გაზაფხულზე ვაშინგტონში გაიმართება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრადიციული ყოველკვარტალური სხდომა, რომელზეც მოსახლეობის დაბერების პრობლემაზე იმსჯელებენ. ფონდის დირექტორ–განმკარგულებელმა კრისტინ ლაგარდმა ამ თემაზე თავისი თვალსაზრისი ვებგვერდ Alertas–ზე გამოაქვეყნა და ყველა ქვეყანას მოუწოდა, აზრი გამოეთქვა.
“მოსახლეობის დაბერება საყოველთაო პრობლემაა, _ წერს ლაგარდი, _ საერთაშორისო სავალუტო ფონდი გულდასმით აანალიზებს ვითარებას თავის ყოველ სხდომაზე. საყურადღებოა აგრესია და სისასტიკე, რომელიც ამ პრობლემის განხილვას სდევს”.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყნებს სთავაზობს, სხვა ღონისძიებებთან ერთად შეამცირონ შეღევათები, მოუმატონ პენსიაზე გასვლის ასაკი “სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობის საფრთხის გამო”. ფონდი ხელისუფლებებს, აგრეთვე, სთავაზობს საბაზრო გადაწყვეტილებებს ამ “საფრთხის” შესამცირებლად.
რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტებს, კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ესპანელი ხოსე ვინიალსი იყენებს ისეთ ტერმინს, როგორიც არის “დღეგრძელობის საფრთხე”: “თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა მოიმატებს სამი წლით, რაც, სავარაუდოდ, 2050 წლამდე მოხდება, მაშინ ფასი დაბერებისა, რომელიც ხელისუფლებისთვის, საწარმოებისთვის, სადაზღვევო სააგენტოებისა და ფიზიკური პირებისთვის უკვე მძიმე ტვირთად იქცა, დამატებით მოიმატებს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების 50 პროცენტში. მოსახლეობის ყოველწლიური დაბერების სავარაუდო ფასების მომატებით გამოწვეული დატვირთვა ათეულობით მილიარდი დოლარი იქნება. ეს საფრთხეს შეუქმნის საჯარო ფინანსებს სახელმწიფო ვალის მომატების გამო. ამასთანავე, საფრთხე დაემუქრება კერძო პირების გადახდისუნარიანობას”.
როგორც ვინიალსმა განმარტა ამ თემისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, “ცხოვრების გაგრძელება კარგია, მაგრამ ამაში არის მნიშვნელოვანი ფინანსური საფრთხე. ეს ჩვენ გაცილებით მეტი დაგვიჯდება, ვიდრე ადამიანებს, კორპორაციებსა და მთავრობებს. ჩვენ ახლავე უნდა შევშფოთდეთ დღეგრძელობის საფრთხის გამო, რათა მომავალში დამატებითმა ხარჯებმა არ დაგვახრჩოს”.
1750 წელს დასავლეთევროპულ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელს ვერ აღწევდა. 1900-დან 2010 წლამდე ხანგრძლივობამ 80 წლამდე მოიმატა. მსოფლიო მასშტაბით, 1950-იან წლებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 48 წელი იყო და დღემდე 70 წლამდე მოიმატა. გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 26 წლით მოიმატებს, ე.წ. განვითარებად ქვეყნებში _ 22 წლით. სიცოცხლის გახანგრძლივებით მოსახლეობა მიიღებს მეტ პენსიასა და სოციალურ დახმარებას. “კომპანიებს მოუწევთ, ბევრად მეტის გადახდა ბიუჯეტში, რათა გაუმკლავდნენ დამატებით დატვირთვებს, _ განაცხადა ვინიალსმა. _ ამ საფრთხის შემსუბუქება კი იქნება პროცესი, რომელიც ახლა უნდა დაიწყოს”.
კრისტინ ლაგარდს სურს, დაბერების პრობლემა ვაშინგტონში გაზაფხულის სამიტზე განიხილონ. ის მთავრობებს სთხოვს, აღიარონ, რომ დაბერება სერიოზულ პრობლემებს შექმნის მომავალში და საფრთხეს წარმოადგენს. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანი მთავრობებს საპენსიო ასაკის მომატებას სთავაზობს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, აგრეთვე, საჭირო იქნება, პენსიების ოდენობის შემცირება და სოციალური დაზღვევის შენატანების გაზრდა. კერძო სადაზღვევო კომპანიებს კი უნდა მიეცეთ უფლება, “გაანეიტრალონ მუქარები ადამიანებისა, რომლებიც სავარაუდო ვადაზე დიდხანს ცხოვრობენ”. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები ხელისუფლებას სთავაზობენ, ადამიანებს მისცენ საშუალება, თვითონ ჩაუყარონ საფუძველი თავიანთ პენსიას და, თუ საჭირო იქნება, პენსიის დაგროვება სავალდებულოდაც კი აქციონ ბანკებთან ხელშეკრულების გაფორმებით.
ფონდი სთავაზობს ქვეყნებს, გამოავლინონ მეტი გამჭვირვალობა დაბერების ტენდენციის ანგარიშების წარდგენისას და მეტ ინფორმაციას ითხოვს, როგორ აპირებენ სახელმწიფოები პენსიების დაფინანსებას მომავალში.
“ამ რეფორმებს ბევრი წელი დასჭირდება, სანამ მოსავალს მივიღებთ, _ წერს კრისტინ ლაგარდი დასკვნაში, _ ნებისმიერი დაყოვნება ამ პროცესში გაართულებს ამოცანის გადაწყვეტას საჭირო მიმართულებით. მოსახლეობის დაბერებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მომატებისადმი ყურადღება სახელმწიფო და კერძო სექტორების სიცოცხლისუნარიანობის ბალანსებისადმი ნდობის აღდგენის რეფორმების კომპლექსის ნაწილია”.
cont.ws–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
ეს მათუსალას ხნის დედაბერი პირველი გაისტუმრონ საიქიოს, ძალიან დიდი პენსია ექნება სავარაუდოდ…