უბედურება თავისუფლებისგან

    რუსული კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნაწარმოები „ვაი ჭკუისგან” (ალექსანდრე გრიბოედოვი), საინტერესოა არამხოლოდ როგორც ეპოქალური მნიშვნელობის მქონე ძვრების ამსახველი ნაწარმოები, იგი ყურადღებას იქცევს სათაურის  თვალსაზრისითაც. ვაი უჭკუობისგან უნდა მოდიოდეს, ამ ნაწარმოების მთავარ მოქმედ გმირ ალექსანდრე ჩაცკისთვის კი ვაი ჭკუა-გონებას მოაქვს, ვინაიდან ფამუსოვების, მოლჩალინების, რეპეტილოვებისა და სკალოზუბების დამყაყებულმა საზოგადოებამ იგი პროგრესული იდეების გამო გიჟად შერაცხა. ჩაცკის  სიყვარულშიც კი არ გაუმართლა. მის პიროვნულ ტრაგედიას საფუძვლად მისი ჭკუა დაედო. პრობლემების გამომწვევი მიზეზი, წესით, უჭკუობა უნდა იყოს, მაგრამ ავტორის გენიალურობა სწორედ იმ შეუსაბამობასა და კონტრასტშია, რომ აქ პირიქით არის – პრობლემები ჭკუას მოაქვს,  ვაი -ჭკუისგან.

    თუკი შესაძლებელია, რომ რომელიღაც კონკრეტულ ვითარებაში ჭკუა ვაის (უბედურების) მომტანი იყოს, საკითხის ასე დასმაც შეიძლება. ალბათ, ისიც არის შესაძლებელი, რომ დადებითმა უარყოფითი ან პირიქით – უარყოფითმა დადებითი შედეგი მოგვცეს. მაგალითად, ზნეობა პრობლემების შემქმნელი, რწმენა ტრაგედიის საფუძველი, თავისუფლება კი უბედურების მომტანი გამოდგეს. სხვა შემთხვევაში უზნეობა  გამარჯვებას, შური  ბედნიერებას, სიძულვილი კი სიყვარულს დაედოს საფუძვლად.  მეტისმეტად რთული ფილოსოფიური, სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური საკითხია, რომელზეც  ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ცხოვრება ისე მრავალფეროვან კალეიდოსკოპს გვთავაზობს, მოვლენებიც და ადამიანებიც იმგვარ ტრანსფორმაციას განიცდიან, რომ ამგვარმა მეტამორფოზებმაც არ უნდა გაგვაკვირვოს. სანიმუშოდ განვიხილოთ თავისუფლების საკითხი.

    რა არის თავისუფლება?

    შევიდეთ ვიკიპედიაში ან გადავფურცლოთ ენციკლოპედია და მოვიტანოთ რამდენიმე ამონარიდი:

    1. „ინდივიდუალური ან კოლექტიური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა მოქმედებას შორის არჩევნის საშუალებას გულისხმობს. თავისუფლება ნიშნავს ადამიანის შესაძლებლობას, იმოქმედოს თავისი ნების შესაბამისად, ვინმეს მიერ ან ვისიმე სახელით დაწესებული ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე”.

    2. „თავისუფლება ასევე შეიძლება გავიგოთ, როგორც საკუთარი ნებისათვის გარკვეული მიმართულების მიცემის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში გულისხმობენ გადაწყვეტილების მიღების ან ნების თავისუფლებას, რაც ნიშნავს თავისუფლებას „რაღაცისათვის“ (პოზიტიური თავისუფლება). ასე გაგებული თავისუფლება წარმოადგენს მრავალი ფილოსოფიური და თეოლოგიური გამოკვლევის საგანს. პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით შესაძლებელია თავისუფლების მიღება იძულების მოხსნით, ხოლო ფილოსოფიური თვალსაზრისით – არა”.

    3. „თავისუფლება მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო საკამათო კატეგორიაა ხანგრძლივი ისტორიითა და შესაბამისი მეტაფიზიკური, თეოლოგიური და მორალური იმპლიკაციებით. თავისუფლების ეს განსაზღვრება შეიძლება ასევე წარმოდგენილი იყოს ფორმულით: „A თავისუფალია B-სგან, რათა განახორციელოს  P“, სადაც A-თი ინდივიდები აღინიშნება, B-თი – ხელისშემშლელი პირობები, ხოლო P-თი – სასურველი მოქმედებები ან მდგომარეობები”.

    4. „თავისი არსით შეუზღუდავი თავისუფლება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ეთიკას, რათა ადამიანები გახადოს ყოველმხრივ პასუხისმგებლები იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ან რისი გაკეთების უფლებასაც სხვას აძლევენ”.

    ენციკლოპედიები ასეთი რთული შინაარსის მქონე ვრცელი სტატიებითაა დამძიმებული, მაგრამ, ძალიან ღრმად რომ არ შევიჭრეთ ამ აგნოსტიკურ მსჯელობებში, დავაკვირდეთ მხოლოდ ერთ რამეს:  თავისუფლება მისი ცნების დეფინიციის მომენტშივე აწყდება გადაულახავ წინააღმდეგობას. საქმე ისაა, რომ თავისუფლება ნიშნავს ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნას, მაგრამ  ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში ადამიანი, ხატოვნად რომ ვთქვათ, „სხვის ბოსტანში” აღმოჩნდება. მას ეუბნებიან, რომ „სხვის ბოსტანში” არ უნდა გადავიდეს, ანუ, თანამედროვე ლექსიკით თუ ვილაპრაკებთ, მას განუმარტავენ:  „შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება.  ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც წამის წინ უთხრეს, ყოველგვარი შეზღუდვისგან თავისუფალი ხარო, იქვე შესძახეს:  სდექ, იქ (სხვის ბოსტანში) შესვლის უფლება არ გაქვს! თავისუფლება ყოვლის ნებადართულობა არ ყოფილა. ზემოთ მოყვანილი ამონარიდების მეოთხე პუნქტში ხომ წავიკითხეთ: „თავისი არსით შეუზღუდავი თავისუფლება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ეთიკას, რათა ადამიანები გახადოს ყოველმხრივ პასუხისმგებლები იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ან რისი გაკეთების უფლებასაც სხვას აძლევენ”. ეს რას ნიშნავს? თავისუფალი კი ხარ, მაგრამ ეთიკისგან არ ხარ თავისუფალიო. აბა, კარგად დავაკვირდეთ, ადამიანი მხოლოდ ეთიკური ნორმებითაა შეზღუდული? არა, მასზე სხვა შეზღუდვებიც მოქმედებს. ამ პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც მორალურ კანონებთან ერთად იურიდიული კანონებითაც არ არის შეზღუდული. რა გამოდის? ადამიანი, რომელსაც თავისუფლება სწყურია, ერთ შემთხვევაში შეზღუდული ყოფილა სხვისი უფლებებით; მეორე შემთხვევაში – მორალით; მესამე შემთხვევაში – სამართალით. მერე შემოდის სახელმწიფო ინტერესები; მერე – რელიგია; მერე – ტრადიციები;  მერე – ოჯახი და ა.შ. თავისუფლებამ შეიძლება ამდენ შეზღუდვას გაუძლოს? თავისუფლება იღუპება იქვე, სადაც მას შეზღუდვის სახით  თუნდაც პირველი დაბრკოლება ხვდება. თავისუფლება ან არსებობს სრული და შეუბღალავი, ან არ არსებობს. ქალწულობასავითაა – ან არსებობს, ან არ არსებობს. ფილოსოფიური გაგებით ასეა, მხოლოდ ასე;  სოციუმის გაგებით  სხვა ვითარებაა. ბრბო იმ დროს ყალიბდება სოციუმად, როდესაც კანონებს (შეზღუდვებს) აწესებს. იმ დროს კი არა, როდესაც თავისუფლებას აცხადებს, პირიქით, იმ დროს, როდესაც თავისუფლების ინსტიქტებს ზღუდავს სხვადასხვა (იურიდიული, მორალური, ტრადიციული, ოჯახური, საზოგადოებრივი, სახელმწიფოებრივი) თვალსაზრისიდან გამომდინარე. ამ თვალსაზრისით, ადამიანი, თავისუფლების მიერ კი არა, თავისუფლების რაციონალური შეზღუდვების მიერ არის შექმნილი. ადამიანი თავისუფლების პროდუქტი არ არის, იგი მოვალეობათა და პასუხისმგებლობათა გაცნობიერების პირმშოა. აქედან გამომდინარე,  ადამიანი, აბსოლუტური თავისუფლების მიმართულებით კი არა, მოვალეობათა შესასრულებლად თავისუფალი პირობების მოპოვების მიმართულებით უნდა მოძრაობდეს,   უმაღლესი მიზანი მოვალეობის განხორციელებაა, თავისუფლება კი მისი მიღწევის საშუალებაა მხოლოდ. ადამიანი, რაც უფრო გადაიხრება აბსოლუტური თავისუფლებისკენ, მით  უახლოვდება ცხოველს, რომელსაც ინსტიქტურის გარდა სხვა შეზღუდვები არ  აქვს, ხოლო, რაც უფრო გადაიხრება რაციონალური შეზღუდვებისკენ,  მით ადამიანურდება, მით უფრო ზნეობრივი,  კულტურული,  სათნო,  კეთილშობილი და ამაღლებული ხდება.

    ცოტა გამექცა ზოგადფილოსოფიური მსჯელობა, მაგრამ ახლავე მოვთოკავ საკუთარ თავს და უფრო კონკრეტული საკითხის მიმართულებით წავალ:

    დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება თითქმის სინონიმებია. საერთოდ, სანუკვარი ცნება თავისუფლებისა, ალბათ, სიტყვის თავისუფლებით იწყება. თავის მხრივ, სიტყვის თავისუფლება აზრის თავისუფლებას ეფუძნება. აზრის თავისუფლება ცოტა ძნელი წარმოსადგენია,  ვინაიდან აზრის შეზღუდვაა ძნელი წარმოსადგენი.  აზრის თავისუფლება გარედან როგორ უნდა მოგანიჭონ, თუკი მას ისედაც ვერავინ შეგიზღუდავს?!  აზრი,  ფიქრი,  ოცნება,  წარმოსახვა ხელშეუხებელია. იგი პროცესია, რომელიც მთლიანად ადამიანს (პიროვნებას) ეკუთვნის და „გარეშე თვალისგან”, მიყურადებისა და კონტროლისგან ისეა ბუნებრივად დაცული,  რომ ხელოვნური დაცვა არ სჭირდება ანუ ვერავისგან გარედან გასათავისუფლებელი ვერ იქნება, ისედაც თავისუფალია – აბსოლუტურად თავისუფალი,  თუმცა… მთლად ასეც არ არის. ადამიანი, პიროვნება თავის ნებაზე (მიშვებულად და სხვისგან დამოუკიდებლად) არ ყალიბდება. ადამიანი თავისუფალი განვითარების პროდუქტი კი არ არის, აღზრდის პროდუქტია, აღზრდა კი გავლენებს (მშობლები, გარემო, განათლების სისტემა, სოციუმი) ნიშნავს. აზროვნებაც გავლენების შესაბამისად ყალიბდება,  დასაშვების პარამეტრებში ექცევა და დაუშვებელის საზღვრებს ქმნის, რომლის გადალახვის სურვილი არ უჩნდება. ზნეობა, ადამიანის მხოლოდ მოქმედებას კი არა, ფიქრსაც, ოცნებასაც, წარმოსახვასაც და აზროვნებასაც ზღუდავს. ზნეობრივი ადამიანი,  მხოლოდ სხვათა დასანახავად კი არა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან   (შიგნიდან) არის ასეთი. იგი ზნეობრივია და სხვაგვარად ყოფნა არ ძალუძს. ზნეობრიობის საზომი ის კი არ არის,  ადამიანი ცხოვრებაში ზნეობრივ ნორმებს იცავს თუ არა, არამედ ის, რომ მას სხვაგვარად ყოფნა არ შეუძლია. „მორალური ადამიანისთვის ზნეობრივი ნორმების დაცვა კი არ არის ძნელი, რაღაც მიზეზების გამო ამ ნორმების შესრულების შეუძლებლობაა მისთვის დიდი დისკომფორტის მომტანი”, – წერდა ქართველი ფილოსოფოსი ვენორ ქვაჩახია. „ზნეობრიობის საზომი სუფთა სინდისის შენარჩუნების საზიზღარი ხელობა კი არ არის, ბრძოლა და ტანჯვა, ვნება და სიკვდილია!” – გვმოძღვრავს გენიალური თომას მანი. აზროვნება ზნეობის შესაბამისია. ამორალური ადამიანის აზროვნება ამორალურია, მორალური ადამიანის აზროვნება მორალურია. ამორალური ადამიანის სურვილები ინცესტამდეც კი მიდის, მორალური ადამიანის თავშეკავების მაგალითს კი ქართული სენტენცია გვკარნახობს: „მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურიაო!” სიტყვის თავისუფლება რას ნიშნავს? ადამიანს საჯარო სივრცეში იმის თქმის უფლება უნდა ჰქონდეს, რასაც ფიქრობს! ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ – სიტყვის თავისუფლება მივცეთ იმასაც, ვინც გვეუბნება, რომ მეზობლის ქალი ისევე არ უნდა იყოს შენი სექსუალური ვნებებისა და გულისთქმის ობიექტი, როგორც და, დედა, შვილი ანუ შინაურებიო, და იმასაც, ვინც გვეუბნება, ინცესტი მისაღებიაო?! სიტყვის შეუზღუდავი თავისუფლება ხომ უზნეო სიტყვის თავისუფლებასაც ნიშნავს?!  უზნეო სიტყვას თუ შეზღუდვას დავუწესებთ, გამოდის, რომ სიტყვის თავისუფლებას ვზღუდავთ, მაგრამ განა ეს ცუდია?! ამორალური სიტყვის შეზღუდვა თუ საჭიროა და აუცილებელია, ასეთ შემთხვევაში შემზღუდავი ინსტიტუტები დაგვჭირდება. გაზეთში,  რადიოში, ტელევიზიაში ამ ფუნქციას რედაქტორი ახორციელებდა, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში ვინ აკეთებს ამას? არავინ! ანუ რა ხდება? რა ხდება და საოცრება, უფრო ზუსტად  საშინელება ხდება! ეს არის ყოველგვარ აღზრდას მოკლებულთა სათარეშო ასპარეზი, სულმდაბალთა და პირაყროლებულთა სამოქმედო არენა, სადაც ისინი ყველაზე ბინძურ ვნებებს იკმაყოფილებენ და ცხოველურ ჟინს იკლავენ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია ამას, მაგრამ ვის სჭირდება ასეთი გამოხატვა და ამგვარი თავისუფლება?! შეუზღუდავმა, ზნეობისგან შორს მდგომმა და პასუხსმგებლობისგან დაცლილმა სიტყვის თავისუფლებამ  შვა სიბილწე, რომელიც შეურაცხყოფს კონკრეტულ ადამიანსაც და საზოგადოებასაც. ასე გაგრძელება შეუძლებელია. კანონია მისაღები სციალური ქსელების გამოყენების წესის შესახებ. ეს კანონი პასუხს მოსთხოვს პატრიოტიზმს ამოფარებულ რეგვენთა კასტას, ტროლებისა და ბოტების მთელ არმიას, რომლებიც ადამიანთა ორგანიზებულ ლანძღვაში ფულს გამოიმუშავებენ მათსავით ბინძური პოლიტიკური ძალებისგან. შეუძლებელია,  სიტყვის თავისუფლების ჭაობში ვცხოვრობდეთ და არაფერს ვაკეთებდეთ იქიდან ამოსასვლელად. დიდებულმა მწერალმა ალექსანდრე გრიბოედოვმა,  თავისი ეპოქის სენი მთელი სიმძაფრით რომ წარმოედგინა, „ვაი ჭკუისგან” დაწერა და გვითხრა: იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც ჭკუას ვაი (უბედურება) მოაქვსო. ჩვენ იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელშიც თავისუფლებას უბედურება (გრიბოედოვის ენაზე – ვაი) მოაქვს. არც გრიბოედოვია საჭირო და არც ილია ჭავჭავაძე, რომ ეს დავინახოთ. დღესავით ნათელია, რომ იმას, რაც საქართველოში ხდება, არაფერი აქვს საერთო არც სიტყვის თავისუფლებასთან და არც არანაირ თავისუფლებასთან, ეს სიბინძურეში ცხოვრებაა, რომელსაც შევეგუეთ. უფრო მეტიც,  ეს დღემდე პროგრესულ მოვლენადაა მიჩნეული, ანუ, გრიბოედოვის პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, „უბედურება თავისუფლებისგან” გვჭირს.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here