფუკუიამა

არ მინდა, რომ წინამდებარე წერილი სამეცნიერო ნაშრომს დაემსგავსოს, რომლის გამოც ნდობის ფაქტორზე, როგორც ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფენომენზე ზოგადი მსჯელობისას ამ შესავლით შემოვიფარგლები და საკითხს, რომლის შესახებაც მინდა ვისაუბრო, ასე ჩამოვაყალიბებ: ჩვენი ეპოქის ერთი მთავარი მახასიათებელი არის ნდობის საშინელი დეფიციტი საზოგადოდ. ადამიანებს შორის ნდობის ფაქტორი, მეტნაკლებად, ჯერ კიდევ თუ მოქმედებს, სახელმწიფოსა და ინსტიტუციათა მიმართ ნდობა თითქმის ნულის დონეზეა დაცემული. ცხადია, ეს მაჩვენებელი ყველგან ერთნაირი არ არის, მაგრამ უნდობლობის გაღრმავების ტენდენცია ყველგან არსებობს. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ ის შესანიშნავად გამოხატავს საზოგადოების უნდობლობის მასშტაბებს, როგორც სახელმწიფოების, ასევე სამედიცინო წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

მთავარი შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, არის შემდეგი: რა იწვევს ამ უნდობლობას? ამ შეკითხვაზე პასუხი, ალბათ, იმ სიბრტყეშია საძებნი, რომ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები არ ემთხვევა ერთმანეთს. რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სახელმწიფო, რომელსაც ხალხი ქმნის, არათუ არ გამოხატავდეს ხალხის ინტერესებს, არამედ უპირისპირდებოდეს კიდეც მას? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სახელმწიფო, რომელიც ხალხის სახელით მოქმედებს, უზურპირებულია ერთი რომელიღაც კლასის მიერ. ეს ის გაბატონებული კლასია, რომელიც ხელში იგდებს სიმდიდრეს, კაპიტალს, ძალაუფლებას და მოქმედებს საკუთარი კლასის სასარგებლოდ და ხალხის საზიანოდ. მონათმფლობელობის პირობებში ეს მონათმფლობელთა კლასია, ფეოდალიზმის პირობებში _ მიწის მფლობელები, ანუ ფეოდალები, ხოლო კაპიტალიზმის პირობებში კაპიტალის მფლობელები, ანუ კაპიტალისტები. ეს ის სისტემებია, რომლებშიც მშრომელი ადამიანი ოფიციალურად (კანონმდებლობით) არის ექსპლოატაციის ობიექტი, რომელშიც ოფიციალურად მოქმედებს ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრის ნებადართული წესი, მოქმედებს კონკურენციის წესი, რომელშიც ეკონომიკა ორიენტირებულია არა ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არამედ ზედმეტი ღირებულების შექმნასა და მოგების მიღებაზე, რომელშიც სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ვითომ ხალხის ინტერესების დაცვის სამსახურში დგას, სინამდვილეში იმ სისტემის ინტერესების დაცვას ემსახურება, რომელიც საკუთარი არსით ხალხთან დაპირისპირებულია. მართალია, კაპიტალისტურ სახელმწიფოებში წარმოუდგენლად ბევრს გაჰყვირიან დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე, მაგრამ იქ, სადაც ერთმანეთის გვერდით (ლეგალურად, კონსტიტუციურად) არსებობენ მილიარდერები და ღატაკები, დემოკრატია მხოლოდ ილუზიაა, მხოლოდ ფორმაა, რომელიც შინაარსს არ შეესაბამება. ასეთ საზოგადოებაში სახელმწიფოსა და სისტემის მიმართ ხალხის ნდობა ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან მცირეა. ხალხი მუდმივად იმას ფიქრობს, რომ ნებისმიერი მასობრივი აქციის მიზანი მოგება იქნება, რომელიც შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც კი მიზანშეწონილად და დასაშვებად ჩაითვალოს, თუნდაც ხალხისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. ხალხმა იცის, რომ სისტემაში, სადაც მას არსებობა უწევს, მოგება ყველაფერზე მაღლა დგას _ ხალხზე, მორალზე, სამართალზე. მოგება თვით რწმენასა და რელიგიაზე მაღლა დგას, რადგან იგი თავად ქცეულა ლოცვად, სიყვარულად, ჭეშმარიტებად, ღმერთად

ფრენსის ფუკუიამა

კორონავირუსი მსოფლიოს უტევს. ინფიცირებულია ას მილიონზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილია ორ მილიონზე მეტი. ამ კრიტიკულ ვითარებაში გამოჩნდა რამდენიმე ვაქცინა, რომლებიც მშველელად უნდა მოევლინონ მთელ მსოფლიოს, მაგრამ ამ ფაქტს საზოგადოება ყველგან სკეპტიციზმითა და ხაზგასმული უნდობლობით შეხვდა. ხალხს ეშინია ვაქცინაციის მძიმე თანმხლები მოვლენების, ლეტალური შედეგებისა და, რა თქმა უნდა, მასობრივი ე.წ. დაჩიპვის, რაც, როგორც მათ წარმოუდგენიათ, მთელ კაცობრიობას მუდმივი კონტროლის ქვეშ მყოფ იმ ერთიან მასად გადააქცევს, რომელსაც პირადი სივრცე აღარ დარჩება. ბრიტანეთში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 86 პროცენტის აზრით, აცრებს საშინელი თანამდევი ეფექტები ექნება, რომელთა გამოც ისინი უარს აცხადებენ, აიცრან ან აცრან ბავშვები. საფრანგეთში ჟურნალისტების მიერ ვაქცინაციის შესახებ მოქალაქეებისთვის დასმულ შეკითხვაზე უმრავლესობა პასუხობს, რომ არ აიცრება, ვინაიდან არ ენდობა არც ჯანდაცვის სისტემას, არც ვაქცინებს და, სხვათა შორის, არც მედიასაშუალებებს. გერმანიაში ხალხი მიტინგებს აწყობს და ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის. იგივე მდგომარეობაა ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებში. გავლენიანი Fox News-ის წამყვანი ტაკერ კარლსონი კი ხალხს ეუბნება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძლება მასობრივი სოციალური კონტროლის მექანიზმად იქცეს. სად და რაშია საფუძველი ხალხის უნდობლობისა და ამგვარი ისტერიული რეაქციისა? მკვლევარები განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ: მასობრივი დეპრესია, ჩვეული კომფორტის ზონიდან უეცარი გამოსვლა, ხვალინდელი დღის წინაშე შიში და სხვა, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის კაპიტალისტური ცხოვრების წესი, რომელიც თრგუნავს და რწმენას აცლის საზოგადოებას, უფრო კონკრეტულად კი ესაა მედიცინისა და ფარმაციის კომერციალიზაცია, რომელიც ბურჟუაზიული სისტემის მიერ საზოგადოების წინაშე ჩადენილი საუკუნის დანაშაულია. სოციალისტურ ჩინეთში ვაქცინის შემუშავება მოხდა გამოცდილ სახელმწიფო ლაბორატორიებსა და ინსტიტუტებში. საინტერესოა, რომ კაპიტალისტურ რუსეთშიც კი, ვაქცინაზე მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობდნენ. რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და სოციალისტური სისტემის ლიკვიდაციის შემდეგ სახალხო მეურნეობის თითქმის ყველა დარგი ფორსირებულად გადავიდა კერძო საკუთრებაში, ეპიდემიოლოგია, ვირუსოლოგია და ფარმაცია დღემდე სახელმწიფოს ხელშია. დასავლეთში კი ვაქცინას კერძო სტრუქტურები აწარმოებენ. ესენი ერთობ საეჭვო რეპუტაციის გიგანტური ტრანსნაციონალური ფარმაკომპანიებია, რომლებსაც სკანდალური ისტორიების გრძელი შლეიფი “ამშვენებთ”. მაგალითად, კომპანია Pfizer გასული საუკუნის 90-იან წლებში ეჭვმიტანილი იყო ნიგერიაში საკუთარი ახალი ანტიბიოტიკის არალეგალურ ტესტირებაში, რასაც რამდენიმე მცირეწლოვანის გარდაცვალება მოჰყვა. ნიგერიის მთავრობამ კორპორაციის წინააღმდეგ 6, 9 მილიარდ დოლარზე სარჩელი შეიტანა, რამაც კომპანიის რეპუტაცია შეარყია. 2015-16 წლებში ამერიკელების მიერ Pfizerის წინააღმდეგ ასობით სარჩელი იქნა შეტანილი მათ მიერ გამოშვებული ანტიდეპრესანტის თანმხლები ეფექტის გამო. 2019 წელს კომპანიას ბრალი წაუყენეს მისი ერთერთი პრეპარატის კანცეროგენური ზემოქმედების გამო, რაც, როგორც ბრალდების ტექსტში იყო ნათქვამი, ხელს უწყობდა ორგანიზმში კიბოს უჯრედების წარმოქმნას. როდესაც ჯანდაცვისა და ფარმაციის სფერო ვიღაცისთვის მოგებისა და გამდიდრების წყაროდ იქცევა, ეს სფეროები საფრთხის შემცველი ხდება, ვინაიდან ისინი გამოდიან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის რეჟიმიდან და გადადიან მდიდარი კლასის გამდიდრების რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის პრიორიტეტი, ადამიანის ჯანმრთელობის ნაცვლად, სიმდიდრე და მოგება ხდება. მათ არსებობის მიზანი ეცვლებათ. ავადმყოფი (პაციენტი) კი მათთვის მიზნიდან საშუალებად იქცევა, რომლისგანაც მოგება უნდა ამოქაჩონ. ადამიანი (საზოგადოება), რომელიც ამგვარ მიდგომას არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ხედავს და გრძნობს, ვერ იქნება ნდობით გამსჭვალული იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც მას (ადამიანს) არა უმაღლეს ღირებულებად, არამედ თავიანთი მერკანტილური მიზნის მიღწევის საშუალებად განიხილავენ.

ხელისუფლების მიმართ ნდობის ფაქტორს ორი საყრდენი აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორსაფეხურიანია. პირველი საფეხური ზოგადი ხასიათისაა, მეორე _ კონკრეტული. პირველი საფეხური ნიშნავს ნდობას იმ იდეოლოგიის (ისტორიული მიმართულების) მიმართ, რომელიც ამა თუ იმ ხელისუფლებას აქვს გაცხადებული, მეორე კი _ ნდობას პერსონალიებისა და ავტორიტეტების მიმართ, რომლებიც ამა თუ იმ ეტაპზე იმ გაცხადებული იდეოლოგიის კონკრეტულ შემსრულებლებლად გვევლინებიან. შეიძლება, საზოგადოება ნდობას უცხადებდეს ზოგად მიმართულებას, მაგრამ ნაკლებად ენდობოდეს კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ამა თუ იმ ეტაპზე სახელმწიფოს მართვის პულტს ხელში იღებენ. ან პირიქით, ნაკლებად ენდობოდეს ზოგად კურსს, მაგრამ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც საჭესთან აღმოჩნდნენ, მათი პიროვნული თვისებების, მათი წარსული დამსახურებებისა თუ სხვა ფაქტორთა გამო მაინც ნდობას უცხადებდეს. იდეალური სიტუაცია იმ შემთხვევაში გვაქვს, როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა როგორც ზოგად მიმართულებას (იდეოლოგიას), ასევე კონკრეტულ პიროვნებებს. საგანგაშო მდგომარეობა კი მაშინ იქმნება, როდესაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღარც ზოგად მიმართულებას ენდობა და აღარც კონკრეტულ შემსრულებლებს.

ამ თვალსაზრისით რა ვითარებაა საქართველოში?

რა არის ჩვენი იდეოლოგია და ზოგადი მიმართულება? დასავლეთი, ნატო და ევროკავშირი.

1991 წელს დაიშალა რა საბჭოთა კავშირი, საქართველომ კურსი დასავლეთისკენ აიღო და ამ გზიდან დღემდე არ გადაუხვევია. სწორია თუ არასწორია, გამართლებულია თუ გაუმართლებელია, პერსპექტიულია თუ უპერსპექტივო, საქართველო ჯიუტად ადგას გზას, რომელიც თვითონ დასავლეთის მიერ არის შემოთავაზებული და ხელში შემოჩეჩებული, მაგრამ, იმავე დასავლეთში, ჯერჯერობით ყველგან ყრუ კედელს აწყდება. ნატოს წევრობაზე უარი, ევროკავშირის წევრობაზე უარი (თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ ასოცირების შესახებ არაფრისმთქმელსა და არაფრისმომცემ ხელშეკრულებას) და მხოლოდ სიმწრის ღიმილისმომგვრელი დაპირება, რომ ოდესმე აუცილებლად გავხდებით ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რომ ნატოს კარი ღიაა ჩვენთვის და სხვა ამგვარი ზღაპრები.

ჩნდება შეკითხვა _ ექნება ქართველ ხალხს იმ იდეოლოგიის მიმართ ნდობა, რომელიც, ოცდაათი წელიწადია, სიტყვით მასთან გვეპატიჟება, მაგრამ საქმით ხელსა გვკრავს. არც ჰოს გვეუბნება და არც არას. არც სხვაგან გვიშვებს და არც თვითონ გვიღებს? არა, რა თქმა უნდა!

ოცდაათი წელიწადი მცირე დრო ხომ არ არის, თითქმის მესამედი საუკუნეა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენთვის ეს მშვიდად ლოდინის ოცდაათი წელიწადი კი არა, გამუდმებული ომებისა და მძიმე ქარტეხილების სისხლიანი და ცრემლიანი ოცდაათი წელიწადი იყო, უნდა მივხვდეთ, რომ არც ევროპა და ამერიკა, არც ნატო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენთვის მომავალშიც ისევე არ არიან დახმარების ხელის გამომწვდენი, როგორც აქამდე არ ყოფილან. ჰოდა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ შეკითხვა, რომელიც მთელი ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ბედისწერასავით მოგვდევს: ექნება ქართველ ხალხს იმ იდეოლოგიის მიმართ ნდობა, რომელიც მხოლოდ სატყუარაა, მხოლოდ მირაჟია და რეალობის ნიშანსვეტის მქონეც არ არის? არა, რა თქმა უნდა!

ჩვენ მხოლოდ მოტყუებით როდი ვართ შეურაცხყოფილნი, ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი სამშობლო ტერიტორიულად დაიშალა, ეკონომიკურად, სოციალურად, დემოგრაფიულად, მორალურად განადგურდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფუძიდან აიყარა, ხალხს იმედი გადაეწურა და ქვეყანაში სასოწარკვეთილებამ დაისადგურა. სად არიან სტრატეგიული პარტნიორები? რაში გამოიხატა მათი დახმარება? რით უშველეს მძიმე განსაცდელში ჩავარდნილ ჩვენს სამშობლოს? იქნებ იმ უზარმაზარი ვალებით, ყულფივით რომ ჩამოგვაცვეს ყელზე და, რომლის მომსახურებასაც ვეღარ ავუდივართ? ან იქნებ იმ შეშფოთება-აღშფოთების გამომხატველი შორისდებულებით, რომელსაც ჩვენი ნებისმიერი მარცხის შემდეგ ფარისევლური თანაგრძნობით წარმოსთქვამენ ევროსაბჭოსა და ეუთოს მსგავს სალაყბო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესისა თუ სენატის სხდომათა დარბაზებში, სტრასბურგში… ბრიუსელში… ჰოდა, კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) ხომ არ გავიმეოროთ შეკითხვა, რომელიც საქართველოსთვის ეგზისტენციური მნიშვნელობის გამხდარა: ექნება ქართველ ხალხს იმ იდეოლოგიის მიმართ ნდობა, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ შულერობაზეა დაფუძნებული და აგებული? არა, რა თქმა უნდა! იქნება მარადიული გულუბრყვილობით შეპყრობილი ნაწილი საზოგადოებისა, იქნება დასავლეთის ასევე მარადიულ ხიბლში ჩავარდნილი ნაწილიც საზოგადოებისა, იქნებიან სხვა ჯგუფებიც, მერკანტილურპრაგმატული თვალსაზრისით დასავლურ წრეებს მიბმულმიჯაჭვულნი, მაგრამ ეს არ არის ქართველი საზოგადოება, მით უმეტეს, ეს არ არის ქართველი ხალხი, რომელიც სასიცოცხლო ნერვით გრძნობს ტრაგიკულობას ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობისა.

* ქართველი ხალხი განა ოდესმე შეეგუება დაკარგულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს?!

* ქართველი ხალხი განა ოდესმე შეეგუება დამამცირებელ თურქულ ექსპანსიას აჭარაში?!

* ქართველი ხალხი განა ოდესმე შეეგუება აზერბაიჯანის მკრეხელურ პრეტენზიებს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსსა და ტერიტორიებზე?!

* ქართველი ხალხი განა ოდესმე შეეგუება ქართულ სხეულზე უკვე აფუთფუთებული თუ მომავალში ასაფუთფუთებლად გამზადებული ათასი ჯურის უცხო თესლის მიერ ჩვენთვის ზურგში ჩასაცემად ამოწვდილ მახვილს?!

_კი მაგრამ, რას იზამს, ოთხკუთხივ საომრად ეკვეთება მეზობელ სახელმწიფოებს? _ მტრის დამცინავი ქირქილი ისე ცხადად ჩამესმის, თითქოს მართლაც ყურში ჩამძახისო.

_ არა. საქართველო არ არის მზად არც ოთხკუთხივ და არც ერთკუთხივ ომისთვის, არანაირი რესურსი არ აქვს საამისოდ, მაგრამ არის სხვა რესურსი, ისტორიულად აპრობირებული და დრო-ჟამისგან გამოცდილი. ესაა ნამდვილ, ბუნებრივ მოკავშირესთან მისვლა, პოზიციების დაზუსტება, ინტერესთა შეჯერება და ხელშეკრულების გაფორმება. რუსეთია ასეთი მოკავშირე. სხვა მოკავშირე საქართველოს არც წარსულში ჰყოლია და არც მომავალში ეყოლება. სასაცილოა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების დასავლეთის სპეცსამსახურების ლაბორატორიებში შექმნილი ლეგენდა, რადგან საქართველო არასოდეს ყოფილა ევროპული ოჯახის წევრი; სასაცილოა ნატოს წევრობით საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების ნატოს შტაბბინაში შექმნილი მითი, რამეთუ ეს მითი თვითონ ნატომ გაგვიქარწყლა იმ თავხედური შემოთავაზებით, რომ ნატოს წევრობას მათი წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედების გარეშე უნდა დავთანხმდეთ. მოკლედ, შარში ნუ გაგვხვევთო, შეიგნეთ, რომ თქვენ გამო არავისთან ომს არ ვაპირებთო. ჰოდა, აქ კიდევ ერთხელ დავსვათ ის შეკითხვა, მტერსაც და მოყვარესაც ერთნაირად რომ აღიზიანებს უკვე: ექნება ქართველ ხალხს იმ იდეოლოგიის მიმართ ნდობა, რომელიც ასე უპერსპექტივოა, ასე დისკრედიტებული და გაშარჟებულია? არა და არა!

ამის შემდეგ იმ საკითხსაც შევეხოთ, შეიძლება თუ არა, რომ, მიუხედავად იდეოლოგიისა და მიმართულების მცდარობისა, ხალხი მაინც ენდობოდეს ხელისუფლებას, რადგან იქ შეუვალ ავტორიტეტებსა და ზნეკეთილ პერსონებს ხედავს? გადავავლოთ თვალი, აგერ არ არის მათი მთელი გალერეა? ჯერ იმ პერსონებს გადავხედოთ, რომლებიც ცოტა ხნის წინათ ჩვენ თვალწინ იბღინძებოდნენ, მაგრამ, რომელიღაც მხრიდან მათთვის არასასურველმა ნიავმა რომ წამოუბერა, ბაბუაწვერას ბუსუსებივით მიმოიფანტნენ ჰაერში _ კვირიკაშვილი, ბახტაძე, გახარიაჯერ კიდევ გუშინსაქართველოსთვის თავის დასადებად შემართულირაინდები სად არიან დღეს? ალბათ, პრემიერმინისტრობისას ნაშოვნი კაპიტალის დაბანდება-დაბინავების საშვილიშვილო საქმით იქნებიან დაკავებულნი. სად არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომლის მსგავს საპრეზიდენტო კანდიდატს მსოფლიოს ნებისმიერი სახელმწიფო ინატრებსო, რომ გვიმტკიცებდა ბატონი ივანიშვილი? დასასრულ, სად არის თვითონ ივანიშვილი? თუ მართლა გაიქცა ბრძოლის ველიდან, ახლა, როდესაც ჩიხში ვართ და გამოსავალისთვის ვერ მიგვიგნია, გაქცევა იქნებოდა? თუ არ გაქცეულა და ისე, მოსაჩვენებლად წავიდა, ანუ მოგვატყუა, ისედაც ამდენგზის მოტყუებულგაბითურებული ხალხის ასე გამასხარავება დასაშვებია? ამას პოლიტიკა ჰქვია? ამას საქციელი ჰქვია? სად ხედავთ აქ ავტორიტეტს? რა ნდობაზეა საუბარი? უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, ზუსტად ის მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ, გვაპატიეთ, მაგრამ ვერ გენდობით!

იდეოლოგია, რომელსაც დასავლური დემოკრატია ჰქვია, საქართველოსთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. პერსონები, რომლებიც ამ იდეოლოგიას ემსახურებოდნენ, დაწყებული ე.წ. ეროვნული მოძრაობის ლიდერებით და დამთავრებული “მოქალაქეთა კავშირის”, “ნაციონალური მოძრაობის”, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებით, ნდობას არ იმსახურებენ. ეს დასკვნა, მე პირადად, დიდი ხნის წინათ გავაკეთე, მაგრამ იგი ეროვნულ და სახალხო დონეზეა გასაკეთებელი. სხვა გამოსავალი აღარ დარჩა. შეცდომათა აღიარებისა და დამღუპველი კურსიდან გადახვევის შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყნის ის ნარჩენი მაინც გადავარჩინოთ, რომელიც ჯერ კიდევ, ასე თუ ისე, სუნთქავს და არსებობს, კურსის უცვლელობის შემთხვევაში კი კატასტროფა გარდაუვალია.

ვალერი კვარაცხელია

P.S. საქართველოში შემოტანილი ბრიტანული ვაქცინაასტრაზენეკა”, მას შემდეგ, რაც ვაქცინაციით სიკვდილის შემთხვევები გამოვლინდა, ევროკავშირის მთელ რიგ სახელმწიფოებში ეჭვის ქვეშ დააყენეს. ავსტრია, დანია, ნორვეგია, ისლანდია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, კვიპროსი, ლატვია, იტალია, საფრანგეთი, გერმანია _ ასე გამოიყურება ჩამონათვალი იმ სახელმწიფოებისა, რომლებმაცასტრაზენეკათიაცრის პროცესი შეაჩერეს.

ვფიქრობ, საქართველოშიც გარკვეული პერიოდით (იქამდე, ვიდრე საკითხზე მეტი გარკვეულობა იქნება) უნდა შეჩერდესასტრაზენეკათიაცრის პროცესი.

საქართველოში რუსული ვაქცინის შემოტანაზე პოლიტიკური მოტივით ამბობენ უარს და ეს უზნეობაა. სააგენტო Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროკავშირი მზად არის რუსული ვაქცინის შესაძენად მოლაპარაკებების დასაწყებად. იტალიაში კი ერთერთი უმძლავრესი ფარმაცევტული ქარხანა რუსული ვაქცინასპუტნიკ V”-ის გამოსაშვებად ემზადება.

ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც ყოველივე ამის ფონზე საზოგადოებრივ ნდობას უფრო და უფრო კარგავს.

..

1 COMMENT

  1. მთლიანად გეთანზმებით ბ-ნო ვალერი. მევლუდ ჩავუშ-ოღლუმ და ერდოღანმა ხომ დაუფარავად განაცხადეს, რომ დაიბრუნებენ ბათუმს, აჭარას და გურიას არა ტანკებით , არამედ ეკონომიკური მეთოდებით, სამხედრო ძალაზე უარი თქვეს უსევ რუსეთის შიშით. ეკონომიკური ნაბიჯები კი უკვე წრმატებით გადადგეს – მსუყე ქრთამით უკვე მოისყიდეს ჩვენი უმაღლესი ხელისუფალი და შეისყიდეს მთელი რიონის ხეობა, სასწრაფოდ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და გავაუქმოთ გახარიას მიერ ჩუმად დადებული ქვეყნის დამღუპველი ხელშეკტულება !!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: თამაზ ბაქრაძე Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here