საქართველოს მოსახლეობა   6 თვეში  3 632  ადამიანით შემცირდა

    51

    კომუნისტების ზეობის პერიოდში ამა თუ იმ ადამიანის  კარიერული წინსვლა აუცილებლად ფერხდებოდა, თუ ის (ქალი ან კაცი, მნიშვნელობა არ ჰქონდა) განქორწინებული იყო.  კომუნისტების აზრით, თუ ადამიანი ოჯახის შენარჩუნებას ვერ ახერხებდა, ის არ იყო მდგრადი ფსიქიკის, არ შეეძლო მართვა და რაკი არ შეეძლო ოჯახის შენარჩუნება,  ვერ ახერხებდა ადამიანთან (ამ შემთხვევაში, ცოლთან ან ქმართან) ურთიერთობის მოგვარებას, საერთო ენის გამონახვას. ჰოდა, სტატისტიკის მიხედვით, განქორწინების ყველაზე ნაკლები შემთხვევა სწორედ კომუნისტების პერიოდში  იყო.

    ადრე  ქორწინება ერთგვარ რიტუალს წარმოადგენდა – წყვილები ერთად დადიოდნენ… ჰო, დადიოდნენ, სეირნობდნენ, არც ისე დიდი რაოდენობის კაფეებსა თუ რესტორნებში სადილობდნენ, ერთმანეთს კრძალვით ექცეოდნენ და  ვერ ნახავდით ქუჩაში ან სკვერში „მოზასავე“ წყვილებს, ასეთი რამ მიუღებელი იყო. ახლა ვიღაც იტყვის, – თავისუფლება სჯობსო, მაგრამ ერთია თავისუფლება და მეორე ის აღვირახსნილობა, რომელსაც დღეს ხშირად ვხედავთ. იმავე სკვერებსა და დასვენების ადგილებში ხვევნა-კოცნა ყველაზე მსუბუქია, რაც შეიძლება ვიხილოთ და იხილონ ჩვენმა შვილებმა…

    მერე და მერე ოჯახის სიწმინდის ინსტიტუტი გაუფასურდა და მოწოდება – თუ ვერ ეწყობი, დაშორდი, მეორედ სცადე, მესამედ და მეათედ – ჩვეულებრივ ნორმად იქცა. როგორ გგონიათ, ადრე ყველა ყველას ეწყობოდა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ხან ერთი მხარე თმობდა, ხან – მეორე და ოჯახიც ხომ დათმობისა და ურთიერთგაგების ხელოვნებაა. საბოლოო ჯამში, ისე გამოდიოდა, რომ პრობლემა, რომელიც უზარმაზარი ჩანდა, ქრებოდა. ბავშვებიც მყარი ფსიქიკის იზრდებოდნენ და ნაკლებად იყენებდნენ ტერმინებს – ნახევარძმა, ნახევარდა… ამას წინათ იხუმრა ერთმა: მგონი, ბავშვები მართლა წეროს მოჰყავს, რამდენი ბავშვიანი გოგოც გავიცანი, ქმარი არც ერთს არ ჰყავდაო. ყველაზე ცუდი ამ ამბავში არის ის, რომ ოჯახის დანგრევას ტრაგედიად უკვე თითქმის აღარავინ აღიქვამს, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა – გქონდა ოჯახი, აღარ გაქვს და… წერტილი.

    ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ, საქსტატის  მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, ანუ საწყის 6 თვეში, საქართველოში 9 924 ქორწინება დარეგისტრირდა, ანუ ოფიციალურად  ამდენი ოჯახი შეიქმნა. იმავე პერიოდში  ასევე ოფიციალურად 6 859 განქორწინება გაფორმდა.  განქორწინებები ქორწინებების რაოდენობის  69%-ზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ  საქართველოში შექმნილი ყოველი მესამე ოჯახი ინგრევა… ჩემი მეგობრის შვილი, რომელიც წელს პირველ კლასში შედის, ყველას უყვება, რომ მამამისი დატყვევებული ჰყავთ მეკობრეებს, რომ მალე გამოიპარება და მივა მასთან, მაგრამ ის „მეკობრე“ ევროპის რომელიღაც ქვეყნის ქალია. ჰო, ბიჭმა ცოლი მოიყვანა, ორსული მეუღლე დატოვა, ევროპაში ვიმუშავებ,  შეგეშველებითო და მას შემდეგ დაიკარგა. უგზო-უკვლოდ კი არ დაიკარგა, არამედ წავიდა, იქ ვიღაც ქალი გაიცნო და აქ შემოთვალა, – ნუ დამელოდებითო. შვილსაც აღარ ეკონტაქტება, ჩამოსვლას აღარ აპირებს, ბავშვი კი ასე აგებს  ოცნებებს და ილუზიებს მეეკობრეებსა და ძლიერ მამიკოზე, რომელსაც ის შვილი  არ სჭირდება. და ასეა არა ერთი და ორი ბავშვი საქართველოში. სამწუხაროდ, მწარე რეალობას ბევრი შეეგუა.

    მიმდინარე წლის საწყის 6 თვეში საქართველოში ცოცხლად დაბადებული ბავშვების რაოდენობამ 18 633  შეადგინა, ხოლო იმავე ექვს თვეში  22 265 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ 6 თვეში საქართველოს მოსახლეობა 3 632 ადამიანით შემცირდა. არაერთხელ დაგვიწერია, რომ რამდენიმე წლის წინათ  ჩატარებული კვლევების მიხედვით,  საქართველო შეტანილია იმ ერების სიაში, რომლებსაც  2050 წელს  გადაშენების რეალური საფრთხე დაემუქრება. ერთი შეხედვით, 2050  წლამდე დიდი დროა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს პროცესი „წარმატებით“ მიმდინარეობს და ვაი, რომ მისი შეჩერების არც მექანიზმი ჩანს და, რაც მთავარია, არც მსურველი… სავარაუდოდ, ბვვრმა არ იცის, რომ უზბეკეთის მოსახლეობა 2016 წელს  31 მილიონი იყო, ახლა  37 მილიონია და ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რამე უნდა მოვიფიქროთ, ყოველწლიურად ჩვენი მოსახლეობა მილიონით იმატებს და ტემპი როგორმე შევაჩეროთო.  უზბეკებს  გამრავლების შეჩერების პრობლემა უდგათ და ჩვენ – გადაშენების. ვინმე თუ იტყვის, რომ უზბეკეთს  მეტი რესურსი აქვს, ვიდრე საქართველოს, კი ბატონო, მაგრამ… აქ არც ტერიტორიაზეა საუბარი, აგერ, ნიდერლანდებს ჩვენზე მცირე ტერიტორია აქვთ და 16 მილიონზე მეტნი არიან, ანუ ლამის ოთხჯერ მეტი, ვიდრე ჩვენ. შესაბამისად, შესაძლებელია, მცირე ფართობის პირობებშიც კი ბევრი ვიყოთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც თუნდაც ნიდერლანდელები ცხოვრობენ, მაგრამ ამისათვის მხოლოდ რიგითი ადამიანების მონდომება არ არის საკმარისი.

    ამას წინათ ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა საინტერესო რამ გვითხრა: მოსახლეობის სიმცირეზე ტყუილად წუწუნებთ. მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ასობით ბინა იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვმრავლდებითო. ეს, სიცრუესთან ერთად, ძალიან დიდი სისულელეა და ახლავე აგიხსნით რატომ: პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბინებს, პრაქტიკულად, ერთი და იგივე ადამიანები ყიდულობენ, ანუ არიან ოჯახები, რომლებსაც 10-ზე მეტი ბინა აქვთ და ისინი ამ ბინებს აქირავებენ, შემოსავალი უჩნდებათ და კიდევ ბინას ამატებენ. მეორეც, ბინების დიდი ნაწილი ემიგრანტების ხარჯზე იყიდება, იმ ემიგრანტების, რომელთა უმრავლესობა საქართველოში აღარ ბრუნდება, თუმცა ბინას მაინც იშენებს და… ისიც აქირავებს. დამქირავებლები კი, ძირითადად, უცხოელები არიან, რადგან დედაქალაქში ბინებს ისეთი ფასი ადევს, სოფლიდან ჩამოსული ქართველები მათ ქირაობასაც ვერ ახერხებენ.  ახალი სასწავლო წელი დაიწყო და სტუდენტები, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, ერთიანდებიან და ერთოთახიან ბინას 3-4 სტუდენტი ქირაობს, რათა ქირის გადახდა მოახერხოს და… მერე რა, რომ ერთ ოთახში ოთხმა ადამიანმა შეუძლებელია სრულფასოვნად იმეცადინოს, განათლება მიიღოს. ვიღაცას ძმაკაცი მოუვა სტუმრად, ვიღაცას – ნათესავი თუ თანასოფლელი და ყოველთვის  იქნება ისეთი ვითარება, როცა წიგნის წაკითხვა შეუძლებელი  გახდება.

    რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაჩეროს, რამე შეცვალოს უკეთესობისკენ ან გრძელვადიანი გეგმა მაინც დასახოს?  არჩევნები მოგვადგა კარს და ვიღაც ილიას გზით იწონებს თავს, ვიღაც – მარშალის გეგმით, ვიღაცას ძველი კონსპექტები აქვს გადმოღებული, რეალური გეგმა კი არავის აქვს, რადგან არასდროს არავის შეუსრულებია სრულად საარჩევნო დაპირება და ახლა რა ღმერთი გაუწყრებათ, რომ შეასრულონ. ყველამ იცის, რომ ეს გეგმა მხოლოდ წინასაარჩევნოდ არის საჭირო, თორემ მერე შეგიძლია მოისროლო. ოპოზიცია აქცენტს ემიგრანტების დაბრუნებაზე აკეთებს, აქაოდა, ფონდს შევქმნით, მათ დავეხმარებით, ათიათასობით სამუშაო ადგილს შევქმნითო, რაც ტყუილია. ბევრი, უბრალოდ, არ დაბრუნდება და, თუ ვინმეს დააბრუნებენ, მათი ღირსეული ხელფასით დაკმაყოფილება, აქედანაც ჩანს,  არ გამოვა. თუ ეს  შესაძლებელია, ჯერ ქვეყანაში მყოფები დააკმაყოფილონ, ემიგრანტებს დაბრუნების სურვილი რომ გაუჩნდეთ, მაგრამ, როგორ გინდა დააკმაყოფილო, როცა ათიათასობით ადამიანს თვეში ხელფასი 200 ლარი აქვს (100-ლარიანებიც  არიან) და ამ დროს კანონში გიწერია: მინიმალური ხელფასი ამდენი და იმდენი უნდა იყოსო. ჰო, საშუალო ხელფასიც წერია 1500 ლარზე მეტი და.. იმავე სახელმწიფო სტრუქტურებში, განსაკუთრებით რეგიონებში, ამის ნახევარი კი არა, მესამედიც რომ არ აქვს ბევრს, არავინ იცის? ისე, ოპოზიციას მადა გაეხსნა და ღირსეულ სამსახურთან ერთად 1000-ლარიან პენსიასაც ჰპირდება ამომრჩევლებს, რაც ასევე სასაცილოა, რადგან, საქართველოს ბიუჯეტს რომ გადავხედოთ, ისე გამოვა, რომ მხოლოდ პენსია უნდა დავარიგოთ და მეტა არაფერი ვაკეთოთ, სხვაგვარად თანხა არ გვეყოფა. დღევანდელი ბიუჯეტის გათვალისწინებით, მესამედი მხოლოდ პენსიებზე უნდა წავიდეს და, ამას რომ საჯარო მოსამსახურეების ხელფასები დავუმატოთ, ბიუჯეტი აღარ გვეყოფა. ანუ, ფული არ გვეყოფა არც ინფრასტრუქტურაზე, არც განათლებაზე, არც სოფლის მეურნეობაზე… და ეს იცის ყველამ, მაგრამ პოლიტიკოსებისთვიხ ხომ ხალხი ბრბოა, რომლის მოტყუებაც და გადაგდებაც ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია, ხელისუფლებაში მოხვიდე და მერე არავინ არაფერს მოგკითხავს…

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here