სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება აირჩევს.
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ კრება უნდა მოიწვიოს 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოწვეული იქნება წმ. სინოდის სხდომა, რომელიც საპატრიარქო კანდიდატებს შეარჩევს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.
წმინდა სინოდი შეარჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ სამ კანდიდატს. სინოდის თითოეულ წევრს უფლება აქვს, წარადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – საკუთარი თავიც. სამი მღვდელმთავარი, რომელიც სინოდზე ხმათა უმრავლესობას მიიღებს, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი. ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს.
ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის მართვას ხელმძღვანელობს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე. ტახტის მოსაყდრედ 2017 წლის 23 ნომებრიდან დადგენილია მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.







