Home რუბრიკები საზოგადოება სასამართლოს 9-კაციანმა პლენუმმა ქართული მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა 9 დღით შესაძლებელი გახადა

სასამართლოს 9-კაციანმა პლენუმმა ქართული მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა 9 დღით შესაძლებელი გახადა

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ისინი არიან მოსამართლის მანტიით შემოსილი გამყიდველები ქვეყნისა

3573
დიმიტრი ლორთქიფანიძე

7 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში უკვე მესამედ, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი ძალადაკარგულად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეებისგან შემდგარმა ცხრაკაციანმა პლენუმმა, რომლის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძეც შედის, ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა (აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი, მსგავსად წინა ორი შემთხვევისა, ამჯერადაც უცხო ქვეყნის, კერძოდ, საბერძნეთის მოქალაქეების სარჩელი გახდა).

გამომდინარე იქიდან, რომ პლენუმს ანალოგიური გადაწყვეტილება 2012 და 2014 წლებში უკვე მიღებული აქვს, მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ საკმარისი პრაქტიკა აქვთ გადაწყვეტილების პირდაპირ მისაღებად (თანაც, როგორც ჩანს, კონსტიტუციურ ცაიტნოტში მყოფმა სასამართლომ განხილვებში დროის კარგვა საჭიროდ არ მიიჩნია, რადგან 16 დეკემბერს ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც გაუქმებულ მორატორიუმს ისევ აამოქმედებს). მოკლედ, მორატორიუმის გაუქმებიდან ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე საჯარო რეესტრთან უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიგი დადგა (ოფიციალური ინფორმაციით, დროის ამ მცირე მონაკვეთში 2500 განცხადება დარეგისტრირდა და ეს რიცხვი იზრდება). თუმცა ცხრაკაციანი პლენუმის ამ ცხრადღიან გადაწყვეტილებას საზოგადოების პროტესტიც უმალ მოჰყვა _ 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან დაიწყო პერმანენტული აქციები, რომლებიც, ორგანიზატორების განმარტებით, 16 დეკემბრამდე, ანუ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე გაგრძელდება…

თუ რას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმის მოხსნა და რეალურად რა ოდენობის მიწა შეიძლება გასხვისდეს ცხრა დღეში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან დაწყებული აქციის ერთერთი ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ ცხრა დღე იქნება ძალაში. მოდი, კიდევ ერთხელ ავუხსნათ საზოგადოებას, რა შეიძლება მოხდეს ამ ცხრა დღეში და ვის სჭირდება ეს ყველაფერი?

_ ეს ცხრა დღე, ხელ-ფეხს უხსნის იმ 2500 უცხოელს, რომლებსაც უკვე შეტანილი აქვთ განცხადება სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენაზე. მათთვის ეს ცხრა დღე, ფაქტობრივად, ღია შლაგბაუმია, “სამართლებრივი პროცედურების” დაცვით დაიკანონონ ქართული მიწა და ეს არ იქნება ერთი ან ორი შემთხვევა, აქ საუბარია მასობრივ დაკანონებაზე.

რაც შეეხება სასამართლოს ქმედებას, 7 დეკემბრის გადაწყვეტილება არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადადგა ასეთი მოღალატეობრივი ნაბიჯი. მოგეხსენებათ, მათ აქამდე ორჯეს გააუქმეს ანალოგიური მორატორიუმი და შედეგად ასობით ჰექტარი მიწა იყიდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. თუმცა ვფიქრობ, დღევანდელი შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე ცხრა დღით ადრე, ანუ, ფაქტობრივად, სასწრაფო წესით მოხსნეს ეს მორატორიუმი და ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: ვის სჭირდებოდა ეს, რომ სასამართლომ, ყოველგვარი განხილვისა და მსჯელობის გარეშე, ასე ერთი ხელისმოსმით დააკმაყოფილა უცხო ქვეყნის მოქალაქის სარჩელი?

_ თქვენი აზრით, ვის სჭირდება?

_ ვინც გასუსულია და ხმას არ იღებს იმ აქციების ფონზე, რომლებიც, უკვე რამდენიმე დღეა, იუსტიციის სახლთან მიმდინარეობს. სხვათა შორის, ჩვენ 10 დეკემბერს მთელი დღე ვავრცელებდით განცხადებებს და ვთავაზობდით მოლაპარაკებას ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, რომ გამოსულიყვნენ სამართლებრივი ჩიხიდან, მაგრამ არც ერთმა ინსტიტუციამ _ პარლამენტმა, მთავრობამ და მის შემადგენლობაში შემავალმა იუსტიციის მინისტრმა _ არ გააკეთა საპასუხო განცხადება. ხომ შეიძლებოდა, ერთი შემხვედრი განცხადება ყოფილიყო, მაგრამ არა. ამიტომ დავიწყეთ პერმანენტული აქცია. თუმცა ეს აქცია არ არის ყველაფერი. იმ შემთხვევაში, თუ სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე ხელისუფლების მხრიდან არ ამოქმედდება შესაბამისი ბერკეტები, ჩვენ ვაანონსებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას.

_ დაუმორჩილებლობას რა ფორმით?

_ უწინარესად, შევქმნით საგაფიცვო კომიტეტებს და ამ პროცესში ჩაერთვება სრულიად საქართველო. კიდევ ვიმეორებ, ხელისუფლების კრიტიკა და ქუჩაში დგომა ან მმართველი გუნდის ლანძღვა არ არის არავის თვითმიზანი, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, ალბათ, სწორედ ეს დაუმორჩილებლობა იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და შემდეგ ჩვენი მიწების ნაციონალიზაცია მოხდეს.

მონტაჟი

აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ მორატორიუმის მოხსნა არაა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შიდა სამზარეულოში მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ჩანს (და ამაში დარწმუნებული ვარ), ეს არის ევროკავშირის ერთერთი მკაცრი და კატეგორიული მოთხოვნა, ამიტომაცაა, ფაქტობრივად, დამალული და გასაიდუმლოებული ასოცირების ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეკონომიკურ შეთანხმებას ეხება. თუმცა ხელისუფლებაშიც ბევრია დღეს ისეთი ადამიანი, რომელსაც დიდი ძალდატანება არ სჭირდება მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად.

_ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ელიტურ კორუფციას უკავშირდებოდეს

_ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც მთელ ამ პროცესებში იკვეთება, ანუ ჩვენთვის ცნობილი შეიქნა, რომ იმ 2500 .. ინვესტორს შორის, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს მიწის შესყიდვაზე, არიან ისეთებიც, რომლებსაც სახელმწიფო ფონდში არსებული მიწის ნაკვეთების შეძენა სურთ. აქ საუბარია დიდ ნაკვეთებზე, დაახლოებით 200-300-ჰექტარ ფართობებზე, სადაც ან გარკვეული ტიპის ურბანული დასახლებები უნდა გაჩნდეს, ან სასოფლოსამეურნეო პროდუქციის მოყვანა დაიწყოს. აი, ეს არის რელობა, რომელსაც თვით ხელისუფლებაც ვერ უარყოფს და ბუნებრივია, როცა ერთ მხარეს არის, სიტყვაზე, არაბი შეიხი კოლოსალური თანხით და მეორე მხარეს _ სრულიად საქართველო, რომელიც ეწინააღმდეგება მისთვის მიწის მიყიდვას, ცხადია, შეკითხვას აჩენს ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს იმ ერთი უცხოელის ინტერესის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი, ეჭვი გვქონდეს კორუფციაზე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაინტერესდეს ამ საკითხით და, პირველ რიგში, დაინტერესდეს იმ მოსამართლეების ვინაობით, რომლებმაც ასე ხელაღებით მიიღეს მორატორიუმის გაუქმების გადაწყვეტილება. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დღემდე არსად არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომელი მოსამართლეები იყვნენ მორატორიუმის გაუქმების წინააღმდეგნი და რომელი მომხრე. ვიცით მხოლოდ ის, რომ გადაწყვეტილება ექვსი ხმით იქნა მიღებული სამის წინააღმდეგ. არადა, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვინ იყო მომხრე ამ გადაწყვეტილების და ვინ _ არა.

_ როგორ ფიქრობთ, იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციების ფონზე უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის პროცესი მაინც მიდის თუ აქციების შედეგად ეს პროცესი შეჩერებულია?

_ ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავ, რომ აქციების პარალელურად მიდიოდეს მიწების გასხვისება. აი, ამიტომ ვცდილობთ, შევაჩეროთ ეს პროცესი და 10 დეკემბერს გამართულ აქციაზე ზუსტად ამ მიზნით საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის პარალიზება მოვახდინეთ დღის სამ საათამდე, თუმცა ამის შემდეგ პოლიციის კორდონები გამოიყენა ხელისუფლებამ და ასე აღადგინა სამუშაო პროცესი. მაქვს ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებს ნაბრძანები აქვთ, ყველაზე მკაცრი მეთოდებით გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. მათ აქვთ მითითება, რომ ყველაფერს მიეცეს სამართალდარღვევის კვალიფიკაცია, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქის მხრიდან განხორციელებული დაკავების საპირწონე რამე ქმედება. არადა, ეს არის პოლიტიკური აქტი და როცა პოლიტიკური აქტი ხორციელდება, არავის აქვს უფლება, მხედველობაში არ მიიღოს ორგანიზატორების დამოკიდებულება საკითხის მიმართ.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც გულგრილად უყურებენ ამ პროცესებს და ფიქრობენ, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში ვინ რა მიწის ყიდვა უნდა მოასწროსო, გადავხედოთ სტატისტიკას. 2010-დან 2014-ის ჩათვლით საქართველოში 11 ათასმა უცხოელმა მოიპოვა საკუთრების უფლება მიწაზე. აქ საუბარია ასობით და ათასობით ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ისევ დაუმუშავებელი და დაკონსერვებულია. ახლა წარმოიდგინეთ, რა გეომეტრიული პროგრესიით ახორციელებს ამ პროცესს ჩვენი იუსტიციის სამინისტრო, რომ უცხო ქვეყნის 11 ათასმა მოქალაქემ 4 წელიწადში მოახერხა ნაკვეთების დარეგისტრირება. გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული სისტემა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, სამწუხაროდ, უშეცდომოდ მუშაობს.

აქვე უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ამ დღეებში, ფაქტობრივად, არც ერთმა ძირითადმა მედიასაშუალებამ, ტელევიზიებს ვგულისხმობ, სათანადოდ არ გააშუქა მიმდინარე აქციები. ზოგიერთმა ტელევიზიამ საერთოდ თვალი დახუჭა, თითქოს არაფერი ხდება. ეს იგნორირების პოლიტიკა არის იმ მიდგომის ნაწილი, რომ ნებისმიერი მოვლენა, რომელიც იქნება ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის გამოვლინება, უნდა იყოს მიჩქმალული. რატომ? _ იმიტომ, რომ საკუთარი მიწის დაცვა და მისი უცხოელებისთვის მიყიდვის გაპროტესტება უკვე “შოვინიზმია”. აი, ეს არის თანამედროვე “ლიბერალური” გაგება, რაც მიმაჩნია, რომ სამარცხვინოა და ამ იდეოლოგიის დრო უკვე წავიდა.

რაც შეეხება იმ ექვს მოსამართლეს, რომლებმაც მორატორიუმი მოხსნეს, მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ: ადრე თუ გვიან სრული სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება მომავალი თაობების წინაშე. სხვათა შორის, ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც მცირე ხნის წინათ მხარი დაუჭირეს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციას და ამით, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ჩვენს ახალგაზრდობას. კიდევ ვიმეორებ: ძალიან მწარედ დაიმახსოვრებს ისტორია მათ სახელებს და ადრე თუ გვიან პასუხისგება მოუწევთ. ისინი არიან მოსამართლის მანტიით შემოსილი გამყიდველები ქვეყნისა; ისინი არიან მტრები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, საქართველოსი

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

3 COMMENTS

  1. დარწმუნებული ვარ, რომ იმ 6 მოსამართლეს არ ენდომებოდა ამ მოღალტური გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ალბათ ისინი აიძულა “ოცნების” რომელიღაც ბობოლა ჩინოსანმა (ძალიან მინდა, რომ ეს ბობოლა არ აღმოჩნდეს ბ–ნი ბიძინა ივანიშვილი!!!). ბოლოს და ბოლოს მოსამართლეები ფარდას ახდიან ამ საიდუმლოს და ქართველი მოსახლეობა შეაჩვენებს გამყიდველს!!!

  2. ინკოგნიტოდ დარჩენილ საქართველოს მოსამართლეებსაც თუ აქვთ ზეწოლა,პროტესტის ნიშნად დატოვონ თანამდებობა..ასე უკეთესია საქართველოსთვისაც და ხალხისთვისაც

  3. გიორგი. ამ ფანტასტიკურ ღალატზე, უსინდისობასა და დაუსჯელობაზეა საუბარი
    რომელსაც ქართველი არაადამიანი ჩადის.
    თუ არ ვცდები, სარჩელი სასამართლოში ერთერთმა ნაძირალა არასამთავრობომ შეიტანა, “საერთაშორისო გამჭვირვალობამ თუ ახალგაზრდა იურისტებმა” არ შეცდებით, თუ ორივეს ნაძირალათა კატეგორიაში შეიტანთ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here