საქართველოში ცოცხალი ღორების იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა; უფრო კონკრეტულად, გასული წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 36,9 მილიონი დოლარის ღორი შემოვიდა, 2024 წლის იმავე პერიოდში კი 29,3 მილიონი დოლარის ღორი ვიყიდეთ. რეალურად საქართველოში ღორის ხორცის მოხმარება ასე არ გაზრდილა, უბრალოდ, ადგილობრივი წარმოება შემცირდა, გაისად კი უფრო მცირე იქნება.
საგულისხმოა, რომ შარშან ცოცხალი ღორები მხოლოდ რუსეთიდან შემოვიყვანეთ. ისე, რაც ეს სტატისტიკა გამოქვეყნდა, სოციალურ ქსელში „ჭკუის კოლოფებმა“ დაწერეს, რომ თურმე რუსეთში ღორების სერიოზული დაავადებაა გავრცელებული და იქიდან ცოცხალი ღორები არ უნდა შემოვიყვანოთ. ამ „ჭკუის კოლოფებმა“ არ იციან, რომ, როცა ცოცხალი ცხოველი გაგყავს ან შემოგყავს ქვეყანაში, მათ ორივე მხარე ამოწმებს და შესაბამის დოკუმენტს იძლევა, ამიტომ თითქმის გამორიცხულია, დაავადებული ცხოველი შემოვიდეს ან გავიდეს ქვეყნიდან.
ცალკე უბედურებაა, რაც ჩვენ გვჭირს – ცოცხალი ღორის შემოყვანას ვინ ჩივის, გაყინული ხორციც უამრავი შემოგვაქვს და 1-2 წელიწადში საქართველოში გაზრდილი ღორი სანთლით საძებნი იქნება, მაგრამ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. თუ გახსოვთ, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა გამოგვიცხადა, გზა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთო და ცხვირმოუხოცავ ბავშვებს მინისტრის სავარძელი უბოძა. გავჩუმდებოდით ვერა ქობალიაზე, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომ ჩააბარა ბაკურ კვეზერელს და იმანაც დააბრეხვა, შვეიცარიიდან „მამალი ძროხები“ შემოვიყვანეთ და კარგ ჯიშს გავამრავლებთო, მანდ მიხვდა ბევრი, რომ საქმე კარგად არ იყო. ჰო, სოფლის მეურნეობის ნგრევა და ყველაფრის შემოტანის პროცესი სწორედ ნაციონალების ზეობის ხანაში დაიწყო და ახლაც აქტიურად გრძელდება. არც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მოისურვა გამოცდილი კადრებისთვის ყურის დაგდება და განსაკუთრებით ბოლო 5-6 თვეში არაერთი გამოცდილი ადამიანი გაუშვეს სამსახურიდან, მათ ნაცვლად კი სწორედ ცხვირმოუხოცავი ბავშვები მიიღეს, რომლებსაც არც გამოცდილება აქვთ, არც პრაქტიკა და ჰგონიათ, ყველაფერი ისე ხდება, როგორც წიგნებში წერია.
კონკრეტულ მაგალითს გეტყვით – ნაცნობმა რუსეთიდან საკმაო რაოდენობის ცოცხალი პირუტყვის შემოყვანა გადაწყვიტა. ჯამში, ცოცხალი საქონელი 50 ტონა გამოვიდა. საზღვარზე ერთ კილოგრამზე საბაჟო გადასახადი 1 ლარია და, შესაბამისად, შემომყვანი მზად იყო, 50 ათასი ლარი გადაეხადა. თანაც ცოცხალი ტვირთია, ურიგოდ გასვლა ეკუთვნის, რადგან ძნელია, ტრაილერზე საქონელს აჭამო და ასვა. აწონეს პირუტყვი და სასწორმა 48 ტონა უჩვენა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან საქონელი გზაში იკლებს, ცალკე – სტრესი, ცალკე – საკმარისი საკვების უქონლობა. ჰოდა, ატეხა ერთმა ახალდანიშნულმა მებაჟე გოგონამ ყვირილია: იტყუები, წონა ნაკლებიაო. კაცმა მშვიდად აუხსნა, ნაკლები იმიტომ არის, რომ გზაში მოისაქმა, მოშარდა, საკვები არ მიუღია და საბუთში 50 ტონა ხომ წერია, 50 ათას ვიხდი, არ მაქვს პრეტენზია, რომ ნაკლებიაო. ამაზე ახალი მებაჟე სულ გადაირია: რას ჰქვია, ,,მოისაქმა და მოშარდა’’ მაკადრეო (ვითომ თვითონ იმავეს არ აკეთებდეს დღეში რამდენიმეჯერ) და ცოცხალი საქონელი „დააპატიმრა“, ანუ ვითარებაში გარკვევამდე ტერმინალიდან მათი გაყვანა-განბაჟება აკრძალა. ახლა გადაირია მეპატრონე, საქონელი დამეხოცებაო, მაგრამ ვინ მოუსმინა, დაიწყეს კვლევა, ვითომ არ იცოდნენ, რა და რატომ ხდებოდა… 3 დღეში ამ კაცს 7 სული მოუკვდა. მერე „ყველაფერი გაირკვა“, გამოუშვეს და მერე რა, რომ იმ შვიდ სულში 30 ათასი ლარი იზარალა, სამაგიეროდ, იმ გოგომ ხომ გაისწორა ხვაშიადი?!
„ყველამ იცოდა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ უდროო დროს კოლეგიალობა გამოიჩინეს და დამღუპეს. რა უნდა დამრჩეს იმდენი, რომ ეს 30 ათასი ვერ ვიგრძნო?! დასაკლავია ეს საქონელი, ერთი ცალიც რომ გავყიდო ცოცხლად, უზარმაზარ ჯარიმას ავიკიდებ, ამას მკაცრად აკონტროლებენ და, ვიღაცას რომ რაღაც ეშლება, არავის აინტერესებს. ხმამაღლა ვერც ვამბობთ, ვერც ბოლომდე ვაპროტესტებთ, იმიტომ, რომ მერე დაგიმახსოვრებენ და უარეს დღეში ჩაგაგდებენ“, – გვითხრა დაზარალებულმა.
ისე არ გეგონოთ, რომ ყველა მებაჟე ასე იქცევა. უცხოელებიც და ქართველებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ ქართულ საბაჟოზე ასჯერ და ათასჯერ უფრო დალაგებული მდგომარეობაა და, რაც მთავარია, რუსული მხარისგან განსხვავებით, გამორიცხულია, ქართველმა მებაჟემ ქრთამი ან მოითხოვოს, ან აიღოს, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებიც ერთეულ ადამიანებს სერიოზულად აზარალებს, ამიტომაც ვამბობთ, რომ ასე, ხელის ერთი მოსმით, არ უნდა გაეშვათ ძველი და გამოცდილი კადრები. ვერ გეტყვით, ეს ახალი მიდგომაა თუ მოწოდება, მაგრამ არაერთმა კერძო კომპანიამაც იგივე მოიმოქმედა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებსა და 60 წელს გადაცილებულ ქალბატონებს (ანუ საპენსიო ასაკს მიღწეულებს) სახელმწიფო სამსახურებმა კომეპნსაციის სახით 1 წლის ხელფასი გადაუხადეს, კერძო კომპანიებმა – მხოლოდ 6 თვის (იყო შემთხვევები, 2 თვისაც აკმარეს) და მიიღეს ახალი კადრები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი მათზე დგას, მათ გარშემო ტრიალებს და შეცდომებსაც უშვებენ. რა თქმა უნდა, ვინც არ მუშაობს, შეცდომასაც არ უშვებს, მაგრამ მათი აცილება თავიდან მარტივად შეიძლება. იმ კომპენსაციების ჩამორიგების ნაცვლად, ეს ახალი კადრები მიეღოთ სტაჟირებაზე და, თუ მაინც გაშვებას უპირებდნენ ძველებს, მერე გაეშვათ. სწორედ გამოუცდელობამ და „ეს ქვეყანა ჩემია“ მიდგომამ დაღუპა „ნაციონალური მოძრაობა“, ყველაფრის უფლება რომ მისცეს კონკრეტულმა პირებმა საკუთარ თავს.
ისევ საქონელს დავუბრუნდეთ. უკვე გამოაცხადეს, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, საქონლისა და ღორის ხორცი გაძვირდება. საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა არ იკლებს და, წესით, ფეხი ჩვენც უნდა ავუწყოთ, მაგრამ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად ვიქცევით. სხვა ქვეყნები (თუნდაც ჩვენი მეზობლები) ნემსის ყუნწში ძვრებიან, რათა ადგილობრივი წარმოება როგორმე გაზარდონ და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი სხვაზე, ჩვენ კი თითქოს მიზანმიმართულად ვანადგურებთ ყველაფერს და წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი პროდუქტი შემოგვაქვს. აბა, დაფიქრდით, ბოლოს როდის გაიგეთ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაიმე სერიოზული პროექტი განხორციელდა, დიდი ფერმა გაიხსნა და ა.შ. სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნები იტყვიან, რომ ყოველ თვეში ხსნიან, მაგალითად, სათბურებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ეგიდით შეღავათიანი კრედიტით ფინანსდება, მაგრამ ნურას უკაცრავად, სათბურის გახსნა ერთია და მოსავლის მიღება – მეორე. გვაჩვენეთ ამ სათბურებში მოწეული მოსავალი და მერე – სადაც ეს მოსავალი იყიდება. ვერ გვაჩვენებთ, რადგან სათბურების უმრავლესობა უქმად დგას, ფერმერები ვერ ახერხებენ დათესვას, მოყვანას, ეს ყველაფერი ცალკე თანხებთან არის დაკავშირებული და ამდენი ფული წვრილ ფერმერებს არ აქვთ, მსხვილ ფერმერებს კი ან სათბური არ აინტერესებთ, ან შეღავათიანი სესხი. სრულიად საქართველო მესაქონლეობაზეა გადასული, ყიდულობენ მოზარდ საქონელს, 3-4 თვე ჭყიპავენ პრემიქსით და მერე ყიდიან. ერთი სული 500 ლარამდე მოგებას ტოვებს, 10 სული – 5 ათას ლარს. უბედურება ის არის, რომ პრემიქსით გაძეძგილი საქონელი აქ რჩება და იკვლება, ჯანმრთელი კი არაბეთში გადის. როგორ? ძალიან მარტივად – არაბებს მხოლოდ ის საქონელი გაჰყავთ, რომელიც 180 კილოზე ნაკლებია, ანუ რომელსაც პრემიქსი ჯერ არ უგემია. პრემიქსით „გაბერვა“ სწორედ 180 კილოს შემდეგ იწყება (ცოცხალ წონაზეა საუბარი) და საქონელი დღეში 1200-1400 გრამს ისე იმატებს, ერთ ღერ თივასაც კი არ ჭამს, სრულად პრემიქსზეა დამოკიდებული და, 3-4 თვეში თუ არ დაიკვლება, ფაშვი გაუსკდება, იმიტომ, რომ პრემიქსი ფაშვს ცვეთს, ათხელებს, ორგანიზმს ანგრევს… მაგრამ საქონელი წონაში იმატებს.
2026 წელს უკეთესის მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს. ამის საფუძველი არ არსებობს, არავინ არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ თუნდაც ერთ-ერთი ხილი – გარგარი მაცივარში შეინახოს, მერე კი, როცა სეზონი აღარ იქნება, სომხეთიდან არ შემოვიტანოთ და 8-10 ლარად არ დავდოთ ქართულ დახლებზე. ისე, ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ სომხეთის ხელისუფლებამ სამაცივრე მეურნეობის განვითარებისთვის თავის დროზე 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა და ეს თანხა, პირველ და მეორე წელს თუ არა, მესამე წელს ამოიღო და ახლაც გვარიანად ხეირობს.
ლევან გაბაშვილი







