საქართველოში, რომელსაც მსოფლიოში ღვინის სამშობლოდდა ვაზის კულტის ქვეყნად იცნობენ,  5 მლნ დოლარის ყურძენი  შემოიტანეს

    ერთ დღესაც შეიძლება გავიღვიძოთ ქვეყანაში, სადაც მთავარი კულტურა თივა იქნება

    დაგვაბეჩავეს, გაგვაღარიბეს, „საძოვარზე მიშვებულ ნახირს დაგვამსგავსეს…“ არ შეიძლება სხვანაირად იმ ყველაფრის ახსნა, რაც დღეს ჩვენ თავს ტრიალებს. დაფიქრდით და დაასახელეთ ერთი, ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც საკვებად ვიყენებთ და ჩვენთვის საკმარისს ვაწარმოებთ.  ვერ დაასახელებთ, რადგან ნელ-ნელა შემოტანილ პროდუქტზე გადავდივართ და ეს პროცესი ყოველწლიურად ისეთ მასშტაბს იძენს, რომ, საბოლოო ჯამში,  აქ მხოლოდ 5-10%-ს თუ მოვიწევთ, დანარჩენი იმპორტირებული იქნება.

    ორიოდე დღის წინათ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ამბობდა: როცა ევროპასა თუ ამერიკაში ვარ, ვცდილობ, ხილი არ შევჭამო, არაფრის გემო არ აქვს, ჩათვალე, პლასტმასია და ასეა სოფლის მეურნეობის ნებისმიერი პროდუქტიო. ჰოდა, ამ „პლასტმასებით“ ჯერდება ქართული ბაზარი და მას მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენი შვილებიც მიირთმევენ. ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ყველაზე წმინდას შეეხნენ – წელს უკვე 5 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ყურძენი   შემოვიტანეთ. ჰო, საქართველოს, რომელსაც მსოფლიოში  ღვინის სამშშობლოდ და  ვაზის კულტის ქვეყნად იცნობენ, 5 მლნ დოლარის ყურძენი   შემოვიტანეთ  საწყის 7 თვეში და,  კიდევ რამდენს შემოვიტანთ, კაცმა არ იცის.

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, საუბარი სუფრის ყურძენზეა, საღვინე არ შემოგვაქვსო, მაგრამ  ხომ შეიძლება, სუფრის ყურძენიც აქ ვაწარმოოთ, თუ კლიმატი არ გვიწყობს ხელს და მოვლა არ ვიცით? სასაცილოა, რომ ყველაზე მეტი ყურძენი უზბეკეთისგან ვიყიდეთ, მეორე ადგილზე სომხეთია, მესამეზე… ირანი. ის ირანი, რომლის ერთ-ერთი მმართველი, თავის დროზე  საქართველოში სწორედ ყურძენს ებრძოდა და ვენახებს ჩეხავდა. თურმე რად გინდა ხმლის ქნევა და ჩეხვა, გააზარმაცე ერი და თვითონ გაანადგურებს ყურძენს ისე, რომ მერე საყიდლად შენ მოგადგება. ჰო, სწორედ ირანის შაჰი აიგივებდა ყურძენსა და ქართულ სულს, ამიტომ ვაზის განადგურებით ცდილობდა ქართველთა განადგურებას, ახლა კი…

    საუბედუროდ, მარტო ყურძენზე არ არის საუბარი. აგერ, ნივრის შემოტანა შარშანდელთან შედარებით 139%-ით (!) გავზარდეთ და უმთავრესი მომწოდებელი ჩინეთია; ის ჩინეთი, რომლის ნიორზეც  საქართველოს მოსახლეობა  გაიძახის, არც სუნი აქვს, არც გემო და არც სიმწარეო, მაგრამ მაინც ვყიდულობთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი არ გვაქვს და იძულებულნი ვართ.

    სოფლის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც  მებაღეებს ეხმარება. ანუ, თუ სურვილი გაქვთ, რომ მრავალწლიანი ხეხილი გააშენოთ, სააგენტო ხელს შეგიწყობთ.  პროგრამის აღწერაში აღნიშნულია, რომ საამისოდ მთავარია,  სასოფლო-სამეურნეო მიწა გქონდეთ. ამას რა სჯობს, შენი მიწა გაქვს და სახელმწიფო თანადაფინანსებით გეხმარება ბაღის გაშენებაში. თანაც რეგიონების მიხედვით ჩამოთვლილია, სად რომელი კულტურა უფრო კარგად ხარობს და რომელს დააფინანსებენ, რაც ასევე მისაღებია, მაგრამ… არის ერთი ნიუანსი, რომელსაც შესაძლოა ბევრმა არ მიაქციოს ყურადღება და ჩვენ სწორედ მასზე გავამახვილებთ ყურადღებას. სოფლის განვითარების სააგენტო გვეუბნება, რომ „ბაღების კომპონენტის ფარგლებში  სააგენტის თანადაფინანსების თანხა, როგორც ადგილობრივი სანერგე მეურნეობიდან ნერგის შეძენის შემთხვევაში, ასევე იმპორტის შემთხვევაში გაიცემა მხოლოდ ბაღის გაშენებისა და წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის შემდეგ“.  ანუ, თქვენ უნდა გქონდეთ არა მხოლოდ  სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, არამედ ფულიც, რათა ნერგები იყიდოთ, დარგოთ, წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოაწყოთ და, ამ ყველაფერს რომ გააკეთებთ, მერე უნდა მიადგეთ ჯერ ბანკს, რომ სესხი დაგიმტკიცოს, და შემდეგ –  სააგენტოს, რადგან ბანკის გარეშე სააგენტო ფულს არ იძლევა, ანუ გარანტორი იმისა, რომ თქვენ კეთილსინდისიერად მოიქცევით და ფულს ჯეროვნად დახარჯავთ, სააგენტოსა და თქვენ შორის ბანკია.

    რა გამოდის?  თქვენს მიწაზე თქვენივე თანხით  გააშენეთ ბაღი, მოაწყვეთ სარწყავი სისტემა და შემდეგ მიდიხართ ბანკში,  ეს მიწა იპოთეკით რომ დატვირთოთ და კრედიტი აიღოთ (დაბალპროცენტიანი), რათა შემდეგ მიიღოთ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება... რისთვის?!  ბაღი არის, მიწაც არის, სარწყავი სისტემაც არის და რისთვის უნდა გადაიხადოთ პროცენტი?! სააგენტოში თავს იმართლებენ: აბა, ვინმემ ხომ უნდა გააკონტროლოს ჩვენი თანხები და ამას ბანკზე უკეთესად ვერავინ გააკეთებსო. ჰოდა, უფრო მარტივი და კარგი არ იქნება, ადამიანმა, რომელსაც მიწა აქვს და ფული არა, ეს მიწა დატვირთოს ბანკში, დაბალ პროცენტში აიღოს სესხი და თანადაფინანსება, რომლის შემდეგაც იყიდის ნერგებს, მოაწყობს სარწყავ სისტემას და მერე დაიწყებს გადახდას? ყველაფერი თუ ჩემი ფულით გავაკეთე, რისთვისღა მჭირდება დამატებითი ხარჯები, პროცენტიანი ვალი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება და რისკი?..

    საქართველოში დაახლოებით 50 ათას ადამიანს ჰყავს ფუტკრის ერთი ოჯახი მაინც. მესამე წელია, რაც  სოფლის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა  თანადაფინანსების პროგრამა. მისი პრეზენტაციისას ამ ადამიანებს უთხრეს:  არიქა, იჩქარეთ, ბიუჯეტი მხოლოდ 4 მილიონი ლარია, მისი ამოწურვის შემდეგ განაცხადს ვეღარ მივიღებთო. ჰოდა, აგერ, მესამე წელი გავიდა და ეს 4 მილიონი ლარი არ ამოიწურა. ვიღაც, ვინც ამ პროგრამას კურატორობს, ხომ უნდა დაფიქრდეს, რატომ არ სურთ მეფუტკრეებს ამ საოცარ და მომგებიან (როგორც სააგენტო ამტკიცებს) პროგრამაში მონაწილეობა? ანუ, რაღაც ისე ვერ თუ არ არის, როგორც უნდა იყოს, თორემ, ისეთი კარგი რომ იყოს, როგორც ფურცელზე დაწერეს, 50 ათასი ადამიანიდან ყველა გაგიჟდა, გადაირია და ამ სიკეთეს ვერ ხედავს? ბიუჯეტი იმ პროგრამებისა, რომლებიც მართლა კარგია და  მუშაობს, რატომ იწურება ხოლმე ორიოდე თვეში?  ამაზე თუ უფიქრია ვინმეს? და რომელი პროგრამებიც არ მუშაობს, ანუ ხალხს არ მოსწონს და წლებია, ცხვირში ვტენით, იქნებ გავაჩეროთ და თანხები  იქით მივმართოთ, რაც მოსახლეობას მოსწონს და რაზეც ფიქრობს, რომ მომგებიანი და მისაღებია.

    როცა მინისტრად დავით სონღულაშვილი დაინიშნა, ბევრს გაუჩნდა იმედი, რომ ის ამ სფეროს მიხედავდა,  წვალობს კიდეც, ფერმერებს, მებაღეებს, მეფუტკრეებს პირადად ხვდება, პრობლემებს უშუალოდ მათგან ისმენს, მაგრამ… ახლა გვეუბნებიან, მხოლოდ სონღულაშვილი ვერაფერს გააწყობს, სახელმწიფო ბოლომდე უნდა დაუდგეს გვერდითო.  დაუდგეს მერე, დაუშალა ვინმემ? მთავრობის წევრია  და თვითონ უნდა მოითხოვოს კონკრეტულ მიმართულებებზე ყურადღების გამახვილება. სხვანაირად არაფერი გამოვა და არც გამოდის. წლიდან წლამდე უკან-უკან მივდივართ და ერთადერთი, რაც მართლა არ შემოგვაქვს, სასმელი წყალია. არა, წყალიც შემოდის მცირე რაოდენობით, მაგრამ იმდენად მცირეა, სათვალავში ჩასაგდები არ არის და, რაც მთავარია, არც იყიდება.

    ცალკე უბედურებაა ის, რომ ქეიფის მოყვარული ქართველები, ქართულ ღორის ხორცს ვეღარ შოულობენ სამწვადედ. რესტორნების უმრავლესობა (თუ ყველა არა) რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოტანილ ხორცზე მუშაობს და ვაღიაროთ, რომ გემოვნური თვისებებით ეს  ხორცი ქართულთან ახლოსაც ვერ მივა. ადრე, მაგალითად, თიანეთის ტყეებში არაერთ მეღორეს ჰყავდა ღორის   კოლტი, ახლა კი სახელმწიფო არ ანებებს, არ შეიძლებაო; ეს მაშინ, როცა წიფლისა თუ მუხის ნაყოფს მიაქვს იქაურობა და  მიწაში ლპება. არც ისე იშვიათად იყო შემთხვევა, როცა შინაურ ღორს აჯვარებდნენ  გარეულთან და ზოლიანი გოჭებიც დარბოდნენ ეზოებში, მათი ხორცი კი უფრო გემრიელი და სასარგებლო იყო. ახლა არც ეს არის და, ზოგადად, სოფლის მეურნეობა საქართველოში  კომატოზურ მდგომარეობაშია. მთელ მსოფლიოში საკვებ პროდუქტებზე  გაკეთდა აქცენტი, ყველგან  სახელწიფო ჩაერია და მილიარდობით თანხა დახარჯა იმისათვის, რომ მხოლოდ მოსახლეობისთვის საკმარისი პროდუქტი კი არ მოეყვანათ, არამედ საზღვრებს გარეთაც გაეტანათ. რეგიონში ეს ყველაზე კარგად თურქეთს გამოუვიდა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  მოთამაშეა,  ჩვენ კი ეტაპობრივად,  მარტივად და ღრმად გვისვამს ჯიბეში. ამაში მას ირანი ეჯიბრებოდა, მაგრამ ახლა საქმეში ჩინეთიც ჩაერთო, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გავაფორმეთ და მალე გადაგვყლაპავს, თუ ჩვენი წარმოება არ გავაძლიერეთ.

    ახლა შემოდგომაა, იმ მწირი მოსავლის დაბინავების დრო, რომელიც ავიღეთ.   საგაზაფხულო სამუშაოებზე ფიქრი ახლავე უნდა დავიწყოთ, სახელწიფომაც ახლავე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თუნდაც მის მფლობელობაში არსებული  სავარგულები დაამუშაოს და  მარცვლოვანი, საფურაჟე კულტურა მაინც მოვიყვანოთ. სხვანაირად არაფერი გამოვა და ერთ დღეს გავიღვიძებთ საქართველოში, სადაც მთავარი კულტურა თივა იქნება, ბალახი, რომელიც აქამდეც თავისით  ამოდიოდა.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here