სოფლის მეურნეობაში წლიდან წლამდე მილიარდები იხარჯება,  მაგრამ მაინც უკან მივდივართ

    ხელისუფლება დაპირებას ასრულებს, სოფლის მეურნეობაში მილიარდებს ხარჯავს, შედეგი კი, უბრალოდ, არ გვაქვს

    არაერთხელ დავწერეთ, რომ 2012  წელს ხელისუფლების სათავეში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“  დაპირება შეასრულა და სოფლის მეურნეობაში მილიარდობით ლარი ჩადო,  მაგრამ პირობის შესრულება არ ნიშნავს, რომ თანხის დაბანდებამ  შედეგი გამოიღო და სოფლის მეურნეობა ვითარდება. პირიქით, რაც დრო გადის, მით  მეტი პროდუქტი შემოგვაქვს და ნაკლებს ვაწარმოებთ. წლების წინათ ვინ იფიქრებდა, რომ 15 მლნ დოლარის მწვანილს შემოვიტანდით? ვინ იფიქრებდა, რომ ქართული კარტოფილი და ხახვი სანატრელი გაგვიხდებოდა?

    სოფლის მეურნეობის სამინისტრო კვარტალში ერთხელ (თუ უფრო ხშირად არა) ახალი პროექტის დაწყების  შესახებ აცხადებს. ფურცელზე ყველაფერი ლამაზად ჩანს, მაგრამ რეალობაში…  მოდი, ბოლო პროექტზე ვისაუბროთ. სოფლის მეურნეობის ეკონომიკური კვლევისა და მონაცემთა ანალიზის სამმართველოს გამოთვლებით დადგინდა, რომ საქართველოში ერთი ჰექტარი ბლის ბაღის გაშენება დაახლოებით 22 243 ლარი ღირს. მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, ვთქვათ, რომ 22 250 ლარი ღირს. ამ თანხაში შედის 667 ძირი ნერგის ფასი, რომლის ღირებულებაც 6 ევროა. ცოდვა გამხელილი სჯობს და ჰექტარზე 666 ნერგს ანგარიშობენ, მაგრამ ეს რიცხვი  უხერხულობას იწვევს და… მოკლედ, იყოს 667, ანუ 11 800 ლარი ნერგების შეძენაში მიდის. დარჩა 10 450 ლარი, რომელიც უნდა იკმარო ნაკვეთის შემოღობვაზე (თუ ერთ ჰექტარს ღობავთ, 400 მეტრი მავთულბადეა საჭირო, 1 მეტრი კი, საუკეთესო შემთხვევაში, 10 ლარი ღირს. ესეც თქვენი 4 ათასი ლარი). ერთი ორმოს ამოთხრა სპეციალური დანადგარით 5-7 ლარი ღირს (ესეც თქვენი 4000 ლარი) და დარჩა 2 450 ლარი. მავთულბადეს ძელიც ხომ სჭირდება და გვერწმუნეთ, 2 450 ლარი ძელებისთვის ნამდვილად არ გეყოფათ, მაგრამ თეორიულად დავუშვათ, რომ გეყოთ. ყველაზე საინტერესო სწორედ ამის შემდეგ იწყება.

    ბალი სრულ მსხმოიარობას იწყებს  გაშენებიდან მეექვსე წელს.  პირველი ხუთი წლის ჯამური ხარჯი 41 500 ლარს შეადგენს, ანუ წელიწადში დაახლოებით 8 300 ლარს. ნუ გგონიათ, მხოლოდ ხარჯია, იმ 5 წელიწადში მოგება 45 000 ლარი იქნება, ანუ ხუთწლედში 3 500 ლარს მოიგებთ, ანუ თვეებზე რომ გადავანაწილოთ, 60 თვეში დაახლოებით  58 ლარი გამოდის. სამაგიეროდ, მეექვსე წლიდან სავარაუდო მოგება ჰეექტარზე 35 000 ლარი იქნება, ოღონდ ამისთვის ჰექტარზე 15 ტონა ბალი უნდა მოიყვანოთ, ანუ ერთმა ხემ 22 კგ ბალი უნდა მოგცეთ, რაც რეალობას მოკლებული სულაც არ არის. 22 კგ  დაახლოებით 3 სავსე სათლია. იმავე ანალიზის თანახმად, ბლისა და ალუბლის წარმოება მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ბლისა და ალუბლის ჯამური წარმოების 63%-ს სწორედ ბალი იკავებს. კვლევა გვეუბნება, რომ საქართველოსთვის ბლისა და ალუბლის პოტენციურ საექსპორტო ბაზრებს შემდეგი ქვეყნები წარმოადგენენ: გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი,იტალია, ავსტრია, პოლონეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი. ახლა კი შევეცდებით, სწორედ ამ კონკრეტულ მაგალითზე  აგიხსნათ, რატომ არის ეს ყველაფერი რიგითი ადამიანისთვის წარმოუდგენელი და რატომ ვერ და არ გააკეთებენ ამ ყველაფერს საქართველოში. დავიწყოთ იმით, რომ რიგითი ფერმერი, გლეხი, რომელსაც 1 ან 2 ჰექტარი მიწა აქვს, პრაქტიკულად უქმად ვერ გააჩერებს მიწას იმის იმედად, რომ ხუთი წლის შემდეგ „სათანადო პირობების“ შემთხვევაში წლიურად 35 ათას ლარს მიიღებს. ვისაც მიწა არ აქვს, ამ ყველაფრისთვის სოლიდური თანხა სჭირდება და, ეს თანხა ბანკისგან სოფლის მეურნეობის პროგრამით რომ მიიღოს, ბანკში იმ თანხის ხუთმაგი ქონება უნდა ჩადოს და,  ამდენი რომ ჰქონდეს, ბანკში არც მივა.

    რაც შეეხება მსხვილ ფერმერებს, რომლებსაც არც მიწა უჭირთ და არც ფული,  შეუძლიათ, თავს  უფლება მისცენ,  რამდენიმე ჰექტარი მიწა მოაცდინონ, თუმცა… ვთქვათ, მათ მოაცდინეს 5 ჰექტარი და განახორციელეს ინვესტიცია, რომელიც,  ჯამში, 200 ათას ლარზე მეტი გამოდის. ამ დროს იმავე 5 ჰექტარზე შეუძლიათ დათესონ სიმინდი და ჰექტრიდან დაახლოებით 7 ათასი ლარის მოგება მიიღონ.  რამდენი ბიზნესმენი და ფერმერი წარმოგიდგენიათ, რომელიც ასეთ ინვესტიციას განახორციელებს – ფულს დაახლოებით 5 წელი დააკონსერვებს იმ იმედით, რომ მერე აშენდება და აყვავდება? თანაც, როცა პოტენციურ სექსპორტო ბაზრებს განიხილავენ და არ ახსენებენ რუსეთს, კანონი უკრძალავთ თუ დასავლეთი? ხომ ნათლად გამოჩნდა არაერთხელ, რომ დაპირებული ევროპული თუ აზიური ბაზარი სადღაც ქრება, საპნის ბუშტივით სკდება და მთავარ ბაზრად რუსეთი იქცევა ხოლმე? ასე იყო შავი მოცვის შემთხვევაში, ასეა ვაშლატამასა და ატმის გასაღების დროს, ასეა ციტრუსების რეალიზაციის პერიოდში და ბალი თუ ალუბალი, რა ღმერთი გაწყრება, ევროპელებმა ხელიდან წაგვგლიჯონ?! ის მაინც არ გახსოვთ, ქართულ თაფლზე რომ „გაგიჟდა“ მთელი ევროპა და მერე, როცა ქართული ფუტკრის ნაშრომი ევროპაში გავიტანეთ და იქაურ პროდუქციას კონკურენცია გავუწიეთ, ისეთი რეგულაციები დაგვიწესეს, რომლებსაც უახლოეს ათწლეულებში ვერ დავაკმაყოფილებთ? მათგან უმთავრესი კი საქართველოს მასშტაბით წყალარინების სისტემის მოწყობაა, რომელსაც საქართველოს დღევანდელი ბიუჯეტიც კი შეიძლება არ ეყოს.

    რა გამოდის? ხელისუფლება დაპირებას ასრულებს, სოფლის მეურნეობაში მილიარდებს ხარჯავს, შედეგი კი, უბრალოდ, არ გვაქვს. რომ ვთქვათ, ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტროში არაპროფესიონალები მუშაობდნენო, არ ვიქნებით მართლები. იქ დღესაც არის ბევრი პროფესიონალი, მაგრამ მათ ან არ უსმენენ, ან უსმენენ და ისე არ აკეთებენ, როგორც ისინი ამბობენ. სხვაგვარად წარმოუდგენელია, წლიდან წლამდე მილიარდები იხარჯებოდეს და მაინც უკან მივდიოდეთ. წარმოუდგენელია, რომ ვიღაცას ან ვიღაცებს სულით და გულით უნდოდეთ საქმის კეეთება, ფულიც იყოს და ვერ აკეთებდნენ.  ალბათ, უმთავრესი მაინც ის არის, რომ ყველაფერთან ერთად მუდმივად თავს ვიტყუებთ, რომ გამოჩნდება სხვა ბაზარი და იქ ჩვენს პროდუქციაზე გადაირევიან.  საბოლოო ჯამში კი ყველაფერი მაინც რუსეთში მიგვაქვს. ეს იციან როგორც ხელისუფლებაში, ისე  ოპოზიციაში; ეს იცის ყველა დიდმა თუ მცირე მეწარმემ, მაგრამ ტელევიზიების წინ მუდმივად კეკლუცობენ და საკმარისია, ორი ყუთი ღვინო გაიტანონ რომელიმე ქვეყანაში, მაშინვე პრესკონფერენციებს მართავენ,- არიქა, ნახეთ, რა მოვახერხეთო. ამ დროს კი ლარსის გამშვებ პუნქტზე ასეულობით მანქანა დგას ღვინით დატვირთული, რომლებსაც საქონელი  რუსულ ბაზარზე მიაქვს. ყველა მეწარმემ იცის, რომ რუსები არ გაბრაზდებიან, მათ რომ არსად ახსენებენ,  არ შემოგვწყრებიან, ჩვენ კი, აგერ უკვე მერამდენე წელია, ამ ყველაფრით ვსარგებლობთ.

    სავარაუდოდ, ერთ წელიწადში გვეცოდინება, რამდენი ადამიანი დაინტერესდება ბლისა და ალუბლის ბიზნესით და რამდენს ექნება იმის ნერვები და ფული, რომ პროცესს ხუთი წლის განმავლობაში ელოდოს. შესადარებლად:  თურქეთმა ალუბლის წარმოებასა და ექსპორტში (მარწყვის შემდეგ) მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა და ჩვენი მეზობლები გაჩერებას არ აპირებენ. თურქეთი  შორეული ქვეყანა რომ იყოს, ხმასაც არ ამოვიღებდით, მაგრამ ბევრჯერ დავწერეთ და კიდევ გავიმეორებთ – მარტივად შეიძლება, მეზობლებისგან ვისწავლოთ, რა ამართლებს, როგორ ამართლებს და როგორ შეიძლება მსოფლიოში მოწინავედ იქცე. იგივე თურქეთი გეგმავს, რომ  გაისად ბროწეულის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულბით იქცეს ლიდერად (საერთაშორისო პროგნოზებით ასეც იქნება) და ასე ნელ-ნელა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიო ბაზრის მონოპოლიზაციას  მოახდენს. მერე ძალიანაც რომ მოვინდომოთ, რაღაცის გატანა და ნიშის დაკავება, თურქეთის გავლით მოგიწევს, მაგრამ,  გაგვატარებს თუ არა თურქეთი, სხვა საკითხია.

    ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ერი გაზარმაცდა. მამაპაპისეული სახლების უმრავლესობა მიტოვებულია და იქაურობას მხოლოდ ზაფხულში აკითხავენ. ისიც იმიტომ, რომ დაისვენონ. მიწას არავინ ამუშავებს და, თუ ვინმე გამოჩნდა და სთხოვა, წლობით დასვენებული მიწის დამუშავების უფლება მომეციო, მაშინ აპირებენ უზარმაზარი ფულის კეთებას. ესეც ჩვენი ბრალია, თითოეული ჩვენგანის, და ამის აღიარებაც უნდა შეგვეძლოს…

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here