Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა

უზნეობის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა

1062
უზნეობის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა

ძალზე ძნელია ჩემთვის ამ თემაზე წერა. უზნეობის ჭაობში ჩაეფლო ქვეყანა, რამაც სულით ხორცამდე შემძრა და გამაოგნა. ნათქვამია: “მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკანაო!” მე არ შევუდგები აქციების პერიპეტიების გაშუქებასა და შეფასებას. ამის შესახებ ბევრი დაიწერა და კიდევ დაიწერება. მე მინდა, მათი ზნეობრივი და მორალური მხარე წარმოვაჩინო; მინდა, რომ ის ადამიანები ზნეობრივადაც გასამართლდნენ, რადგან ამ სამწუხარო ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, თუ როგორ ექცევიან ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ბედიღბალს არა მხოლოდ გარეშე ძალა, არამედ ჩვენი ხელისუფლება, ოპოზიციური პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თვით საზოგადოება.

ამ აქციებისა და მომხდარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, კარგად ვხედავთ, რომ მათ მოქმედებას არავითარი ზნეობრიობა არ ახლავს; მათ დაივიწყეს და ხაზი გადაუსვეს ყოველგვარ ადამიანურ ფასეულობებს. იქ მხოლოდ უზნეობა და ბოროტება სუფევდა, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: “გრძნობა ადამიანობისა, ქრისტიანობის, მაღალზნეობისა სხვა არა არის, თუ არა გულისტკივილი ყველასათვის საერთოდ და ძმათათვის განსაკუთრებით”. არადა, როგორი გამეტებით, სისასტიკით, რისხვით იქცეოდნენ აქციის მონაწილენი; საიდან, როგორ შეიძინეს ეს უზნეო თვისებები?! სამწუხაროდ, ყოველივე ამ უბედურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენს მეხსიერებაშიცაა. მეხსიერება ხომ წარსული ცხოვრების სარკეა, რატომ ვერ ვახერხებთ, ჩავიხედოთ ამ სარკეში, როგორ უსუსურად გამოვიყურებით ჩვენი არც ისე შორეული წარსულის გახსენებისას, რამდენი რამ გადავიტანეთ ამ ოცდაათი წლის განმავლობაში _ ორი სახელმწიფო გადატრიალება, სამოქალაქო ომი, ომი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი დაავადდა, რამდენმა დაკარგა სახლკარი და ლტოლვილად იქცავერ უნდა გამოვიტანოთ სათანადო დასკვნა ჩვენი ნამოქმედარიდან, არ უნდა მოვუხმოთ ჭკუაგონებას?

რა გენიალურად უთქვამს დავით გურამიშვილს: “ჭკვა უხმარ არ ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების”. ყველაფერს ხომ მეხსიერების არქონით ვერ ავხსნით. თავს გადახდენილ ვერც პროცესს და ვერც შედეგს ვითვალისწინებთ.

ეს ნაც-ქოცების მიერ ჩატარებული კოაბიტირებული, დაგეგმილი “ჯანყი” უკვე ყველასთვის ცნობილია, ვინც მოაწყო და რას ემსახურებოდა. უკვე თვალნათლივ გაცხადდა ის ზრახვანი, რომ ანტირუსული კამპანია და ისტერიკა უნდა აეყვანათ უმაღლეს დონეზე, რადგან ბოლო პერიოდში რუსეთთან დათბა ურთიერთობა და გაჩნდა პერსპექტივა მისი გაუმჯობესების. კიდევ კარგი, რუსეთის ხელისუფლება და ხალხი აცნობიერებს, რომ ყოველივე ეს მოწყობილია დესტრუქციული ძალების მიერ და ქართველი ხალხი აქ არაფერ შუაშია. ვერავითარი ანტირუსული რეკლამა ვერ გიშველით: გინდ ფეხბურთელებს დაკიდეთ მაისურზე, გინდ სარეკლამო რგოლზე განათავსეთ, გინდ იმ უკანალზე დაიკიდეთ, რომელსაც საოკუპაციო ხაზთან რუსეთს უშვერთ, და გინდ იმ ანტიეროვნულ გულზე. რაც მეტად იღნავლებთ “რუსეთი ოკუპანტიაო”, ფიზიკის კანონის არ იყოს, ქმედება ტოლია უკუქმედების, მით უფრო გაიზრდება და გარდუვალი იქნება ორი მართლმადიდებლური _ რუსი და ქართველი _ ერის კეთილგონიერი დაახლოება ერთმანეთთან.

დააკვირდით, აქციებზე ადამიანები ნაცბანდების ლიდერებს როგორ უდიერად ექცევიან: აფურთხებენ, აგინებენ, ბოთლებს ესვრიან. ვინ მისცა ამ ზნედაცემულებს ქართველი ხალხის სახელით, თანაც სიძულვილის ენით, ლაპარაკის უფლება?! ისინი ხომ უთავმოყვარეო და სინდისგარეცხილი ხალხია. ქვეყანასაც დაუკარგეს თავმოყვარეობა და სხვა ქვეყნების საჯიჯგნად, სახელმწიფო გადატრიალების და ყოვლად უხამსი ექსპერიმენტების პოლიგონად აქციეს და რაც მთავარი და საამაყო იყო ჩვენთვის სტუმარ-მასპინძლობა წაგვიბილწეს. აიყვანეს რა აქციაზე “რუსეთი ოკუპანტია”-ს ძახილით ხალხის აღშფოთების დუღილის ტემპერატურა სათანადო დონეზე, უკვე გაისმა ნაცბანდების მოწოდებები, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში. როცა ასეთი წამქეზებლური მოწოდებებით გამოდიხარ და ძალადობ ხალხის აზროვნებაზე, რომელმაც გამოიწვია ფიზიკური ძალადობა, ბუნებრივია, ძალადობა ძალადობას შობს. მათ არ აწუხებთ სინდისი, აღიარონ ჩადენილი ბოროტება. როგორ იყო ჩარეული ამ უზნეობის ჭაობში არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები და მედიასაშუალებები ზოგიერთი გამონაკლისისა. ისინი ძირითადად ცალმხრივად, მიკერძოებულად აქუშებდნენ ამ მოვლენებს, დაცლილი არიან ზნეობრივი სინდისისაგან, არავითარი ჟურნალისტური ეთიკა, საზოგადოებისადმი პატივისცემა და თავაზიანობა, როგორ აპირისპირებენ ერთმანეთს, როგორ უდიერად ეპყრობოდნენ საზოგადოების ზნეობრივად ჯანსაღ ნაწილს. რაც შეეხება საზოგადოების უდიდეს ნაწილს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, გამონაკლისის გარდა, ეყო გონიერება და დროულად გაეცალა ამ სიბინძურეს.

წარმოუდგენელია ქვეყანა ზნეობრივი და სამართლიანი ცხოვრების გარეშე, სამწუხაროდ, ჩვენ ყოველივე ამისგან თავისუფალი ვართ. ქვეყანა უზნეობის, სიცრუის, უსამართლობის ჭაობშია ჩაფლული, ამიტომაც ხდება ეს უბედურებანი; ამიტომაცაა ეს გააფთრებული ბრძოლა ქვეყანაში ყოველგვარი უზნეობის დასამკვიდრებლად ყველგან და ყველა სფეროში; ამიტომაცაა, ვერა და ვერ შევძელით მართალი და სწორი გზით სიარული, რომელზეც ჩვენი არსებობაა დამოკიდებული. ახლა მთავარია, დავფიქრდეთ, თუ რატომ ვართ ასე, რატომ ვიქცევით ასე და როგორ უნდა მოვიქცეთ; რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. რატომ დავკარგეთ ღირსება, თავმოყვარეობა და მოვალეობის განცდა.

ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს _ ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული პირობები, მაგრამ რა ეშველება ზნეობას?! როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, “ზნეობის თესლი ხალხში ჩავარდნილი გვიან ამოდის”. არადა, სწორედაც ზნეობაა ადამიანის ფასეულობების საფუძველთა საფუძველი და ზნეობრივად უნდა განვიწმინდოთ.

თავი და თავი ყველა ამ უზნეობისა და უბედურების ეს თავსმოხვეული კოაბიტაციაა, რომელმაც ქვეყანა მძიმე სოციალურ და უსამართლო მდგომარეობამდე მიიყვანა. კოაბიტაციით ნაციონალებმა მიიღეს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი, ჩამოუყალიბდათ დაუსჯელობის სინდრომი. ამიტომაცაა, რომ პოლიტიკური დევნით უნდათ ჩადენილი მძიმე დანაშაულის გადაფარვა. ესეც პოლიტიკური უზნეობაა.

დავამთავრებ ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით: “მაღალი ზნეობის კაცი ერისა, სამშობლოსა და მოყვასისათვის იღვაწებს უპირველესად და, თუ საჭირო გახდა, მსხვერპლადაც მივა”. გვყავს კი ჩვენ ასეთი ხალხი? თუ გვყავს, ალბათ, ძალიან ცოტა და ესაა სწორედ ჩვენი თავსატეხი.

ჯონი ცინცაძე,

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here