Home ახალი ამბები საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტი – წინააღმდეგობას გავუწევთ გაერო-ს დღის წესრიგს, რომელიც ხელს უწყობს რბილი...

სახელმწიფო დეპარტამენტი – წინააღმდეგობას გავუწევთ გაერო-ს დღის წესრიგს, რომელიც ხელს უწყობს რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც შეუსაბამოა აშშ-ის ინტერესებთან

მომდევნო ოთხი წელიწადი შეერთებული შტატებისა და მსოფლიოში აშშ-ის ადგილისა და როლისთვის გადამწყვეტი მომენტი იქნება, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის დოკუმენტში, რომელიც განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

დოკუმენტში საუბარია გაერო-ზეც, რომელმაც, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ძალიან გადაუხვია საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზანს.

„საჭიროა განახლებული ფოკუსირება გაერო-ში, რომელმაც ძალიან გადაუხვია საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზანს. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაერო-ს 2030 წლის დღის წესრიგსა და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომლებიც ხელს უწყობენ რბილი გლობალური მმართველობის პროგრამას, რაც შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენ ვეცდებით, დავბლოკოთ რეზოლუციები, რომლებიც ძირს უთხრიან აშშ-ის ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს, აჩერებს ან აწესებს დაფინანსებას რეფორმების ხელშეწყობის მიზნით და ხელს შეუწყობს აშშ-ის მიერ წარმართული სამშვიდობო პროცესების განვითარებას“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, სტრატეგიული გეგმის მიხედვით, შეერთებული შტატები გეგმავს მსოფლიოში ძვირად ღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიების შეჩერებას.

„დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას მთელ მსოფლიოში ძვირად ღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიების შესაჩერებლად. საერთაშორისო ორგანოების განცხადებები, რომლებიც შეუსაბამოა აშშ-ის სუვერენულ კანონმდებლობასთან, ვერ შეზღუდავს ჩვენს გადაწყვეტილებების მიღებას. ჩვენი შეზღუდვის ასეთ მცდელობებს მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრული სპექტრის გამოყენებით“, – წერია დოკუმენტში.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here