1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალება შემოყვანა ისეთი ავტომობილისა, რომელიც, 6 წელზე მეტია, ექსპლუატაციაშია. გაგიკვირდებათ და, ეს საკითხი მარტივად გადაწყდა – უკმაყოფილო ადამიანები მხოლოდ ერთმანეთს შესჩივიან: ხედავ, ეს რა გვიქნესო!
მოდი, სტატისტიკას ჩავხედოთ, რომელიც ძალიან საინტერესოა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (პრემიერმა კატეგორიულად მოითხოვა, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ენდეთო), 2025 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 10 წელზე მეტი ხნის 1 541 19 6 ავტომობილი, 5-დან 10 წლამდე – 260 000, 2-დან 5 წლამდე – 61 335, 2 წლამდე – 40 000, ანუ სულ 1 902 531 ავტომობილი. შეიძლება ეს ციფრები ბოლო თვეში შეიცვალა, მაგრამ არა ისე, რომ მონაცემებზე დიდი გავლენა იქონიოს. ახალი რეგულაციების მიხედვით, საქართველოში 100 ათასზე ცოტა მეტმა ავტომობილმა უნდა იმოძრაოს.
ცნობისთვის: თბილისში ყოველდღიურად დაახლოებით 840 ათასი ავტომობილი მოძრაობს და ახალი რეგულაციებით, დანარჩენ საქართველოს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ დედაქალაქში მათი რაოდენობა რვაჯერ უნდა შემცირდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარულს უნდა მიეჩვიოსო, ეს მოძრაობას განტვირთავს და ასეთი რეგულაციის მიღება სწორედ საცობების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო მოხდაო. აბა, რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ ხელისუფალთ, მაგრამ რომელ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა საუბარი – მეტროპოლიტენის ერთი სადგური მესამე წელია, რემონტდება, თუ მეორე სადგური უკვე მეოთხე წელია, რომ შენდება? თუ ასე კარგი და კომფორტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, ხელისუფლების წარმომადგენლები რატომ არ სარგებლობენ?! საუბარი არ არის მინისტრებზე, მაგრამ, დეპუტატებმა რომ იარონ, მუნიციპალიტეტების მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა, ბოლოს და ბოლოს, საკრებულოების დეპუტატებმა? ამჟამად საქართველოში 64 საკრებულოა, საკრებულოების დეპუტატთა რაოდენობა კი 2068-ს შეადგენს. ჰოდა, ახლა დაასახელეთ საკრებულოს ერთი (ერთადერთი) წევრი მაინც, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება. ვერ დაასახელებთ და რა გამოდის? არ არის მოსახერხებელი და მისაღები ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ დონეზე, რომ ერი და ბერი გადაირიოს (ისე, ბერობაშიც დაძებნეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლენი, აბა!) და მისით სარგებლობა დაიწყოს. ავტომობილი მოსახლეობის დიდ ნაწილს არა მხოლოდ გადასაადგილებლად, არამედ ლუკმაპურის საშოვნელად სჭირდება და მათი უმრავლესობა სწორედ იმ 1,5 მილიონ ადამიანში შედის, რომლებსაც 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილი ჰყავს. ხომ ხვდებით, ამ მონაცემებით რასთან გვაქვს საქმე? იმასაც ხომ ხვდებით, ახალი რეგულაციებით, ავტომობილების შემომყვანთა რაოდენობა რომ შემცირდება? მყიდველთა რაოდენობა ხომ შემცირდება და შემცირდება ანუ ბევრ ადამიანს შემოსავალი არათუ მოაკლდება, არამედ გაუნულდება და ახალ საქმეს უნდა მოჰკიდოს ხელი, მაგრამ ამ ქვეყანაში ხელმოსაკიდებელიც აღარაფერი დარჩა. ამათანავე, მხოლოდ თბილისში 90 ათას ტაქსზეა გაცემული ლიცენზია და რეგიონებში ერთი ამდენი კიდევ იქნება. ჰოდა, დაახლოებით 180 ათასი ადამიანი პრობლემის წინაშე დგება, რადგან ტაქსაობისას ავტომობილი მალე ცვდება, მფლობელი ყიდის, ახალს ყიდულობს, მაგრამ არა 6 წლისა და უფრო ნაკლები ხნის ავტომობილს და ახლა რა უნდა ქნან? საუკეთესო შემთხვევაში, 6 წლის ავტომობილი 15 ათასი დოლარი ეღირება და რამდენს აქვს ეს თანხა საქართველოში ავტომობილისთვის, ამაზე იფიქრა ვინმემ?
თუ მოსახლეობას ვუძვირებთ ცხოვრებას და ვუკრძალავთ 6 წელზე ნაკლები ავტომობილის ყიდვას, მთავრობის წარმომადგენლებმაც აიკრძალონ ყოველწლიურად ჩვენი ფულით ავტოპარკის განახლება. რა წესია, ყოველ წელს მილიონებს რომ ხარჯავენ და ახალ მანქანებს ყიდულობენ? საკმარისია, შეიცვალოს მინისტრი, რომ ავტომატურად იცვლება მისი ავტომობილიც, ახალს ყიდულობენ მისი მოადგილეებიც; თანაც უბრალო მანქანებს კი არა, პრესტიჟულს, ბრენდულს, ისეთს, ქალაქში იშვიათად რომ დადის. თანაც, საცობების შექმნის წინააღმდაეგ ბრძოლა ავტომობილის ექსპლუატაციის წლების მიხედვით, ცოტა არ იყოს, სასაცილოა და ახლავე აგიხსნით, რატომ: ის ავტომობილები, რომლებიც ახლა ჰყავს მოსახლეობას, კიდევ 10 წელიწადს არსად წავა და გამოდის, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში საცობებს არაფერი ეშველება. მერე ის ახალშემოყვანილი 6 წლის მანქანებიც დაძველდება და ასე იტრიალებს ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე. არ არის ეს გამოსავალი და ეს ყველაზე კარგად სწორედ იმ ხალხმა უნდა იცოდეს, რომელმაც ახალი რეგულაცია დაამტკიცა. სათქმელია ისიც, რომ მუდმივად ვაპელირებთ (ფურცელზე) ეკონომიკურ აღმასვლაზე, რეგიონში კი არა, ლამის ევროპაშიც პირველები ვართ ამ მიმართულებით და ამ დროს ჩამოდიან უცხოელები საქართველოში, ფიქრობენ ინვესტიციებზე და ხედავენ, რომ რაღაც ისე ვერ არის, უმრავლესობა არ მოძრაობს ისეთი მანქანით, ეკონომიკურ აღმასვლას რომ შეესაბამებოდეს, და ჩნდება კითხვები. ხალხს ხომ ვერ ეტყვი, დღეს პოტენციური ინვესტორი ჩამოდის და, აბა, თქვენ იცით, ძველი მანქანებით არ იაროთო? ჰოდა, თავის თუ სხვისი მოტყუებით ცდილობენ ისეთი ფონის შექმნას, თითქოს მართლა ყველაფერი რიგზეა, თითქოს ყველა ბედნიერი და მდიდარია, მაგრამ ასე არ არის, ბატონებო, და კარგა ხანს არ იქნება. პირდაპირ მოსახლეობას რომ მიადექით, ეგებ ჯერ ის გეთქვათ, რომ მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, მერები, საკრებულოებს თავმჯდომარეები უახლოესი 5-6 წლის განმავლობაში არ განაახლებენ ავტოპარკს და შემდეგაც შეეცდებიან, მოკრძალებულად მოიქცნენ, არ გადაიხდიან 100 და 200 ათასს თითო ავტომობილში. არა, პირდაპირ ხალხს დაარტყეს და… ურიგო არ იქნება, თუ ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან. ახლა, არ თქვათ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულიაო, რამდენიმე დღის წინათ თქვა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მხოლოდ ტექნიკური საკითხები უნდა შევათანხმოთო, მაგრამ, როცა ლექტორები და სტუდენტები მედგრად დახვდნენ, გადაწყვეტილება შეიცვალა. არ გამოვიდა ჩანაფიქრი, არც საპრივატიზაციოდ გამზადებული ქონება გავა აუქციონზე, ის ქონება, რომელიც უნივერსიტეტს ეკუთვნის და, ავად თუ კარგად, იყენებს. და თუ ვერ იყენებს, მოუწყოს სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა (ოღონდ მეტროპოლიტენის ვარკეთილის სადგურივით არა) და გამოიყენებს.
მოსახლეობა გვერდით დაუდგა ამ მთავრობას მაშინ, როცა ომის რეალური საფრთხე გაჩნდა და სწორადაც მოიქცა, მაგრამ ახლა თვითონ მოსახლეობას სჭირდება მხარში მთავრობის ამოდგომა. რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 6 წლის ავტომობილის შესაძენი თანხა ერთად არც კი უნახავს და შეიძლება 2-3 წლის განმავლობაშიც არ ჰქონდეს ამდენი შემოსავალი?! მათი ადგილი არსად აღარ არის და ამიტომ ძველ ავტმობილებთან ერთად უნდა გაქრნენ? არ შეიძლება ასე და ამიტომ ვამბობთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს. ისედაც საზღვარგარეთ დალეწილ და დამტვრეულ მანქანებს ყიდულობს ხალხი წვალებით და… იმაზე თუ გიფიქრიათ, რამდენი ხელოსანი დარჩება უსაქმოდ და რამდენს მოუწევს, სხვა რამეზე ფიქრი კი არა, ქვეყნიდან გაქცევა?
თითოეული ასეთი ადამიანის ოჯახის წევრები მათდაუნებურად თქვენი მოწინააღმდეგე რომ ხდება, მაგაზე თუ გიფიქრიათ?
ლევან გაბაშვილი







