Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

ბელადი და ბორჯომის ხეობა

2885
რომანოვების სასახლე

ნაწილი V

გაზეთის წინა ნომერში გამოვაქვეყნე მასალა სტალინის დამოკიდებულების შესახებ საქართველოს სოციალურეკონომიკური განვითარების მიმართ. წერილში სხვა საკითხებთან ერთად დეტალურად იყო განხილული 1935 წელს სტალინის მიერ ფოთის განვითარების პერსპექტიული გეგმის ძირითადი პარამეტრები. მასალა ეფუძნებოდა საიდუმლო საარქივო დოკუმენტს, რომელმაც ახლახან იხილა დღის სინათლე.

მკითხველს უნდა გამოვუტყდე, რომ, როდესაც საიდუმლო სამთავრობო დადგენილების პარაგრაფებს ვწერდი, ბევრი ტერმინი, რომელიც უშუალოდ ფოთის ნავსადგურსა და ფოთის, როგორც სანაოსნო ქალაქის განვითარებას ითვალისწინებდა, უცნობი იყო, რადგან საპორტო საქმეებისგან შორს ვარ ჩემი განათლებითა და პრაქტიკით. ვფიქრობდი, ვაითუ, მკითველიც ასე გაუთვიცნობიერებელი დარჩეს ზოგიერთი საკითხის მიმართ-მეთქი, მაგრამ თურმე ვცდებოდი _ ბევრმა დიდი გულისყურით წაიკითხა და გაათვითცნობიერა ეს დადგენილება.

რომანოვების სასახლის არქიტექტორი ლეონტი ბენუა
რომანოვების სასახლის არქიტექტორი ლეონტი ბენუა

მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჩემმა მეგობარმა, წარსულში ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელმა, შემდეგ კი მრავალი წლის განმავლობაში ქალაქ ფოთის პარტიული და სახელმწიფო სტრუქტურების თავკაცმა, ორი მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ბერაიამ დამირეკა. ეს უზომოდ კულტურული და ინტელექტუალური ადამიანი არც მომესალმა, ისე აგზნებით დაიწყო სტალინის მიერ შემუშავებულ დადგენილებაზე საუბარი:

_ გრიშა, მთელი ცხოვრება ფოთში გავატარე. მხოლოდ ის არ ვიცოდი, სად იყო შარშანდელი ხის ფოთლები მიმოფანტული, სხვა ყველაფერი თითქოს ვიცოდი ფოთის შესახებ და, თუ ძირითადი, რაზეც ფოთი იდგა და დგას, არ ვიცოდი, ეს არა მხოლოდ დაუდევრობა, არამედ იდიოტიზმიცაა…

_ ნუ ღელავთ, ბატონო პეტრე, ამ დადგენილების შესახებ არათუ თქვენ, პოლიტბიუროს ზოგიერთმა წევრმაც არ იცოდა და გრიფით “სრულიად საიდუმლოდ” დღემდე არქივში იყო შენახული.

_ თქვენ, ალბათ, არ იცით თუ რა დოკუმენტი გამოაქვეყნეთ, რას ნიშნავს ამ დადგენილების ყოველი პუნქტი, მე ეს ყველაფერი ზღაპრის დონეზე ვიცოდი და სტალინზე შექმნილ ერთ-ერთ ლეგენდად მიმაჩნდა. ყველაფერი, რაც თქვენ მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაშია მოყვანილი, შესრულებულია ერთის გარდა, რომელიც, გარწმუნებთ, დღემდე ლეგენდა მეგონა. სტალინის დადგენილებაში ხიდების გახსნაზე რომ წერია, ათ წუთში უნდა გაიხსნასო, თუ იცით, რომელ ხიდებზეა საუბარი?

_ არ ვიცი, ბატონო პეტრე.

_ ბატონო გრიშა, როდესაც გაზეთს ვკითხულობდი, გამახსენდა წინაპართაგან მოსმენილი ლეგენდა, რომ მდინარე რიონის სიღრმე სტაბილურად უნდა ყოფილიყო 4,5-5 მეტრი, სიგანე _ 30 მეტრი და სწორედ მასზე გასადები ხიდების გახსნაზეა საუბარი, რათა შეუფერხებლად ეცურათ მცირე ტონაჟის კატარღებს ფოთიდან ქუთაისამდე. სასწაულია! დღეს დედაქალაქს არ აქვს განვითარების გენერალური გეგმა, ფოთის განვითარების გენერალური გეგმა კი სტალინს 1935 წელს თავისი ხელით შეუქმნია. რამდენჯერმე წავიკითხე დადგენილება ფოთის ნავსადგურის განვითარების თაობაზე და გაოგნებული ვარ, საიდან იცოდა სტალინმა ასე ზუსტად ან ფოთის კლიმატი, ან ლანდშაფტი, ან კიდევ მდინარეთა შენაკადების წყალუხვობა და კალაპოტი. მეჩვენება, რომ ეს დადგენილება 1935 წელს არ დაწერილა, რადგან დღევანდელ გეოდეზიურ და ოპტიკურ საუკუნეშიც კი წარმოუდგენელია ასე ზუსტად დაინახო სანავსადგურო ქალაქის განვითარების მრავალწლიანი პერსპექტივა და განსაზღვრო მისი შესრულების ზუსტი ვადები.

_ ბატონო პეტრე, როდესაც გამოჩენილი არქიტექტორი, მანჰეტენის ტყუპის პროექტის ავტორი მოსკოვში ჩავიდა და სტალინური მაღლივები და მოსკოვის მეტროპოლიტენი დაათვალიერა, გაოცებულმა განაცხადა: “რაც უნდა თქვან ამხულიგანბელადზე, ქალაქმშენებლობის ასეთი გენიალური ხედვით არა მგონია, ვინმე იყო ადრე, ან იქნება მომავალში დაჯილდოებული”.

მაგრამ რა, განა დღეს სტალინი სათანადოდ არის დაფასებული?..

მიხეილ ვორონცოვი
მიხეილ ვორონცოვი

მიმდინარე წლის 24 თებერვლს სოციალური ქსელფეისბუქშიგამოვაქვეყნე ვიდეომიმართვა, რომ ბორჯომში, ლიკანში, რომანოვების სასახლე საგანგაშო მდგომარეობაშია. სწორედ ამ სასახლეში ისვენებდა ყველაზე ხშირად სტალინი, თუ არ ჩავთვლით შავიზღვისპირა აგარაკებს. ვიდეომიმართვაში მკითხველს დავპირდი, რომ უფრო ვრცლად მოვუყვებოდი ამის შესახებ მომდევნო ოთხშაბათს ყოველკვირეულ გაზეთსაქართველო და მსოფლიოში”, რომელშიც ჩემი საავტორო გვერდია. ამიტომ დღეს უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ ბორჯომის ხეობასა და მის მარგალიტებზე.

მკითხველი რომ არ გადავღალო ბორჯომის ხეობის უძველესი ისტორიით, თხრობას მე-19-ე საუკუნის შუა ხანიდან დავიწყებ.

1860 წლის აღწერით, ბორჯომის 15 სოფელში აღრიცხული იყო მხოლოდ 104 კომლი 418 სულით. მოსახლეობა, ძირითადად, შემოსული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მიუხედავად იმისა, რომ 1801 წლიდან საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, ბორჯომის ხეობა იმპერიის წარმომადგენლებისთვის მაინც მიუწვდომელი გახლდათ.

რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს (1828 _ 1829წწ), 1828 წელს, რუსეთმა გადაწყვიტა, ოსმალებისთვის კავკასიიდანაც დაერტყა და ახალი ფრონტი გაეხსნა. ფრონტის სარდლად პასკევიჩი დაინიშნა. ქართული ჯარის ნაწილებთან ერთად რუსეთის არმიამ ძლიერი დარტყმა აგემა თურქებს და 1828 წლის 30 ივნისს ყარსი ააიღო, ხოლო 23 ივლისს _ ახალქალაქი. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ქალაქ ახალციხისთვის, სადაც ოსმალთა 25 000-ანი არმია სრულიად იქნა განადგურებული და ახალციხე სამუდამოდ განთავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან. 1829 წლის სექტემბერში ადრეანოპოლში რუსეთსა და ოსმალეთს შორის დაიდო ზავი, შედეგად რუსეთმა საქართველოს შემოუერთა მისი ძველთაძველი მიწები, სოფლები და ქალაქები: ახალციხე, ახალქალაქი, ფოთი და ძველი სამცხე-საათაბაგოს ათი რაიონი: ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, აწყურის, ხერთვისის, ქობლიანის, აბასთუმნის, ჭაჭარაქის, ფოცხვისა და ჩილდირის.

სტალინის სამუშაო ოთახი სასახლეში
სტალინის სამუშაო ოთახი სასახლეში

ბორჯომის ხეობაში სიმშვიდემ დაისადგურა და თავადმა ავალიშვილებმა კუთვნილი ხეობის დაპატრონება დაიწყეს. რუსეთის იმპერიამ სწრაფად აუღო ალღო ბორჯომის ხეობის მნიშვნელობას, შეისწავლა ტყის, მიწის, მინერალური წყლების უნიკალურობა და დაიწყო მათი გამოყენება. 1830 წელს რუსეთმა ბორჯომში ააშენა მინის ქარხანა, სადაც, ძირითადად, ამზადებდნენ ბოთლებს, რომლებითაც საქართველოდან სხვადასხვა გუბერნიაში უნიკალური ქართული ღვინოები გაჰქონდათ.

მინის ქარხნის ძირითადი ენერგორესურსი იყო შეშა, რომელიც დიდი რაოდენობით იჭრებოდა ბორჯომის ტყეებში, რის გამოც ავალიშვილებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს რუსებს, კერძოდ, ბორჯომით დაინტერესებულ რომანოვების დინასტიას. რომანოვებმა გადაწყვიტის საერთოდ ჩამოეცილებინათ ავალიშვილები ბორჯომის ხეობისთვის და მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამოიყენეს, მაგრამ ავალიშვილები ვერ გატეხეს. მათ ზედიზედ მოიგეს სასამართლო პროცესები, ჯერ გორის მაზრაში, ხოლო შემდეგ _ ზემდგომ ინსტანციაში თბილისში. მზადდებოდა საჩივარი პეტერბურგში გასაგზავნად. სწორედ ამ დროს, 1844 წელს, კავკასიაში ჩამოვიდა ახალი მეფისნაცვალი მიხეილ ვორონცოვი, რომელიც იმავე წლის ზაფხულში ბორჯომის ხეობაში გაემგზავრა დასასვენებლად. დასვენებასთან ერთად ამ ფრიად განათლებულმა და დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა დეტალურად შეისწავლა ბორჯომის ხეობა და მის გამო წარმოქმნილი დავის ყველა წვრილმანი. ვორონცოვმა შეპარვითა და დიპლომატიური ხერხებით სცადა ავალიშვილების დაყოლიება და ხეობის ხელში ჩაგდება, მაგრამ ავალიშვილები ადვილად არ დამორჩილდნენ მეფისნაცვალს. გამოცდილმა დიპლომატმა მოლაპარაკება გამართა ავალიშვილებთან და შესთავაზა, შეფასებულიყო მათი ადგილ-მამული, რომლის ღირებულებასაც აუნაზღაურებდა ხაზინა. ავალიშვილების ადგილ-მამული ბორჯომში ადრეც იყო შეფასებული და 29 000 ოქროს მანეთს შეადგენდა, მაგრამ ხაზინამ თანხა არ გადაიხადა, რადგან ძალიან ძვირი მოეჩვენა. ავალიშვილებმა მოილაპარაკეს, ერთჯერად თანხად არ გაეყიდათ ბორჯომის ადგილ-მამული და მეფისნაცვლისთვის მოეთხოვათ ყოველწლიური მუდმივი პენსია 4 500 მანეთის ოდენობით. ეს გადაწყვეტილება ავალიშვილებმა პირადად მოახსენეს მეფისნაცვალს. ვორონცოვმა სიხარულით მიიღო ავალიშვილების წინადადება და სასწრაფოდ დაავალა ხელქვეითებს, მოემზადებინათ შეთანხმების აქტი, რაც მეფისნაცვალმა უმოკლეს დროში მიიღო. ვორონცოვმა მეფე ნიკოლოზ I-თან შემდეგი შინაარსის წერილი აფრინა:

სტალინის სამუშაო ოთახი სასახლეში
სტალინის სამუშაო ოთახი სასახლეში

“ბორჯომის ხეობა უნიკალურია თავისი სიმშვენიერითა და სიმდიდრით, ავალიშვილების დავა სამართლიანია და ამ დავაში ისინი აუციელბლად გაიმარჯვებენ. ძალის ზემოქმედებით მათი განაწყენება არა მხოლოდ თავადი ავალიშვილების განაწყენება იქნება, არამედ უნდობლობას დათესავს რუსეთის მიმართ ქართველ თავადაზნაურობაში. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთ თქმული და ავალიშვილებს მივცეთ სამუდამო პენსია წელიწადში არა 4 500 მანეთი, არამედ გავუზარდოთ მათ ეს თანხა 5 000 მანეთამდე და დავდოთ ხელშეკრულება ავალიშვილებთან შეთანხმების დაურღვევლობაზე”.

ავალიშვილების მოთხოვნები იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა ვორონცოვის შუამდგომლობის საფუძველზე სრულად დაამტკიცა 1851 წლის 19 ივლისს, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა ვორონცოვს. ამრიგად, რომანოვებისა და ავალიშვილების 17-წლიანი ომი 1852 წელს დამთავრდა. ბორჯომის მამული რუსეთის ხაზინას დარჩა და მეფისნაცვალი ვორონცოვის საზაფხულო რეზიდენციად იქცა. ავალიშვილებს კი ჩამოერთვათ ხელწერილი, რომ ხელს აიღებდნენ ბორჯომის მამულზე.

1853 წლის 17 აპრილის ბრძანებით, ვორონცოვმა ბორჯომი დაბად გამოაცხადა და მისი სწრაფად დასახლების მიზნით დაიწყო სამოსახლო მიწების გაცემა. მიწის მიმღები ვალდებული იყო, წლის განმავლობაში სახლი აეშენებინა.

1862 წელს დაბა ბორჯომში მუდმივი მცხოვრები მხოლოდ 12 კომლი (45 სული)იყო. ვორონცოვმა დიდი როლი ითამაშა ბორჯომის განაშენიანებასა და მისი აღორძინების, აგრეთვე, მინერალური წყლების მოვლა-პატრონობის საქმეშიც. მან ნება დართო ოსმალთა ბატონობის პერიოდში გაქცეულ ოჯახებს, დაბრუნებულიყვნენ წინაპრების სოფლებსა და მამულებში. 1869 წელს ბორჯომში უკვე აღირიცხა 205 კომლი 1124 სულით. 1871 წლის სექტემბერში იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ ბორჯომი მოინახულა და სახაზინო მამული დიდ მთავარს, მიხეილ ნიკოლოზის-ძე რომანოვს გადასცა, რაც 1872 წელს რუსეთის სენატის მიერ იქნა დამტკიცებული. ბორჯომის მამული თავისი მინერალური წყლებით ამოირიცხა სახელმწიფო ქონებიდან და გადაეცა ახალ მფლობელს. ყოველწლიური სამუდამო პენსია 5 000 მანეთი, რომელიც უნდა გადაეხადათ ავალიშვილებისთვის გადასახდელი დარჩა სახელმწიფოს, მამული კი მიხეილ რომანოვის ხელში გადავიდა და რომანოვების სააგარაკო ადგილად იქცა.

XIX საუკუნის ბოლოს მიხეილ რომანოვის ვაჟს ლიკანში ადგილი, სადაც პურის გასალეწი კალო იყო მოწყობილი, მოსწონებია და გადაუწყვეტია სასახლის აშენება. სწორედ ამ ადგილზე, ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, 1892-1895 წლებში არქიტექტორმა ლეონტი ბენუამ ააშენა რეზიდენცია, რომელიც გამორჩეულია არქიტექტურული სინატიფით. სასახლეში დაცულია უნიკალური ანტიკვარული ნივთები: ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი საწერი მაგიდა, ირანის შაჰის ნაჩუქარი სავარძელი, პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა, რომანოვებისდროინდელი ბილიარდის მაგიდა, საბილიარდო ოთახში რუსულ ღუმელზე იტალიური ფაიფურისგან დამზადებული ბორჯომის ხეობაში გავრცელებული ცხოველების ფიგურები, ბუხრის თავზე განმარტოებით მდგარი ბუს ფიგურა.

სასახლის პირველ სართულზეა რომანოვების სამუშაო ოთახი. სასახლის ფასადები და ეზო დამშვენებული უძვირფასესი მარმარილოსაგან გამოკვეთილი ქანდაკებებითა და ძვირფასი ლითონებისგან ჩამოსხმული ფიგურებით. სასახლის წინა ბაღის თვალსაჩინო ადგილზე (სვეტზე) გამოსახულია ორი ძერა, რომლებსაც კლანჭებით უჭირავთ კურდღლის ფიგურა და ერთმანეთს სტაცებენ მას. ეს ფიგურები სპარსეთოსმალეთისა და პატარა საქართველოს უთანასწორო ბრძოლის ამსახველი სცენაა. სასახლის ეზოში სხვა უძვირფასესი ნაკეთობაც ბევრია. პარკში არსებულ ყველა მცენარეზე მიკრული იყო უჟანგავი ლითონის ფირფიტა, რომელზეც მცენარის რიგითი ნომერი იყო ამოტვიფრული, ამით შესაძლებელი იყო ჟურნალში მისი წარმომავლობის აღრიცხვა.

ასეთია რომანოვების სასახლის ისტორიის პირველი პერიოდი.

აქ მკითხველს ბოდიშს მოვუხდი მცირე გადახვევისათვის:

რამდენიმე წლის წინათ საშუალება მქონდა, დამეთვალიერებინა პარიზთან ახლოს მდებარე სოფელი ლევილი _ ახლა უკვე ქალაქის გარეუბანი. მის აღწერას და ისტორიის მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალი უნდა მოგახსენოთ:

გიდი დაწვრილებით გვიხსნიდა შატოს ისტორიას და მის მნიშვნელობას საქართველოს დევნილი მთავრობისთვის. როდესაც ეზოს ტერიტორიას ვათვალიერებდით, გიდმა ყურადღება გაამახვილა ტერიტორიაზე არსებულ პატარ-პატარა ამომშრალ აუზებზე, რომლებიც რატომღაც ქვებითა და ნაგვით იყო ამოვსებული. ისიც გვითხრა, რომ ამ ტერიტორიაზე (5 ჰექტარია მისი ფართობი) 17 სხვადასხვა სიდიდისა და სიღრმის აუზი ყოფილა აშენებული, რომლებშიც ზიარჭურჭლის პრინციპით წყალი გადადიოდა და ერთმანეთს ავსებდა. ყველა აუზში ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ. საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ლევილის მამული შეძლებული ფრანგი მემამულისაგან შეიძინა. მამული 47 ჰექტარს შეადგენდა, მაგრამ მენშევიკურმა მთავრობამ ნაკვეთ-ნაკვეთ გაყიდა სხვადასხვა მფლობელზე. ახლა ქართველთა მამულის გარშემო, 42 ჰექტარზე, თითქმის სამოთხეა აშენებული, ხოლო ჩვენს ყოფილ მთავრობას, რომელიც თურმე, თანამედროვე გაგებით, ევროპული ორიენტაციისა ყოფილა, საბაბით, რომ კაპიტალისტები არ არიან და არ სჭირდებათ ფუფუნება, აუზებიდან ოქროსფერი თევზები ამოუყრიათ, წყალი დაუშრია და აუზები ქვებითა და ნაგვით ამოუვსია. ეს აუზები დღესაც ასეა.

მსგავსი რამ უკვე გაკეთებული ჰქონდა მენშევიკურ მთავრობას _ 1918-1921 წლებში მასობრივად ანგრევდნენ და ძარცვავდნენ ეკლესია-მონასტრებსა და მეფისდროინდელ სასახლეებს, ეს ქმედება შემდეგაც გაგრძელდა, ვიდრე სტალინმა ლენინის გარდაცვალებისთანავე ხელი არ მოაწერა დეკრეტს ეკლესია-მონასტრებისა და სასასახლეების ნგრევის შეწყვეტის შესახებ. ამ დეკრეტის შემდეგ მსგავსი ქმედება ისჯებოდა:

ლიკანში რომანოვების სასახლემ მას შემდეგ ამოისუნთქა, როცა 1927 წელს სტალინი მცირე ხნით დასასვენებლად ჩავიდა ბორჯომში და სწორედ ამ სასახლეში დაიდო ბინა. სტალინს ძალიან მოსწონდა როგორც ლიკანის კლიმატი, ასევე, შენობის არქიტექტურული დეტალები. ის თავისი ხელით უვლიდა ყვავილებს და რგავდა სხვადასვა ჯიშის ხეებს.

ერთ-ერთ გამოსასვლელში (სასახლეს ოთხივე მხარეს აქვს დიდი გამოსასვლელი), რომელიც ქვის ფართო კიბით უკავშირდება სასახლის გარშემო გაშენებულ ბაღს, სტალინმა გადაწყვიტა, კიბის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დაერგო ცაცხვის უნიკალური ჯიშის ორი ნერგი. ცაცხვის ნერგები მეორე დღესვე მიიტანეს სასახლეში და სტალინმაც თავისი ხელით ამოთხარა ორმოები, გაანოყიერა ძირებში ჩასაყრელი მიწა, ჩარგო ნერგები და ტერფებით მაგრად დატკეპნა, იქვე გახსნა ონკანი, რომლითაც ბაღში ყვავილები ირწყვებოდა და, წყლის სუსტი წნევით, ნელ-ნელა რწყავდა დარგულ მცენარეებს. სტალინის წასვლის შემდეგ მნახველთა ნაკადი არ წყდებოდა სასახლის ტერიტორიაზე. ყველას უნდოდა, ენახა ადგილი, სადაც ღამეს ათევდა სტალინი, გარდა ამისა, მნახველები იხიბლებოდნენ სასახლის ჯადოსნური სილამაზით.

რომანოვებს სასახლის პირველ სართულზე საძინებელი არ ჰქონდათ, მეორე სართულზე კი, სადაც ეგრეთ წოდებული პეპლებიანი საძინებელი და სხვა ოთახებია განლაგებული სტალინი არ ასულა და არც კი დაუთვალიერებია. მას გორიდან სასწრაფოდ ჩაუტანეს სწორედ ისეთი ტახტი-საწოლი, როგორიც გორში მის პატარა სახლ-მუზეუმშია. ტახტი დადგეს მის სამუშაო ოთახში, სადაც მუშაობით ან პარკში ხანგრძლივი სიარულში დაღლილი წამოწვებოდა ხოლმე. სტალინი საკმაო დროს ატარებდა საბილიარდო ოთახში, სადაც დაცვის “ბიჭებს” ბილიარდს ეთამაშებოდა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ სტალინი მეორე სართულზე ასვლას არ აპირებდა, სტალინის ბორჯომიდან გამგზავრებისთანავე დაიწყეს პირველი სართულის რეკონსტრუქცია: სამუშაო ოთახიდან გაჭრეს კარი მიმდებარე პატარა ოთახში, სადაც დაიდგა საწოლი, იქვე ახლოს მოუწყვეს აბაზანა, რომელიც დღემდე დაცულია.

ბორჯომში სტალინის ყოფნისას სასახლის ტერიტორია არ იმიჯნებოდა სანატორიუმებისგან _ ძალიან შეუმჩნევლად იყვნენ ჩასაფრებული დაცვის თანამშრომლები, რათა დამსვენებლებს თვალში არ მოხვედროდათ სტალინზე განსაკუთრებული ზრუნვა.

ერთხელ, სასახლის მიმდებარე სკვერში ყვავილების მომვლელი ქალბატონი ძლიერი წყლის ჭავლით რწყავდა ვარდის ბუჩქს. სტალინი მიუახლოვდა მებაღეს და სთხოვა, ჭავლისთვის დაეკლო და რეზინის მილისთვის თავზე ბადურა წამოეცვა. მან დაწვრილებით აუხსნა ქალს, რატომ არ შეიძლება წყლის ძლიერი ნაკადით ყვავილების მორწვა:

_ თუ დაწვიმების საშუალება არ არის, მაშინ სჯობს, მორწყვა ძირებში ჭავლის ნელი მიშვებით აწარმოო, _ განუმარტა სტალინმა.

ეზოში ჩაფიქრებით სიარულისას სტალინმა თვალი მოჰკრა ბუჩქებში ჩამალულ დაცვის მუშაკს და თავისთან იხმო.

_ რამდენი მეტრით იქნება დაშორებული ეს ხე იმ ხისგან? _ მიუთითა ხეებზე.

მცველმა მხრები აიჩეჩა და შეშინებულმა რაღაც ციფრი დაუსახელა. სტალინი არ დაეთანხმა და თავისი მოსაზრება უთხრა. _ ალბათ, ასე იქნება დაუდასტურა მცველმა.

_ მოდი, ერთად შევამოწმოთ, _ თქვა სტალინმა და დიდი ნაბიჯებით გადაზომა მანძილი ხიდან ხემდე. სტალინი მართალი აღმოჩნდა. ეს ამბავი საბაბი შეიქნა იმისა, რომ დაცვის ყველა წევრს ჯიბეში დასაკეცი მეტრიანი ედო და ყველამ იცოდა, რომელი ხე რა მანძილით იყო დაშორებული მეორე ხისგან.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

1 COMMENT

  1. ბატონო გრიშა, სტალინი ლიკანში დასასვენებლად მხოლოდ ერთხელ ,1952 წელს,ორიოდე კვირით იყო. ლ. ბერიამ მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ბორჯომში ააგებინა ლამაზი რკინიგზის სადგური. (არქიტექტორი ნატალია პაჩენცოვა), მაგრამ სტალინი გაბრაზებული ბერიაზე, რომ მას გორშიც დიდი ფული დაუხარჯავს მისი პატარა ქოხის დიდ სვეტებიან კონსტრუქციაში მოსაქცევად და ახლა ეს სადგურიც…. არ ჩამოსულა ამ სადგურზე და ჩამოსულა ზედ სასახლესთან, არსებული ხიდით შესულა ლიკნის სასახლის ეზოში. შეიძლება მან, როცა გორელი ბიჭი იყო ისედაც იცოდა ეს სასახლე და ნანახი ქონდა ხიდიც…
    ეს მე ვიცი ნამდვილად იქიდან, რომ მაშინ ბორჯომის რაიკომის მდივანი პაპაჩემის ძმა დიმიტრი გელაშვილი იყო…
    პატივისცემით, მარიამი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here