რძისა და ქათმის სკორეს გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ ორ კვირაზე მეტი გავიდა და თითქოს გადავაგორეთ – აქტიურად აღარ განიხილავენ ამ საკითხს. რეალურად კი ამ სკანდალმა რძის მწარმოებელი ბევრი კომპანია დააზარალა და გეტყვით, რატომ: ზოგიერთ ფერმაში დღეში 2-3 ტონა რძეს აწარმოებენ და აბარებენ. შემოსავალი უზარმაზარი არ არის, მაგრამ ნორმალური და, რაც მთავარია, სტაბილურია. სკანდალის შემდეგ კი რძის პროდუქტების გაყიდვამ და შესაბამისად რძის ჩაბარების მასშტაბმა იკლო. შედეგად, მცირე მეწარმეებს უდიდესი პრობლემა შეექმნათ რძის ჩაბარებაზე.
რამდენი უნდა გქონდეს რეზერვუარი, ნედლი რძე რომ შეინახო, ან რამდენ ხანს უნდა შეინახო? თანაც ძროხას ხომ ვერ ეტყვი, რძეს ვერ ვაბარებ და დღეს არ მოიწველოო? ამიტომ ბევრი ფერმერი, რომლებიც რძეს მცირე რაოდენობით აწარმოებენ, შავ დღეშია და აღარ იცის, რა ქნას. საუბარი არ არის ფასზე, რძეს, უბრალოდ, ვეღარ ყიდიან და, ვითარება დროულად თუ არ დასტაბილურდა, ისეთ ზარალს ნახავენ, მთელი წელი მის ასანაზღაურენლად მოუწევთ მუშაობა… ყოფილი საბჭოთა კავშირის ლამის ყველა რესპუბლიკაში სახელმწიფომ დაიტოვა მეცხოველეობის რამდენიმე კომპლექსი და რძის პროდუქტებსა თუ ხორცს სახელმწიფო აწარმოებს. ეს პროდუქცია კერძო კომპანიებისას არაფრით ჩამოუვარდება. ჩვენთან ასეთი რამ არ გვაქვს, თორემ არც ამ ფერმერებს ექნებოდათ ზემოაღნიშნული პრობლემა.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ორიოდე დღის წინათ თქვა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებაა, რათა ფერმერებს შრომა გაუადვილდეთ და მოსავალიც მეტი მიიღონო. რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე დღევანდელ რეალობაში წინსვლა წარმოუდგენელია, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები იაფი სიამოვნება არ არის და ძნელი სათქმელია, მცირე ფერმერებს თუ აქვთ ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა. როცა კარგი ტრაქტორი 100 ათასი ევრო ღირს, ძნელია, ის გლეხმა იყიდოს და მიწა დაამუშაოს. წარმოუდგენელია, თანამედროვე სტანდარტების ფერმის აშენება, თუნდაც 100 სულ საქონელზე (ნაკლებ სულზე სოლიდურ მოგებაზე ფიქრი თითქმის არარეალურია), ამისთვის მილიონ ლარზე მეტია საჭირო და იმ გლეხისთვის, რომელსაც ბოსელში 2-3 ძროხა ჰყავს დაბმული, მილიონი წარმოუდგენლად დიდი თანხაა.
ისე, რამდენიმე დღის წინათ ერთი ახალგაზრდა კაცი სოფელ-სოფელ დადიოდა და 2 კვირის ხბოებს ეძებდა. რომ ვკითხე, გასაზრდელად გინდა–მეთქი, არა, დასაკლავადო. როგორც გაირკვა, რესტორნები 20 კილომდე ხბოებს იბარებენ და კილოგრამში 24 ლარს იხდიან. ანუ, 2 კვირის ხბოს ყიდულობენ, კლავენ და აბარებენ. მთავარი პირობა ის არის, რომ დაკლულის წონა 20 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს. შეიძლება ხბოს ხორცი ძალიან გემრიელია, მაგრამ ასე „ვერ გავფრინდებით“. კონკრეტულად ეს ადამიანი დღეში 5-7 ხბოს აბარებს და რამდენია მისნაირი, თავად განსაჯეთ.
ცნობისთვის: დანიაში ღორის ხორცის წარმოება პრიორიტეტულად რომ იქცა და სახელმწიფომ გოჭების ხოცვას ვერაფერი მოუხერხა, ყველა ფერმერს დედა ღორები აღურიცხა, დაყრილ გოჭებს პირადი ნომრები მიანიჭა და, თუ გოჭი მოკვდებოდა (დაკვლა აიკრძალა 6 თვემდე), პატრონი ვალდებული იყო, შესაბამისი სამსახურისთვის ეცნობებინა და მიზეზი აეხსნა. შესაბამისად, ზუსტად 3 წელიწადში დანია ევროპაში ღორის ხორცის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მწარმოებლად და მიმწოდებლად იქცა, ქვეყნის ბიუჯეტში ღორის ხორცის გაყიდვიდან შესულმა თანხებმა კი სერიოზული წვლილი შეიტანა. ჰო, იმ დანიამ, რომელსაც საქართველოზე მცირე ტერიტორია აქვს, და ვიღაც თუ გრენლანდიას გვიხსენებს, ვეტყვით, რომ გრენლანდიაზე ღორები არ ჰყავთ და, რაც მთავარია, იქაური მოსახლეობა „დინამოს“ სტადიონს ვერ შეავსებს. ჩვენ კი… ძალიან სერიოზული შანსი გვაქვს, ღორის ხორცი ვაწარმოოთ, საამისოდ ყველანაირი პირობაა, მაგრამ ღორის ხორცის უდიდესი ნაწილი შემოგვაქვს და ამას იმით ვხსნით, რომ ხორცის აქ წარმოება მომგებიანი არ არის. ანუ, დანიელებისთვის, ბრაზილიელებისთვის, რუსებისთვის, ბელორუსებისთვის მომგებიანია, ჩვენთვის – არა.
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მორიგ პროექტებს აფინანსებს, მათ შორის – სასათბურე მეურნეობის მოწყობასაც. მეგობარს მისივე თხოვნით გავყევი სააგენტოში შეხვედრაზე და, როგორც გაირკვა, იმ შემთხვევაში დააფინანსებდნენ, თუ ამ სათბურში ერთწლიან მცენარეებს მოიყვანს. საუბარია მწვანილზე, კიტრზე, პომიდორზე… მეგობარი, რომელიც, წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს და რამდენიმე სათბური ისედაც აქვს, შეეცადა, აეხსნა, ახლა სათბურში ერთწლიანი კულტურები რომ მოეყვანა, უბრალოდ, ვერ გაყიდდა, რადგან მალე სეზონი დაიწყება და შესაბამისად, კიტრიც, პომიდორიც და მწვანილიც ბაზარზე ისედაც ხელმისაწვდომ ფასად იქნება. თანაც, როგორი საქმეა, გარეთ 40 გრადუსი სიცხე რომ არის, შენ კი ამ დროს სათბურში გაქვს მოსავალი ასაღები და ვიღაცას ეუბნები, მიდი, იმუშავეო. სააგენტოს ერთ-ერთ თანამშრომელს „იდეა“ გაუჩნდა: გაგრილების სისტემა რომ დააყენოთო? ანუ, სათბური გაქვს და აყენებ გაგრილების სისტემას… ხომ საინტერესოა? რეალურად, სათბურში ტემპერატურის კონტროლი ცელოფნის (თუ ცელოფანია) ან მინის (თუ მინაა) აწევით ხდება (დიდი სიცხის შემთხვევაში) და… გაგრილების სისტემა სასაცილოც აღარ არის.
მეტიც, ჩემი მეგობარი უხსნიდა, რომ სურვილი ჰქონდა, მარწყვიც დაერგო (ერთწლიან კულტურებთან ერთად) და ვარდის ის ჯიში, რომლის მოყვანაზეც გერმანიიდან ექსკლუზივს აძლევდნენ; ექსკლუზივთან ერთად – იმის გარანტიასაც, რომ ერთ ვარდში 3-4 ევროს გადაუხდიდნენ, მაგრამ არა – ერთწლიანი კულტურებიო და მორჩა! ცალკე საუბრის თემაა ის, რომ პროექტის განსახორციელებლად, ბანკიდან შეღავათიანი კრედიტის ასაღებად, სამმაგი ოდენობის ქონებაა ჩასადები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემი მეგობარი 1 მილიონი ლარის აღებას აპირებს და დებს ყველაფერს, რაც აქვს მას, მის ძმას, დას, დედ-მამას. ეს იმიტომ, რომ როგორმე 3 მილიონის ქონება აჩვენოს, სხვაგვარად ბანკი ფულის გაცემაზე უარს იტყვის და ვერც სააგენტო გააწყობს რამეს.
ამ ქონებით ბანკი თავს იზღვევსო, კი გვეუბნებიან, მაგრამ რეალურად გაცილებით მარტივი გამოსავალი აქაც არსებობს, თან ძალიან მარტივი: ბანკმა გირაოში უნდა ჩაიდოს ის მიწა, რომელზეც აიგება სათბური; სესხი უნდა გაიცეს ტრანშებად, ანუ ჯერ ნაწილი, მერე მეორე ნაწილი, მერე მესამე ნაწილი და, როცა ფერმერი შეასრულებს პირველი თანხით აღებულ ვალდებულებას და წარადგენს დასკვნას, მიიღებს მეორე ტრანშს და ა.შ. დასკვნის გაკეთება გაჭიანურებული არ არის, თუ ყველაფერს კანონიერად აკეთებ. ჩვენც უნდა მივეჩვიოთ ყველაფრის კანონიერად კეთებას და არა „ჩალიჩს“, რადგან სხვაგვარად არაფერი გამოვა. არ შეიძლება ბანკიდან აიღო თანხა და მეორადი ინვენტარით გააკეთო საქმე; მერე ვიღაც ნაცნობს სთხოვო ფაქტურისა და ზედნადების გამოწერა. ასეთ დროს ის ნაწილები, გარანტია 5 და მეტი წელი რომ აქვს, ერთ წელიწადში გამოდის მწყობრიდან და ორმაგის გადახდა გამოდის. ამასთანავე, აუცილებელია, მივეჩვიოთ ბაზრის შესწავლას და მერე არ დავიწყოთ წუწუნი: სალათის ფოთლები მოვიყვანე და არ იყიდება, რადგან სხვებსაც მოუყვანიათო. არის კონკრეტული მიმართულება, როცა კონკრეტული ადამიანები აწარმოებენ ისეთ დიდ ოდენობას, რომ დამწყები ფერმერი კონკურენციას ვერ გაუძლებს და დიდი მწარმოებელი ფასით „მოგუდავს“. ყველა პროდუქტს გასაღების ბაზარი სჭირდება და ეს თავიდანვე უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც რამეს წარმოებას აპირებს. ხშირად ყოფილა, ტონობით მოსავალი მოუყვანიათ ადამიანებს, უშრომიათ, უწვალიათ და მერე გაბრაზებულან, არ იყიდებაო. მიწოდება უნდა იყოს მოთხოვნის შესაბამისი და, დღეს რომ კიტრი 5 ლარი ღირს ბაზარზე, სწორედ მოთხოვნის ბრალია. მოთხოვნა არის, მიწოდება – არა და ფასიც იმიტომ არის არარეალური, თორემ, ბევრ ადამიანს რომ ჰქონდეს კიტრი, ფასი ერთ დღეში დაიკლებს.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ დაანონსებულ პროექტებს, ერთი შეხედვით ძალიან კარგია, მაგრამ დახვეწა აკლია, პროფესიონალის თვალი აკლია, ცოტა მეტი საჯაროობა აკლია. ეს კომპონენტები თუ დაემატება, ეფექტიც მეტი ექნება და უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს. რაც მთავარია, მერე აღარავინ იტყვის, ამ პროექტებში „ჩასხმული“ მილიარდები, უშედეგოდ რატომ იკარგებაო. დღევანდელი გადმოსახედიდან სწორედ ასეა – ფული იხარჯება, ხელშესახები შედეგი კი, უბრალოდ, არ ჩანს.
ლევან გაბაშვილი