Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ერთიანობის ხელყოფა არავის არ ეპატიება!

საქართველოს ერთიანობის ხელყოფა არავის არ ეპატიება!

200

მძიმე დრო უდგას საქართველოს, ალბათ, ბევრ სხვასაც, მთელ კაცობრიობას თუ არა! ამის მიზეზის (თუ მიზეზების) გონივრული ახსნა ვერავისგან მოვისმინე. იმას როდი ვამბობ, არავინ ახსნა-მეთქი, მე ვერ მოვისმინე-მეთქი, _ ამას ვჩივი. არადა, ადამიანის გონება ვერ ურიგდება აუხსნელი მოვლენის არსებობას, ისე, როგორც უსასრულობასა და ყველაფერს თავისებურ ახსნასა და საზღვარს უძებნის, როგორც აინშტაინმა მოუძებნა საზღვარი უსასრულობას.

ის უბედურება, რომელიც საქართველოს დაატყდა თავს, გლობალური უბედურებაა, ამიტომ არ მიმაჩნია დამაჯერებლად ამ მოვლენის რაღაც ლოკალური მიზეზებითა და ფაქტორებით ახსნა, ისე, როგორც ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხსნიან ჩვენი სიბეჩავის მიზეზს: რომ არა “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი, ჩვენში მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებდაო. სად იყო სააკაშვილი და ნაცშანტრაპა, როცა რუსთაველზე ქართველები “მამაცურად” ეომებოდნენ ერთმანეთს? ან ნათელაშვილის “ფანჩატურში” შეკრებილი პარტიები სად იყვნენ, როცა ქართველი “რაინდული” ბატალიონები სამეგრელოს არბევდნენ? ან ვისი კარნახითა თუ წაქეზებით ანგრევდნენ 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები წინა ხელისუფლების მიერ აგებულ ტრიბუნებსა თუ დეკორატიულ ძეგლებს, შენობებზე ხსნიდნენ სიმბოლურ სამშვენისებს _ ვარსკვლავებსა და ჩაქუჩ-ნამგლის ბარელიეფებს, თითქოს ან ერთი ან მეორე კომუნისტების გამოგონილი იყო!

სხვა მიზეზია აქ და სხვა ბოროტი ძალა მართავს ამ ყველაფერს, თორემ აფხაზური ან ოსური სეპარატიზმი თუ საქართველოს დუხჭირი ყოფით იყო ნასაზრდოები, ესპანეთიდან გასაქცევად აყალყულ კატალონიასა და ინგლისიდან გამოყოფის სურვილით აფოფრილ ირლანდიას რა ბაბასილი უნდათ, არ გიფიქრიათ ამაზე? ის კი არა, ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი შტატი თურმე სერიოზულად ფიქრობს დამოუკიდებლობაზე. რა მიზანი აქვს იმ ბოროტ ძალას, ნეტავი? ის მიზანი აქვს, რომ ძალიან უნდა, მსოფლიო თავის ჭკუაზე ატაროს და ის გააკეთებინოს, რაც თვითონ სურს, და ის არ გააკეთებინოს, რაც თვითონ არ ეპიტნავება. ასე იყო საუკუნეების წინათ და ასეა ახლაც. სიკეთე და ბოროტება მუდამ ებრძოდა ერთმანეთს, თუმცა დღემდე სიკეთე ყოველთვის სძლევდა ბოროტებას, რადგან “არსება მისი გრძელია”. ომი ჯერ არ დამთავრებულა. სიკეთემაც და ბოროტებამაც იციან თავიანთი საქმე, ეგ არის მხოლოდ, ერთს ან მეორეს დროდადრო ხელსაყრელი პირობები ექმნებათ ხოლმე და ისე ჩანს, რომ საბოლოო გამარჯვება მას რჩება, ვისთვისაც ხელსაყრელი პირობებია შექმნილი. დღემდე ასე იყო _ ბოროტების წარმატება დროებითია, რადგან “სიკეთის არსება გრძელია”, იმიტომ, რომ სამყაროს შემოქმედია სიკეთე და არა მისი დამაქცეველი, რომელიც სიკეთესთან ბრძოლაში არაერთხელ გადაიჩეხა უფსკრულში. დღეს ბოროტების ზეობაა დედამიწაზე და იგი ადვილად იყენებს იმ ცოდნას, რომელიც მისი შავი მიზნების მიღწევისათვის არის საჭირო. კარგად იცის ბოროტმა: ხალხი რომ შენს ჭკუაზე ატარო, ჯერ ბრბოდ უნდა გადააქციო, რადგან ბრბოსთვის ტვინის გამორეცხვა ძალიან ადვილია. ტვინგამორეცხილი კი მანქურთია მხოლოდ, რომელიც იმას იტყვის და იზამს, რასაც ჩასძახებ და რისკენაც მიუთითებ. აი, ეს პროცესია დაწყებული ჩვენში და, ვისაც უმაღლესი შემოქმედის, ანუ სიკეთის მქმნელის იმედი და რწმენა არ დაუკარგავს, მხოლოდ მას შეუძლია წინ აღუდგეს კარს მომდგარი ბოროტების “მეორედ მოსვლას”. ბოროტებას წინ რომ აღუდგე, ჯერ კარგად უნდა დაინახო მისი მიზანი და გააცნობიერო იგი.ბრბო ვერ დაინახავს ამას და ვერც გაიაზრებს, რადგან, თუ მთლად გამორეცხილი არა, გვარიანად გალაყებული მაინც აქვს ტვინი. ასე რომ არ იყოს, განა ძნელი დასანახავია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მთელი ეს ცუდად დადგმული კინკლაობა და ფსევდოკონფლიქტები იქით არის მიმართული, რომ ხალხის ყურადღება ბოროტების უმთავრეს მიზანს ასცდეს და წვრილ-წვრილ წარმოდგენებზე იყოს გამახვილებული.

ბარემ ახლავე ვიტყვი, რა არის ჩვენში გალაღებული ბოროტების მთავარი მიზანი: ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრიობის ერთიანობის მოშლა! ღმერთი კრავს და აერთიანებს, ეშმაკი შლის და აცალკევებს! სწორედ ამ ფორმულის მიხედვით მოქმედებს ბოროტი ძალა და ყველა ღონეს ხმარობს ხალხის ერთიანობის წინააღმდეგ.

სახელმწიფოებრიობა იყო და არის ეროვნული ერთიანობის უმთავრესი გარანტი, ამიტომაც არის ბოროტების მახვილი მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომაც აცხადებდნენ და აცხადებენ ნეოლიბერალები სახელმწიფოს ბოროტებად და თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტად, ამიტომაც ქადაგებდნენ და ქადაგებენ ისინი პიროვნების სრული თავისუფლების დემაგოგიურ იდეას, რომელმაც ათქმევინა დიდ მოაზროვნე ჟან-პოლ სარტრს, _ ადამიანი თავისუფლებით არის დაწყვევლილიო. ის პიროვნების სრულ, ყველაფრისგან თავისუფლებას გულისხმობდა, რა თქმა უნდა.

სახელმწიფოს დაცემა-დაჩიავება სახელმწიფო ორგანოების ავტორიტეტის დაკნინებითა და დაბეჩავებით იწყება. უცხოტომელებით დასახლებულ ხეობაში პოლიციის რაზმი რომ შეგყავს კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის დასაცავად და იმ ხეობის უცხოტომელი მოსახლეობა ქვის სროლითა და სახრით დამფრთხალი ნახირივით რომ გამოდევნის ფორმიან პოლიციელებს, იმ უცხოტომელებს რა პატივისცემა, ხათრი და რიდი ექნებათ სახელმწიფოსი? ამიტომაც იყო, რომ ერთი გაბრაზებული იმხეობელი ჩამოვიდა, მთავრობის (პარლამენტის) შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე კარავი დასცა და ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას: ამას თუ არ იზამთ, დედას გიტირებთო! როგორია, ჰა? ეს რა არის, თბილისის ცენტრში რუსთაველის გამზირზე დღისით-მზისით ერთმა მომიტინგემ წესრიგის დამცველ პოლიციელთა კორდონში მდგომ პოლიციელს პირდაპირ თავში ჩასცხო ხელი: ჩემს ქალაქში თავისუფალ გადაადგილებას მიშლი, ბიჭოო?

პოლიცია ჩემი დასაცავი რომ გახდება, იმ სახელმწიფოს რა ავტორიტეტი ექნება თავის მოქალაქეებში? არც აქვს! აბა, რას ჰგავს, როცა ოციოდე სულელი თუ შეიკრიბა და ცენტრალური პროსპექტის გადაკეტვა მოინდომა, დამშლელი არავინ ჰყავთ? ის კი არა, ყველა ტელეარხი აჩვენებს მათ უაზრო ბოდიალსა და გიჟურ კივილს _ დედაა, რამდენი ვყოფილვართო! ხალხი თუ გინდა გამოათაყვანო, ნამდვილი ღირებულებები ყალბით უნდა შეუცვალოო, _ მოძღვრავდა ალენ დალესი თავის ემისრებს. განა ჩვენში ეგ არ ხდება? ქალაქის ცენტრში ქართველთა დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის, ძეგლი აიღეს და ქალაქგარეთ, ძველი ავტოინსპექტორივით შუაგულ ტრასაზე დადგეს, მის ნაცვლად კი დიდი ველოსიპედი წამოჭიმეს, რომელსაც ორივე მხარეს აქვს საჭე, რაც არსაით წასვლის, ანუ უძრაობის სიმბოლოა. უკვე მესამე თვეა, ქართულ ტელევიზიებს იმის მეტი საქმე არ აქვთ, რომ ყველა საინფორმაციო პროგრამა გადაცემას იწყებს და ამთავრებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, აწ ე.წ. პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის, ამბით: მიშა ჭამს, მიშა არ ჭამს, მიშამ თაფლი მიირთვა, ამდენი და ამდენი ჭიქა წვენი დააყოლა და მერე ჩამოთვლიან მასთან შემსვლელ ვიზიტორებს: ექიმებსა და ვექილებს, ძველ და ახალ ცოლებს, ნათესავებსა და მეგობრებს და ა.შ. და ა.შ. ეგრეთ წოდებული პატიმარი-მეთქი იმიტომ ვთქვი, რომ თვეში პატიმართან ორასზე მეტი ვიზიტორი რომ შევა, ის პატიმარი კი არა, საქმეში ჩაფლული თანამდებობის პირია. ამიტომაც თქვა თავის ე.წ. სასამართლო პროცესზე, აქ ამდენ ხანს რომ მაყურყუტებთ, თქვენსავით მოცლილი ხომ არ გგონივართ, უამრავი საქმე მაქვს და არ მცალიაო. პატიმარი აცხადებს, _ მე სად მცალია, ბევრი საქმე მაქვსო. სააკაშვილის სასამართლოზე თვალსაჩინოდ გამოჩნდა ჩვენი სახელმწიფოს სრული უსუსურობა და აბსურდულობა. ამ პროცესის მნახველი უცხოელი ვერაფრით დაიჯერებს, რომ ეს სასამართლო პროცესი ნამდვილია და სახელმწიფოში მიმდინარეობს. პირდაპირ შემზარა იმის ცქერამ, როგორ ეხვეწებოდნენ პროკურორები ადვოკატებს, _ ჩვენც გვათქმევინეთ ორიოდ სიტყვაო. მოსამართლე კი იჯდა ბუსავით და უყურებდა ამ ტრაგიკომიკურ სცენას და, როდესაც თვითონაც ჩაერია საქმეში და აყალმაყალის დაოკება სცადა, კაი შეფასებები დაიმსახურა. პოლიცია დაბრიყვებულია, სასამართლო _ აბუჩად აგდებული,… იქნებ პარლამენტია თავის სიმაღლეზე? არაფერი გეტკინოთ!

ყველას გემახსოვრებათ, პარლამენტის სხდომის ჩაშლის მიზნით ორმა ე.წ. დეპუტატმა როგორ დაღვარა დარბაზში რაღაც სითხე და გაუსაძლისი სუნი დააყენა. ის სხდომა ჩაშალეს, მაგრამ დაისაჯა ვინმე? არადა, ტერორიზმის მუხლით უნდა გაესამართლებინათ ის ორი ქალბატონი. მათ გამოცდილებას ახლა საკრებულოებში იყენებენ ბათუმსა თუ ზუგდიდში, ფოთსა თუ ხონში. რაც ამას წინათ ვიხილეთ კულტურისა და ა.შ. მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლისას, გასართობად კი ვარგოდა (შოუს მინისტრიც ვარო. – თქვა ქალბატონმა თეამ), მაგრამ პარლამენტში ისეთი ე.წ. დეპუტატი რომ იქნება, როგორიც მასთან მოკამათე ქალი იყო, ის არ არის სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. ასე რომ, ის სახელისუფლო სტრუქტურები, რომლებზეც სახელმწიფო დგას, ხალხის თვალში ფასდაკარგულია და, ცხადია, მათი იმედი აღარავის აქვს. დარჩა ერთადერთი ეკონომიკა და მატერიალური კეთილდღეობა, რომელმაც შეიძლება ადამიანებს ერთად ყოფნის მოტივაცია შეუქმნას, მაგრამ უკვე აღარავის სჯერა მთავრობის განცხადებების, რომ ეკონომიკა დუღს და გადმოდის. ეკონომიკის ზრდა მალე ევროპაში საუკეთესო გვექნება, ახლა კი ამ მხრივ მსოფლიოს სახელმწიფოთა ოცეულში შევდივართო, _ პრემიერმინისტრმა დაახლოებით ასე “გაგვახარა”. რეალურად კი ყველაფერი ისე სწრაფად ძვირდება, გუშინ რომ პური და ყველი ვიყიდეთ, არავითარი გარანტია არ გვაქვს იმისა, რომ დღეს იმ ფასად იმის ნახევარს მაინც ვიყიდით. საქართველოსა თუ მსოფლიოს ისტორიას ვინც იცნობს, ეცოდინება, რომ სახელმწიფოს დაშლა-დანაწევრება მხოლოდ მტრის შემოსევებსა და ომებში მარცხებს როდი უკავშირდებოდა. სახელმწიფოებში სეპარატისტული განწყობები მაშინ აღმოცენდებოდა და ძლიერდებოდა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება სუსტდებოდა, ავტორიტეტსა და პატივისცემას კარგავდა, რასაც, ცხადია, ეკონომიკური სიდუხჭირეც მოსდევდა. სეპარატიზმის ისტორიული საფუძვლები ყველა ერსა და სახელმწიფოშია, რაც ძირითადად ეთნოფსიქიკის თავისებურებებს უკავშირდება. ასე იყო საფრანგეთში, იტალიაში, ინგლისში, ესპანეთში, გერმანიაში და ყველგან. გერმანია რომ გერმანიაა, სადაც კოლექტივიზმის განცდა და შეგნება შეიძლება სანიმუშო იყოს, მეცხრამეტე საუკუნეში შვიდ სახელმწიფოებრივ წამონაქმნად იყო დაშლილი, სანამ რკინის კანცლერ ოტო ბისმარკის მტკიცე ხელმა მათი გაერთიანება არ შეძლო. განა ასე არ იყო საქართველოშიც? როგორც კი ცენტრალური ხელისუფლება ისეთი ბრიყვი მმართველების (მეფეების) ხელში მოხვდებოდა, როგორებიც, სამწუხაროდ, ბევრი გვყავდა, მაშინვე ცალ-ცალკე გარბოდა ქართლი და კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აფხაზეთი და სხვებიც, დიდები თუ პატარები. ქართლში, მაგალითად, კინაღამ ცალკე სახელმწიფოებად იქცა ქსნისა და არაგვის საერისთავოები. აი, ამ მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა ნაც-ქოცურ (დავით მხეიძის ტერმინია) ტანდემს და მათი დადგმული პოლიტიკური წარმოდგენები ისეთ შთაბეჭდილებებს უქმნიან ნაწილობრივ უკვე უცხოელთა მიერ ზომბირებულ მოსახლეობას, თითქოს ჩვენი სასიცოცხლო პრობლემა ის არის, ერთი ვიღაც პატიმარი ჭამს თუ შიმშილობს; ციხის კამერაში სურს სასჯელის მოხდა თუ კანარის კუნძულებზე. არც ერთი ბრალდება არ გასაჯაროებულა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სამშობლოს ღალატის ფაქტზე, რომელიც სახელმწიფოებრივ დონეზე განხორციელდა. თუ ნაცხროვის ხელისუფლება ქართულ მიწა-წყალს უცხოელებზე ყიდდა, ქოცხროვა, მეათე წელია, ხელისუფლებაშია და ერთხელაც არავინ დაუდანაშაულებია ამაში, არც მისი შედეგების აღმოფხვრა უცდია. დიდი ილიას უკვდავი შეგონება _ “სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა მამა-პაპათაგან _ მამული, ენა და სარწმუნოება!” _ ბეჯითად აქვს დავიწყებული ნაცებისა და ქოცების ტანდემს. ახლა, ამ ე.წ. სასამართლოზე ყოფილ პრეზიდენტსა და მის ხელისუფლებას იმისთვის ასამართლებენ, რომ ცხრა მილიონი ლარი გაუფლანგავთ უკანონოდ, მალულად. დასამალავი ნეტავ რა ჰქონდათ, ვინმე აკონტროლებდათ თუ რა?! ნაცხელისუფლების მიმართ ყველაზე მძიმე პოლიტიკური ბრალდება ის არის თურმე, რომ მათ აღიარეს, ცხინვალის რეგიონში ომი ქართულმა მხარემ დაიწყოო. ხალხის უფრო მეტი აბუჩად აგდება გაგონილა?! ეს ომი საუკუნის წინათ კი არ მომხდარა, აგერ გუშინ იყო და იმჟამინდელმა ხელისუფლებამ აღიარა ის, რაც, მხოლოდ ამ ომის მონაწილეთა და მომსწრეთათვის კი არა, მთელი მსოფლიოსათვის აშკარა და უდავო იყო. ასე სულელები როგორ არიან დღევანდელი “პოლიტიკოსები”, რომ ეჭვი ეპარებათ ამაში?! არა, ვიღაცის იძულებითა და კარნახით აკეთებენ ამას და საბოლოოდ იჭრიან გზას რუსეთთან დიალოგისათვის. აი, ეს არის სამშობლოს ღალატი და მისი მთლიანობის ხელყოფა, რასაც შეხმატკბილებულად აკეთებს ქოც-ნაცური ტანდემი. საეჭვოდ არავის ეჩვენება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ერთადერთ რაიონში რომ გაამარჯვებინეს ნაცებს _ წალენჯიხაში, აფხაზეთის საზღვრისპირა რაიონში? იმწამსვე გამოცვივდნენ “ოპოზიციონერი” “პოლიტიკოსი” ბიზნესმენები და ყველას მოუწოდეს, ჩვენი ბიზნესები წალენჯიხაში გადავიტანოთო. რა, წალენჯიხის რაიონი საქართველოდან გავიდა? თუ გავიდა, სად წავიდა? ძნელი გამოსაცნობია ამ ბრიყვული შოუს ტენდენცია და მიზანი? ახლანდელ ვითარებაში მრავალი მიზეზის გამო სეპარატისტული ტენდენციების გაღვივება ყველაზე პერსპექტიულია აჭარისა და სამეგრელოს რეგიონებში. ეს კი უსათუოდ გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას გურიასა და იმერეთში, მერე კი მშვიდობით, ისედაც დამოუკიდებლობადაკარგულო ქართულო სახელმწიფოვ. აი, ეს არის იმ ბოროტი ძალის საბოლოო მიზანი, რომელიც წარმატებით მართავს პოლიტიკურ-ეკონომიკურ პოლიტიკას საქართველოში და მართავს მოღალატე ქართველების ხელით. ახლა მე ჩამოვთვლი იმ მძიმე დანაშაულებს, რომლებიც მიმართული იყო ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ახლანდელი ხელისუფლება (ქოც-ნაცური, რა თქმა უნდა) ამ დანაშაულს ისე მალავს, როგორც ძაღლი თავის განავალს:

1. საქართველოს ეკონომიკის მართვა მიანდეს იმ კაცს, რომელმაც წამოაყენა ლოზუნგი: “უნდა გაიყიდოს ყველაფერი, სინდისის გარდა!” (ყველაფრის გამყიდველს სინდისი ვინ მისცა, ნეტავი, რომ გაყიდოს?). იმ “გენიოსი” ეკონომისტის ლოზუნგი ისე მიიღო იმდროინდელმა ხელისუფლებამ, როგორც კომუნისტებმა მარქსისტული “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”. დაიწყო კიდეც ყველაფრის გაყიდვა, რომელიც არც ახლა დამთავრებულა;

2. ნაცების ხელისუფლებამ სვანეთის დალის ხეობას (კოდორის ხეობას) ზემო აფხაზეთი უწოდა და იქაური მისი დამცველი ქართველები (სვანები) ჯერ განაიარაღა, მერე მათი მეთაური დამნაშავედ გამოაცხადა და ხეობა უბრძოლველად ჩააბარა სეპარატისტებს;

3. იმდროინდელმა ხელისუფლებამ ახალგორის რაიონი, რომელიც სეპარატისტული ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში არ იყო, ჯერ სეპარატისტული რეგიონის ცენტრად აქცია და მერე ძალით “შეტენა” ე.წ. სამხრეთ ოსეთს;

4. სააკაშვილის პრეზიდენტობისას ხელისუფლება გულდაგულ ეცადა ომის პროვოცირებას რუსეთთან _ ჯერ ირაკლი ოქრუაშვილის ხელით, რომელიც ახალი წლის ცხინვალში შეხვედრას დაგვპირდა და ერთი ასეულით მოინდომა ცხინვალის “გათავისუფლება”, რასაც დატყვევებული ქართული ასეულის სამარცხვინო დაჩოქება მოჰყვა; 2008 წლის აგვისტოში, ღამით ფართომასშტაბიანი სამხედრო ავანტიურა წამოიწყო ე.წ. სამხრეთ ოსეთში (შიდა ქართლში) კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად და ოთხ დღეში (თუ ხუთში?) სრული კაპიტულაცია გამოაცხადა და რუსეთს მორალურ-პოლიტიკური საფუძველი შეუქმნა ორი სეპატარისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობისათვის;

5. ნაცბანდის მმართველობისას ქუჩაში დახვრიტეს საქართველოს უზადო პატრიოტი, ცნობილი მეცნიერი, პროფესორი გურამ შარაძე და მისი გვამი რამდენიმე საათის განმავლობაში ქუჩაში დატოვეს ხალხის დასაშინებლად, მერე კი ამ საქმის გამოძიებამ ისეთი შედეგი დადო, რომლისაც არ სჯერა ჭკუთმყოფელ საქართველოს;

6. კატის კნუტივით მოკლეს საქართველოს იმდროინდელი პრემიერმინისტრი და მას ზედ წააკლეს ერთი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი დამწყები პოლიტიკოსი და ამ საქმის გამოძიების შედეგი ერთობ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!

7. ნაცხროვის ხელისუფლებამ საშინლად დაარტყა ქართულ კულტურასა და განათლებას: მსოფლიო დონის რეჟისორი ქვეყნიდან გააქციეს, ხოლო განათლების საქმე სანტექნიკოსს ჩააბარეს.

ამჟამად ისტორიული ტრაგიკომიკური სპექტაკლი იდგმება ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოს სახით, სადაც ეროვნული უბედურების მომტანი მთავრობის ხელმძღვანელს პიჯაკების შეძენისთვის, მასაჟისტების მომსახურებასა თუ სუშის ჭამაში დახარჯული საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ასამართლებენ, იმის ნაცვლად, რომ ტარდებოდეს ქართული ნიურნბერგის პროცესი, რომელზეც სააკაშვილის გვერდით, სულ მცირე, ოცი დამნაშავე უნდა იჯდეს, რომლებსაც ყოფილ პრეზიდენტზე მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი. დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლებების მოქმედება და უმოქმედობა ქართული სახელმწიფოებრიობის დანგრევისკენაა მიმართული. ეს კი იმ ბოროტი ძალის დაგეგმილია, რომელსაც უეროვნებო, უსქესო, უტრადიციო და ისტორიული მეხსიერებადაკარგული მსოფლიოს ჰომონახირის ჩამოყალიბება განუზრახავს.

დიდოსტატის მარჯვენაში” მეფე გიორგი ასე უპასუხებს სეპარატისტული ფხოვის მთავრის, თალაგვა კოლონკელიძის ქალიშვილს თხოვნაზე _ მე მაპატიე მამაჩემის დანაშაულიო: “საქართველოს ერთიანობის ხელყოფა არავის ეპატიება!” არც აპატია და თვალებიც დასთხარა სეპარატისტ მთავარს. ჩვენ რა გვეშველება, ვინ დასთხრის თვალებს ქართული სახელმწიფოს დამანგრეველებსა და ერთიანი ეროვნული ცნობიერების მოშლის მოწადინეთ? არც მეფე გიორგი გვყავს და არც მისი სპასალარი ზვიადი. ახლა შადიმანებისა და უცხოელთა მსტოვრების ხელშია ქვეყანა. ერთადერთ მხსნელად უფალი და ღვთისმშობელი თუ მოგვევლინება, მაგრამ საეჭვოა, ზნეობადაკარგულ, ცრუ და ყრუ, მოღალატე და სხვის ჭკუაზე მოხეტიალე მანქურთებზე გული მოიბრუნოს უფალმა და ლახვარი ჩასცეს ჩვენზე გადაფოფრილ ბოროტებას.

ზურაბ ცუცქირიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here