სირცხვილნარევი ღიმილი

    სენსაციური ამბებით დასრულდა კვირა.

    დანაშაულში მხილება, ჩხრეკა, დაპატიმრებათა რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ, საზღვაო ტერმინოლოგიით, ცუნამი თუ არა, შტორმი მაინც გვაქვს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ამ მოვლენას ეპოქალური მასშტაბებიდან თუ შევხედავთ, მასში შესაძლებელია,  დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების წინაპერიოდისთვის დამახასიათებელი რყევები დავინახოთ. სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები, პოლიტიკური და ჟურნალისტური წრეები გაცილებით ადრე გრძნობენ დიდი ცვლილებების მოახლოებას და თავისებურად რეაგირებენ მასზე. იწყება გადაჯგუფება-გადმოჯგუფების პროცესი. ყველა ყვირის, რომ სამშობლო და ხალხია გადასარჩენი, მაგრამ ყველა საკუთარი ტყავის გადასარჩენად იბრძვის. დგება ზნეობასთან კომპრომისების, მსოფლმხედველობრივი ზიგზაგებისა და ღალატის ჟამი.

    ალბათ, მკითხავთ,  კონკრეტულად რა გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ვგულისხმობ. გიპასუხებთ: დასავლური ჰეგემონიის დასრულებას; მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებას; სიმძიმის ცენტრის დასავლეთიდან აღმოსავლეთში გადმოტანას; ახალი მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ფორმირებას.  ეს პროცესები ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს;  და კიდევ: საქართველოს დასავლური გავლენებისგან გათავისუფლების პროცესს, რომელიც მტკივნეულად ვითარდება, მაგრამ აუცილებლად მივა ლოგიკურ დასასრულამდე. ეს პროცესი რუსული გავლენის შემობრუნებით დასრულდება, რადგან მრავალპოლუსიანი მსოფლიო თავისთავად გულისხმობს რეგიონებში იმ პოლუსის გავლენის გაძლიერებას, რომელ რეგიონშიც ეს პოლუსი იმყოფება. რუსეთის პოლუსი რას ნიშნავს და რომელ რეგიონში უნდა გაძლიერდეს მისი გავლენა თუ არა პოსტსაბჭოთა სივრცეში?! ეს გარდაუვალი პროცესია და ამ გარდაუვალობას ახლავს ის მიეთმოეთი, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველგან შეიმჩნევა. სამაგალითოდ ისევ ჩვენი რეგიონის სახელმწიფოებს დავასახელებ – სომხეთსა და აზერბაიჯანს. იქაც ძვრებია, შინაგანი ღელვა და დუღილია, საგარეო ორიენტაციის საკითხის წამოწევაა, ამერიკისკენ დემარშით გაქცევისა და კვლავ რუსეთისკენ მკვეთრი შემობრუნების პრეცედენტებია.  ამგვარ ეპოქებში საზოგადოების ერთი ნაწილი მოვლენებს სწორად აანალიზებს, მაგრამ არიან სხვა ნაწილები, რომლებსაც მყარი პოლიტიკური რწმენა არ აქვთ, ამიტომ  შოკში ვარდებიან და  ვირთხებივით ცდილობენ გემიდან გაქცევას.

    საქართველოში ერთმანეთს დაემთხვა ის გლობალური პროცესები და ეს კონკრეტული მოვლენები, რომელთა შესახებაც ზემოთ ვსაუბრობდი.  ერთმანეთში აირია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის” სამართლებრივი დევნის დაწყება, კორუფციასთან ბრძოლის გამოცხადებისა და დიდი ღალატის მხილება. ზოგადი და კონკრეტული, რაც აქ ჩამოვთვალეთ, ერთმანეთს კი არ უპირისპირდება და გამორიცხავს, პირიქით –  ერთმანეთს მიზეზ-შედეგობრივად  ავსებს და ერთიან ჯაჭვს ქმნის, სადაც ზოგადი კონკრეტულს ბადებს, ხოლო კონკრეტული ზოგადის გამოძახილი და ანარეკლია, მისი მაცნე და წინამორბედია. ეს ყველაფერი გარკვეული თეორიული შესავალია მოვლენებისა, რომლებიც დიდ რუს ფილოსოფოს ნიკოლაი ბერდიაევს ასე აქვს ფორმულირებული: „ეს განწყობილებები რეალიზებული იქნა რეპრესიებში, რომლებმაც თავის დროზე შექმნა რევოლუციური განწყობილებები”.  ანუ, ეს ჯაჭვი კი არ არის, რომელსაც მასში შემავალი რგოლები ქმნის, ეს ურთიერთგანპირობებულობათა ჩაკეტილი წრეა, რომელშიც პირველი ისე განაპირობებს მეორეს, როგორც მეორე – პირველს.

    ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება კი, მართალია, გლობალური პროცესების ანარეკლი და გამოძახილია, მაგრამ,  მიუხედავად ამისა, მაინც ისე უცნაურად გამოიყურება, რომ მისი სისტემური გააზრება რთულია. ქვეყნის შიგნით გვაქვს რამდენიმე მოცემულობა:

    * სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა;

    * კორუფციასთან ბრძოლის დაწყება;

    * კლანების ურთიერთდაპირისპირება;

    * დიდი ღალატის გამოვლენა და შურისძიება;

    * პოლიტიკური სპექტაკლი.

    შევეცდები, მოკლედ (ზოგად შტრიხებში) განვიხილო თითოეული მათგანი:

    სახელმწიფო გადატრიალება

    კოლექტიური დასავლეთის (დიფ სთეითის) მიერ იყო ინსპირირებული და მისი განხორციელება აქაურ აგენტურას ევალებოდა. დასავლეთის მიერ გაღებული უზარმაზარი დაფინანსების, არნახული იდეოლოგიური უზრუნველყოფისა და ორგანიზაციული საკითხების მოგვარების მიუხედავად, „მეხუთე კოლონამ” საკითხი ჩააფლავა. ეს ფაქტი, სხვა ყველაფერს  თავი რომ დავანებოთ, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთის გავლენა შეზღუდულია. საქართველოში (მთლიანად ამიერკავკასიაში) და ბევრ სხვა რეგიონში ის უკვე ვეღარ ახერხებს საკუთარი ჩანაფიქრისა და გეგმების რეალიზებას. აშშ-ის სპეცსამსახურებმა საქართველოში სამჯერ განახორციელეს სახელმწიფო გადატრიალება:

    1. 1989 წელს  ოფიციალურად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკაში,  როდესაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი აიძულეს,  თანამდებობიდან გადამდგარიყო და მის ადგილზე გივი გუმბარიძე (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის იმდროინდელი თავმჯდომარე) მოიყვანეს, რომელმაც ხელისუფლება ამერიკული პატრონაჟის ქვეშ მოქმედ ეროვნულ მოძრაობასა  და მის თავკაც ზვიად გამსახურდიას მიზანმიმართულად მიაჩეჩა ხელში;

    2. 1992 წელს, როდესაც ზვიად გამსახურდია, რომელმაც დასავლეთის იმედი ვერ გაამართლა (ცალკე საკითხია, როგორ და რატომ), დაამხეს და მის ადგილზე დასავლეთის სტაჟიანი და გამოცდილი აგენტი, საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე მოიყვანეს;

    3. 2003 წელს, როდესაც შევარდნაძეშიც ეჭვი შეიტანეს და მის ადგილზე მათი უფრო საიმედო აგენტი (ზომბი) მიხეილ სააკაშვილი მოიყვანეს.

    დასავლეთის სპეცსამსახურებს ამ შემთხვევებში არც სისხლიანი და არც უსისხლო სახელმწიფო გადატრიალების ინსპირირება არ გასჭირვებიათ,  ვინაიდან ქვეყანას (რეგიონსაც) თავიდან ბოლომდე აკონტროლებდნენ.  ახლა სხვა ვითარებაა. ახლა ხელისუფლების სათავეში არც ჯუმბერ პატიაშვილია, რომელიც საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ვერც შეცვლიდა და ვერც გაუძალიანდებოდა; არც გამსახურდიაა, რომელიც ისე დაიბნა და აიხლართა ვითარებაში, რომ აღარც გარეთ ენდობოდა ვინმე და აღარც შიგნით; არც შევარდნაძეა, რომელიც, როგორც დასავლეთის აგენტი, შეფების გადაწყვეტილებას ვერ დაუპირისპირდებოდა და მცირე გაფართხალების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, წავიდა „სააახლშიიი!” . ხელისუფლების სათავეში დღეს ბიძინა ივანიშვილია, რომელიც სუვერენიტეტის ისეთი დამცველი აღმოჩნდა, რომ საკუთარი თავიც, ოჯახიც და კაპიტალიც უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა, მაგრამ „დიფ სთეითთან“ გარიგებაზე არ წავიდა; არ წავიდა, ვინაიდან „დიფ სთეითის“ შემოთავაზება, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს უკრაინიზაცია, ანუ ქვეყნის სრული განადგურება იყო. მიუხედავად მისი საქვეყნო სულისკვეთებისა, დასავლეთის მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალებას ვერც ივანიშვილი აიცდენდა, მაგრამ ერთმანეთს დაემთხვა, ერთი მხრივ, მისი პატრიოტული სულისკვეთება და მტკიცე ეროვნული პოზიცია, მეორე მხრივ კი –  რეგიონში დასავლეთის გავლენის შესუსტება.

    კორუფციასთან ბრძოლა

    ის, რაც დაიწყო, ამ უმძიმეს სოციალურ სენთან ბრძოლა თუ არის, იგი გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო. სხვათა შორის, ეს თუ კორუფციასთან ფუნდამენტური (არა კამპანიური) ბრძოლაა, ასეთ შემთხვევაში იგი გაცილებით მასშტაბური უნდა იყოს, ვინაიდან კორუფცია,  კაპიტალისტური სისტემისთვის დამახასიათებელი ან თუნდაც მისი თანმხლები მოვლენა კი არ არის, მისი განმსაზღვრელია, მისი არსი და საფუძველია. კაპიტალისტურ სამყაროში კორუფციის მამები და კორუფციასთან მებრძოლნი ერთნაირად იხრჩობიან კორუფციის ჭაობში,  ამიტომ ის, რასაც ახლა ვხედავთ, ვერანაირად ვერ იქნება კორუფციასთან ტოტალური ბრძოლა. უფრო მეტად საქმე გვაქვს კორუფციის თემის გამოყენებასთან არასასურველ პერსონებთან საბრძოლველად, რომლებიც ამ კამპანიის შედეგად პოლიტიკას ჩამოსცილდებიან, მაგრამ კორუფცია კორუფციად დარჩება.

    კლანების ურთიერთდაპირისპირება

    ძალიან ცუდი იქნება, საქმე იმ დანაშაულებრივ მოვლენასთან თუ გვაქვს, რომელსაც კლანების ბრძოლას ეძახიან და რომელიც ასევე კაპიტალიზმის პირმშოა. ასეთ შემთხვევაში ეს პროცესი საქმეს გამოსწორებისკენ კი არ წაიყვანს, პირიქით –  შეუქცევად ხასიათს მიანიჭებს და გაამძაფრებს, რადგან ერთი კლანის განადგურება კლანების განადგურებას არ ნიშნავს. ცალკეული კლანები განადგურდებიან, მაგრამ კლანური ინსტინქტები და აზროვნება არსად წავა.

    დიდი ღალატი

    ეს რთული საკითხია. უნდა ვაღიაროთ, ღალატი ბიძინა ივანიშვილის აქილევსის ქუსლია იმ გაგებით, რომ თითქმის არ გვინახავს ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში მისი ღიად შემოსვლის შემდეგ მის გვერდით ყოფილა და მისთვის არ უღალატია. ჯერ კიდევ თუ არიან ცალკეული ადამიანები, რომლებსაც ღალატი არ ჩაუდენიათ, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ისინი მომავალში არ უღალატებენ. ღალატი ყველა დროსა და სისტემაში არსებობდა და ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ ის მასშტაბი, რომელიც ამ მოვლენამ ივანიშვილის მმართველობისას  მიიღო, მართლაც საგანგაშოა. აქ არ არის დრო და ადგილი ამ მოვლენის უფრო ღრმა ანალიზისა, მაგრამ იმის შესახებ, რომ კადრების შერჩევა და, საერთოდ, ადამიანების გამოცნობა ივანიშვილის ძლიერი მხარე არ არის,    ეს ფაქტები ღაღადებს. დღეს მე არ მჯერა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის ან ფარცხალაძის მიერ ჩადენილი ღალატისა, მაგრამ არც ის გამაკვირვებს, ეს თუ ძიებით დადასტურდება. პირიქით, ის უფრო გამიკვირდება, ივანიშვილს  ვინმე თუ შერჩება ერთგული;  იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილი ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ იგი ადამიანთა შეფასებისას უმძიმეს შეცდომებს უშვებს.

    პოლიტიკური სპექტაკლი

    რჩება ერთი ვერსიაც, რომელიც,  თუ შეიძლება ასე ითქვას, ორიგინალური ჟანრიდანაა. ეს იმას ნიშნავს, რომ, რაც ხდება, რეალობა კი არ არის, პოლიტიკური სპექტაკლია. „ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური ველი პრაქტიკულად ცარიელი რჩება,  ვინაიდან დღეს არსებულ წვრილ-წვრილ პარტიებს არც იდეა აქვთ, არც სახალხო მხარდაჭერა, არც სხვა სახის რამე პოლიტიკური რესურსი. ცარიელი ოპოზიციური ველი რომელიმე უმართავმა ძალამ რომ არ დაიკავოს, საჭირო იქნება მართვადი ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბება. ისეთი მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურები, როგორებიც არიან ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები, ამ როლისთვის შესანიშნავი კანდიდატები არიან, მაგრამ დღეს ოპოზიციურ ველში მათი გადაბარგება ხალხისთვის დამაჯერებელი ვერ იქნება. დამაჯერებლობის ეფექტს კი ყველაზე მეტად სამართლებრივი დევნა, ჩხრეკა და დაპატიმრება ქმნის. აგერ სამართლებრივი დევნაც დაიწყო. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა.

    დღეს ხალხი ამ ვერსიებს აქტიურად განიხილავს სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო საშუალებებში,  კერძო საუბრებში. ღმერთმა იცის, აქედან რა შეეფერება სინამდვილეს და რა არა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო ამ რეალობით, ამ ჭორებით, ამ ვერსიებით და… რაღაცის მოლოდინით ცხოვრობს. ამ „რაღაცაზე” სტატიის დასაწყისში ვისაუბრე. მას დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები ჰქვია, რომელიც, რაც უფრო სწრაფად შევა ძალაში, მით უფრო სწრაფად წაშლის ხალხის ინტერესს იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც დღეს უმთავრესი გვგონია, მაგრამ ხვალ,  შესაძლებელია, აღარც გაგვახსენდეს, მაგრამ,  თუ გაგვახსენდა, სირცხვილნარევ ღიმილს მოგვგვრის იმის გამო, რომ ყალბს ნამდვილისგან ვერ ვარჩევდით, სპექტაკლი კი რეალობად გვესახებოდა.

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here