ახლახან გასაჯაროვდა დოკუმენტი “საუბრის მემორანდუმი – შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან“. ეს არის 2008 წლის აპრილში სოჭში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ჯორჯ ბუშის, შეხვედრისას გამართული საუბრის ჩანაწერი, რომელიც მთლიანად საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება.
„საუბრის მემორანდუმი“ ლიდერების შეხვედრაზე განხილული საკითხების სტრუქტურიზებულ აღწერას წარმოადგენს. იგი 2025 წლის 23 დეკემბერს გამოქვეყნდა. ტექსტი ამერიკული კვლევითი ცენტრის “ეროვნული უსაფრთხოების არქივის“ (NSA) მიერ 2008 წლის 6 აპრილით არის დათარიღებული, ანუ აგვისტოს ომამდე ოთხი თვით ადრე, ხოლო ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან – სულ რაღაც ორი დღის შემდეგ.
ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ამ შეხვედრაზე პუტინმა თურმე მკაფიოდ გამოხატა წინააღმდეგობა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებისკენ სწრაფვის მიმართ.
საუბრის ერთ ეპიზოდში ვლადიმერ პუტინი აკრიტიკებს ნატოს გაფართოების ინიციატივას და ამბობს, რომ ნატოში უკრაინის ინტეგრაცია აშშ-სა და რუსეთს შორის გრძელვადიანი კონფლიქტის შექმნის წინაპირობა იქნება; შემდეგ დასძენს, რომ უკრაინა “ბუნებრივად ჩამოყალიბებული ერს არ წარმოადგენს“ და მას უწოდებს ქვეყანას, რომელიც “საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად შეიქმნა“.
ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოზე იწყებს საუბარს: „რაც შეეხება საქართველოს, მათ ჰგონიათ, რომ ნატოს დახმარებით შეძლებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს სწორი გზაა? სწორია ნატოს სამხედრო ქოლგის გაფართოება და სამხედრო ოპერაციების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? იქაც დაიწყება პარტიზანული ომი, როგორც ავღანეთში. ნატო ჩაერევა ამ კონფლიქტში? რა თქმა უნდა, არა. ქართველი ხალხი იძულებული იქნება, საშინაო პრობლემები სხვა საშუალებებით გადაჭრას. თუ აიძულებენ, ასე მოიქცევიან. იქ ეთნიკური პრობლემები საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ქართველებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ისე, რომ მცირე ეთნიკურმა ჯგუფებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, თუმცა, თუ ისინი ხალხს ნატოთი შეაშინებენ, ეს არ იმუშავებს. მათ მაინც არ გამოუვათ. დაინახავთ, როგორ ჩამოვლენ მთებიდან ადამიანები და ყველა მიმართულებით სროლას გააჩაღებენ. რუსეთმა ეს ყველაფერი კარგად იცის. როცა ომი დაიწყო, ჩეჩნებმა შეწყვიტეს ოპერაციები რუსეთის წინააღმდეგ და საბრძოლველად იქ წავიდნენ. ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. ერთ-ერთი მათი ლიდერი ორი წლის წინათ გავანადგურეთ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ბევრნი არიან. ჩვენ ისინი იქ არ გაგვიგზავნია, მაგრამ, როცა ომი დაიწყო, ყველა იქ იყო. საქართველო უნდა აიძულონ, ეს საკითხი მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს. ნატოში გაწევრება მხოლოდ წააქეზებს მათ ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტისკენ. რუსეთისთვის ყოველთვის არსებობს ახალი სამხედრო ბაზებისა და შეიარაღების სისტემების გამოჩენის საფრთხე ჩვენს საზღვრებთან ახლოს. ეს, ფაქტობრივად, ჩვენი არგუმენტია მოვლენების ამგვარი განვითარების წინააღმდეგ“.
სანამ პრეზიდენტ პუტინის მიერ პრეზიდენტ ბუშისთვის ნათქვამის ანალიზს შევუდგებოდეთ, მოვიტან ბუშის მოკლე პასუხსაც: „რაც თქვენში მაოცებს, არის ის, რომ არ გერიდებათ ნატოსთვის ამის თქმა. შესანიშნავია. ხალხი ყურადღებით გისმენდათ და თქვენს პოზიციაში ეჭვი არ შეჰპარვიათ. ეს კარგი გამოსვლა იყო“.
ბუშის ამ ნათქვამში ორი რამ ჩანს:
1. იგი გაექცა პუტინის მიერ მკვეთრად დაყენებულ საკითხზე პირდაპირ პასუხს. მას არ ჰქონდა პასუხი, რადგან ვერც იმას იტყოდა, თქვენ რაკი ასე ფიქრობთ, ნატოს გაფართოებაზე ხელს ვიღებთო და, ვერც იმის თქმას გაბედავდა, თქვენი პოზიცია არ გვაინტერესებს, ნატოს გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლითო, ამიტომ, როგორც დიპლომატები ამბობენ-ხოლმე, პასუხს გაექცა;
2. პასუხს კი გაექცა, მაგრამ არა ისე, უბრალოდ, არამედ ქედმაღლურად. „მაოცებს, რომ ნატოსთვის ამისი თქმა არ გერიდებათ”. შემდეგ კი ისე შეაქო კოლეგა, როგორც ოსტატმა შეიძლება შეგირდს ნახელავი მოუწონოს: „ეს კარგი გამოსვლა იყო”.
სინამდვილეში ეს კარგი გამოსვლა კი არ იყო, მსოფლიოს უსაფრთხოების შესახებ საკვანძო პოზიციის გამოხატვა იყო. გორბაჩოვსა და შევარდნაძესთან, ელცინსა და კოზირევთან ურთიერთობით გათავხედებული ამერიკელი რუსეთის ახალი ლიდერისგან საკითხის ასე ჯიქურ დაყენებას არ ელოდა და, როგორც ჩანს, დაიბნა. ეს – რაც შეეხება ბუშის პოზიციას. რაც შეეხება პუტინის პოზიციას, იგი, რომ იტყვიან, საფიქრალს აღძრავს:
1. პუტინი, როგორც ამ ნათქვამიდან გამოჩნდა, თურმე არასდროს თამაშობდა და არ თვალთმაქცობდა. იგი გულწრფელად და პატიოსნად, ყოველგვარი დიპლომატიური ზიგზაგებისა და ბუნდოვანი წინადადებების გარეშე ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა;
2. პუტინი არამხოლოდ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა, არამედ ნათქვამს ასაბუთებდა, არგუმენტები მოჰყავდა და მოპაექრე მხარეს უმტკიცებდა, რომ ნატოს გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება, შეცდომა კი არა, დანაშაული იყო;
3. პუტინი ამერიკელებს, ნატოს გაფართოების მცდარობასთან ერთად, საერთაშორისო ტერორიზმის პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების დაუშვებლობაზეც ეუბნებოდა, რასაც დასავლეთი რუსეთის კავკასიურ ნაწილში (და არამხოლოდ იქ) მიმართავდა;
4. პუტინს, როგორც ამ დოკუმენტიდან ირკვევა, საქართველოს მიმართ მართებული პოზიცია ჰქონია.

ნუ დაიზარებთ, რომ კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი პუტინის ნათქვამს აშშ-ის პრეზიდენტ ბუშისთვის: „რაც შეეხება საქართველოს, მათ ჰგონიათ, რომ ნატოს დახმარებით შეძლებენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ეს სწორი გზაა? სწორია ნატოს სამხედრო ქოლგის გაფართოება და სამხედრო ოპერაციების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში? იქაც დაიწყება პარტიზანული ომი, როგორც ავღანეთში. ნატო ჩაერევა ამ კონფლიქტში? რა თქმა უნდა, არა. ქართველი ხალხი იძულებული იქნება, შიდა პრობლემები სხვა საშუალებებით გადაჭრან. თუ აიძულებენ, ასე მოიქცევიან. იქ ეთნიკური პრობლემები საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ქართველებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, მაგრამ ისე, რომ მცირე ეთნიკურმა ჯგუფებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, თუმცა, თუ ისინი ხალხს ნატოთი შეაშინებენ, ეს არ იმუშავებს. მათ მაინც არ გამოუვათ. დაინახავთ, როგორ ჩამოვლენ მთებიდან ადამიანები და ყველა მიმართულებით სროლას გააჩაღებენ. რუსეთმა ეს ყველაფერი კარგად იცის. როცა ომი დაიწყო, ჩეჩნებმა შეწყვიტეს ოპერაციები რუსეთის წინააღმდეგ და საბრძოლველად იქ წავიდნენ. ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ. ერთ–ერთი მათი ლიდერი ორი წლის წინათ გავანადგურეთ, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ბევრნი არიან. ჩვენ ისინი იქ არ გაგვიგზავნია, მაგრამ, როცა ომი დაიწყო, ყველა იქ იყო”.
პუტინს საქართველოში ერთადერთი ინტერესი ჰქონდა (და აქვს) – რუსეთის უსაფრთხოება. ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველო არ უნდა აღმოჩენილიყო რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ სამხედრო ბანაკში. გადავავლოთ თვალი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ როგორ იქცეოდნენ საქართველოს ლიდერები?
ზვიად გამსახურდიამ იქამდე არ მოისვენა, სანამ ჩეჩნეთში არ ჰპოვა განსასვენებელი. მუდმივად ქრისტეზე მოლაპარაკე კაცის ისლამური ჩეჩნეთით უკიდეგანო აღტყინება რით იყო განპირობებული? რა თქმა უნდა, რუსეთთან მტრობით და მისი დაშლის სურვილით. სხვა ახსნა არ არსებობს. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას რაკი მიესალმებოდა, ესე იგი, რუსეთის დაშლას მიესალმებოდა.
ედუარდ შევარდნაძეს, რაც საქართველოში ჩამოვიდა, ნატოს კარზე კაკუნის გარდა არაფერი უკეთებია. ნატოზე სწორება რუსეთის მტრობა იყო, რაც აფხაზეთში შეჭრამ დააგვირგვინა. რუსეთმა დაინახა, რომ საქართველო მტერია, მაგრამ მისი ერთი პატარა ნაწილი (აფხაზეთი) საიმედო მეგობარია.
მიხეილ სააკაშვილიც ამ მხრივ ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის სულიერი მემკვიდრე აღმოჩნდა. რუსეთთან დაპირისპირებითაც და დასავლეთის სამსახურში დგომითაც სააკაშვილმა თავის წინამორბედებს გადააჭარბა. ცხინვალში შეჭრით კი ისევე დააგვირგვინა ყველაფერი, როგორც თექვსმეტი წლით ადრე შევარდნაძემ აფხაზეთში შეჭრით. რუსეთმა ერთხელ კიდევ დაინახა, რომ საქართველო მტერია, მაგრამ მისი კიდევ ერთი ნაწილი (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) საიმედო მეგობარია.
პოსტსაბჭოთა საქართველოს სამი ლიდერი (გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი) რუსეთს მტრულად მოექცა. მეოთხე ლიდერმა (ივანიშვილი) მათი საგარეო ვექტორი შეინარჩუნა და მათზე წინ წავიდა – ნატოსა და ევროკავშირის მიმართულება კონსტიტუციაში ჩაწერა, მაგრამ, დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნისა და იძულების მიუხედავად, რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გახსნა. ამ ნაბიჯით მან ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა და რუსეთთან ურთიერთობაც დაათბო, თუმცა საბოლოოდ ჯერ კიდევ ვერავინ იტყვის, რომ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით დღევანდელი ხელისუფლება წინამორბედებისგან დიამეტრულად განსხვავებული ხედვის მქონეა.

პუტინის რუსეთი მის განცხადებებსა და მოქმედებებში თავიდან ბოლომდე თანმიმდევრული (მართალიც) რომ არის, ეს ახლა გამოქვეყნებულმა ამ დოკუმენტმაც დაადასტურა. თანმიმდევრულობას რაც შეეხება, ამ თვალსაზრისით არც ჩვენ დაგვეწუნება რამე, მაგრამ სიმართლის თვალსაზრისით არაფერი გვაქვს დასაკვეხნი. სჯობდა, პირიქით ყოფილიყო, თანმიმდევრულობაზე ერთხელ მაინც გვეთქვა უარი და სადმე, რომელიმე ეტაპზე, მართალი ვყოფილიყავით საქართველოსთან, ისტორიასთან და, თუ გნებავთ, რუსეთთანაც, რადგან რუსეთთან მტყუანის როლში ყოფნა და მასთან მტრობა ძალიან ძვირი ფუფუნება აღმოჩნდა.
ვალერი კვარაცხელია
P. S. ტრამპსა და ზელენსკის შორის 28 დეკემბერს ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებას, როგორც ჩანს, გარღვევა არ მოჰყოლია. ეს იმის მიუხედავად, რომ, ტრამპის თქმით, თითქმის 95 პროცენტი გათვალისწინებული შეთანხმებებისა, მიღწეულია. მთავარი ის კი არ არის, რაშიც თანხმდებიან, მთავარი სწორედ ის არის, რაშიც ვერ თანხმდებიან. ამიტომ საბოლოო შეთანხმების მიღწევა, ალბათ, გაჭიანურდება, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. ტრამპი გამოცდილი მწყემსივით უვლის ნახირს ხან ერთი, ხან მეორე მხრიდან მისთვის საჭირო მიმართულების მისაცემად და ნელა, მაგრამ ჯიუტად მიერეკება ზელენსკისა და ევროპის გამოთაყვანებულ ლიდერებს სამშვიდობო ხელშეკრულებიკენ. ისე, გამოცდილი პოლიტიკური თვალი და ალღო უთუოდ იგრძნობს და დაინახავს კიდეც, რომ მწყემსის (ტრამპი) უკან ვიღაცა დგას, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს. იგი ტრამპს ისე მართავს, რომ მან ყველა დანარჩენი მართოს. ყველაფრის თავში მდგომი კაცი ვლადიმერ პუტინია. მან უკრაინაში მთელ დასავლეთზე გაიმარჯვა. ახლა კი პრეზიდენტ ტრამპს შანსს აძლევს, რომ დამარცხებულთა კოჰორტაში კი არ აღმოჩნდეს, მომრიგებლის ფუნქცია იტვირთოს და ზელენსკი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, მწყემსისთვის დამახასიათებელი მოხერხებულობით გაიტყუოს და შერეკოს იქ, სადაც ყოფნას იმსახურებენ – საქონლის სადგომში.
ვ. კ.







