Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს!

საქართველოს პრეზიდენტს, ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს!

მე არ მინდა, ვიყო აფრიკელი, არც ინდოელი, თურქი...

61

მე ქართველად დარჩენა მსურს! დიახ, ისე, როგორც გავჩნდი ამქვეყნად, როგორც ბედმა მარგუნა! და არავის არ აქვს უფლება, წამართვას ჩემი ქართველობა, წამართვას ან შემიზღუდოს ის უფლებები, რომლებიც მე მემკვიდრეობით და საქართველოში დაბადებით მერგო!

მე მშურს მსოფლიოში გაბნეული ებრაელების, რომლებსაც მამულიც დაკარგული ჰქონდათ, ენაც, ნაწილს _ სარწმუნოებაც და რომლებმაც 2 000 (!) წლის შემდეგ _ 1948 წელს მოახერხეს საკუთარი სახელმწიფოს _ ისრაელის შექმნა. უფრო ზუსტად, მე ამ სახელმწიფოს ხელისუფლების მშურს, რომელსაც აღრიცხული ჰყავს სხვა ქვეყნებში მცხოვრები თითოეული ებრაელი და ხმალამოღებული (ბრჭყალების გარეშე, პირდაპირი გაგებითაც!) იცავს მათ მთელ მსოფლიოში.

ნებისმიერ სახელმწიფოში მცხოვრებ ებრაელს, სურვილის შემთხვევაში, უპრობლემოდ და უპირობოდ ენიჭება ისრაელის მოქალაქეობა. მათთვის საჭირო არ არის არც ივრითის ცოდნა (არც იდიშის) და არც რაიმე დამსახურება ისრაელის წინაშე, ერთადერთი პირობა მხოლოდ ებრაელობაა! 15-მილიონიანი ერი (ოფიციალური მონაცემებით, ფაქტობრივად კი, _ ჯერადობით მეტი!) თავისი ჯიშის, თავისი გენის მატარებელს ერთ ადამიანსაც არ კარგავს, თვალისჩინივით უფრთხილდება, განსხვავებით ჩვენი ბედოვლათი ხელისუფლებისგან _ დამნაშავე ნაცების იქნება ეს თუ უფხო, უხერხემლო ქოცების. ეს დამამცირებელი კნინობითი სახელები ორივემ დაიმსახურა, თანაც მალევე _ ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე. ამის დამადასტურებელი მაგალითების მოყვანას არ შევუდგები, იმდენი და იმდენჯერ არის დაწერილ-თქმული ამ წლების მანძილზე, რომ ყველასთვის ყველაფერი კარგად არის ცნობილი.

მე მხოლოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის უცნობ პრობლემაზე მოგახსენებთ, იმ უსამართლო წეს-კანონზე, რომელიც ქართველი კაცის ღირსებას ლახავს და, აგრეთვე, მისგან გამომდინარე მეორე უსამართლობაზეც, რომელიც, ამავე დროს, ამორალურიც არის.

ქალბატონო სალომე, ამ პრობლემების შესახებ მე 2021 წლის მარტშიც მოგმართეთ (N1/1939) და თან დავურთე თქვენი წინამორბედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისადმი პრესაში გამოქვეყნებული ჩემი წერილიც _ მოქალაქეობას ანიჭებთ თუ პარტიაში იღებთ, ნო პრეზიდენტო?!” (“საქართველო და მსოფლიო” და “საქართველოს რესპუბლიკა”, 2015 წლის ოქტომბერი). P.S.-ში კი გწერდით, რომ მთავარია წერილში წამოჭრილი საკითხების მოგვარება და არაჩემთვის პასუხის გამოგზავნა”. ვინაიდან ამ პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული თქვენი ნაბიჯები ვერ ვიხილე და ვერც პასუხი მივიღე, ამიტომ 10 თვის ლოდინის შემდეგ გადავწყვიტე, ხელმეორედ მოგმართოთ იმ იმედით, რომ ეგებ თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით არც კი გაცნობიხართ ჩემს პირველ წერილს თავისი დანართით. არა მგონია, ასე მომხდარიყოს, მაგრამ მაინც ვცდი _ როგორც იტყვიან: “ცდა ბედის მონახევრეა”. და, ამავე დროს, არც თქვენზე მინდა საბოლოოდ აზრი შემეცვალოს!

მე, 85 წელს მიღწეულ კაცს, არ მინდა, თურქაფრიკელთან გათანაბრებულ, უფლებებშეზღუდულ და ღირსებაშელახულ ქართველად წავიდე იმქვეყნად მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოეთში 10-წლიანი შრომით იქაური პენსია გამოვიმუშავე, რის გამოც სამშობლოში დამსაჯეს და 33-წლიანი შრომით დამსახურებული პენსია ყოვლად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით, ჯანდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნორმატიული აქტის (!)) საფუძველზე მომიხსნეს. დიახ, “…პენსიის დანიშვნის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით” (“სახელმწიფო პენსიების შესახებ” კანონი, მუხლი 13, პუნქტი 3), რომლის საფუძველზეც მოქმედებს კანონქვემდებარე (!) ნორმატიული აქტი, დამტკიცებული სააკაშვილისდროინდელი ჯანდაცვის ვაიმინისტრ ლადო ჭიპაშვილის 2006 წლის 10 თებერვლის ბრძანებით (46/)! და, ეს მახინჯი წესი, ისევე, როგორც ბევრი სხვა, დღემდე ვერ შეცვალაქართული ოცნებისმთავრობამ.

თავიდათავი მიზეზი ამისა კი ყოფილა ის, რომ მე, საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებულ ქართველ კაცს, ჩემს უკითხავად, ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობა კი არ აღმიდგა, არამედ საგამონაკლისო წესით ხელახლა მომენიჭა, ოღონდ, თურმე, უკვე არა პირვანდელი უფლებებით, როგორიც უცხოეთში წასვლამდე გამაჩნდა, არამედ ზუსტად ისეთივე, როგორსაც ზემოხსენებულ აფრიკელს თუ სხვა უცხოტომელს ანიჭებენ! “ორმაგი მოქალაქისა და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა ერთმანეთს არ უტოლდება”, _ ასეთი “გამართული” იყო ვახტანგ ხმალაძისდროინდელი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის პასუხი. და მეც, ასეთი ვაიიურისტების წყალობით ჩვეულებრივიდან “არაჩვეულებრივი” მოქალაქე გავხდი! მართალია, ასეთი მოქალაქეობა მე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მომანიჭა, მაგრამ თქვენც იმავეს აგრძელებთ, სამწუხაროდ!

ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო სალომე, თქვენც თვლით, რომ ეს სამართლიანია და უნდა გავჩერდე, დავკმაყოფილდესაგამონაკლისო წესით მონიჭებულიასეთი მოქალაქეობით?!

მაგრამ, რა ვუყოთ ჩემთვის მოხსნილ პენსიას? ნუთუ, სახელმწიფოს მიერ ჩემი ხელფასიდან ყოველთვიურად დაქვითული და პენსიისთვის გამიზნული ფულის მითვისებაც სამართლიანია?! როდესაც სახელმწიფო სხვა ფორმითაც (ერთჯერადად და შესაბამისი ინდექსაციით) არ მიბრუნებს ჩემს ფულს უკან, მაშინ ეს ხომ სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილ აშკარა დანაშაულზე, სხვისი კუთვნილის მითვისებაზე მეტყველებს, რომელსაც ჩვენში “უთოფო ყაჩაღობას” უწოდებენ?! თქვენთვის, ალბათ, წარმოსადგენადაც კი ძნელი იქნება, ერთ მშვენიერ დღეს საფრანგეთის მთავრობამ რომ გამოგიცხადოთ: ვინაიდან საქართველოში პენსია დაგენიშნათ, აქაური 30-წლიანი შრომით დამსახურებული პენსია მოგეხსნათ და, თუ გნებავთ, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლეთო. სწორედ ჩემი და ჩემისთანების, ორი მილიონი ემიგრირებულის, მიერ ყოველწლიურად გადმოგზავნილ–შემოტანილი სამი მილიარდი(!) დოლარის წყალობით უდგას პირში სული საქართველოს დღეს და არა პოლიტიკოსების არჩეული (თუ მათთვის თავსმოხვეული) საგარეო ან საშინაო პოლიტიკის წყალობით. ამორალურია, როდესაც ჩვენ უცხოტომელებთან გვათანაბრებენ უფლებებში და მრავალწლიანი შრომით დამსახურებულ პენსიას გვიხსნიან.

ქალბატონო სალომე, წლების წინათ მე თქვენ პრეზიდენტობა გიწინასწარმეტყველეთ და გისურვეთ კიდეც, რადგანაც, უპირველესად, თქვენი ოჯახიშვილობის, სიმტკიცისა და გამბედაობის მეიმედებოდა!

პატივისცემით,  იაკობ ლეჟავა

17 იანვარი, 2022 წელი

593 55 04 00

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here