Home რუბრიკები საზოგადოება სიტყვის თავისუფლება არ არის ღირსების შემლახველი უზნეო მოქმედების თავისუფლება

სიტყვის თავისუფლება არ არის ღირსების შემლახველი უზნეო მოქმედების თავისუფლება

1786
სიტყვის თავისუფლება არ არის ღირსების შემლახველი უზნეო მოქმედების თავისუფლება

საქართველო დღეს ის ქვეყანაა, სადაცსავალალო და სამარცხვინო ის არის, რომ ზოგჯერ ტაშისკვრითა და ქებადიდებით მივეგებებით ხოლმე სხვის ნამუსის წამბილწველსა, სხვის პატიოსნების შემბღალველსა”. თუ ილიას დავუჯერებთ, “ამისთანა ყოფაში დიდხანს ვერ გასძლებს ქვეყანა, ერი, საზოგადოება”.

ჯერ კიდევ 1882 წელს ილია ჭავჭავაძე პრესის თავისუფლების შესახებ წერდა, რომ გაზეთების ერთერთი უმთავრესი დანიშნულებაა, საზოგადოებასაც და მთავრობასაც შეატყობინოს და გააცნოს ხალხის ჭირვარამი, ავი და კარგი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაცსაზოგადო საქმეებს შეეხება იმ ქვეყნისას”, სადაც ეს გაზეთი გამოდისო. დღეს უამრავი მედიასაშუალებაა, რომლებიც მეტნაკლები ობიექტურობით ასახავენ ქვეყნის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს. და რაზეც თავის დროზე გულისტკივილით წერდა ერის მამა, რომწაწყმენდა და წაპილწვა ადამიანის ადამიანობისა არც მთქმელს ეთაკილება, არც მსმენელს ეზიზღებაო”, დღეს განსაკუთრებით თვალშისაცემია.

1877 წლის 3 მარტს ილიამსაპოლიტიკო და სალიტერატუროგაზეთივერიისგამოცემა დაიწყო, რასაც მოჰყვა ახალი ეტაპის დაწყება ქართველი ერის ცხოვრებაში. სამწუხაროა, რომ ქართველი ერი დღესაც იმავე საშინაო და საგარეო პრობლემების წინაშე დგას, რომლებზეც გაზეთიივერიამაშინ წერდა. ილიასივერიიდანმიღებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მათი გაანალიზებით მკითხველი პარალელს უკეთ გაავლებს იმ ეპოქის მოვლენებთან და მიხვდება, რა არის დღეს უპირველესად საკეთებელი. დიდი დრო გავიდა, შეიცვალა ადამიანთა მოთხოვნები, ინტერესები, მაგრამ ის გზები და მეთოდები, რომლებსაც ადამიანები წარმატების მისაღწევად მიმართავენ, არ შეცვლილა. აი ამის უტყუარი ფაქტიც:

არა გვგონია, სხვაგან სადმე იყოს ისეთი ქვეყანა, საცა ადამიანის პატიოსნება და ნამუსი ისე წინდაუხედავად, ტყუილუბრალოდ ილახებოდეს, როგორც ჩვენში. ჩვენის ფიქრით, კი ადამიანს, კაცია თუ ქალი, პატიოსნების და ნამუსის მეტი სხვა უძვირფასესი არა აქვს რა გასაფრთხილებელი და წმინდად შესანახავი. ადამიანი ადამიანობს მარტო პატიოსნებით და ნამუსითა და, ვინც ეს იცის, იმისათვის შებღალვა ან ერთისა და ან მეორისა ყოველს დანაკლისზედ უმძიმესია, ყოველს მწუხარებაზედ უდიდესი მწუხარებაა.

თუმცა ესეა, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში კი არაფრად მიაჩნიათ ჩირქის მიცხება და წაწყმედა სხვისის პატიოსნებისა და ნამუსისა” (გაზეთივერიისმარცხი, თბილისი, 2 ივლისი, 1887 წელი”).

განა ეს სიტყვები ზუსტად არ მიესადაგება დღევანდელობას?

სამწუხაროდ, ასეა.

დღესაც წყევლაკრულვიანი საკითხავია ის, თუ რა უშლის ხელს მედიის ობიექტურობას, რატომ არის ის მიკერძოებული, მაშინ, როდესაც არსებობს კანონი მედიის შესახებ, რომელსაც უნდა ითვალისწინებდეს და იცავდეს ყველა მედიასაშუალება, მაგრამ, ფაქტია, სიძულვილის ენას, შეურაცხყოფასა და ცილისწამებას ამ კანონმა ლაგამი ვერ ამოსდო. ამ თემას სწორედ ახლა იმიტომ შევეხეთ, რომ წინასაარჩევნო მარათონი დაიწყო, დაიწყო ისე, როგორც ყოველთვის _ ურთიერთძაგებით, ურთიერთბრალდებებით, სამარცხვინო ცილისწამებებით, შანტაჟითერთი სიტყვით, დადგა კორიანტელი ავსიტყვაობისა.

ეჰ, ვის სცალია შენზე საფიქრალად, ჩემო ქვეყანავ!

ადამიანობის საზომი ნებისმიერ ეპოქაში ნამუსის სიწმინდე და პატიოსნებააო, კი ვიცით ეს, მაგრამ რად გინდაასე მოვედით XXI საუკუნემდე.

ცილისწამების ნიაღვარი მრავალჯერ თვითონ ილიას წინააღმდეგაც წამოსულა, თუმცა საკადრისი პასუხი კი გაუცია ერის მამას, მაგრამ ამ არათანაბარ ვითარებაში, როცა “მაბეზღარს ყოველივე იარაღი ხელში აქვს და დაბეზღებული კი იარაღაყრილია”, ძნელია სიმართლის აღდგენა, ამიტომაც წერდა ილია 1905 წელს: “თუ მართალი ხარ, თავი იმართლე ბეჭდვითვეო, ეს ადვილად სათქმელია და ზოგჯერ შეუძლებელი ასასრულებლად”.

განა აქ ტყუილის დამტკიცება შესაძლებელია? რით და რა გზით? …აქ ცარიელ უარყოფის მეტი ხომ სხვა გზა და ღონე არ არის, რაკი დამტკიცებაზე მიდგა საქმე, უარყოფა განა დამტკიცებაა ბრალდების ტყუილისა? უარყოფა პატიოსან კაცისა და აშას კვრა ქურდისა ერთმანეთისაგან როგორ უნდა გაირჩეს ამისთანა შემთხვევაში?”.

ილიას აზრით, არავის აქვს უფლება, უსაფუძვლოდ შერისხოს და ზნეობრივად სტანჯოს სხვა ადამიანი. როცა სხვისი ღირსება დაუმსახურებლად ილახება, სულერთია, ეს უნებლიეთ მოხდება თუ განგებ, ამ ვითარებაში ბოდიშის საქვეყნოდ მოხდა, ილიას რწმენით, აუცილებელია. ამ დროს ავტორი განსაკუთრებით უნდა ფრთხილობდეს, ვინაიდან ამისთანა შემთხვევაში გადაჭარბებული სიფრთხილე სჯობია, წინდაუხედავს სითამამესა”, რადგან ადამიანის პატივი და ღირსებაჭორის სათამაშო ბურთადარ გახდეს. როგორც ყოველი უფლება, ბეჭდვის თავისუფლებაც, ილიას გაგებით, განსაზღვრულ ფარგლებში მოქმედებს, რომლის იქით იგი შეიძლება თვითნებობად იქცეს და სრულიად დაუმსახურებლად შეიწიროს პიროვნების პატივი და ღირსება და შედეგად სრულიად ალალმართალი პიროვნება აღმოჩნდეს გაწბილებული და შეგინებული. ჟურნალისტს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისი უფლება იქ მთავრდება, სადაც მოქალაქის პირადი ცხოვრების საიდუმლოება იწყება, რომელიც ამ პიროვნების ნების გარეშე არ უნდა გამოაშკარავდეს და არ შეიძლება სათრევი და სალანძღავი გახდეს სახალხოდ. ასზე მეტი წლის წინ, 1882 წელს, ილია მწვავე გულისტკივილით წერდა: როცა კაცზედ ვისმეზედ სჯა და ლაპარაკი მოგვინდება ხოლმე, მოქმედებას კი არ ვუსინჯავთ, არა, ამას თავს ვანებებთ, სინდისში, გულში ვცდილობთ ჩახედვასა და იქაურობას ვუქოთებთო”. ილიას ყველაზედ მტკივნეულად ის მიაჩნდა, რომ “იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში ამგვარ საქციელს კარი აქვს ღია და შედეგად ხდება უსაბუთოდ გამოლაშქრება კაცზედ და მისის განზრახვის, სინდისის და გულისნადების თავისებურად ჩხრეკა და აქოთება, ისე გვეადვილება, არამც თუ შინაურს ლაპარაკში, არამედ საჯაროდ ჟურნალგაზეთობაში, რომ თითქო ბაკლა და ისპანახი იყოს. ყოველს ჩვენგანს სხვისი გული, სხვისი სინიდისი დაუწერელ ქაღალდად მიაჩნია და, რაც ქეიფში მოუვა, ზედ იმასა სწერს”.

დღევანდელი სიტუაცია მსგავს სურათს საუკეთესოდ წარმოგვიდგენს. ილია წუხდა იმის გამო, რომ ზოგიერთ მოკალმეს მწვავე სენსაციებით სურდა მკითხველის გაკვირვება და მზად იყო, ეჯაშუშა, ოღონდ რაიმე მიზეზი ეპოვა კაცის სამარცხვინო ბოძზე გასაკრავად და თავზე ლაფის დასასხმელად. 1886 წელს ილია წერდა, რომ, როცა ამგვარი უკადრისი ქცევა აღმოიფხვრება, მოკალმესსაკბილო პირიდამ გამოეცვლება და უშვერის წერასა და ბღაჯნისათვის გზა შეეკვრის, თავის უხეირო შვილდისარს ძირს დასდებს, გამოეთხოვება ლიტერატორობას და თავისი ჭკუისა, ცოდნის, მართებულობის და ზრდილობის შესაფერს სხვა თანამდებობას და საქმეს მონახავსო”.

დღევანდელ მასმედიას ხშირად საყვედურობენ, რომ ის ბოროტი სიხარულით ნიშანში იღებს და ჩხრეკს მხოლოდ ცუდს და კარგს განზრახ არ ხედავს. ამას ილია უწოდებს “აღვირმიშვებულ ვარჯიშობას კალმისა თუ სიტყვისა”. ჭუჭყიანი სიტყვა კი, უპირველესად, მის დამწერსა და წარმომთქმელს არცხვენს. 1887 წელს ილია ასე შოლტავდა ამგვარი საქციელის მოყვარულთ: ჭუჭყიანი სიტყვაპასუხი, ჭუჭყიანი გულისნადები, რომელიც ზედ აბეჭდია ხოლმე ყოველს კაცს, სხვის გასაბიაბურებლად გამოლაშქრებულს, მეტისმეტად ცხადი ნიშანია თვითონ მოლაშქრის უწმინდურობისა და ჭუჭყისა” .

ილია ითხოვდა მეპაექრის ღირსების მიმართ პატივისცემით დამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ, 1883 წელს იგი გულმართალი გაკვირვებით კითხულობდა: არ ვიცი, რათა გვგონია ხოლმე ბრმანი და სულელნი ყოველნი ისინი, ვისზედაც ლაპარაკის ჟინი მოგვივა, ანუ ვისაც დრო და ჟამი საკამათაოდ პირში მოგვცემს ხოლმეაქ უთანხმოების მიზეზი ერთის ჭკუა კი არ არის და მეორის სისულელე, ერთის თვალხილულობა და მეორის სიბრმავე, არამედ სხვა რამ, რომელსაც პატივისცემა უნდა, ესე იგი ღრმად დაკვირვება გამოჩხრეკა და სხვა არარა”.

წინასწარ მოუკითხავად, “კბილის გაუსინჯველად”, მედიის მიერ პატიოსანი პიროვნების ლაფში ამოსვრა სიტყვის თავისუფლება კი არ არის, “ბოროტად ხმარებაა იმ გაპატიოსნებულ ძალღონისა, იმ ძლევამოსილ შესაძლებლობისა, რომელიც პრესას სამართლიანად ხელთ უპყრია და რომლის მეოხებით დღეს გვირგვინოსანნიც კი ქედს იხრიან სასოებით და მოწიწებით”.

ილიამ კარგად იცის, რომ ბეჭდვის თავისუფლების აღვირმიშვებულ უკადრისობასა და უპასუხისმგებლობას მრავალი კონფლიქტი გამოუწვევია და გამოუსწორებელი ზნეობრივი ტრავმები მოჰყოლია, ამიტომაც ბეჭდვის თავისუფლება მისთვის არ არის ღირსების შემლახველი უზნეო მოქმედების თავისუფლება. მით უფრო შეურიგებელია იგი იმ უპასუხისმგებლო ავტორთა მიმართ, რომლებიც ცინიკურად არ მალავენ თავიანთ უსაქციელობას. სწორედ ამის გამო ამბობდა ილია, რომურცხვობაყველა დანაშაულზე მძიმეაო. ილიას აზრით, “კრიტიკა მართლმოყვარე გამომძიებელია და მართლგამკითხავი სასწორი”.

ილიასათვის უდავოა, რომ დაუმსახურებლად გაკრიტიკებულ პირს, მით უფრო უსამართლოდ გაწბილებულსა და შეგინებულს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავის მართლების შესაძლებლობა, ზეპირად თუ წერილობით _ “უარყოფის უფლება”. ყოველივე ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ კრიტიკული, მით უფრო ღირსების შემლახველი წერილის ავტორს მოქმედების შეუზღუდველი თავისფლება ჰქონდეს და, რაც მოესურვება ის წეროს, შეუმოწმებლად და უსაბუთოდ ლაფში ამოსვაროს ადამიანის პატიოსნება და ღირსება: რედაქციის კალამი ნიჩაბი ხომ არ არის, რომ აიღოს და, ვინც არ ესიამოვნება, ლაფი და ტალახი შეასხას ან თავისის ან სხვისა ხელით”.

ამ ძნელ ვითარებაში თავის მართლების მძიმე ტვირთი არ უნდა დავაკისროთ პატიოსან კაცს. სამართლისა და ეთიკის მდიდარი ჰუმანისტური საწყისების ღრმა ცოდნით ილია ჭავჭავაძე 1905 წელს წერდა:ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინოთ ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს, და მას მერმეთ, დიაღ მხოლოდ და მხოლოდ მას მერმეთ მოეკითხოს ბრალდებულს პასუხი. უიმისოდ ბრალდებულთა სკამზე დასმა ადამიანისა პასუხის საგებლად წაწყმედაა. მიწასთან გასწორებაა, პირქვე დამხობაა იმ საკაცობრიო სამართლისა, მართლმსაჯულებისა, რომელზედაც აშენებულია მთელი ადამიანური ურთიერთობა, მთელი ადამიანური ყოფაცხოვრება”.

ამ პრობლემაზე საუბრობს ილია წერილში “პრესა და პირადობა”, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

პრესა და პირადობა

არიან ზოგიერთი იმისთანა ქვეყნები, საცა ურთიერთობა კაცთა შორის იქამდე უკან ჩამორჩენია თავის დანიშნულებას, რომ ადამიანის ნამუსს, პატიოსნებას, კუთვნილებას სულიერს თუ ხორციელს ვერაფერს სარჩლს ვერ უწევს, ვერა ჰპატრონობს, ვერ უვლის და ვერ იფარავს შებღალვისაგან. რასაკვირველია, აქ სარჩლი და მფარველობა უნდა გაუწიოს ზნე-ჩვეულებამ საზოგადოებისამ, ხოლო ჭირი ის არის, რომ ზნე-ჩვეულება ზოგიერთ ქვეყანაში იმოდენად გაწმენდილი და მგრძნობიერი არ არის, რომ შებღალვა ვისისამე ნამუსისა, ადამიანურის ღირსებისა ითაკილოს, იუკადრისოს და ყოველ ცალკე კაცის გაუპატიურებაში თავისის საკუთარის ღირსების წაბილწვა დაინახოს. ზნეჩვეულებას, როგორც ჭკუასა და გონებას, განწმენდა და განათლება უნდა. უამისოდ იგი მკვდარია და უქმი იმ სახელოვან და სანატრელ დანიშნულებისათვის, რომლის გამოც ჩვენ ვლაპარაკობთ და რომელიც ქვაკუთხედია კაცთა ურთიერთობით ცხოვრებისა.

ჩვენდა სამწუხაროდ, ზოგიერთი ერი შორს არის მაგ ზნე-ჩვეულების განწმენდასა და განათლებაზედ და მათ შორის ჩვენცა. ვიტყვით უფრო მეტს: ამ მხრით ჩვენისთანა დაქვეითებული ერი ბევრი სხვა არ გვეგულება დედამიწის ზურგზედ. ნამუსი, პატიოსნება და ყოველივე ადამიანური ღირსება ისე ადვილად ხელშესახებელი არსად არის, როგორც ჩვენში, და ეგ ხელშეხება ისე დაუსჯელად, გაუკიცხავად არ ჩაუვლის ხოლმე ადამიანს, როგორც ჩვენს ბედნიერს ქვეყანაში. დაუსჯელად და გაუკიცხავადო!.. ეგ კიდევ არაფერი. ამას კიდევ როგორც იქნება ავიტანდით, რაკი ეს ღვთის წყრომა მოგვევლინებოდა. სავალალო და სამარცხვინო ის არის, რომ ზოგჯერ ტაშისკვრითა და ქებადიდებით მივეგებებით ხოლმე სხვის ნამუსის წამბილწველსა, სხვის პატიოსნების შემბღალველსა. ამისთანა ყოფაში დიდხანს ვერ გასძლებს ქვეყანა, ერი, საზოგადოება. ეგ წინდაუხედავად შებღალვა ნამუსისა, კაცურის კაცობისა, ჭიაა, რომელიც ქვეყანას, ერს, საზოგადოებას, შიგ გულში ჩასჯდომია და დღემუდამ ჰფქვავს, ჰღრღნის, მინამ ბოლოს არ მოუღებს. საცა ეგ არის, იქ ქვეყანას, ერს, საზოგადოებას ჭიანი გული აქვს და ჭიანის გულით სიცოცხლე ხანმოკლეა და უნაყოფო. ამ ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის. ყველანი ჰხედავენ ამას, ყველას თვალწინ ათასი ამისთანა მაგალითი უდგა მოურიდებლად და ყველანი იშვნევენ და იწყნარებენ ამისთანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი წესი ურთიერთობისა არ ირღვეოდეს, თითქო ამ გადარევ-გადმორევაში ჰპოულობენ იმ მაგარს ტინს, რომელზედაც უნდა აშენდეს ადამიანის ბედნიერების ციხესიმაგრე. კაცს, ყველა ამის მოწამეს, ისე ჰგონია, თითქო კეთილს, მართალს, მადლს, უღონობა დასწამესო და ეხლა ბოროტს, ტყუილს და ცოდვასღა მიეყუდნენ, რომ იგი ჰქმნას, რაც კეთილმა, მართალმა და მადლმა ვერ შესძლო კაცთა ბედნიერებისათვისაო.

შორს ნუ წავალთ და მივხედოთ მარტო ერთს სამაგალითო ამბავსა. აი, ვსთქვათ, ჩვენ წინა ჰდგას ერთი საწყალი, მიწასთან გასწორებული, ძონძებში და კონკებში ძლივ-ძლივ გახვეული ღატაკი კაცი, რომელსაც უსმელ-უჭმელობამ, შიშველ-ტიტველობამ ყოველივე ადამიანური ნიშან-წყალი ჩამოართვა, გაუბათილა. სდგას საცოდავი და ჰცახცახებს ცალკე შიმშილისა და ცალკე სიცივისაგან და ელის მართლმსაჯულების მსჯავრს წარბშეკრულ და მიუდგომელ მსაჯულთაგან. მისი დანაშაული ის არის, რომ მშიერს ბაზარში ჩაუვლია, ფურნის დაზგაზედ პური დაუნახავს, უძლეველს შიშს შიმშილით სიკვდილისას დაუხშვია გრძნობა სირცხვილისა, დაუვლია საცოდავს ხელი და ერთი ორშაურიანი პური მოუტაცნია. “სასჯელი მაგას, სასჯელი”! _ ვიძახით დიდი და პატარა: “როგორ თუ მოიპარა! როგორ თუ იქურდა! პატიობა ქურდობისა და მტაცებლობის წაქეზება და წახალისება იქნება!” ეხლანდელთა საქებურად ამასაც ვიტყვით, რომ იქნება ერთსა და ორს ამ საცოდავის კაცის დანახვაზედ სიბრალულმაც გაურბინოს გულში, მაგრამ სრულიად პატიობაზედ-კი არა გვგონია ან ეს ერთი ორი დაიყოლიოთ.

ეს ხომ ასეა, მაშინ, როცა მშიერმა ორშაურიანი პური მოიპარა და იქნება ადამიანის სული სიკვდილისაგან დაიხსნა იმ მცირედის დანაკლისით, რომელიც სხვას მიაყენა. რაში მდგომარეობს აქ დანაშაული, რომლის შენდობაც ცოდვად მიგვაჩნია? იმაში, რომ ხელშეხებულია, შერყეულია, შებღალულია პატივი საკუთრებისა, რომელიც კაცთა ურთიერთობის დედაბოძად მიუჩნევიათ. თუ ესეა, რამდონად უფრო გამოსამეტებელი უნდა იყოს დასასჯელად ის, ვინც ადამიანს ჰპარავს იმას, რაც მის უძვირფასესს საუნჯეს, უძვირფასესს კუთვნილებას შეადგენს და ყოველგვარ ნივთიერ საკუთრებაზედ უფრო მეტად უღირს? განა ნამუსი და პატიოსნება ამისთანა დაუფასებელი საუნჯე არ არის! განა ადამიანი ნამუსითა და პატიოსნებით არ ადამიანობს და კაცური კაცობა ამითი არა ჰკაცობს! განა მარტო ერთსა და ორს გაუწირავს თვით სიცოცხლეც-კი, ოღონდ ნამუსი და პატიოსნება შეირჩინოს და არავის არ გააჩირქიანებინოს! თუ ესეა, მაშ, რამოდენად უფრო მძიმე შემცოდველი უნდა იყოს ორშაურიან პურის მპარავზედ ის, ვინც ნამუსს, პატიოსნებას ჰპარავს კაცსა! ლოღიკას რომ ეხლანდელს დროში უკუღმა ტრიალი არ დაეწყო, სწორედ ამ გზით უნდა ევლო და ნამუსის მპარავი სამარცხვინო ბოძზედ უნდა გაეკრა. ეხლანდელი ლოღიკა ამას არ დასდევს. შიმშილისაგან ძალდატანებულს ღატაკსკი სჯის ორ შაურიან პურის ქურდობისათვის და ნამუსის მპარავსკი ქების ტაშსაც შეაწევს ხოლმე, _ დახე, რა ყოჩაღია, ამა და ამ კაცს საქვეყნოდ თავზე ლაფი დაასხაო! ეს დაუსჯელად თავზე ლაფის დასხმა, ეს წინდაუხედავად ნამუსის ახდა, ეს წაწყმენდა და წაპილწვა ადამიანის ადამიანობისა, არც მთქმელს ეთაკილება, არც მსმენელს ეზიზღება, ნამეტნავად ჩვენში.

ინგლისში მთავარმინისტრმა ერთი ინდოელი ქვეშევრდომი ინგლისისა ამ სიტყვით ახსენა _ “ვიღაც ზანგიო” _ და მთელი ინგლისი სამართლიანის გულისწყრომით შეიძრა _ როგორ თუ ამისთანა ბიაბრუად ხსენება აკადრა ინგლისის ქვეშევრდომსაო და ავადმხსენებელი მინისტრი კინაღამ სამინისტრო ტახტიდამ არ გადმოაბრძანა, და ჩვენშიკი გაუხარდებათ კიდეც, თუნდა საშინელის ლანძღვითა და ცილისწამებით გააუპატიურო, გააბიაბრუო კაცი. ოღონდ ფლიდობა, ავკაცობა, ერთის სიტყვით, უღირსობა რამკი შესწამეთ კაცსა, ისე ადვილად და მალე დაიჯერებენ, თითქო ბედნიერება კარზედ მიადგათ და ხელიდამ გაშვება ენანებათო. ერთხელ და ორჯელ არ შეგვხვედრია, რომ კაცი კაცს უსაბუთოდ ჰლანძღავს და ლაფში სვრის და, როცა გამოსარჩლებია ვინმე, უკითხავთ: “შენი რა არისო?” _ ჩემი რა უნდა იყოს, არც-კი ვიცნობო? _ “თუ არ იცნობ, შენ სხვისთვის რად იჭაჭებიო?” _ “იმიტომაო, რომ ისიც კაცია და უსაბუთოდ შებღალვა კაცის ნამუსისა უნამუსობაა, და თუ დღეს ის ამოგიღია ნიშანში, ვინ გვითავდებებს, რომ ხვალ სხვას მაგ დღესვე არ დააყენებო”.

ჩვენ მოწმად ვყოფილვართ, რომ ამისთანა სინიდისიერი მოსარჩლე გალანძღულისა და ცილშეწამებულისა სასაცილოდ აეგდოთ, როგორც რეტროგრადი. ძნელად საცხოვრებელია იმისთანა ქვეყანა, საცა ადამიანის ნამუსს და მის გრძნობას კაცურის ღირსებისას პატივი და მფარველობა არა აქვს და საცა ხელშეხება, შებღალვა ყოველ ამისი ეადვილებათ და საცა საზოგადოებაში მოტრიალე კაცი თავის უწმინდაესს მოვალეობად არა სთვლის სდევნოს ცილს და უსაბუთოდ ავად ხსენებას კაცისას, საცა-კი შეხვდება. თავის თავის პატივისმცემელი ლიტერატურა მოვალეა ჰპატრონობდეს ადამიანის ნამუსს და ღირსებას და კაცი არავის გაალახვინოს ცილითა და ტყუილითა, რადგანაც ერთიცა და მეორეც ყურმოჭრილნი ყმანი და მოსამსახურენი არიან მარტო პირადის ანგარიშებისა. ლიტერატურა-კი, როგორც მოღვაწეობა უკეთესთა კაცთა, ერთად-ერთი ფარ-ხმალი უნდა იყოს ადამიანისა, როცა მის ღირსებას უღირსად, უკადრისად ხელს შეახებენ ხოლმე და მისს ზნეობურს კუთვნილებას სტაცებენ. ლიტერატურის მრავალგვარ და რთულ მოვალეობათა შორის ეს მოვალეობა ერთი უდიდესთაგანია, იმიტომ, რომ ნამუსის შებღალვა, ნამუსის ახდა, კაცის სახელის გატეხა ისეთი დიდი უბედურებაა, რომ თუ არ ზედმიწევნით გამორკვეულ, უტყუარ საბუთით, ლიტერატურამ სხვა გზით ამაებში არავის არ უნდა დაუთმოს ერთის იოტის ოდენაცა. ამ მხრით ლიტერატურა ყოველის კაცის პატრონი უნდა იყოს და მფარველი, ნამეტნავად იქ, საცა ეგ პატრონობა და მფარველობა სხვა გზით არ არსებობს.

ტფილისი, 27 იანვარი, 1889 წელი.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here