სასაცილო და სახარხარო

    სასიამოვნო ინფორმაციითა და უსიამოვნო ფაქტებით უნდა დავიწყო.

    სასიამოვნო ინფორმაცია: „კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია. ახალი რეიტინგი ევროკომისიამ გამოაქვეყნა. შეფასების 65 პროცენტით ქვეყანა კორუფციის არარსებობით, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს უსწრებს. მათ შორისაა იტალია, ხორვატია, საბერძნეთი, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, მალტა და მონტენეგრო. საქართველო ლიდერია ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის”.

    უსიამოვნო ფაქტები: საქართველოში კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებულნი არიან ყოფილი პრეზიდენტი,  ყოფილი პრემიერმინისტრი, უშიშროების ყოფილი შეფი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.

    ახალი ევროპული ინფორმაცია და ეს მოღაღადე ფაქტები ერთმანეთთან როგორ თავსდება? კორუფცია იყო უმაღლეს დონეზე და ახლა თითქმის აღარ არის? არ ასახავს რეალობას ის, რასაც ამ ინფორმაციაში გვეუბნებიან. ის კი, რაც ფაქტებშია ჩამოთვლილი, რეალობაა.

    ვინ აწარმოებს ამგვარ კვლევებს?

    „ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს”,  – ვკითხულობთ ამ ინფორმაციაში.

    იყო დრო, როდესაც ყველაფერი დასავლური ავტორიტეტულს ნიშნავდა, მით უფრო ასეთი მქუხარე სახელით  „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი”, თანაც ოფისით აშშ-ში. დიახ, იყო ასეთი დრო, მაგრამ დღეს  პირადად ჩემთვის ყველაფერი დასავლური თაღლითურს უფრო ნიშნავს, ვიდრე ავტორიტეტულს. „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტზე” მეტად მე არსებულ რეალობას ვენდობი. დღეს ვინმე რომ გეტყვის, საქართველოში კორუფცია არ არისო, იმას როგორ უნდა ენდო? საერთოდ, კაპიტალისტურ საზოგადოებაში კორუფციის არსებობა-არარსებობაზე საუბარი გულუბრყვილობა და მიამიტობაა. აქ ადამიანები კი არ მონაწილეობენ კორუფციაში, მთლიანი სისტემაა კორუფციული.

    ავიღოთ მონაცემი, რომელსაც აქვეყნებს აშშ-ის არაკომერციული ორგანიზაცია „OPENSECRETS”- ი. აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო და კონგრესის ორივე პალატის არჩევნებში დაიხარჯა 15,9 მილიარდი დოლარი. ამ კოლოსალური თანხის უდიდესი ნაწილი ე.წ. შემოწირულობით გროვდება. რისთვის და რატომ სწირავენ ამ უზარმაზარ თანხებს ამერიკელი მდიდრები არჩევნების საქმეს? იმიტომ, რომ არჩეულები ამერიკელი ხალხის ინტერესებს ემსახურონ თუ შემომწირველი (მდიდარი კლასის) ინტერესების სასარგებლოდ გაისარჯონ? –  ეს ის შეკითხვაა, რომელიც პასუხს თავის თავშივე მოიცავს. ამის შემდეგ აშშ-ში კორუფციაზე  საუბარი საიდან უნდა დაიწყოს, იქიდან, რომელიღაც კონკრეტულმა მაღალჩინოსანმა  სადმე რამე რომ მოიპარა, თუ იქიდან, მთელი უმაღლესი ხელისუფლება თავიდანვე (სანამ აირჩევდნენ)15,9 მილიარდ დოლარად (თანაც, ლეგალურად და კანონიერად) გაიყიდა?! კორუფცია ამას ჰქვია, თორემ ვიღაც რაღაცას რომ იპარავს, ის წვრილმანი ამბებია, რომლებსაც, ასე თუ ისე, ეშველება.

    საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. მათგან რამდენია ოფიციალური მილიონერი? სულ ცოტა, ერთი მესამედი მაინც. რისთვის და როგორ შევიდნენ ისინი პარლამენტში? მათ იყიდეს მანდატები? რატომ? ყოველდღე სამსახურში რომ იარონ, კანონშემოქმედებით დაკავდნენ და ამაში ხელფასის სახით 15 ათასი ლარი მიიღონ? არა მათი საზომებით ამ მცირე თანხის გამო ისინი თავს ასე არ დაიტვირთავენ. მათ დეპუტატის მანდატი  სჭირდებათ, როგორც „კრიშა” . კორუფცია იმას ჰქვია, როდესაც მთელი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ჩაფლულია მასში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლიანად სისტემაა კორუფციული. ამაში ახალი არაფერია. დააკვირდით, როგორ ხდება ეს ამბავი: მილიონერები, რომლებიც დეპუტატის მანდატებს ყიდულობენ, ვინმესთან დანაშაულებრივ გარიგებაში კი არ შედიან ანუ ამას კანონის დარღვევით კი არ სჩადიან, სრულიად ლეგალურად აკეთებენ შემოწირულობას მმართველ (ან გამსვლელ ოპოზიციურ) პარტიაში. ეს კანონით ნებადართულია. მათი მილიონებიც ლეგალურია. არსად კანონის დარღვევასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ შედეგის სახით გვაქვს კორუფციული სისტემა. შეხედეთ: რეალურად ჩვენ პარლამენტს კი არ ვირჩევთ, დეპუტატის მანდატებს აუქციონის წესით ვყიდით. პარტიები ვაჭრობენ ფულიან ადამიანებთან, რომლებსაც დეპუტატის მანდატის ყიდვა სურთ (ან თავისთვის, ან ოჯახის წევრებისთვის, ან სულაც საყვარლებისთვის. ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს). მანდატის ფასს ე.წ. გამსვლელი პარტიები აწესებენ. ქართულ ბაზარზე სადეპუტატო მანდატის ზუსტი ფასი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იმდენად ძვირია, ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ იყიდის (ასი ათასი, ორასი ათასი, იქნებ მილიონიც). უბედურება კი ის არის, რომ, როგორც ვთქვი, ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოშია ჩასმული ანუ კანონით არის შეფუთული. ხელისუფლება, პოლიტიკური წრეები და მდიდართა კლასი ისე შეერწყნენ  ერთმანეთს და ეს დანაშაულებრივი შერწყმა ისე დაკანონდა, რომ დანაშაულს დანაშაულის ჩადენის გარეშე სჩადიან. დაკანონებული დანაშაული არის დანაშაულის უმაღლესი ფორმა. ეს არის ვერაგი ცხოვრების წესი, როდესაც დამნაშავე ხელშეუხებლობის იმუნიტეტით იმოსება. დანაშაულის დაკანონებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში დანაშაული რჩება, მაგრამ იგი ქრება სამართლებრივი ცხოვრებიდან. დასავლურმა დემოკრატიამ ხალხი პარლამენტიდან გამოყარა და საკანონმდებლო ცხოვრებას ჩამოაცილა.პარლამენტი (აქედან გამომდინარე, მთავრობაც) მდიდართა კლასმა იყიდა. ეს მოხდა კანონის დარღვევის გარეშე. ბურჟუაზიამ ისეთი კანონები შემოიღო, რომ უმძიმესი დანაშაული ფორმალურად დანაშაულის ჩადენის გარეშე ხორციელდება. დასავლურმა ცხოვრების წესმა შემოიღო ე.წ. საშუალო ფენის ცნება, რომელიც ქონებითა და შემოსავლის ოდენობით დგინდება. ეს საშუალო ფენა კაპიტალიზმისთვის სირბილის შესანარჩუნებელი პარაშუტი და ამორტიზატორებია. იგი ამ უსამართლო სისტემის საყრდენსა და საფუძველს წარმოადგენს. აქ ხელოვნურად არის მხედველობიდან გაშვებული ის გარემოება, რომ საშუალო ფენის დაშვება (ავტომაურად) კიდევ ორი ფენის დაშვებას ნიშნავს. საშუალოზე მაღალის (ზემდიდრის) და საშუალოზე დაბალის ანუ ღარიბისა და ღატაკის. მიზანიც ეს არის. საშუალო ფენა გვევლინება იმ სისტემის დამცველად, რომელიც მცირერიცხოვან მდიდარ კლასს საშუალებას აძლევს, მუდმივად გაუწიოს ექსპლუატაცია მრავარიცხოვან ღარიბ კლასს (და მასთან ერთად იმ საშუალო კლასსაც), რომელიც, საბოლოო ჯამში, კორუფციული სისტემის ისეთივე მსხვერპლია, როგორიც ღარიბ-ღატაკთა არმია.

    აქ კაპიტალისტური სისტემის ფილოსოფია, პოლიტიკური ეკონომია, სოციოლოგია და სოციალური ფსიქოლოგიაა თავმოყრილი. ეს ფილოსოფია ორი საუკუნით ადრე იყო ახსნილი და ჩამოყალიბებული მარქსის „კაპიტალსა” და სხვა ფუნდამენტურ ნაშრომებში, მაგრამ დღევანდელი დასავლეთი ცდილობს,  ეს ყველაფერი ისტორიიდან გაიტანოს და მთელი ბურჟუაზიული სისასტიკე, რომელიც სოციალური უსამართლობის საფუძველთა საფუძველია, დემოკრატიული ფასადის (სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებათა დაცვა) მიღმა შეჩურთოს.

    კორუფციის დაძლევაზე გველაპარაკებიან დასავლელი შულერები, რომლებიც რეიტინგებითა და სხვა თაღლითურ გამოგონებათა ენით ცდილობენ ჩვენს გაბრუებას.

    ამ თაღლითობებს გამოდევნებული ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება: „ხელისუფლების გეგმაა, ქვეყანა ევროპის საუკეთესო სამეულში შევიდეს. კორუფციისგან თავისუფლება ბიზნესგარემოზე გავლენას ახდენს. ახალი რეიტინგი საქართველოში საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს.”

    აბსურდია ეს ყველაფერი, რომლითაც ხან დასავლეთი მანიპულირებს, ხან ხელისუფლება, ხან ოპოზიცია.

    ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთაშორისო რეიტინგებს არ ენდობიან ოპოზიციონერები.  ისინი აცხადებენ: „ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი რეალობას არ ასახავს.” აი, ნათელი მაგალითი იმისა, რომ ობიექტური რეალობა არავის აინტერესებს და ყველა საკუთარი სამრეკლოდან რეკავს.

    ხელისუფლებასაც კი, რომელიც რამდენიმე დღე ტელეეკრანებიდან გვიფრიალებს ამ დასავლურ რეიტინგებს, დასავლეთის მიმართ შეკითხვები გაუჩნდა: „ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორეზე კი – მოლდოვა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე “ქართულ ოცნებაში” აქვთ შეკითხვა თუ ქვეყანა არაერთი მიმართულებით, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით,  კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ლიდერია, რატომ ისმის მუდმივი კრიტიკა ევროპისგან სწორედ საქართველოს მისამართით?”

    შეკითხვა ლოგიკურია, მაგრამ დასავლეთთან დამოკიდებულებაა ლოგიკას მოკლებული. თავი უნდა დაანებოთ თაღლით დასავლეთს. არც მათი შექება უნდა გსიამოვნებდეთ, არც მათი კრიტიკა უნდა გაწუხებდეთ და არც მათი რეიტინგებისა უნდა გჯეროდეთ. ეს იქნება სწორი დამოკიდებულება. კიდევ ის იქნება მართებული, რომ, სანამ  უმაღლესი თანამდებობის პირები კორუფციის ბრალდებით საპატიმროებში იმყოფებიან, კორუფციის ნაკლებობაზე ნაკლები ილაპარაკოთ, თუნდაც ამის საფუძველს დასავლეთის სულელური რეიტინგები გაძლევდეთ. ეს ერთ რამეს ნიშნავს: სიტყვით არ უნდა ამტკიცოთ კორუფციის არარსებობა იმ დროს, როდესაც საქმით ამტკიცებთ, რომ ქვეყანა და სისტემა კორუფციაში იხრჩობა. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც საკუთარი ნათქვამი სასაცილო მდგომარეობაში გაგდებს ისე, როგორც ირაკლი კობახიძეს დაემართა. აი, რა თქვა მან: “ყველა საქმეში რატომ ვართ, იცით, პირნათელი ჩვენი გუნდის თითოეული ლიდერი?  წინ რომ დაუდო ფული, ხელს არ მოჰკიდებს არცერთი. აი, ეს არის ჩვენი ღირებულებები და ამით განვსხვავდებით იმ ბინძური პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში და კიდევ უფრო ადრე არსებობდნენ საქართველოში.”

    ეს სიტყვები როდესაც ითქვა, პრემიერმინისტრი, თავდაცვის მინისტრი და უშიშროების შეფი ჯერ კიდევ არ იყვნენ დაპატიმრებული კორუფციის ბრალდებით,  ამიტომ იმ დროს ეს ნათქვამი სიცრუედ და სიყალბედ აღიქმებოდა, დღეს კი იგივე ნათქვამი, როგორც რეალობასთან სრული შეუსაბამობა, სასაცილო და სახარხაროა!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                      

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here