Home რუბრიკები ისტორია სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

სტალინური ეპოქის ქართული სახელმწიფო

419

საშენმასალათა მრეწველობა

საქართველოში 1950 წელს გამოუშვეს 98,3 მლნ ცალი აგური, 23,6 მლნ კრამიტი, 86,1 ათას ტონა კირი, 10 ათასი ტონა თაბაშირი, 15 ათასი ტონა ცეცხლგამძლე ნაწარმი და გამოიზიდა 50 ათასი კუბ. მ მერქანი. მხოლოდ საშენმასალათა მრეწველობის სამინისტროს საწარმოებმა 1950 წელს გამოუშვა 52 მლნ აგური, 7 მლნ ცალი კრამიტი, 58 ათასი ტონა კირი, 90 ათასი კუბ.მ სამშენებლო ქვა. 1950 წელს რესპუბლიკაში საშენ მასალათა ძირითადი სახეების გამოშვებამ 1940 წლის დონეს გადააჭარბა: აგურის წარმოებამ _ 276%-ით, კრამიტის _ 350%-ით, კირის _ 170%-ით, ქვის მასალის _ 380%-ით. ახალ, მეოთხე ხუთწლედში აგურკრამიტის წარმოების დარგში პროდუქციის გამოშვების მატება გათვალისწინებული იყო, როგორც მოქმედი ქარხნების სიმძლავრის მაქსიმალური გამოყენების, აგრეთვე, ახალი ქარხნების აშენების გზით. ამუშავდა მეტეხის აგურკრამიტის ქარხანა, რომელიც სრული სიმძლავრით მუშაობისას ყოველწლიურად უშვებდა 28 მლნ ცალ აგურსა და 2 მლნ კრამიტს. მნიშვნელოვნად გაფართოვდა აგურისა და კრამიტის წარმოება სამტრედიის, ზუგდიდის, გურჯაანისა და ლანჩხუთის ქარხნებში. სამტრედიისა და ზუგდიდის ქარხნები გადაიყვანეს უწყვეტ მუშაობაზე, რისთვისაც აშენდა ხელოვნური საშრობები და მოხდა შრომატევადი პროცესების სრული მექანიზაცია. ასევე გათვალისწინებული იყო გურჯაანის, ლანჩხუთისა და ნოსირის აგურ-კრამიტის ქარხნის არსებითი რეკონსტრუქცია. მნიშვნელოვნად გაფართოვდა მშრალი წნეხვის საბურთალოს ქარხანა. მომდევნო წლებში დამთავრდა ქარხნის მეორე რიგის მშენებლობა და მოხდა ზოგიერთი შრომატევადი პროცესის მექანიზაცია. ზუგდიდისა და საბურთალოს ქარხნებში დაიწყო ღრუ აგურის გამოშვება. რაიონული მრეწველობის ხაზით აშენდა აგურის ახალი ქარხნები _ წლიურად 5,5 მლნ ცალი აგურის გამოშვებით. კოოპერაციის ხაზით აღდგა აგურ-კრამიტის ქარხნები, ამასთანავე, აშენდა აგურისა (წელიწადში 6 მლნ ცალის წარმოებით) და კრამიტის ქარხნები (წელიწადში 3,1 მლნ ცალი). დიდი ამოცანები იყო გადასაწყვეტი მჭიდი მასალების წარმოების მიმართულებით. აშენდა ცემენტის ახალი ქარხანა წლიურად 25 ათასი ტონა პორტლენდის მარკის ცემენტის წარმ?ების სიმძლავრის. საშენ მასალათა სამინისტროს კირის ქარხნები უშვებდა 58 ათას ტონა კირს. ამ ამოცანის შესასრულებლად გათვალისწინებული იყო მოწამეთის, სურამისა და ცხაკაიას ქარხნების გაფართოება.

ამ ქარხნებთან მოეწყო დაფქვილი კირის წარმოება. ამ მიზნით ქარხნებთან დაიდგა წისქვილები. ახალციხის რაიონში წყალთბილის ალებასტრის ქვის ბუდობის ბაზაზე აშენდა თაბაშირის ქარხანა 10 ათასი ტონა თაბაშირის წლიური მწარმოებლობით. ქარხანასთან მოეწყო თაბაშირის საამშენებლო დეტალების წარმოება. თბილისში სურამის კირისა და თეძამის ტუფის ბაზაზე გათვალისწინებული იყო ცემენტის ქარხნის მშენებლობა. აჯამეთში ადგილობრივი კირქვებისა და სპონგოლიტების ბაზაზე მოეწყო პორტლენდ-ცემენტის წარმოება. გათვალისწინებული იყო ქარხანა “შრომის” სრული რეკონსტრუქცია ცეცხლგამძლე ნაწარმის წარმოების დარგის გაფართოების მიზნით. სამშენებლო ქვების წარმოებას უდიდესი სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა: “საქართველოში დიდია შესაძლებლობა ბუნებრივი საშენ მასალების _ სხვადასხვა ტუფისა და ქვის სხვა სახეთა გამოყენებისა” (კ. ჩარკვიანი, “მოხსენება თბილისის პარტიული ორგანიზაციის აქტივის კრებაზე”, 1946 წ. გვ.116). სტალინური ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული იყო ეკლარის მოსაპირკეთებელი ქვის კარიერების მექანიზაცია. ამ მიზნით ეკლარის ქვის საბადოსთან მიიყვანეს ელექტროგადამცემი ხაზი, დაიდგა კომპრესორები და დაიწყო ქვის მექანიკური დამუშავება. მექანიზებული გახდა, აგრეთვე, კვახჭირის სამშენებლო ქვის დამუშავება. ამან 1949 წელს მოგვცა 30 ათასი კუბ.მ სამშენებლო ქვა. გაფართოვდა და მექანიზებული გახდა კურსების გრანიტის წარმოება და 1950 წლისთვის დამზადდა 50 ათასი კვ. მ გრანიტის ძელქვა. მნიშვნელოვნად გაიზარდა თეძამის ტუფის წარმოება. 1950 წელს მშენებლობამ მიიღო 50 ათასი კუბ. მ თეძამის ქვა, რაც 25 მლნ აგურის ეკვივალენტური იყო, ხოლო კასპის ცემენტის ქარხანამ _ 30 ათასი ტონა ტუფი, როგორც ჰიდრავლიკური დანამატი. დაიწყო აჯამეთის სპონგოლიტებისა და მარნეულის ბაზალტების დამუშავება. საშენ მასალათა მრეწველობის მხოლოდ ახალი მშენებლობისათვის კაპიტალური დაბანდებანი 24 მლნ მანეთს შეადგენდა.

მსოფლიოში პირველი ჩაის საკრეფი მანქანა საქართველოში დამზადდა

ადგილობრივი მრეწველობა

საქართველოს ადგილობრივმა მრეწველობამ მემკვიდრეობად მიიღო მხოლოდ რამდენიმე ტექნიკურად ჩამორჩენილი საწარმო. ადგილობრივი მრეწველობა მთლიანად საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში შეიქმნა და განვითარდა. ადგილობრივი მრეწველობის სისტემაში შედიოდა რამდენიმე მანქანათმშენებელი ქარხანა (26 კომისრის სახელობის, სასოფლოსამეურნეო მანქანების, გამათუთიებელი და სარემონტომექანიკური), სამადნო წარმოება (ფაიფური, ტალკი, ბეტონი, ანდეზიტი და დიატომიტი, ლითოგრაფიული ქვა), ქიმიური, კულტსაყოფაცხოვრებო და ფართო მოხმარების საგნების საწარმო. საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის საწარმოთა უმრავლესობა აიგო ან მთლიანად იქნა რეკონსტრუირებული სტალინურ ხუთწლედებში. სწორედ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში აიგო ამ სისტემის 21 საწარმო (რაიონული ხასიათის რამდენიმე ასეული საწარმოს ჩაუთვლელად). ადგილობრივი მრეწველობის სისტემაში ბევრი იყო ახალშექმნილი დარგი, როგორიც იყო, მაგალითად, მანქანათმშენებლობა და ლითონდამუშავება, ქიმიური, არამადნეული წიაღისეული, საგალანტერიო და სხვ. ადგილობრივი მრეწველობის სისტემის მოქმედ საწარმოებში დააბანდეს 60 მლნ მანეთი, რამაც 23-ჯერ გაზარდა სისტემის ძირითადი ფონდები (საწარმოთა მხოლოდ დასაპირისპირებელი მოცულობის მიხედვით). ძირითადი ფონდების მკვეთრი ზრდის მეოხებით 1928-დან 1944 წლამდე ადგილობრივი მრეწველობის სისტემის პროდუქციამ თითქმის 15-ჯერ მოიმატა. ადგილობრივი მრეწველობის პროდუქციის მატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო შრომის ნაყოფიერების ერთიოთხად ზრდა. სამამულო ომის პერიოდში დავალებები ამ სისტემამ ღირსეულად შეასრულა. განსაკუთრებული როლი ითამაშა იმხანად სისტემაში შემავალმა მანქანათმშენებლობამ, რომელმაც ომის დაწყებისთანავე საომარ ყაიდაზე გარდაქმნა მუშაობა და ფრონტისთვის საჭირო საჭურვლისა და იარაღების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი მრეწველობის სიტემაში სხვადასხვა პერიოდში შემავალი 71 საწარმოდან 21 დარჩა, მაგრამ პროდუქციის მოცულობა წლიდან წლამდე მაინც განუხრელად მატულობდა. ამ საწარმოებში საგრძნობლად მოიმატა ელექტროენერგიის მოხმარებამ და თითოეული მუშის ტექნიკურმა შეიარაღებამ. ადგილობრივი მრეწველობის სისტემის მიერ 7 წლის განმავლობაში (1937-1944 წწ.) ამოღებული, დამზადებული და გამოშვებული იქნა ასი ათასამდე კვ. მეტრი ანდეზიტი, ათეულობით ტონა ნატეხი და დაფქვილი დიატომიტი, გუმბრინი, ქვანახშირი, ათეულ მილიონობით კვტ საათი ელექტროენერგია, ათასობით ტონა ტალკი, ბიტუმი, 40 მლნმდე ცალი სასკოლო რვეული, 7 მილიონი ერთეული გალანტერიული სავარცხელი, ასობით სახვევი მანქანა, ათასობით ყურძნის საწნეხი, ათასობით ტუმბო, ათიათასობით ცალი ლითონის საწოლი და ათიათასამდე ტონა ლურსმანი. ადგილობრივი მრეწველობის სისტემაში ჩაბმული იყო მუშათა მნიშვნელოვანი რაოდენობა. სტალინურ ხუთწლედებში შრომის ნაყოფიერების მატების შესაბამისად ერთი მუშის საშუალო წლიურმა ხელფასმაც მოიმატა ოთხჯერ. ადგილობრივი მრეწველობის სისტემის საწარმოებს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა სასაქონლო პროდუქციის თვითღირებულების შემცირების დარგშიც როგორც სამამულო ომის პერიოდში, ისე 1945-1946 წლებშიც. ომის შემდგომი ხუთწლიანი გეგმით ადგილობრივი მრეწველობისა და კოოპერაციის ძირითად ამოცანად იყო მიჩნეული ფართო მოხმარების მაღალხარისხიანი საქონლის წარმოება. რესპუბლიკური დაქვემდებარების საწარმოების მთლიანი პროდუქციიდან, რომლის ღირებულებაც 1950 წელს 1 100 მლნ მანეთს აღწევდა, ადგილობრივი მრეწველობის, სარეწაო კოოპერაციისა და ინვალიდთა კოოპერაციის საერთო პროდუქციის გამოშვების მოცულობა 265 მლნ მანეთს შეადგენდა; აქედან ფართო მოხმარების საქონლის წარმოებაზე მოდიოდა 197,6 მლნ მანეთი (1926/27 წლის უცვლელი ფასებით). საერთოდ, ადგილობრივი მრეწველობა 1950 წელს უშვებდა 115 მლნ მანეთის პროდუქციას, რაც 82,2%-ით აღემატებოდა 1940 წლისას. ხუთწლედის განმავლობაში ადგილობრივი მრეწველობის ხაზით საგრძნობლად მატულობდა ფართო მოხმარების ლითონნაკეთობის, სოფლის მეურნეობის წვრილი ინვენტარის, პიანინოს, ავეჯის, ფეხსაცმლის, ბამბეულის, შალეულის, ტრიკოტაჟისა და გალანტერიის საქონლისა და სასკოლოსაკანცელარიო ნივთების წარმოება. გარდა ამისა, ადგილობრივი მრეწველობის სისტემაში მოეწყო ალუმინის ახალი სახის ჭურჭლის, ნავთქურების, საღუმელე ხელსაწყოს, საკოლმეურნეო ფარნებისა და სამაგიდო ლამპების წარმოება. აღდგა ხალიჩების ქსოვა და გაფართოვდა არამადნეული წიაღისეულის მოპოვება.

ევკალიპტის ხეები

ხეტყის მრეწველობა

ხეტყის მრეწველობა ორგანულად იყო დაკავშირებული სოციალისტური სახალხო მეურნეობის სხვა დარგებთან. საქართველოს ხეტყის მრეწველობას საკავშირო მნიშვნელობა ჰქონდა. ის იძლეოდა მრავალი სახის პროდუქციას საავიაციო, სამანქანათმშენებლო, საავტომობილო, საფეიქრო, ტყავის მრეწველობის, სამშენებლო და სხვა დარგების საჭიროებისთვის. ხისგან მზადდებოდა მაღალხარისხიანი ავეჯი, ქაღალდი, ზოგი ქიმიური პროდუქტი, მუსიკალური საკრავების ნაწილები, სოფლის მეურნეობის იარაღები, სათბობი და სხვ. საქართველოში ტყეებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც კურორტების მშენებლობის, ისე წყლის რეჟიმის მოსაწესრიგებლად, მთის კალთების ნიადაგის მეწყერისაგან, წალეკვისაგან და ქარისაგან დასაცავად და სხვ. ხეტყის მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული იყო მრეწველობის სხვა დარგები და მოსახლეობის ფართო მოხმარების საგნებით დაკმაყოფილება. ამრიგად, ხეტყის პროდუქცია არანაკლებ საჭირო იყო, ვიდრე ქსოვილები, რკინა, ნავთი, ფეხსაცმელი ან ჭურჭელი. გეოგრაფიული თავისებურებებით _ რელიეფის, ნიადაგისა და ჰავის სხვადასხვაობით _ აიხსნება ტყეების მრავალჯიშიანობა საქართველოში, სადაც ხარობდა და ხარობს 365-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე. საქართველოს ტყეებს ეკავათ და უკავიათ მნიშვნელოვანი ფართობი _ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 1/3 ნაწილი სულ ტყეებით იყო და არის დაფარული.

საქმე ის არის, _ აღნიშნავდა კანდიდ ჩარკვიანი, _ რომ საქართველოს კი გააჩნია ტყის მნიშვნელოვანი მასები, მაგრამ, არსებითად, ჩვენ მაინც უტყეო რესპუბლიკა ვართ. საექსპლოატაციოდ მისაწვდომ ტყეებს ჩვენში აქვს საკურორტო და ნიადაგდამცველი მნიშვნელობა, ხოლო ის ტყეები, რომელთა ექსპლუატაციაც შეიძლება, მდებარეობს ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანს მისვლა უჭირს (კ. ჩარკვიანის მოხსენება თბილისის პარტიული ორგანიზაციის აქტივის კრებაზე 1946 წლის 5 აპრილს). წიწვოვან ტყეებში მოიპოვება ფიჭვი, ნაძვი და უფრო მეტად სოჭი. ფოთლოვან ტყეებსა და, საერთოდ, საქართველოს ტყეებში ყველაზე მეტი ხვედრითი წონა უკავია წიფელას, რომლის პროდუქციის გამოყენება უფრო და უფრო გაიზარდა 1940-იანი წლების მეორე ნახევარში. საქართველოს ტყეები განთქმული იყო და არის ძვირფასი ჯიშებით, როგორიცაა ბზა, კაკალი, ნეკერჩხალი, ძელქვა, მთის ბოყვი, უხრავი, წაბლი, ჭადარი, ხურმა, თელა, რცხილა და სხვ.

საქართველოს ხეტყის მრეწველობა სწრაფად განვითარდა. აშენდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მრავალი საწარმო, საბჭოთა წყობილების დამყარებამდე საქართველოში ტყეებს უსისტემოდ და დაუზოგავად ჩეხდნენ, ეწეოდნენ მტაცებლურ ექსპლოატაციას და სპობდნენ მას. განსაკუთრებით სავალალო ბედი ეწია იმ ტყეებს, რომლებიც რკინიგზის მახლობლად მდებარეობდა, მილიონობით ფუთი ძვირფასი ჯიშის ხე _ ბზა, წითელი ხე, კაკლის ხე და სხვა გაჰქონდათ უცხოეთში. ტყის ფართობი სწრფად მეჩხერდებოდა და იღუპებოდა ძვირფასი ჯიშები. მენშევიკების ბატონობის პერიოდში განადგურდა აუარებელი ტყე.

საბჭოთა ხელისუფლებამ დიდი მუშაობა ჩაატარა ტყეების მოვლა-დაცვისა და რაციონალური ექსპლოატაციის მიმართულებით. დიდი ყურადღება ექცეოდა ტყეების გაშენებას, რისთვისაც გამოყენებულ იქნა სწრაფად მზარდი ჯიშები. საქართველოში გაშენდა ევკალიპტი, კანადური ალვის ხე, თეთრი აკაცია, კორპის ხე, ბამბუკი, რომელთა რაოდენობა სისტემატურად იზრდებოდა. ხეტყის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარების საქმეში ლავრენტი ბერია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ისეთი სარგებლიანი კულტურის გავრცელებას, როგორიცაა ევკალიპტი. “ევკალიპტი დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში იზრდება და ამ კულტურის დიდი სარგებლობის გამო უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გადაჭარბებით შესრულდეს ევკალიპტის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომ თითოეული კოლმეურნეობა, თითოეული კოლმეურნე თავის საკარმიდამო ნაკვეთში რგავდეს ევკალიპტის ხეს გზების გასწვრივ, პლანტაციების გარშემო და სხვა” ( .ბერია, “ღონისძიებანი საქართველოს კოლმეურნეობათა შემდგომი განმტკიცებისათვის”, 1936 .). საქ. კპ (ბ) X ყრილობაზე ლავრენტი ბერია მოითხოვდა: “სატყეო მრეწველობის სახალხო კომისარიატმა უნდა მოაგვაროს სატყეო მეურნეობის სწორად გაძღოლა, ტყის კულტურის საქმის განვითარება, ფართოდ მოჰკიდოს ხელი ტყის გაშენებას, განსაკუთრებით ტყის ძვირფასი კულტურების _ თეთრი აკაციის, კორპის მუხის, კაკლის ხის, ევკალიპტისა და ა.შ. გაშენებას” (ლ.ბერია, საქ. კ.პ. (ბ) ცკ-ის ანგარიში საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) X ყრილობას, 1937 წ.).

ხეტყის დამამზადებელი საამქრო

საქართველოს ხეტყის მეურნეობისა და მრეწველობის შემდგომი აღმავლობის შესახებ საქართველოს კ.პ. (ბ) ცკ-ის მდივანი კანდიდ ჩარკვიანი აღნიშნავდა: “საკმარისია, გვქონდეს 40-50 მილიონი ძირი ევკალიპტის ხე და მოვაწყოთ მათი წესიერი ექსპლოატაცია და განახლება, რომ ყოველწლიურად დავამზადებთ 1,5-2 მლნ კბ. მ სამშენებლო ხეტყესა და შეშას ნარგავებისათვის ზიანის მიუყენებლად. ახლა კი საქართველოში ყოველწლიურად ვამზადებთ არაუმეტეს 700 ათასი კბ. მ ხეტყესა და შეშას”. ახალი ხუთწლიანი გეგმით 1950 წელს ევკალიპტის ხის რაოდენობა 40 მილიონამდე აიყვანეს. საქართველოში ტყის მრეწველობისათვის უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა წიწვოვან და წიფლის ჯიშებს. ხეტყის ყოველწლიური დამზადება, ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცემული მერქნის გამოკლებით, შეადგენდა დაახლოებით 700 000 კბ. მ-ს, აქედან საწარმოო მერქანი იყო 300 000 კბ.მ, ხოლო შეშა _ 400 000 კბ. მ. ყოველწლიურად დამზადებული დაახლოებით 300 000 კბ.მ მერქნიდან 100 000 კბ.მ იყო წიფელა და სხვა ფოთლოვანი ძვირფასი ჯიშები. დანარჩენი 200 000 კბ.მ _ წიწვიანი ჯიშების მერქანი, საიდანაც დაახლოებით 100 000 კბ.მ გამოიყენებოდა “ენგურქაღალდკომბინატისათვის”, როგორც საბალანსო ნედლეული, ხოლო 100 000 კბ.მ გამოიყენებოდა სხვა სამშენებლო და სამრეწველო საჭიროებისათვის. თავისი სიმწიფისა და ხნოვანების მიხედვით საქართველოს ტყეების 78% გამოსადეგი იყო სამრეწველო ექსპლოატაციისათვის. საქართველოს მრეწველობა დიდი რაოდენობით მოითხოვდა ხის ბევრნაირ მასალას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იფარებოდა საბჭოთა კავშირის ჩრდილოეთის ოლქებიდან შემოზიდული წიწვიანი ჯიშის ხეებით. სამაგიეროდ, საქართველოდან გადიოდა ხის ძვირფასი ჯიშის პროდუქციის საგრძნობი რაოდენობა. რევოლუციამდე საქართველოში ხეტყის მრეწველობა ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო. ერთ-ერთი მსხვილი საწარმო გახლდათ იტალიური ფირმის სახერხი ქარხანა. თბილისში, გორში, ბორჯომში, ქუთაისში და ზოგიერთ სხვა ქალაქში მუშაობდა, აგრეთვე, ხის დამამუშავებელი პატარა საამქროები და ფანერისა და სადურგლო-საავეჯო სახელოსნოები; ხის ძვირფასი ჯიშების მერქანი დიდი რაოდენობით გაჰქონდათ საზღვარგარეთ. საბჭოთა ხელისუფლებამ ხეტყის მრეწველობის განვითარებისათვის დააბანდა დიდძალი სახსრები, შედეგად აშენდა ხარისთვალას ხეტყის ქარხანა, მარელისისა და სტალინირის გრეხილი ავეჯის ფაბრიკები, ბორჯომის ტკეჩის ქარხანა, ბათუმის ხეტყის დამამუშავებელი ქარხანა, ახმეტის, ზუგდიდის, კოდორის, მცხეთის, ახალდაბისა და სხვა ხის დამამუშავებელი ქარხნები. ამასთანავე, გაფართოვდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძველ საწარმოებსაც.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here