კაია კალასს მიმდინარე წლის 18 ივნისს 49 წელი შეუსრულდება და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში პოლიტიკურ კარიერას, ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ დაასრულებს. არადა, ორიოდე დღის წინათ თქვა, კარიერას რომ დავასრულებ, ძალიან ჭკვიანი ვიქნებიო, ანუ გამოდის, ახლა ჭკუასთან ვერ მეგობრობს, მაგრამ მომავლის იმედი აქვს.
ქალბატონი კაია, სანამ ევროკავშირში დაიკავებდა თანამდებობას, ესტონეთის პრემიერი იყო და, როგორც ამბობს, ქვეყანა ააყვავა. საერთოდ, ესტონელი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესტონეთი აღმავლობის გზაზეა. როცა ამას ამბობენ, ციფრები მოჰყავთ, შემოსავლები იზრდება, პენსია კარგია, ხალხი ბედნიერიაო… მაგრამ რეალობა სხვაა. სადავო არ არის, რომ ესტონეთი ეკონომიკურად წინ წავიდა, ევროპის ქვეყნებს ეტოლება, მაგრამ… 1991 წელს, როცა ესტონეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მისი მოსახლეობა 1,6 მლნ იყო, ახლა კი დაახლოებით 1,3 მლნ-მდე შემცირდა. თანაც ამ მილიონ სამასი ათასში ესტონელთა წილი 50%-იც აღარ არის. ადგილობრივები, როგორც ევროკავშირის მოქალაქეები, ცხოვრებას გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში ამჯობინებენ, ესტონეთს ტოვებენ, დედაბუდიანად იყრებიან და უძრავ ქონებასაც ყიდიან. შესაბამისად, ქვეყანა კარგავს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ მუშახელის რესურსსაც და ამიტომ ესტონეთში მომრავლდნენ სხვადასხვა რასისა და რჯულის ადამიანები. ეს ყველაზე მეტად რეგიონებში იგრძნობა; რეგიონებში იმიტომ, რომ დიდ ქალაქებში (ესტონური საზომით დიდია დედაქალაქი ტალინი, რომელშიც ამჟამად 460 ათასი კაცი ცხოვრობს) უძრავი ქონება იაფი არ არის, რეგიონებში კი ძალიან იაფად იყიდება. იმ თანხით, რომლითაც თბილისში ოროთახიან ბინას იყიდით, ესტონეთში, დედაქალაქთან ახლოს, საკუთარ სახლს შეიძენთ მიწით. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ესტონეთში დაახლოებით 143 ათასი ადამიანი მართლმადიდებელია, 152 ათასი – ლუთერანი, შემდეგ მოდიან ბაპტისტები, იეჰოვას მოწმეები, სტაროვერები, ორმოცდაათიანელები, ბუდისტები, მეთოდისტები და… 450 ათასი ათეისტია.
ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ წარმოდგენა გვქონდეს ერთ-ერთ იმ რესპუბლიკაზე, რომელზეც გვიმტკიცებენ, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ევროპული იყო და მისი დაშლის შემდეგ ყველაზე წინ წავიდაო. ფინანსური თვალსაზრისით, ესტონეთი ვერ უსწრებს წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს, მაგრამ უსწრებს პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს… და აქვს დემოგრაფიული პრობლემა – ესტონეთის მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება. შესაძლოა, ვინმესთვის 90-იანებიდან დღემდე მოსახლეობის 300 ათასზე მეტით შემცირება დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ, როცა ქვეყნის მოსახლეობა მილიონ-ნახევარიც არ არის, ბევრი გამოდის. რწმენაზე უარის თქმა და ლამის ნახევარი მილიონის ათეისტად მოქცევა კი ცალკე პრობლემაა. აი, ამ ქვეყნიდან არის კაია კალასი, რომელიც გამუდმებით ჭკუას გვარიგებს და გვეუბნება, თუ ჩემ დაკრულზე იცეკვებთ, საქართველოც ესტონეთის გზაზე დადგებაო. საკითხავია, გვინდა თუ არა იმ დღეში ჩავცვივდეთ, როგორშიც ამჯამად ესტონეთია და ქართველებიც გადაშენების გზაზე შევდგეთ, როგორც ესტონელები, რომლებიც ევროპაში ისე არიან გაბნეულნი, რომ სამშობლოში დაბრუნების სურვილი აღარ აქვთ, რადგან მათი იდენტობა წაიშალა, პატრიოტიზმი ჩაკვდა.

ახლა შევიტყვეთ, რომ ესტონეთს, უშუალოდ კაია კალასს საქართველოზე ხელი ჰქონია ჩაჭიდებული და გაშვებას არ აპირებს. თურმე უცხოეთიდან ყველაზე გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური მართავენ, ესტონეთში ყოფილა რეგისტრირებული. ჰო, გიგაურის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და ლომჯარიას „ევროპული ორბიტა“ ესტონეთის გარეუბანში, სადღაც ძველ ნანგრევებშია რეგისტრირებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კალასის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამიტომ, როცა გიგაური და ლომჯარია ევროპაში მიდიან, პირველად სწორედ კალასს ხვდებიან, მისგან იღებენ ინსტრუქციებს, ვის უნდა შეხვდნენ, რა უნდა უთხრან და საქართველოში დაბრუნებისას რაზე გააკეთონ აქცენტი. საქართველოში ინიცირებული ახალი კანონის თანახმად, პირებს, რომლებიც ისეთ ორგანიზაციაში მუშაობენ, რომელიც ფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, პოლიტიკური საქმიანობა 8 წლით ეკრძალებათ, ანუ იმავე ლომჯარიასა და გიგაურს (მათ თანამშრომლებზე აღარაფერს ვამბობთ) პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალებათ და… საქართველოს წინააღმდეგ იშიშვლეს ხმლები ცალკე არასამთავრობოებმა საქართველოში და ცალკე კალასმა ევროპაში. ისინი ამტკიცებენ, რომ ზემოაღნიშნული კანონი ავტორიტარიზმის ნიშნებს შეიცავს და ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების უმაღლესი პირების სანქცირების საფუძველი…
ევროკავშირის ყველა ქვეყანაში (მათ შორის ესტონეთშიც) უცხოური ფინანსების მიმღები ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელს ოფიციალურად, კანონით ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა. ეს კანონი ესტონეთში მაშინ „დაჩაქუჩდა“, როცა პრემიერმინისტრი იყო კაია კალასი. იმხანადაც და ახლაც კალასი ამტკიცებდა და ამტკიცებს, რომ ასეთი კანონის მიღება ესტონეთისა და, საერთოდ, ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რადგან კრძალავს ქვეყნის საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ჩარევასა და მათ გავლენას პოლიტიკურ თუ აპოლიტიკურ მოვლენებზე. ახლა კი კალასი ამბობს, რომ ის, რაც კარგია ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის და განსაკუთრებით მისი მშობლიური ესტონეთისთვის, ცუდია საქართველოსთვის, რადგან საქართველოს უსაფრთხოდ ყოფნა ხელს არ აძლევს ევროკავშირს.
უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოსაც მოიხენიებდნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად, მაგრამ ახლა საქართველო ჩახსნეს, თან გვეუბნებიან, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირამდე ნაბიჯიღა აშორებთ, თქვენ კი დაშორდითო. არადა, რეალობა ასეთია: მალე მოლდოვამ, როგორც ქვეყანამ, შეიძლება აღარ იარსებოს. ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის მიხედვით მოლდოვა რუმინეთს უნდა შეუერთდეს და, რადგან რუმინეთი ევროკავშირის წევრია, მოლდოვა ავტომატურად ხდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს იქნება რუმინეთი და არა მოლდოვა. ერი კი, რომელსაც მოლდოველები ერქვა, აღარ იარსებებს. რაც შეეხება უკრაინას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრებას დღე-დღეზე ჰპირდებოდნენ, აუხსნეს, რომ ამის იმედი წელს კი არა, მომავალ წელსაც არ უნდა ჰქონდეს. ორივე ქვეყანა „გადააგდეს“ და ახლა ჩვენ გვეუბნებიან, თქვენ რატომ არ გსურთ ანალოგიურ გაუგებრობაში ყოფნა და დაპირებებით კვებაო. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გარდა უკრაინას ნატოში გაწევრებასაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ ახლა ნატო და რუსეთი ხელშეკრულებას ამზადებენ, რომელშიც ჩაიწერება, რომ რუსეთის არც ერთი მეზობელი ქვეყანა ნატოს წევრის სტატუსს ვერასოდეს მოიპოვებს.
ეს არის მაგალითი იმისა, როგორ მიმდინარეობს დიდი სახელმწიფოების მიერ პატარა ქვეყნების განადგურება-გაუქმების პროცესი. იგივე ესტონეთი, რომელიც ევროკავშირის წევრია და იქ თითქოს ყველაფერი რიგზეა, გადაშენების პირასაა; თანაც ესტონელი ქალი, რომელსაც ევროკავშირში ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობა უკავია, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ერი გამოაფხიზლოს, შეუძახოს, უთხრას, რაც ხდება. ის ერთი დიდი ჯაჭვის რგოლია, ჯაჭვის, რომელიც ნელ-ნელა ეხვევა მცირე ერებს, გუდავს და ანადგურებს. ამ სიაშია საქართველოც, ამას არავინ მალავს და ვაი, რომ არაერთი ქართველი თანახმაა, ქვეყანა განადგურდეს, გადაშენდეს, ვიღაცის ან რაღაცის ნაწილად იქცეს, ქართველები კი უბრალოდ გავქრეთ.
ესტონეთში რეგისტრირებული არასამთავრობოების დაცვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ მტერი საზღვრებს გარეთც გვყავს და საზღვრებს შიგნითაც; რომ ის, რაც კარგია სხვა ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს, რადგან ასეთ შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემების შექმნა გართულდება და ეს ხელს არ აძლევს ევროპას. მოლოდინი იმისა, რომ ამის გამო საქართველოს, როგორც ქვეყანას (და არა მხოლოდ ხელისუფლებას), დასჯიან, ნამდვილად არსებობს და მეტიც, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და შემდეგ აქამდე არნახული რესურსის გამოყენებით შეცვალოს ხელისუფლება. ასეთ შემთხვევაში საქართველო დასავლეთთან კაპიტულაციას მალე გააფორმებს და ეს იქნება გამოცხადებული მონობის ქრონიკა, ხოლო ის მოღალატეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ლანგრით მიართმევენ უცხოელებს, გმირებად გამოცხადდებიან.
ბესო ბარბაქაძე







