დაახლოებით ორი წლის წინათ ერთი ამბავი ატყდა: საქართველოში რძის პროდუქტები, ძირითადად, ფხვნილისგან კეთდება და ეს ისეთი მომწამვლელი და სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რომ სახლმწიფო ვალდებულია, რამე მოიფიქროსო. სახელმწიფომაც მოიფიქრა და დააკანონა, რომ რძის პროდუქტების ნებისმიერ შეფუთვაზე დიდად და გასაგებად უნდა ეწეროს, რძის ფხვნილისგან არის დამზადებული თუ ნატურალური რძისგან. მერე ეს ყველაფერი უფრო დააკონკრეტეს და კანონში ჩაწერეს, თვალსაჩინო რომ იყოს, ამ წარწერას შეფუთვის 10% უნდა ეკავოსო და მომხმარებელმაც ამოისუნთქა, მაგრამ სულ ტყუილად.
ხომ მარტივია, შეფუთვას დიდი ასოებით დააწერო: „დამზადებულია ნედლი რძისგან“ ან პირიქით: „დამზადებულია რძის ფხვნილისგან“?! არა, ბატონებო, ტექსტი უზარმაზარია, რომ დამზადებულია ერთი ან მეორე პროდუქტისგან, შემდეგ მოდის შემადგენლობა, შაქრისა და მარილის შემცველობაც კი აღნიშნულია (რომელთა გასწვრივ ნული წერია), ანუ რა საჭიროა იმ ნივთიერებების ჩამონათვალი, რომელსაც რძე არ შეიცავს? მიზეზი აქაც მარტივია – წვრილად ნაწერი შეფუთვის 10%-ს ვერ დაიკავებს, აი წვრილად დაწერილი ბევრი უაზრობა კი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. თქვე კაი ხალხო (რაღა კაი და რაღა ხალხო?!), მარილისა და შაქრის გრაფაში ნული რომ წერია, ბარემ დაწერეთ რკინა – ნული, თუთია – ნული, აზოტი – ნული და ასე ჩამოთვალეთ ყველა ელემენტი თუ ნივთიერება. თანაც, ხომ გვიმტკიცებენ, ნატურალურიაო?! იმავე შეფუთვაზე კი წერია: შენახვის ვადა 6 თვეო, მაგრამ თუ გახსნით, მაცივარში შენახვის პირობებშიც კი, სამ დღეში მოიხმარეთო, ანუ გაუხნელი 6 თვე ვარგა, ხსნი და სამ დღეში უვარგისია…
ამასობაში საქსტატმა გვამცნო, რომ საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 3,4%-ით შემცირდა. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი პროცენტია. იმავე საქსტატის ცნობით, საქართველოში შემცირდა რძისა და კვერცხის წარმოება, სამაგიეროდ გაიზარდა კარტოფილის ფასი და კარტოფილი რეგიონში ყველაზე ძვირად ჩვენთან ფასობს, ზუსტად ისე, როგორც მწვანილი და სხვა პროდუქტები. რა არის ამის მიზეზი?
უმავრესი მიზეზი არის ის, რომ ისედაც მცირე ადგილობრივ წარმოებას უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქტებით კლავენ. რძისა და რძის პროდუქტების შემთხვევაში ეს რძის ფხვნილია, რომელიც უზარმაზარი რაოდენობით შემოდის და მისგან კეეთდება რძეც, ყველიც, კარაქცი, ხაჭოც და იოგურტიც. სამწუხაროდ, რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტები სასარგებლო თვისებებით არ გამოირჩევა, უფრო პირიქით – მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ნატურალურ პროდუქტთან შედარებით იაფია და მოსახლეობაც იაფს ყიდულობს.
იგივე ხდება კვერცხსა და ხორცზეც. ხორცი ბრაზილიიდან შემოდის, კვერცხი – უკრაინიდან და თურქეთიდან, შედეგად, ადგილობრივი პროდუქცია იძირება. რადგან ეს ქვეყნები მცირე მოგებაზე მუშაობენ, უღირთ, ერთ კვერცხში 2-3 თეთრი დარჩეთ, მაშინ, როცა საქართველოში მოგების ამ მარჟაზე, უბრალოდ, ვერ იმუშავებ, რადგან გადასახადები დაგახრჩობს. სხვა ქვეყნებში კი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე გადასახადები ან სიმბოლურია, ან საერთოდ არ არის. ასე ხდება კარტოფილზეც, რომელიც ბევრი მოგვყავდა და რომელსაც საოცარი გემო ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველგან „წერტილებიანი“ კარტოფილი იყიდება. ჰო, კარტოფილს რომ თლი, შავი წერტილები აქვს, რომელსაც მიჰყვები, მიჰყვები და არ მთავრდება. ვინც არ იცის, ამ წერტილებს კარტოფილის კიბო ჰქვია და, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რომ არ არის, ადვილად მიხვდებით. მწვანილი კი… ადრე ამბობდნენ, ქუთაისში იმდენი კამა მოჰყავთ და გააქვთ რუსეთში, რომ მილიონებს შოულობენო. მართლაც ასე იყო. რუსული ბაზარი არსად გამქრალა, მაგრამ ჩვენ გვეზარება მუშაობა, უფრო მარტივია, შემოტანილი ერთ კუთხეში ვიყიდოთ და მეორე კუთხეში გავყიდოთ. ერი ასე გაზარმაცებული, ალბათ, არასდროს ყოფილა, ბევრ სოფელშიც კი ბოსტნებისა თუ ყანების ადგილზე თავისით ამოსული ბალახია და ვინმე ერთ ან ორ ძროხას თუ გარეკავს ნაყანებზე საბალახოდ, დიდი შეღავათია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი ყოველწლიურად მილიარდებს ხარჯავს და არავინ იცის, ეს თანხა რეალურად სად მიდის. ეს სფერო რომ ვერ განვითარდა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მაგალითისთვის ახლახან დაწყებულ პროექტზე გეტყვით, რომელიც მეფუტკრეებს ეხებათ. თურმე სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნებს დიდი საფუტკრეები დაუთვალიერებიათ და გაოცებული დარჩენილან: ძველ სკებში ჰყავს ხალხს ფუტკარიო. ჰოდა, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ დაიწყო პროექტი, რომლის მიხედვით მეფუტკრეებს სკის შესაძენად ნახევარ თანხას უფინანსებს, მაგრამ არა უმეტეს 70 ლარისა, რაც, ერთი შეხედვით, მისაღებია. კარგი სკა 100-120 ლარი ღირს და, ამის ნახევარს თუ დააფინანსებენ, რა სჯობს, მაგრამ… ძაღლის თავიც აქ არის დამარხული. პირველ რიგში, სკა კონკრეტული საამქროსგან უნდა შეიძინო და შეიძლება იმ საამქროში ვერ დაგიმზადონ ისეთი, როგორიც გსურს; მეორე – უფლება არ გაქვს, ეს სკა უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში გაასხვისო, რაც მისაღებია, მაგრამ ამ ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ყოველწლიურად ატარებს მონიტორინგს და ამოწმებს, არის თუ არა ადგილზე მის მიერ შეძენილი სკა, რომლის აღმნიშვნელი ნიშანიც სკას ექნება. ესეც მისაღებია, მაგრამ…
„თუ თაფლის კარგი მოსავალი გინდა, იძულებული ხარ, მომთაბარეობას მიმართო და ფუტკარი ხან ბარში გყავდეს, ხან – მთაში. შესაბამისად, ყველგან საკუთარი ადგილი ვერ გექნება და მეფუტკრეთა ლამის 100% ფუტკარს ტყის პირას, მინდვრებში აბინავებს, ანუ სახელმწიფო მიწაზე. ჰოდა, როცა შემოწმებაზე მოვლენ, იქვე გეტყვიან, რომ ეს სახელმწიფოს მიწაა და თითო სკაში სახელმწიფოს ერთი ლარი უნდა გადაუხადო. ასე დაბეგრავენ ამ სფეროსაც და რომ იძახიან, საქართველოში ახლა ლამის ნახევარ მილიონამდე სკა არისო, მთაში ლარი და ბარში ლარი კი გამოდის მილიონი და ამ სკების პროექტის ფულსაც მალე უკან ამოიღებენ“,- გვითხრა გამოცდილმა მეფუტკრემ.
ახლა კარტოფილის ფასს დავუბრუნდეთ და ერთი უცნაურობა ავხსნათ. მოგახსენეთ, რეგიონში კარტოფილი ყველაზე ძვირად საქართველოში ფასობს-მეთქი და აგერ ციფრებიც: ოფიციალური მონაცემებით, ერთი კილოგრამი კარტოფილის ფასი საქართველოში საშუალოდ 0,71 ცენტია, სომხეთში – 0,69 ცენტი, აზერბაიჯანში – 0,62 ცენტი, თურქეთში – 0,59 ცენტი და რუსეთში – 0,49 ცენტი. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თურქული კარტოფილის ფასია. ეროვნულ ვალუტაში რომ გადავიყვანოთ, თურქეთში ერთი კგ კარტოფილი დაახლოებით 1,59 ლარი ღირს, მაგრამ… თურქული კომპანიები გვეუბნებიან, რომ საქართველოში ადგილამდე, ანუ თბილისამდე ერთ კილოგრამ კარტოფილს 50-60 თეთრად, ანუ მესამედ ფასში ჩამოიტანენ. ყურადღება, შეკითხვა: რა კარტოფილი მოაქვთ ჩვენთან ისეთი, რომ მისი ფასი სამჯერ იაფია, ვიდრე თურქეთში? გვესმის, რომ თურქული ეკონომიკა, აღმავლობის მიუხედავად, ეროვნული ვალუტის ინფლაციის გამო ცოტა შეირყა, რომ ყველაფერი გაძვირდა, მაგრამ იქ ძვირია და საქართველოში იაფად ყიდიან?
მოდი, საზამთროზეც ვთქვათ, ქართულ საზამთროზე: გასულ კვირას კახეთში გახლდით საქმეზე და ვნახე, იქაური გლეხები როგორ იხვეწებიან: აგერ ნაკვეთები, საზამთრო თვითონ დაკრიფეთ და კილოგრამში 10 თეთრი გაგვისწორეთო. გესმით? კილოგრამში 10 თეთრი, ანუ 10 ტონა საზამთრო რომ წამოიღოთ, 1000 ლარი დაჯდება. ნესვს 15-დან 25 თეთრამდე იშოვით კილოს, გააჩნია ჯიშსა და ხარისხს. გვაინტერესებს, კახეთში 10 თეთრად ნაყიდი საზამთროს ფასნამატი დედაქალაქსა თუ რეგიონებში 500 და 600 პროცენტი რატომ არის? ხომ გვპირდებოდა ხელისუფლება, ფასებს ისე გავაკონტროლებ, თქვენი მოწონებული იქნება და ვერავინ დაგჩაგრავთო? აკონტროლებთ? ვერა რომ ვთქვათ, არ ვიქნებით მართლები. არ აკონტროლებთ, ბატონებო, არა! ამისთვის ან არ გცალიათ, ან ცდილობთ, ბიზნესი არ გააღიზიანოთ და სამაცივრე მეურნეობების განვითარებას მაინც შეუწყვეთ ხელი, ეს 10 თეთრად გაყიდული საზამთრო რომ შეინახოთ და ზამთარში საახალწლოდ კილო 15 ლარად გაყიდოთ. ჰო, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში გაყიდოთ, სადაც მართლა გაიყიდება, თორემ ის გლეხი, ზაფხულში რომ 10 ტონა საზამთროს 1000 ლარად შეელია, ზამთარში კილოში არც 15 ლარს გადაიხდის და არც ათს.
სოფლის მეურნეობა ის სფეროა, რომელმაც, მცირე ქვეყნები კი არა, აგერ, რუსეთი და თურქეთი გამოახედა თვალებში. სწორედ სოფლის მეურნეობის პრდოუქტების გამო ვერ მოერია მთელი მსოფლიო რუსეთს, ჩვენ კი ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ.
ბესო ბარბაქაძე